ფაეთონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაეთონი.
მარმარილოს სარკოფაგის რელიეფური ფრაგმენტი (190-220 წ.წ.), პარიზი, ლუვრი.

ფაეთონი(ბერძნ.) „მოგიზგიზე“.

1. ჰელიოსის ეპითეტი.

2. გვიანი ხანის მითოგრაფოსები გადმოგვცემენ, რომ ფაეთონი ჰელიოსისა და ოკეანიდა კლიმენეს (ან მეროპეს) ვაჟი იყო. იგი დედასთან იზრდებოდა. ერთხელ ზევსისა და იოს ვაჟმა, ეპაფოსი რომ ერქვა სახელად, მას დაცინვით უთხრა: „არ მჯერა, რომ ჰელიოსის შვილი ხარ. ტყუის დედაშენი, მან მზის ღმერთისგან კი არა, ვიღაც მოკვდავი კაცისგან გშვა!“ შეურაცხყოფილი ფაეთონი ჰელიოსს ეწვია სასახლეში და ეპაფოსის ნათქვამი ამცნო. მიეალერსა შვილს ჰელიოსი და დააწყნარა: „რა თქმა უნდა, ჩემი შვილი ხარ. მთხოვე, რაც გინდა, სტიქსის წყალს ვფიცავ, შეგისრულებ, რასაც ისურვებ!“ დიდი ხანია, მოსწონდა მზის ოქროს ეტლი ფაეთონს და სწორედ მისი მართვის უფლება სთხოვა მამას. შეძრწუნდა ჰელიოსი. იცოდა, საბედისწეროდ მოექცეოდა ამ სურვილის აღსრულება უგუნურ ჭაბუკს. თავად ზევსიც კი ვერ შეძლებდა იმ ეტლის მართვას, რომლითაც ჰელიოსი მთელ სამყაროს გარს უვლიდა. დადებული ფიცის გატეხვა არ იქნებოდა და მზის ღვთაებამ თავისი ხელით აღაზევა ეტლზე ჭაბუკი. თან სათანადოდ დაარიგა, სთხოვა, რომ ნებას არ მიეშვა სადავეები. არც ძლიერ მაღლა ასულიყო, არც ძალზე დაბლა, თორემ ცეცხლი მთელ დედამიწას გადაბუგავდა. ბოლოს სურვილის დათმობაც სთხოვა, მაგრამ ფაეთონს არ ესმოდა მამის ნათქვამი, მან წამისუმალ მოზიდა სადავეები და ჰაერში აიჭრა. ემსუბუქათ რაშებს ეტლი და თავის ნებაზე გააქროლეს. ვერ შეძლო სადავეების მართვა ფაეთონმა და როდესაც მზის ეტლი დედამიწას მიუახლოვდა, ალი მოედო მთელ ქვეყანას, ადუღდნენ მდინარეები, ჰადესსაც მისწვდა სიმხურვალე. შეწუხდა გეა. შველა სთხოვა ზევსს, რომელმაც შეისმინა ქალღმერთის ვედრება და თავისი მეხით დაამსხვრია ჰელიოსის ეტლი. რაშები სხვადასხვა მხარეს გაფრინდნენ. ფაეთონი კი, რომელიც უკვე გიზგიზებდა, ვარსკვლავივით ჩავარდა მდინარე ერიდანის ზვირთებში. იქვე დაიტირეს იგი მისივე დებმა, ჰელიადებმა და მწუხარენი გარდაისახნენ ალვის ხეებად, რომლებზეც ქარვებივით დაეკიდა მათი ცრემლები.

ფაეთონის პოეტურმა მითოსმა მწერალთა და ხელოვანთა ყურადღება მიიპყრო. ევრიპიდეს დაუწერია ტრაგედია „ფაეთონი“, რომელმაც ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია (დიდმა გერმანელმა მწერალმა, გოეთემ, ამ ტრაგედიის აღდგენა სცადა). ცნობილია ფაეთონის მითოსის ოვიდიუსისეული და კალდერონისეული ვერსიები. ანტიკურ ხელოვნებაში ხშირად წარმოსახავდნენ ფაეთონის ვარდნის სცენებს. ფაეთონს ხატავდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, ტიეპოლო, ტინტორეტო, პუსენი, რუბენსი, პიკასო და სხვები.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები