შორეთის სამონასტრო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შორეთის მონასტერი

შორეთის სამონასტრო კომპლექსი − (ინგლ. Shoreti Monastery), VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძ-ღვრების ძეგლი, უძველესი სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ოთხი ისტორიული პროვინციის – სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძისხევში, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში. კომპლექსში შემავალი ნაგებობეია: მთავარი ტაძარი, კარიბჭე, სამრეკლო, სკრიპტორიუმი, მცირე სამლოცველოიანი ციხე, კლდეში ნაკვეთი სენაკები და მართკუთხა ნაგებობები. რომელთაგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

მთავარი ტაძარი, სავარაუდოდ, VI-VII საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიის ნაშთებზეა აგებული VIII საუკუნეში, რასაც მოწმობს საძვალეებისა და სატრაპეზოს კედლების წყობა და საკურთხევლის ქვეშ კარში ჩაშენებული ქვის სვეტი სტილიზებული ჯვრით. XII-XIII საუკუნეებში მიწისძვრითა და მტერთა შემოსევების შედეგად დაქცეული ტაძარი გააფართოეს და გადააკეთეს მონასტრად – სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან მიაშენეს მცირე ეკლესია და სკრიპტორიუმი. XIV-XV საუკუნეებში მიაშენეს კარიბჭე, საძვალეზე დააშენეს ეკლესია და სამრეკლო.

კარიბჭე სამრეკლოთი

ორსართულიანი ტაძრის ძირითადი ნაწილი (II სართული) შიგნით ჯვაროვან სივრცეს ქმნის. ეს არის გეგმით წაგრძელებული დარბაზი. I სართულს სამხრეთით აქვს კარიბჭე, რომელიც XV საუკუნეში სამხრეთი მიმართულებით გაუდიდებიათ და ზედ ცხრათაღიანი სამრეკლო დაუდგამთ სამრეკლოს ორივე სართული ქვიშისფერი თლილი ქვითაა ნაგები. სამხრეთ ფასადზე სამი თაღით შექმნილი კომპოზიციაა, რომელიც წარმოადგენს რვაწახნაგა ბოძზე დაყრდნობილი ორი თაღოვანი მალით შექმნილ შესასვლელს, რომლის ზემოთ მესამე თაღია. თაღები ჩუქურთმებითაა დამშვენებული. საინტერესო ისტორიული ფაქტია ის, რომ შორეთის მონასტერში (სკრიპტორიუმში) თამარ მეფის მიერ ჰრომანის მონასტერში შეკვეთილი, ივერონში დაცული გიორგი ათონელის (მთაწმინდელის) ეტალონური თარგმანიდან საგანგებოდ გადმოღებული „ვანის ოთხთავი” იქნა გადაწერილი და სათანადოდ შემკული მინიატურებითა და ჭედურობით.

სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები შემკული ყოფილა ძვირფასი ჩუქურთმებით უნიკალური მოზაიკით (რაც იშვიათი მოვლენაა ფეოდალური ხანის საქართველოს ძეგლებისათვის), წარწერებით, ფრესკებითა და სხვა არქიტექტურული დეტალებით.

შორეთის ციხე ასპინძისხევის სხვა ციხესიმაგრეთა მძლავრ სისტემაში (ვარაზის, ზემო ინთორის, ოთის, ციხისჯვრის, ჩიტი-კიბეების, ასპინძის, კოხტას ციხეები) იყო ჩართული (ციხეები ერთმანეთს სათვალთვალო კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდა) და ერთ-ერთ ძირითად ნაგებობად მოიაზრებოდა მომხვდური მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები