გაბრიელ მცირე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ მცირე – (დაახლ. XVIII ს. I ნახ. – 11.03.1802), წმ. (ხსენ. დღე 17/30.03), საეკლესიო მოღვაწე, მღვდელ-მონაზონი, მწერალი, კალიგრაფი, გარეჯის მრავალმთის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

მისი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მისვლისა და ბერად აღკვეცის თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. წმ. გაბრიელი წერს: „იყო ამა მონასტერსა შინა დიდსქემოსანი, ყოვლადღირსი და ყოვლადპატიოსანი სერაპიონ, რომელი მცირედ წინათ ჩემისა აქა მოსვლისა აღესრულა“. მამა სერაპიონი გარდაიცვალა 1773 წ. ამდენად, ცხადია: გაბრიელ მცირე ამავე პერიოდში უნდა მისულიყო მონასტერში.
იოანე ოქროპირი, სწავლანი (კლიტე), 1799 წელი. გადამწერი - გაბრიელ მცირე

ი. ლოლაშვილის მოსაზრებით, იგი ამ დროს 20-25 წლის იყო (რაც დოკუმენტურად არ დასტურდება). მის მიერ აღწერილი ნაშრომის, „გვირგვინის“ ერთ-ერთ ნუსხას, რომელიც მოსკოვის ყოფილი ლაზარევის ინსტიტუტში (ა. ხახანაშვილის კოლექცია) იყო დაცული, დართული აქვს გადამწერის, მეფე გიორგის ძის, ბაგრატის ბიოგრაფიული ცნობები გაბრიელ მცირის შესახებ, სადაც აღნიშნულია: „ესე წმიდა სულისა გვირგვინი აღწერილი არს გაბრიელის მიერ მღვდელ-მონაზონისა, რომელიცა იყო მოწესე წმიდისა იოვანე ნათლისმცემელის მრავალმთის მონასტრისა, რომელმანცა გამოკრიბნა მრავალთაგან საღმრთოთა მამათა წერილებთაგან წმიდანი ესე სწავლანი და შეაწყო ერთად სარგებლად ცოდვილთა სინანულისათვის. ხოლო ესე ნეტარი გაბრიილ იყო მცხოვრები ტფილისით მოქალაქეთაგანი და ხელოვნებითა მკერვალი, რომელმანცა დაუტევა ღვთისა სიყვარულისათვის სახლი, დედა და ძმანი და მეგობარნი თვისნი და ყოველი მონაგები და წარვიდა მონასტერსა ზემოხსენებულსა და აღიკვეცა და იქმნა მონაზონ და ისწავლნა სამღთო წერილნი შეწევნითა და ნიჭითა სულისა წმიდისათა და იყო ფრიად ღვაწლსა და მარხვასა შინა, რომლისაცა სათნოებანი არცღათუ რიცხვთა შესაძლებელ არს აღწერად. ხოლო კეთილისა მოძულემან ეშმაკმან იხილა რა სათნოება ამა წმიდისა მამისა მაღალნი, ვერა დამთმენი ისწრაფდა ფრიად ვნებასა და დაბრკოლებასა მისსა ესე ვითართა კეთილთაგან, გარნა უქმ იქმნა სივერაგეს მისი. და ამისა ძლითა აღძრა გული მთავარდიაკონისა იოვანე ჩუბინისძისა (კარის საყდრის მღვდლის დავითის ძე; ამა დავით მღვდელს ეწოდა ზედ შესრული სახელი სიმშვიდის გამო და სათნოებისა ბაკაკა), რომელიცა მას ჟამსა შთასრულიყო ტფილისით მონასტერსა მას შინა, განატაროს მოღვაწებითა დღენი წმიდათა დიდთა მარხვათანი. გარნა აღძრა იგი დიაკონი ყოვლად ბოროტმან ეშმაკმან და მარადის აგონებდეს ცოლსა და შვილთა და მიქცევად სახიდ, რომელმანცა ვერღარა უძლო მონასტერსა მას შინა ყოფა და აიძულა წმიდასა ამას ღვთისასა გაბრიილს რეცა მოგზაურობად მისთანა ტფილისამდის და ამისთვის დასდვა სული თვისი მეგობრობისათვის მსგავსად მორჩილმან წმიდისა სახარებისამან. ხოლო წარმოსრულთა მუნით მივიდნენ მრავალ-წყაროსა ხევსა შინა და მუნ დახვდენ ლეკთა მხედრობანი, ხოლო ესე წმიდა მამა გაბრიილ მათ მიერ მოიკლა და შეირაცხა იგი რიცხვსა წმიდა მღვდელმოწამეთასა და მავანი სხვანიცა სამღრთო წერილნი აღწერნა სულისა სარგებელნი და დაგვიტევა ჩვენ“.

გაბრიელ მცირემ ძველი ქართული მწერლობის სხვადასხვა დარგს დააჩნია კვალი. მისი ორიგინალური ნაშრომები გაერთიანებულია „ჯვარშემოსილის“ სახელწოდებით ცნობილ კრებულში (ამჟ. ინახება ინგლისში, ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკაში), რომელიც 1801 წლის ახლო ხანს არის შედგენილი. კრებულში შესულია:
1) ლიტურგიკის სფეროდან „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება: სახისმეტყუელებითი, ვითარმედ ყოველსავე მღდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებითი ძალი უპყრიეს“. ნაშრომში მოკლედ არის განმარტებული მღვდელმთავრის წირვის წესები. გაბრიელ მცირეს გამოყენებული აქვს გერმანე კონსტანტინეპოლელისა და სვიმეონ სოლუნელის (ან თესალონიკელის) თხზულებათა ქართული თარგმანები;
2) გაბრიელ მცირეს მიერ შედგენილი საძიებელი („მაჩვენებელი“) და ბოლოსიტყვაობა ექთვიმე (ეფთვიმე) ათონელის მიერ თარგმანი მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის;
3) დიდაქტიკური ხასიათის, მემუარული ჟანრის თხზ. „თხრობანი სულიერნი“. დაწერილია 1786 წ., აქვს დიალოგის ფორმა: მოძღვარი სტავროფორე (იგულისხმება თვით გაბრიელ მცირე) პასუხობს სულიერი შვილის, პორფირის, კითხვებზე. თხზულებაში დაცულია ზოგიერთი ისეთი ცნობა, რომელიც სხვა წყაროებიდან არ არის ცნობილი, კერძოდ:

ა) 1784 წ. 25 იანვარს იმერეთში მომხდარი ერთი შეტაკების შესახებ;
ბ) ბიოგრაფიული ცნობები იოსებ ჯანდიერის შესახებ, რომელიც ანტონ I-ის გადაყენების შემდეგ აკურთხეს კათოლიკოსად;
გ) ცნობები მთელ რიგ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა ნაწილს გაბრიელი არ მოსწრებია, ხოლო ნაწილის მოღვაწეობის თვითმხილველი ყოფილა. გაბრიელ მცირეს ამ თხზულებაში, როგორც ლიტერატურული წყარო, გამოყენებული აქვს ანტონ I-ის „მარტირიკა“;

4) ჰაგიოგრაფიული ხასიათის შრომა: „ცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა ცქემოსან ონისიფორესი“. „საქართველოს სამოთხეში“ მ. საბინინი ახსენებს ამ ონისიფორეს, მაგრამ არავითარი ცნობები მის შესახებ არა აქვს, სახელიც კი დაუზუსტებელია („ონისიფორე“ თუ „ონოფრე“). მხოლოდ ბრიტანეთიდან „ჯვარშემოსილის“ ფოტოპირის ჩამოტანის შემდეგ, გასული საუკუნის 60-იან წლებში, გაბრიელ მცირეს ნაშრომის მეშვეობით გაჩნდა შესაძლებლობა მეუდაბნოე ონისიფორეს ცხოვრების გაცნობისა, რომელმაც გარეჯის მონასტერში 16 წელი (1770-1786) გაატარა. ამ თხზულებაშიც არის რამდენიმე მანამდე უცნობი ისტორიული ხასიათის ცნობა;
5) „ჯვარშემოსილში“, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, შედის : გაბრიელის კიდევ რამდენიმე მცირე ზომის ორიგინალური შრომა: „ლოცვა სტავროფორესი“; „მოთხრობა პორფირისათჳს“; „ეპიტაფია სტავროფორესი საფლავსა ზედა პორფირისსა“.

იოანე ოქროპირი, სწავლანი (კლიტე), 1799 წელი. გადამწერი - გაბრიელ მცირე

გაბრიელ მცირე არის შემდგენელ-რედაქტორი ექვსი ჰომილეტიკური და ერთი ჰაგიოგრაფიულ-ასკეტიკური კრებულისა; ეს კრებულები გაბრიელ მცირემ შეადგინა დიდი ბიზანტიელი მამების თხზულებების ძველ ქართულ თარგმანებზე დაყრდნობით: 1) „ოქროს წყარო“: „წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კოსტანტინოპოლელ პატრიარხისა, თქმულთაგანი ღმრთივშუენიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების ოქროს წყაროჲ“. „ოქროს წყაროს“ შემცველი გაბრიელ მცირის ავტოგრაფული ნუსხებია: S-2436, S-2600 და S-3650; II) „სუფევა“: „წმიდათა შორის მამისა ჩუენისა დიდისა ვასილისა, კესარია-კაბადუკიისა არხიეპისკოპოსისა თქმულთაგან ღმრთივშვენიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების სუფევა“ და რომლის ავტოგრაფული ნუსხებია: A-232-სა და S-54. III) „კლიტე“: „წმიდათა შორის მამისა ჩუენისა იოანე ოქროპირისა, კოსტანტინოპოლელ პატრიარხისა თქმულთაგან ღმრთივსულიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების კლიტე“. ავტოგრაფული ნუსხებია: A-227, S-127. IV) „სამასეული“: შედგება სამი ნაწილისგან; წარმოადგენს ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მაქსიმე აღმსარებლის 100-100 სენტენცია-აფორიზმისგან შედგენილ კრებულს; სამივე ნაწილს აქვს ერთი და იგივე სათაური: „სწავლანი სულიერნი“ და შემდეგ – ავტორის მითითება. ავტოგრაფული ნუსხებია: A-224, S-77, S-127. V) „მანანა“: „ღმრთივდიდებულთა წმიდათათჳს შესხმანი სულისა დამატკბობელნი, რომელსა ეწოდების მანანაჲ“. წარმოადგენს ღმრთისმშობლისა და სხვა წმინდანთა შესხმების კრებულს. VI) „სამოთხის ყვავილი“: „ღმრთივგანათლებულნი თხრობანი, სულისა ნაყოფიერმყოფელნი, რომელსა ეწოდების სამოთხის ყუავილი“. ავტოგრაფული ნუსხაა A-244. VII) „გჳრგჳნი“: „ღმრთივშუენიერნი თხრობანი, სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდების გჳრგჳნი“. მისი ავტოგრაფული ნუსხებია: A-228, S-1380, S-2331.

გაბრიელ მცირეისმიერ შედგენილი შვიდი კრებულიდან ექვსს დართული აქვს ბოლოსიტყვაობა, ე.წ. „ბეჭედი“, დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულების მქონე ტექსტი. „ბეჭედში“ გაბრიელ მცირე განმარტავს, თუ რის გამო ეწოდა ამა თუ იმ კრებულს ეს კონკრეტული სახელი და როგორი შედგენილობისაა ის სახელწოდების შერჩევისას გაბრიელისთვის ამოსავალი იყო კრებულში შეტანილი მასალის ავტორი და თხზულებათა ღირებულება ადამიანებზე ზემოქმედების თვალსაზრისით. „ბეჭედი“ გამოხატულებაა იმ საოცრად მოწიწებული დამოკიდებულებისა, რომელიც ჰქონდა გაბრიელს დიდი საეკლესიო მამების მიმართ, შეფასება იმ მნიშვნელობისა, რომელიც აქვს მათ ნაწერებს. ამ ბოლოსიტყვაობათა ტექსტის მიმოხილვით შევეცდებით განვმარტოთ თქმული:

„ოქროს პირისაგან“ წარმომდინარე ოქროს წყარომ უნდა აცხოვნოს ადამიანთა სულები („ოქროს წყარო“); იოანე ოქროპირის „ღმრთივშუენიერ“ სწავლებებს შეუძლიათ მსმენელთ სასუფევლის კარი გაუღონ („კლიტე“). გაბრიელის სიტყვებით, ბასილი დიდის სწავლანი „სუფევის“ სწორად წამკითხველს სასუფეველში დამკვიდრების საშუალებას მისცემს. კრებულისთვის „სუფევის“ დარქმევას გაბრიელი იმით ხსნის, რომ „ბასილი“ ბერძნულად „სუფევას“ ნიშნავს (ბასილევუნ=მეფობა; გადატანითი მნიშვნელობით: ნეტარება, ბედნიერება). კრებულ „მანანაში“ შეტანილი ორმოცი შესხმიდან თორმეტი მიძღვნილია ღვთისმშობლისადმი და კრებულის სახელწოდებაც ღვთისმშობელს უკავშირდება: ღვთისმშობლისგან მივიღეთ „ყოვლადტკბილი იესო, პური ცხოვრებისა და უკვდავებისა, რომელიც ზეცით გარდამოხდა და მოგვანიჭა ცხოვრება საუკუნო“. კრებულ „სამოთხის ყვავილის“ სახელწოდებას გაბრიელ მცირე ძველ კრებულს, იოანე მოსხის „სამოთხეს“ დაესესხა და „ბეჭედში“ დაასაბუთა ამ სახელწოდების შესაბამისობა მის მიერ შედგენილ კრებულთან. გაბრიელი თითქმის იმეორებს მოსხის „სამოთხის“ შესავალ ნაწილს. წალკოტის უმშვენიერეს ყვავილებს ადარებს წმ. მამათა სულის დამატკბობელ თხზულებებს, რომელთა კითხვაც სათნოების ყვავილს ბადებს ადამიანის სულში. მათში გადმოცემული ფასეულობების მიხედვით არსებობა საუკუნო ცხოვრებას მოუტანს ადამიანს. „გკრგკნი“, გაბრიელის თქმით, შემთხვევით არ უწოდებია მას ერთ-ერთი კრებულისთვის. როგორც პატიოსანი თვლებით შემკული გვირგვინი ამშვენებს ღირსეულთ, ასევე კრებული „გჳრგჳნი“ „სულისა შეწყობილ არს და, შემკობილი მრავალთა საღმრთოთა კეთილსახეობათა მიერ... აბრწყინვებს სულსა აღმასრულებელთა თჳსთასა“.

კრებულების შედგენისას გაბრიელი ცდილობდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, საუკეთესო მასალა შეერჩია. ამის შესახებ იგი საუბრობს „სუფევის“, „კლიტესა“ და „სამოთხის ყვავილის“ „ბეჭდებში“. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის მემკვიდრეობა, გაბრიელის სიტყვებით, ამოუწურავია. ძნელია, ამ დანატოვარში უკეთესის შერჩევა, მაგრამ კრებულების შემდგენელი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მას „რჩევით აღმოუწერია“ ამ დიდი მამების სწავლებები. გაბრიელი დასძენს, რომ კრებულის დანიშნულებაა, ზღვა მასალამ არ შეაშინოს და ოქროპირის დანატოვრის გაცნობის გარეშე არ დატოვოს მკითხველი. კრებულებში შეტანილ მასალას საოცრად მიესადაგება ის პრინციპი, რომლითაც გაბრიელი ხელმძღვანელობდა სწავლებების (ქადაგებების) რაოდენობის დადგენისას, რაზეც იგი აგრეთვე საუბრობს თითოეულ „ბეჭედში“: მას აუღია საკრალური ციფრები, რომლებიც ძირითადად ქრისტეს და მნიშვნელოვან ბიბლიურ ეპიზოდებს უკავშირდება – 12, 30, 33, 40, 10, 100: „სუფევაში“ შეტანილია ბასილი დიდის 12 სწავლა, რადგან 12 წლის იესომ ტაძარში თავისი პასუხებით ყველა განაცვიფრა; ქრისტეს 12 მოციქული ჰყავდა, რომლებიც ქვეყნიერების ყველა კუთხეში მუდამდღე, „ათორმეტი ჟამის“ განმავლობაში, ქადაგებდნენ; 12 ზეციურ საყდარზე მსხდომნი განსჯიან ისრაელის 12 ტომს. კრებულ „კლიტეში“ რომ 30 თავია, არც ეს არის შემთხვევითი: „...სამ ათთა შინა დღეთა მთოვარე მოქცევით განახლდების და სამ ათისა წლისაგან: ჴორციელითა ასაკითა იესუ ნათელს-იღო და მიერითგან კაცთა ბუნება განათლდების და სამ ათისა აღფერხებითა კიბე სათნოებათა ცადმდე ამაღლდების, იგი – კიბე მონაზონთა და ესე – კლიტე მორწმუნეთა“. „ოქროს წყაროს“ 33 თავი და 100 სწავლა გამოხატულებაა იესოს ასაკისა ჯვარცმისას და იგავისა 100 ცხვრის შესახებ; ციფრი 100 ამავე დატვირთვით „გჳრგჳნის“ „ბეჭედშიც“ არის ნახსენები. კრებულ „მანანაში“ შესული შესხმების რაოდენობა სიმბოლურად „ძველთა და ახალთაგან პატივცემული რიცხჳთ“, ორმოცით განისაზღვრა: ნოე, კიდობანს შეფარებული, 40 დღის მანძილზე იცავდა თავს წყალდიდობისგან; მოსემ 40 დღის მარხულობის შემდეგ მიიღო უფლისგან საღვთო სჯული; 40 დღის მარხვის შემდეგ იხილა ელიამ უფალი და ამაღლდა ცეცხლის ეტლით – ეს, რაც შეეხება ძველ აღთქმას. არც ახალ აღთქმაშია ეს ციფრი ღრმა დატვირთვას მოკლებული: 40 დღის იესომ „განსწმიდნა მკლავნი მართლისა სვიმეონისნი“, 40 დღის მარხვით განდევნა ეშმაკი და გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ზეცად ამაღლებულმა „ანგელოზნი განამხიარულნა“. „სამოთხის ყვავილის“ 10 თავი და 100 „თხრობა“ (ქადაგება) 10 მცნებისა და „ასეული ნაყოფის“ შესატყვისია. ეს ასეული ნაყოფი გაბრიელ მცირეს სამ კრებულში: „ოქროს წყაროში“, „გჳრგჳნსა“ და „სამოთხის ყვავილში“ აქვს გამოყენებული როგორც ძღვენი, „სადიდებელად ძისა ცხოველისა“ („ოქროს წყარო“). „სამოთხის ყვავილის“ „ბეჭედში“ გაბრიელი აკონკრეტებს, თუ ვის როგორ მიეგება უფლისგან სანაცვლოდ: „...ნაყოფნი გამოიღიან ოცდაათეული მკითხველთა, სამოცეული სხუათაცა მეტყუელთა და ასეული საქმით აღმასრულებელთა; ხოლო ასეულნი განბრწყინდებიან დიდებისაებრ მზისა, სამოცეულნი განშვენდებიან დიდებისაებრ მთუარისა და ოცდაათეულნი განათლდებიან დიდებისაებრ მთიებისა“.

გაბრიელ მცირეს მიერ შედგენილ მეშვიდე კრებულს, „სამასეულს“, არა აქვს დართული „ბეჭედი“. ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი. „სამასეულის“ შედგენა, ვფიქრობთ, უფრო მარტივად უნდა მომხდარიყო, ვიდრე დანარჩენი კრებულებისა: ეს არის 100-100 სენტენცია-აფორიზმი სამი დიდი საეკლესიო მამის – ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მაქსიმე აღმსარებლის. თითოეული ეს ნაწილი გაბრიელმა, როგორც ჩანს, იმ სახით ამოიღო რომელიღაც ძველი ნუსხიდან, რა სახითაც შეიტანა „სამასეულში“. გაბრიელის, როგორც კრებულის შემდგენლის, ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო არა შესატანი მასალის შერჩევა, რასაც ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, არამედ უკვე მზამზარეული სამი ნაწილის ერთ კრებულად გაერთიანება.

გარდა „ბეჭედისა“, გაბრიელ მცირეს მის მიერ შედგენილ კრებულებზე გაკეთებული აქვს შესხმა-ვედრებითი და მიძღვნითი ხასიათის მინაწერები. ეს მიძღვნები ძირითადად გამოთქმულია ორი დიდი მამის, იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის მისამართით, აგრეთვე ერეკლე II-ის ძის, ფარნავაზისადმი:
1) შესხმა და ვედრება წმიდისა ჩუენისა იოანე ოქროპირისადმი;
2) რამდენიმე ნუსხაში „სუფევის“ ტექსტს წინ უძღვის „ლოცვა ბასილისათჳს“ (ჴმაჲ „დ“):
3) „სამოთხის ყვავილის“ ბოლოს, მე-10 თავის დასრულების შემდეგ, დართულია უფლისადმი მიმართული ლოცვა. ვვარაუდობთ, რომ ეს ლოცვაც გაბრიელ მცირეს ორიგინალური შემოქმედების ნაყოფია;
4) შესხმა-მიძღვნითი ხასიათის მინაწერები, რომლებიც ეხება ერეკლე მეფის ძეს, ფარნავაზს.

ეს მინაწერები კრებულზე არის იმ ურთიერთობის ამსახველი, რომელიც არსებობდა ამა ქვეყნის ძლიერთ და დავითგარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენლებს შორის – ამ უკანასკნელთა მადლიერების გამოხატულება იმ შეწევნისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც განსაკუთრებით XVII-XVIII სს. იგრძნობოდა გარეჯის სამონასტრო კომპლექსისადმი.

წმინდანად შერაცხილმა მღვდელმა, ვასილ კარბელაშვილმა 1895-1905 წლებში გამოსცა გაბრიელ მცირეს შედგენილი სამი კრებული: „გჳრგჳნი“ (1892), „სამოთხის ყვავილი“ (1895) და „ოქროს წყარო“ (1905). ვასილ კარბელაშვილი დიდი დამფასებელი და მოამაგე იყო ძველი ქართული მწერლობისა და განსაკუთრებით იმათი, ვინც არც შემდგომ პერიოდში იშურებდა ძალისხმევას, რათა არ დაკარგულიყო ძველთაგან შემორჩენილი მემკვიდრეობა. ის, რასაც წერს ვ. კარბელაშვილი მის მიერ გამოცემული „სამოთხის ყვავილის“ წინასიტყვაობაში, ფაქტობრივად, გაბრიელ მცირეს დახასიათებაა: „...რაჲცა გუაქუს გადმონაცემი და ნაანდერძევი ძუელთა დროთაგან... უნდა ვუმადლოდეთ იმ ჭეშმარიტთა ბოღაზთ (ნავთსაყუდელთ) ქრისტიანობისას და ეროვნობისასა, რომელთაც ეწოდების ახლანდებურად „მონასტერი“ და რომელთა უვარგისობას ზოგიერთნი ამტკიცებდნენ და არწმუნებდნენ სხვებსაც! ეს მდიდარი ლიტერატურა და ეს მთელ არსებათა უძვირფასესი, ღუთისა მიერ მონიჭებული ენა შეგვინახეს იმ მოღვაწეთა, „ქრისტესთჳს სულელთა“, რომელთა ღუაწლი ჩუენ, „ბრძენთა ამ ქვეყნისათა“, ვერ ამოგვივსია...“ ვ. კარბელაშვილის დამოკიდებულება იმ მასალისადმი, რომელიც გაბრიელ მცირემ შეიტანა თავის კრებულებში, კარგად ჩანს ე.წ. რეცენზიაში, რომელიც მან მიაწერა „გჳრგჳნის“ ერთ-ერთ ნუსხას, A-537-ს, რომლითაც ისარგებლა თავისი გამოცემისთვის. მოვიყვანთ ამონარიდს ამ ტექსტიდან: „თვითოეული მოთხრობავ ჴელსაგოგმანებელია და მარგალიტი..., ეს არის გჳრგჳნი მოწამეობისა..., რადგანაც კაცი იმორჩილებს თავისს სხეულს ხორცებრივ ვნებათა და ამოქმედებს გულისა თანა... სახიერებისა საღმრთოებითა გამსჭვალულნი წმინდანები ცხოვრებით, საქმით აღასრულებენ ჯერეთ თჳთ და მერმე ურწმუნოთა ჰმოძღვრიან და არჯულებენ ქრისტეს შჯულზედ... წრფელისა სიყვარულითა ღმრთისადმი, ქრისტეს მოძღურებისა და მოყვასისადმი მიისწრაფვიან... განა ამ მარგალიტით აღზრდილნი მამა-პაპანი არ იყვნენ ღირსეულნი შვილნი როგორათაც ამ სოფლისა, ეგრეთვე იმ ქვეყნისა? ... ეს წიგნი უსწავლელ მსწავლელთ კარგად შეასწავლის ენასაც და, იმედია, ჯეროვნად ისარგებლებენ ყველანი“.

გაბრიელ მცირეს დანატოვარი მას წარმოაჩენს ისე, როგორც ძველ ქართულ მწერლობაში ღრმად ჩახედულ მოღვაწესა და მხატვრული სიტყვის შესანიშნავ ოსტატს. გაბრიელი არც ისეთ საქმიანობას თაკილობდა, რასაც ნუსხათა გადაწერა-გამრავლება ჰქვია: დღეს ჩვენ მოგვეპოვება მისი ხელით გადანუსხულ ხელნაწერთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ზოგ მათგანს მისი რედაქტირების კვალიც ემჩნევა.

მოსაგრეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა საძმოსადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა – ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა. პ. იოსელიანი მის შესახებ წერდა: „გაბრიელ ბერი, მოწაფე სერაპიონისავე, 120 წლისა, პირველად დოდოს მონასტერსა ყოფილი, მოკლეს ლეკთა 1802 წელსა. ამან იმარხვა 40 დღე, რათა ჰპოვოს ხატი ღვთაებისა წმინდის ანტონის მარტომყოფის მონასტერსა“. (აღსანიშნავია, რომ პ. იოსელიანის ეს ჩანაწერი არ ეთანხმება თავად ბერის მონათხრობს, რომ იგი მონასტერში სერაპიონის გარდაცვალების შემდეგ მივიდა – გ.მ.).

1802 წ. თებერვალში თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკონი იოანე (ჩუბინიძე) გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში ჩავიდა დიდმარხვის გასატარებლად. რამდენიმე დღის შემდეგ მას ცოლ-შვილი მოენატრა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. მან გაბრიელს სთხოვა გაჰყოლოდა. როდესაც მრავალწყაროს ხევს მიაღწიეს, იქ დახვდნენ ლეკები, რომლებმაც გაბრიელი და იოანე მოკლეს.

ძმებმა ნეტარი მამის წმ. ცხედარი მონასტერში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს.

ნ. მელიქიშვილი
დიაკ. გ. მაჩურიშვილი



ლიტერატურა

  • „გჳრგჳნი“, ვ. კარბელაშვილის გამოც., ტფ., 1892; იოსელიანი პ., „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, თბ., 1978;
  • კალანდაძე გ., ქავთარია მ., წმიდა გაბრიელ მცირე სამოთხის ყუავილი წ. 1, თბ., 2017;
  • წმიდა გაბრიელ მცირე ჯვარშემოსილი წ. 2, თბ., 2018;
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 5, თბ., 1957;
  • მისივე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
  • ლოლაშვილი ი., გაბრიელ მცირის მემუარული თხრობანი, კრებ.: „ძველი ქართული მწერლობის საკითხები“, თბ., 1, 1962;
  • მისივე, მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის (XVI-XIX სს.), თბ., 1982;
  • „სამოთხის ყვავილი“, ძუჱლი ქადაგება-მოძღვრებანი, მღუდლის ვასილ გრიგოლის ძის კარბელოვის მიერ საკუთრებით და რედაქციობით გამოცემული, ტფ., 1895;
  • ფერაძე გ., ქრონიკა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მე-18 საუკუნის, ჯვარი ვაზისა, პარიზი, No4, 1934;
  • ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965;
  • ქართულ ხელნაწერთა კოლექციის აღწერილობა, ტ. 1, 1949;
  • ღვთივშუენიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების „ოქროს წყარო“, ვ. კარბელაშვილის გამოც., ტფ., 1905;
  • ღირსი გაბრიელ მცირე, ღვთივსულიერნი თხრობანი სულთა ღვთისმოყუარეთა ფრიად სარგებელნი, გარეჯელ მამათა ცხოვრება, ზ. სხირტლაძის გამოც., თბ., 2002;
  • ცინცაბაძე მ., გაბრიელ მცირე, ოქროს წყარო, თბ., 1996;
  • წმ. იონე ოქროპირი, ღვთივსულიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდების კლიტე, დ. ჩანადირის გამოც., თბ., 2011;
  • Barret D., Catalogue of the Wardrop Collection and other Georgian Books and Manuscripts in the Bodlean Library, Oxford, 1973; Lang D. M., Georgian Manuscripts in Oxford, Oxford Slavonic Papers, vol. VI, 1955.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები