მხატვრული ტანვარჯიში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 33: ხაზი 33:
 
[[კატეგორია: სპორტის სახეობები]]
 
[[კატეგორია: სპორტის სახეობები]]
 
[[კატეგორია:ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სპორტის სახეობები]]
 
[[კატეგორია:ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სპორტის სახეობები]]
 +
[[კატეგორია:ქალთა სპორტის სახეობები]]

12:09, 2 ივნისი 2021-ის ვერსია

ჯგუფური ვარჯიში

მხატვრული ტანვარჯიში − ქალთა სპორტის სახეობა. მოიცავს სპორტული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ქორეოგრაფიის ელემენტებს, საგნით და უსაგნოდ ვარჯიშთა კომპლექსს.

სარჩევი

ისტორია

მხატვრულმა ტანვარჯიშმა, ისევე, როგორც ზოგადად ტანვარჯიშმა, განვითარების გრძელი გზა გამოიარა, სპორტის ცალკე სახეობად კი შედარებით გვიან ჩამოყალიბდა. მისი ფორმირების მნიშვნელოვანი პერიოდი XIX საუკუნის პირველ ნახევარზე მოდის და ცნობილი ფრანგი პედაგოგის, სცენური ჟესტის თეორეტიკოსის ფრანსუა დელსარტის (1811-1871) სახელს უკავშირდება. დელსარტმა დაამუშავა ადამიანის სხეულის მოძრაობათა ემოციური ფორმები და მხატვრული ჟესტის საფუძვლები, 1839 წელს პარიზში გახსნა სცენური გამომსახველობის კურსები. მანვე შემოიღო ტერმინი „ესთეტიკური ტანვარჯიში“.

მხატვრული ტანვარჯიშის ესთეტიკის ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჟენევის კონსერვატორიის პედაგოგს ემილ ჟაკ დალკროზს (1865-1950). იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სპორცსმენებში მუსიკალურობისა და რიტმის გრძნობის განვითარებას, მოძრაობისა და მუსიკის ჰარმონიულ შერწყმას. დელკროზმა ჩამოაყალიბა „რიტმული ტანვარჯიშის“ საფუძვლები, 1911 წელს კი დრეზდენთან ახლოს, ჰელარაუში, რიტმის ინსტიტუტი გახსნა.

ნატალია ლავროვა (რუსეთი)

ამგვარი ინსტიტუტები გაიხსნა ევროპის მრავალ ქალაქში, მათ შორის – პეტროგრდსა (1920) და თბილისში (1924). 1923 წელს პეტროგრადშივე გაიხსნა ზინაიდა ვორობიოვას ცნობილი პლასტიკის სტუდია. აგრეთვე მუსიკალურ მოძრაობათა საბავშვო სტუდია ელენა გორლოვას ხელმძღვანელობით. ამ პერიოდიდან იწყება მხატვრული ტანვარჯიშის, როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობის ჩამოყალიბების ე.წ. საბჭოური ეტაპი. სწორედ ყოფილ საბჭოთა კავშირში გამოჩნდნენ პირველი სპეციალისტები, რომლებმაც შეადგინეს სავალდებულო და ნებისმიერი ვარჯიშების კლასიფიკაცია და სათანრიგო ნორმატივები, მხატვრული ტანვარჯიშის წესები. პირველი ოფიციალური შეჯიბრება, ლენინგრადის ჩემპიონატი, 1941 წელს გაიმართა. ომის შემდეგ, 1947 წელს, ტალინში მოეწყო საკავშირო კონკურსი მოსკოვის, ლენინგრადის, საქართველოს, სომხეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ტანმოვარჯიშეთა მონაწილეობით. ორი წლის შემდეგ კიევში გაიმართა საკავშირო ჩემპიონატი, რომელიც ლენინგრადელმა ლიუბოვ დენისოვამ მოიგო. 1956 წელს მოსკოვში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) კონგრესზე დელეგატებს მოუწყვეს საჩვენებელი გაკვეთილი და წარმოადგინეს რამდენიმე ტანვარჯიშული კომპოზიცია.

მხატვრული ტანვარჯიშის საერთაშორისო ისტორია იწყება 1960 წლიდან, როცა სოფიაში გაიმართა ჩეხოსლოვაკიის, სსრ კავშირისა და ბულგარეთის ტანმოვარჯიშეთა ტურნირი. პროგრამაში შეიტანეს სამი ნებისმიერი ვარჯიში: ერთი უსაგნოდ, ორი – საგნით (შერჩევით). გუნდური გამარჯვება მოიპოვეს სსრ კავშირის სპორტსმენებმა, პირად ჩათვლაში I ადგილი გაიყვეს ლილია ნაზმუტდინოვამ (სსრკ) და იულია ტრაშლიევამ (ბულგარეთი). 1963 წლის 7-8 დეკემბერს ბუდაპეშტში მოეწყო პირველი ოფიციალური საერთაშორისო პირადი ტურნირი FIG-ის ქალთა ტექნიკური კომიტეტის მიერ დამტკიცებული წესებით. მონაწილეობდა 10 ქვეყანა: ბულგარეთი, გდრ, ესპანეთი, იუგოსლავია, პოლონეთი, რუმინეთი, სსრ კავშირი, უნგრეთი, ფინეთი და ჩეხოსლოვაკია. 1964 წელს რომში გამართულ FIG-ის სხდომაზე ბუდაპეშტის ტურნირს I მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსი მიენიჭა. დროთა განმავლობაში იხვეწებოდა პროგრამა, იცვლებოდა წესები, ფართოვდებოდა გავრცელების არე. სოცბანაკის ქვეყნებს სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის ტანმოვარჯიშეები. 70-იანი წლებიდან ევროპელებთან ერთად შეჯიბრებებში აქტიურად ჩაებნენ ავსტრალიის, ბრაზილიის, მექსიკის, აშშ-ის, კანადის, იაპონიის სპორტსმენები.

სოკ-ის 83-ე სესიამ (მოსკოვი, 1980) მხატვრული ტანვარჯიში ოლიმპიურ სახეობად აღიარა და ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანა. პირველი აბსოლუტური ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოიპოვა კანადელმა ლორი ფანგმა. ატლანტის ოლიმპიადის პროგრამაში პირველად შეიტანეს გუნდური ვარჯიში, რომელშიც ესპანელებმა გაიმარჯვეს.

მხატვრული ტანვარჯიში საქართველოში

ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში თბილისში არსებობდა რიტმული პლასტიკის სტუდია, რომლის ბაზაზეც 1924 წელს შეიქმნა თბილისის რიტმის ინსტიტუტი. აქ უპირატესობას ანიჭებდნენ სცენური ჟესტის ცნობილი ფრანგი თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის, ფრანსუა დელსარტის იდეებს, ვის სახელსაც უკავშირდება ტერმინი „ესთეტიკური ტანვარჯიში“.

მხატვრული ტანვარჯიში სპორტული მიმართულებით 1940-იანი წლების მიწურულს განვითარდა. 1948 წელს თბილისში მოეწყო მეორე საკავშირო დათვალიერება-კონკურსი, თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში კი გაიხსნა მხატვრული ტანვარჯიშის ორი ჯგუფი. ლენინგრადიდან მოიწვიეს ცნობილი ტანმოვარჯიშე და მწვრთნელი იულია შიშკარიოვა, რომელმაც შეადგინა და დანერგა ორიგინალური ვარჯიშები. საქართველოს ტანმოვარჯიშეები საკავშირო შეჯიბრებებში 1950 წლიდან ჩაებნენ, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებები 1970-იან წლებში მოიპოვეს, როცა ნაკრებს სათავეში ჩაუდგა შემდგომში სახელოვანი მწვრთნელი ნელი სალაძე. მან შექმნა მხატვრული ტანვარჯიშის ქართული სკოლა, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

1979 წელს ირინე გაბაშვილი და ლალი დოლიძე საბჭოთა გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. იმავე ჩემპიონატში გაბაშვილმა ბურთით ვარჯიში მოიგო, მრავალჭიდში კი მესამე ადგილი დაიკავა. დიდ სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ აგრეთვე ინგა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, მარინა ხალილოვა, მაია მორბედაძე და სხვები. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდნენ ეკა აბრამია (1996, XXV ადგილი), ინგა თავდიშვილი (2000, XXI ადგილი) და სალომე ფაჟავა (2016, XIV ადგილი). ფაჟავამ ერთი წლით ადრე თავი გამოიჩინა პირველ ევროპულ თამაშებზე, სადაც ლენტით ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წესები

Mxatvr tanv.PNG

შეჯიბრება ტარდება კვადრატულ 13X13 მ. ხალიჩაზე, დარბაზის სიმაღლე მინიმუმ 8 მ. უნდა იყოს. ვარჯიში სრულდება მუსიკის თანხლებით. ინდივიდუალური ვარჯიშის დროს გამოიყენება: სახტუნაო, რგოლი, ბურთი, გურზი და ლენტი. სახტუნაო მზადდება კანაფის ან ნებისმიერი სინთეტური მასალისგან. სახელურები არა აქვს, ბოლოებში შეიძლება იყოს გადანასკვული (ხელში უკეთ დასაჭერად). სახტუნაოს სიგრძე სპორტსმენის სიმაღლის პროპორციული უნდა იყოს. რგოლი მზადდება ხის ან მეტალისგან, მისი წონაა მინიმუმ 300 გრ, დიამეტრი – 80-90 სმ. ბურთი მზადდება რეზინის ან ნებისმიერი სინთეტური მასალისგან, მისი წონაა 400 გრ, დიამეტრი – 18-20 სმ. გურზი მზადდება ხისაგან ან სინთეტური მასალისაგან. მისი წონაა 150 გრ, სიგრძე – 40-50 სმ. სატინისგან ან ნებისმიერი სინთეტური მასალისგან დამზადებული ლენტი მაგრდება ჯოხზე, რომლის სიგრძეა 50-60 სმ, კვეთის დიამეტრი – 1 სმ. ლენტის სიგრძეა 4–6 მ, სიგანე – 4-6 სმ, წონა – 35 გრ.

მხატვრულ ტანვარჯიშში ასპარეზობენ მხოლოდ ქალები. შეჯიბრების პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ვარჯიშებს. ინდივიდუალური გამოსვლა გრძელდება 75-დან 90 წამამდე, მუსიკას თვით სპორტსმენი ირჩევს.

ჯგუფში ერთდროულად გამოდის 6 სპორტსმენი. ჯგუფური გამოსვლა გრძელდება 120-დან 150 წამამდე. ჯგუფი ორჯერ გამოდის: პირველი გამოსვლისას სპორტსმენები ვარჯიშობენ ერთნაირი იარაღით, მეორე გამოსვლისას აქვთ ორი განსხვავებული იარაღი, მაგ.: 3 რგოლი და 3 სახტუნაო. მსაჯები აფასებენ სპორტსმენთა მოძრაობას – ცალკეული იარაღებით შესრულებული ვარჯიშების სიზუსტეს და მხატვრულ გამომხატველობას. ვარჯიშის მაქსიმალური შეფასება 10 ბალია. საბოლოო გამარჯვებული ვლინდება ცალკეულ დისციპლინებში მიღებული ბალების ჯამით. ტანმოვარჯიშეთა ძირითადი მოძრაობებია: ხტომები და კამარები, წონასწორობის შესანარჩუნებელი ელემენტები, ბრუნები, მოქნილობის გამოსავლენი ელემენტები, გადაადგილების სხვადასხვა ხერხი, მოხვევები, სხეულის ტალღისებური მოძრაობები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები