ეგვიპტის მეფეთა სიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეფეთა სიები – ძველი ეგვიპტიდან შემოინახა ეგვიპტის მეფეების რამდენიმე სია. მათგან ყველაზე ძველი V დინასტიის დროს იქნა ჩაწერილი ბაზალტის ფილაზე, რომელმაც ჩვენამდე ნამსხვრევების სახით მოაღწია. ყველაზე დიდი ნატეხი პალერმოს მუზეუმშია დაცული და პალერმოს ქვის სახელით არის ცნობილი. მეორე შედარებით დიდი ნატეხი (ე.წ. კაიროს ფრაგმენტი) კაიროს მუზეუმშია. კიდევ რამდენიმე ნატეხი ინახება კაიროში და ლონდონში.

მეფეების ჩამოთვლა იწყება მითიური მეფეების მმართველობით ვიდრე ხორამდე, რომელმაც თავისი ძალაუფლება უკვე ხორციელ ფარაონს, მენესს გადასცა. აქვე მოთავსებულია პირველი ხუთი დინასტიის ფარაონების სია და უმნიშვნელოვანესი მოვლენები, რომლებიც მათი მეფობის დროს მოხდა.

სარჩევი

აბიდოსის სია

აბიდოსში, სეტი I-ის ტაძრის კედელზე სეტი I და მისი ვაჟიშვილი მსხვერპლს სწირავენ თავიანთ 76 წინამორბედს (მენესიდან სეტიმდე). XIII-XVII დინასტიები აქ გამოტოვებულია. ეს სია აბიდოსის სიის სახელით არის ცნობილი. ამ სიის ასლს წარმოადგენს ე.წ. მეორე აბიდოსის სია, რომელიც ასევე აბიდოსში, რამსეს II-ის ტაძარშია ნაპოვნი და დღეს ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.

კარნაკის მეფეთა სია

კარნაკის მეფეთა სიაში (ინახება ლუვრში) ჩაწერილია სამოცდაერთი მეფის სახელი, მენესიდან თოტმეს III-ის ჩათვლით. განსხვავებით აბიდოსის სიებისაგან, კარნაკის სიაში ბუნდოვანი XIII-XVII დინასტიების ფარაონების საკმაოდ ბევრი სახელია მოცემული. აბიდოსის და კარნაკის სიებში ზემო ეგვიპტის ტრადიციაა ასახული.

საქქარას სია

საქქარას სია საქქარაში, ერთ-ერთი მოხელის სამარხშია აღმოჩენილი და დღეს კაიროს მუზეუმშია. ამ სიის 58 კარტუშიდან გადარჩენილია 47. სია I დინასტიის VI ფარაონით იწყება და რამსეს II-ით მთავრდება (ჩრდილოეთი გარკვეული პერიოდის მანძილზე არ ცნობდა სამხრეთელ მეფეებს). აბიდოსის სიის მსგავსად, ის არ მოიცავს XIII-XVII დინასტიებს. საქქარას სია, ისევე როგორც ტურინის პაპირუსი, ქვემო ეგვიპტის ტრადიციას ასახავს.

ტურინის პაპირუსი

ტურინის პაპირუსი, რომელიც ტურინის მუზეუმშია დაცული, უმნიშვნელოვანესია მეფეთა სიებს შორის. სია მოთავსებულია პაპირუსის verso-ზე, recto-ზე რამსეს II-ის დროის მოვლენებია მოთხრობილი, რაც პაპირუსის დაახლ. რამსეს II-ის მეფობით დათარიღების საშუალებას იძლევა. პირვანდელი სახით პაპირუსი შესრულების თვალსაზრისითაც დახვეწილ ნიმუშს წარმოადგენდა, ულამაზესი იერატიული დამწერლობით. სამწუხაროდ, ის ძალიან დაზიანებულია, რადგან ევროპაში ტრანსპორტირებისას ეს სრულიად მთელი პაპირუსი მრავალ ნაწილად დაიმსხვრა.

მეფეების ჩამონათვალი, მანეთონის მსგავსად ღმერთების დინასტიებით იწყება, რომლებსაც ასევე დინასტიებად გაერთიანებული მეფეები მოჰყვება. პაპირუსში მოცემულ მეფეების სახელები (სულ სამასამდე) ზოგ შემთხვევაში ჯგუფებად არის გაერთიანებული და მათი მაფობის საერთო ვადაა აღნიშნული, რაც მანეთონის დინასტიებს ემთხვევა. ამას გარდა, პაპირუსში მითითებულია ყოველი ფარაონის მეფობის ხანგრძლივობა წლების, თვეების და დღეების ჩათვლით.

ტურინის პაპირუსში მოხსენიებულია ასევე ეფემერული მეფეები და ისეთი მმართველები, რომლებიც ქვეყნის დაშლის პერიოდებში გარკვეულ ტერიტორიას მართავდნენ. ისინი ჩვეულებრივ არ არიან მოხსენიებული სხვა წყაროებში და დღეს ჩვენთვის მხოლოდ ტურინის პაპირუსიდან არიან ცნობილი. აქ დაფიქსირებულია ასევე ჰიკსოსი მეფეები, თუმცა მათი სახელები არ არის ჩასმული კარტუშებში და დამატებული აქვთ ნიშანი, რომელიც გვამცნობს, რომ ისინი უცხოელები იყვნენ. ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს ე.წ. სამხრეთ საქქარას ქვა.

სამხრეთ საქქარას ქვა

ესაა პეპი II-ის დედოფლის, ანხესენპეპის სარკოფაგის თავსახური, აღმოჩენილი გ. ჟეკიეს მიერ 1932 წ. დედოფალ იპუტ II ის პირამიდაში, პეპი II-ის პირამიდის კომპლექსში. მასზე V და VI დინასტიების ფარაონების სახელები და ამ დროის მნიშვნელოვანი მოვლენებია მოთავსებული. საქქარას ქვა პეპი II-ის მეფობით არის დათარიღებული.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები