კვინტილიანე
მარკეს ფაბიუს კვინტილიანე – რომაელი ორატორული ხელოვნების თეორიტიკოსი.
კვინტილიანე წარმოშობით ესპანელი იყო. იგი დაბადებულა ქალაქ კალგურისში. ერთ დროს რომში გადმოსახლებულა, მაგრამ 59-66 წ. ისევ ესპანეთში დაბრუნებულა, საიდანაც შემდეგ იმპერატორ გალბას კვლავ რომში მიუწვევია - აქ იგი ვექილობას ეწეოდა. სვეტონიუსი გადმოგვცემს, რომ ვესპასიანემ (69-79 წ.) ბერძენ და რომაელ რიტორებს ჯამაგირი დაუნიშნაო. მათ რიცხვში უნდა ყოფილიყო კვინტილიანეც. ვარაუდობენ, რომ მისი მოწაფეები იყვნენ პლინიუს უმცროსი და ტაციტუსი.
სამწერლობო მოღვაწეობისათვის კვინტილიანეს გვიან მოუკიდია ხელი. მას 12 წიგნად დაუწერია რიტორიკის სახელმძღვანელო. ნაშრომის შესავალში კვინტილიანე წერს, რომ 20 წელი პედაგოგიური მუშაობით მოღლილი დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს მეგობრებმა დამიყოლიეს, რიტორიკის სახელმძღვანელო, დამეწერაო. კვინტილიანეს დაუწერია აგრეთვე დეკლარაციათა ორი კრებული რიტორიკულ სკოლაში სავარჯიშოდ.
კვინტილიანეს ნაშრომს ეწოდება „რიტორიკაში დარიგების შესახებ“ მისი ეს ნაწარმოები სახელმძღვანელოს პრეტენზიას ატარებს, მაგრამ რიტორიკის გარდა მასში ისეთ ცნობებს შეხვდებით, რომლებიც მთელი ანტიკური კულტურისა და ისტორიის სულ სხვადასხვა, დარგებს განეკუთვნება. მაგალითად, იგი წერს, რომ: აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“ ბერძნულიდან თარგმნა ვინმე ატაციონელმა ვარონმა, მითრიდატემ 22 ენა იცოდა, მეხუთე საუკუნის ბერძენ მოქანდაკე ფიდიასს ღმერთების ქანდაკება უკეთესი გამოუდიოდა ვიდრე ადამიანების, ლისიპპე და პრაქსიტელი სრულყოფას აღწევდნენ ბუნების გამოხატვაში და სხვა. მიუხედავად ამგვარი გადახვევებისა, კვინტილიანეს აღნიშნული ნაშრომი ბევრ სიახლეს იძლევა ანტიკური რიტორიკის საგნისა და წესების შესასწავლად.
რიტორიკის საგნისა და წესების შესასწავლად - ნაშრომის შესავალში და პირველ წიგნში კვინტილიანე აყენებს საკითხს, რიტორად გახდომისათვის ნიჭია საჭირო თუ სწავლაო. მე ვფიქრობ, წერს იგი, რომ თუ ვინმე არ არის დაჯილდოებული ნიჭით, ჩემი დარიგება მისთვის იგივე იქნება, რაც უნაყოფო მიწის დამუშავებაო. როგორც ბუნებით აქვთ მოცემული ფრინველებს ფრენა, ცხენებს – ჯირითი და მხეცებს – მძვინვარება, ასევე ჩვენ მოცემული გვაქვს გონება და ცნობიერება. მაგრამ თუ ეს გონება და ცნობიერება, თავისთავად მიდრეკილი არ იქნა რიტორიკის ათვისება-დაძლევისაკენ, მაშინ მარტო სწავლა ისევე არაფერს მისცემს კაცს, როგორც არ მისცემს რაიმეს სრულიად უნაყოფო მიწა ბეჯით მეურნეს. ნაყოფიერმა მიწამ კი ზოგჯერ შეიძლება დაუმუშავებლადაც რაიმე არგოს ადამიანსო.
აქ კვინტილიანე ცალმხრივობაში მაინც არ ვარდება და ფიქრობს რომ მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, თუ მას არ დაერთვის მრავალმხრივი განათლება და ცოდნა თვითონ რიტორის, რომელიც სწავლით შეიძინება, პირველ რიგში, მისთვის საჭიროა ფილოსოფიის ცოდნა. ეს იმიტომო, წერს იგი, რომ რიტორს ხშირად უხდება თავის სიტყვაში ისეთ საკითხზე ლაპარაკი, როგორიც არის სამართლიანობა, დიდსულოვნება, თავშეკავებულობა, ზომიერება, ღვთისმოსაობა და სხვ: (წიგნი XII, თავი II). ხოლო ამგვარ საკითხებზე მსჯელობის მართებულად წარმართვა მას არ ძალუძს, თუ არ ეცოდინება ფილოსოფია, კერძოდ დიალექტიკა, რომელსაც ციცერონი სიცრუისაგან ჭეშმარიტების გამომყოფ მოსამართლეს უწოდებდა.
კვინტილიანე მარტოოდენ ფილოსოფიის შესწავლას საკმარისად არ თვლის რიტორისათვის და საჭიროდ მიიჩნევს მის უნივერსალურ განათლებას, კერძოდ, მის მიერ „ისტორიის ცოდნას, სადაც თავს იყრის ფაქტობრივი მასალა ცოდნის მრავალი დარგიდან. სწორედ ამიტომ, წერს იგი, რიტორმა უნდა იცოდეს რაც შეიძლება მეტი ამგვარი სახის მეტი მასალა (წიგნი XII, თავი IV). ეს მასალა ეხმარება მას დაიცვას ზომიერება, რომელიც წარმოადენს სიკეთეს და თავი შეიკავოს ფუფუნებისაგან, რაც ბოროტებას წარმოადგენსო. (წიგნი V, თავი X).
როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო და როგორი უნივერსალური განათლება არ უნდა ჰქონდეს რიტორს, ეს ყველაფერი უქმი იქნება, თუ მას ხალხში არ ექნება პატიოსანი და მართალი კაცის რეპუტაცია და თვითონ არ იქნება დარწმუნებული იმ ხაზის ჭეშმარიტებაში, რომელსაც ის იცავს. ამიტომ, წერს კვინტილიანე, უმართებულოა, ორატორი იყო და არ იყო პატიოსანი ადამიანი (წიგნი I, თავი II). ამ აზრს იგი იმეორებს XII წიგნის I თავის სათაურშიც. ამიტომ იყო რომ მარკუს კატონი (234-149) პატიოსნებას და თავის საქმეში დახელოვნებას ყველაზე მაღალ თვისებად თვლიდა რიტორიკაშიო (წიგნი XII, თავი I ). მართლაც, წერს კვინტილიანე, ბუნებას რომ მჭევრმეტყველების უნარი ჩვენთვის იმიტომ მოეცა, რათა მხარი დაგვეჭირა ბოროტმოქმედთათვის, უდანაშაულოთა ჩაგვრისათვის და ჭეშმარიტების გათელვისათვის, მაშინ განა უკეთესი არ იყო გავჩენილიყავით პირუტყვებად და საერთოდ უაზრო არსებებად, ვიდრე ის, რომ მეტყველების სახით ღვთის ეს ძღვენი ერთმანეთის დასაღუპავად გამოგვეყენებინაო (წიგნი, XII,თავი I).
კვინტილიანეს, რა თქმა უნდა, არ ესმის, რომ კლასობრივ საზოგადოებაში რიტორი, როგორც წესი, არ შეიძლება ზეკლასობრივი იდეოლოგიის მატარებელი იყოს და საზოგადოებრივ ინტერესებს თავის საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებდეს.
კვინტილიანე აღნიშნულ ნაშრომში დიდ ადგილს უთმობს რიტორიკის ისტორიას და მის მიმართებას მეცნიერებისაკენ. მისი აზრით, მართალია პერიკლეს სიტყვა რიტორიკულ ხასიათს ატარებს, მაგრამ თვით რიტორიკის თეორიაზე პერიკლეს არაფერი დაუწერია; მისი სიტყვები კი, წარმოთქმული პელოპონესის ომის დროს, მოღწეულია თუკიდიდეს დამუშავებული რედაქციით. ყოველივე ამის გამო, ათენელი პერიკლე ვერ ჩაითვლება რიტორიკის მამამთავრად.
კვინტილიანე აყენებს საკითხს იმის შესახებ, ბოროტება მოაქვს რიტორიკას თუ სარგებლობა? ერთნი ფიქრობენ, რომ რიტორიკას ზიანი მოაქვს და დასაგმობია, რადგან მისი საშუალებით ბოროტმოქმედნი მართლდებიან და უდანაშაულონი ისჯებიან. თვითონ კვინტილიანე ანუ ამ შეხედულებას არ ეთანხმება. მისი აზრით, განა წამლის შემადგენლობაში არ ურევია საწამლავი? რიტორიკას, იმის მიხედვით თუ როგორ იყენებენ მას, შეუძლია როგორც ბოროტების, ისე სიკეთის მოტანა. კვინტილიანეს აზრით, მას სიკეთე უფრო ხშირად და უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ბოროტება, რის გამოც მისი არსებობა გამართლებულია.
კვინტილიანე ეხება აგრეთვე რიტორიკული სიტყვების ჯგუფად დაყოფას. პირველს, ბერძნებიდან ეკუთვნოდა ლისია, რომაელებიდან - ციცერონი და სხვ. მას ახასიათებს გამოთქმის სიმოკლე და ხატოვანება, ფრაზის გამოკვეთილობა, სისადავე, რომელშიაც არ არის ზედმეტობა. მეორეში კი ბევრია ზედმეტობა, გაბერილი ფრაზები, გაჭიანურებული ადგილები. აზიანიზმზე აღბეჭდილია აზიის გავლენა და ბერძნული კულტურის სიფაქიზისა და გემოვნების ერთგვარი გაუხეშება და ბარბარიზაცია. ამის გარდა, კვინტილიანე აღიარებს რიტორიკაში მესამე მიმდინარეობის არსებობასაც, რომელსაც როდოსულ სკოლას უწოდებს და მის მიმდევრად ესქინეს (ძვ. წ. 389-314 წწ.) აცხადებს. ამ სკოლას, მისი აზრით, საშუალო ადგილი ეჭირა ატიციზმსა და აზიანიზმს შორის და ორივე მათთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი თვისებების შეერთებით ხასიათდებოდა.
კვინტილიანეს მიხედვით, სავალდებულოა, რომ ყოველი რიგიანი რიტორიკული სიტყვა აკმაყოფილებდეს სამ რამეს: 1. იყოს რიტორიკული წესების მიხედვით სწორად აგებული, 2. იყოს ნათელი და გასაგები, 3. მსმენელებზე ტოვებდეს კარგ შთაბეჭდილებას.
კვინტილიანე ეხება აგრეთვე ზეპირი მეტყველების და წერის კულტურის ურთიერთდამოკიდებულების საკითხს. მე მგონიაო, წერს იგი, ვინც კარგად ლაპარაკობს, ის კარგადაც წერს, ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ ციცერონი და დემოსთენი სხვაგვარად ლაპარაკობდნენ და სხვაგვარად წერდნენ?
კვინტილიანე დიდ ადგილს უთმობს ბერძნული და რომაული კულტურის ურთიერთდამოკიდებულების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბერძნულ კულტურას არ ამცირებს, საკითხს ისე გვაწვდის, რომ მკითხველი თვითონ მიიყვანოს რომაული კულტურის უპირატესობის აღიარებამდე, თუ არა, ბერძნულ კულტურასთან მისი თანასწორუფლებიანობის ცნობამდე მაინც. ლიტერატურაში იგი ვირგილიუსს თითქმის ათანაბრებს ჰომეროსთან.
ამგვარად, კვინტილიანე ზოგჯერ რიტორიკის სახელმძღვანელოს ფარგლებიდან გამოდის და ეხება რომის ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა საკითხს. ეს ალბათ თავის დროისთვის ნაკლი იყო, ჩვენთვის მისი ეს გადახვევები ძირითადი თემიდან არანაკლებ საინტერესონი არიან, ვიდრე თვით ძირითადი თემის საკითხები, ამასთან, როგორც აღნიშნული იყო ზემოთ, კვინტილიანეს ეს ნაშრომი თვითონ მეტს იძლევა ვიდრე სხვა სახელმძღვანელოები, დაწერილი ანტიკურ ეპოქაში. სწორედ ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით ხდება გასაგები კვინტილიანეს ნაშრომის, როგორც წყაროს მნიშვნელობა, როგორც საერთოდ ანტიკური ქვეყნების ისტორიის, ისე კერძოდ, რომის კულტურისა და ისტორიის შესწავლის საქმეში.