შერწყმული წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შერწყმული წინადადება – წინადადება, რომელშიც წარმოდგენილია ერთი და იმავე ფუნქციის (ხშირად ერთი და იმავე ფორმის) ორი ან მეტი წევრი, რომელთაც ერთგვარი წევრები ეწოდებათ. ერთგვარ წევრებს უნდა ახასიათებდეთ შემდეგი ნიშნები: ერთი და იგივე ფუნქცია, სინტაქსური მიმართება წინადადების ერთსა და იმავე წევრთან, ერთი და იმავე ნიშანთვისების (სემანტიკური მიმართების) გამოხატვა. ამ ნიშნებით გვაქვს წინადადებები შემასმენლების, ქვემდებარეების, დამატებების, გარემოებებისა და განსაზღვრებების მიხედვით შერწყმული.

ერთგვარშემასმენლიანია შერწყმული წინადადება, რომელშიც ერთ ქვემდებარეს (ერთ დამატებას) ახლავს რამდენიმე შემასმენელი. შემასმენლების მიხედვით შერწყმული წინადადება 3 სახისაა:
ა) ქვემდებარეს (დამატებას) ახლავს რამდენიმე მარტივი შემასმენელი: „ქალი გაყუჩდა, დანაზდა, დაპატარავდა“.
ბ) წინადადება შერწყმულია შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილების მიხედვით: „ღამე იყო მშვენიერი, ყუჩი და თბილი“...
გ) ერთგვარ შემასმენელთაგან ზოგი მარტივია, ზოგიც – შედგენილი, ან – შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი: „ბუხარი რცხილის კუნძებით იყო გამოტენილი და საამურად ღუდღუდებდა“.. ერთგვარი შემასმენლები. ჩვეულებრივ, ერთი და იმავე მწკრივის ფორმითაა გადმოცემული, თუმცა, იშვიათად, სხვადასხვა მწკრივის ფორმებითაც

ერთგვარქვემდებარიანია წინადადება, რომელშიც ერთ შემასმენელს რამდენიმე ქვემდებარე ახლავს. ერთგვარქვემდებარიან შერწყმულ წინადადებაში ქვემდებარეებს ბრუნვის ფორმა ერთი აქვთ: „ტყე. მინდორი და ველი ბიბინებს“; „ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს“.. ერთგვარ ქვემდებარეებს რიცხვის ფორმა შეიძლება ერთნაირი ჰქონდეთ ან განსხვავებული:
ა) ყველა ერთგვარი ქვემდებარე მხოლოობითში;
ბ) ყველა ერთგვარი ქვემდებარე მრავლობითში:
გ) ერთგვარ ქვემდებარეთაგან ზოგი მხოლობით რიცხვშია, ზოგიც – მრავლობითში. ერთგვარ ქვემდებარეებს შეიძლება ახლდეს საერთო დაქვემდებარებული სიტყვები, რაც უფრო მჭიდრო სინტაქსურ კონსტრუქციას ქმნის: „ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი ხეზედა მძინარ ფრინველს აფრთხობდა...“ ი. ჭავჭავაძე

ერთგვარდამატებიანია წინადადება, რომელშიც ერთ შემასმენელთან რამდენიმე ერთგვარი (პირდაპირი, ირიბი ან უბრალო) დამატებაა დაკავშირებული; ამისდა მიხედვით, შერწყმული წინადადება შეიძლება იყოს:
ა) პირდაპირი დამატების მიხედვით შერწყმული: „თოვლს დაეფარა თეთრად მინდორი, ტყე და ველი“;
ბ) ირიბი დამატების მიხედვით შერწემული: „ისინი შეჰხაროდნენ სიცოცხლეს, ბუნებას, გაზაფხულს“:
გ) უბრალო დამატების მიხედვით შერწყმული: ხაჭაპურის გამოცხობამდე გადაიდო ქათმებისა და ღორის დაკვლა“.

ერთგვარგანსაზღვრებიანია შერწყმული წინადადება, რომელშიც ერთ საზღვრულს რამდენიმე ერთგვარი განსაზღვრება ახლავს. ერთგვარი განსაზღვრებები ერთმანეთს მაერთებელი კავშირებით (და, მაგრამ) ან მათ გარეშე უკავშირდებიან: „ბნელი, თბილი და წყნარი ღამე იყო“. ერთგვარ განსაზღვრებათა გამოყენების ორი ძირითადი შემთხვევაა გასარჩევი:
1. ერთგვარი ატრიბუტული განსაზღვრებები ასახელებენ საზღვრულით გადმოცემულ საგანთა ერთი რიგის განმასხვავებელ ნიშნებს: „ბავშვმა ბაღში წითელი, ყვითელი და თეთრი ყვავილები დაკრიფა“;
2. ერთგვარი განსაზღვრებები ასახელებენ ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა ნიშან-თვისებას: „ის პატიოსანი, განათლებული და მშრომელი ქალი ყოფილა“.

ერთგვარგარემოებიანია წინადადება, რომელშიც ერთ შემასმენელს რამდენიმე ერთგვარი (ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზის, მიზნის) გარემოება ახლავს: „ასე ხდებოდა ხშირად, ხან აქ, ხან იქ“; „ჰკითხა მკაცრად, მაგრამ ალერსიანად“...

შესაძლებელია. წინადადება ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა წევრთა მიხედვით იყოს შერწყმული. წინადადება არ არის შერწყმული, თუ ერთი სინტაქსური ფუნქციის მქონე წევრები (მაგ. განსაზღვრებები) სხვადასხვა სიტყვებს მიემართებიან: მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელ ქვეყანას ზედ მოჰფენოდა“ (ი. ჭავჭავაძე.). შერწყმული არ არის წინადადება იმ შემთხვევაშიც, თუ წინადადების წევრები სხვადასხვა ნიშან-თვისებას გამოხატავენ: „დიდი რუხი მგელი ყმუოდა“...

შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრები ერთმანეთს უკავშიროდ ან მაერთებელი კავშირების საშუალებით უერთდებიან.

კ. გაბუნია


ლიტერატურა

  • დავითიანი ა, ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., 1973;
  • კვაჭაძე ლ, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., I977;
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ქართველურ ენებში, თბ.. I982:
  • ბურჭულაძე თ, შერწყმული წინადადება ქართულში. თბ., 2005.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები