შუმანი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რობერტ შუმანი – (8 ივნისი 1810, ცვიკაუ – 29 ივლისი 1856 ენდენიხი, ბონის მახლობლად, დაკრძალულია ბონში), გერმანელი კომპოზიტორი. 13 წლისამ დაიწყო გამოსვლა, როგოც პიანისტმა. 1828-იდან სწავლობდა იურისპრუდენციას ლაიფციგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, ამავე დროს მეცადინეობდა ფორტეპიანოზე ფ. ვიკთან. მუსიკის თეორიას სწავლობდა ჰ. დორნის ხელმძღვანელობით. 1834 ლაიფციგში დააარსა „ახალი მუსიკალური ჟურნალი“ (იყო მისი რედაქტორი და ავტორი 1844-მდე), რომელიც გერმანულ მუსიკაში პროგრესიული მიმართულების ორგანოდ იქცა. 1844-იდან ცხოვრობდა დრეზდენში, 1850-იდან დიუსელდორფში, სადაც საკომპოზიტორო მოღვაწეობასთან ერთად ხელმძღვანელობდა საგუნდო კოლექტივებს, დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრს. 40-იანი წლების ბოლოს თანდათანობით გაუმწვავდა ფსიქიური დაავადება და ცხოვრების ბოლო 2 წელი საავადმყოფოში გაატარა.

შუმანი XIX ს. მუსიკალური რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი და ტიპური წარმომადგენელია. შუმანის შემოქმედებაში ცენტრალური ადგილი უკავია საფორტეპიანო ნაწარმოებებს, რომელთაც მთელი ეპოქა შექმნეს ამ ჟანრის ისტორიაში. შუმანის უმთავრესი საფორტეპიანო ნაწარმოებებია: „კარნავალი“ (1835), „სიმფონიური ეტიუდები“ („ეტიუდები ვარიაციების ფორმით”, 1837), 3 სონატა (1835-38), „კრაისლერიანა“ (1838), „ტყის სცენები,“ ფანტაზია (1836-38), საფორტეპიანო კონცერტი (1841-45); საფორტეპიანო ციკლები: „ფანტასტიკური ნაწყვეტები“ (1837), „საბავშვო სცენები“ (1838), „ალბომი ახალგაზრდობისათვის“ (1848) და სხვ. შუმანის ვოკალური ციკლებიდან ყველაზე ცნობილია „პოეტის სიყვარული“ ჰ. ჰაინეს ლექსებზე (1840) და „ქალის სიყვარული და ცხოვრება“ ა. შამისოს სიტყვებზე (1840). სხვადასხვა შინაარსის სიმღერები შედის ციკლებში „მირტები“ – ფ. რიუკერტის, გოეთეს, ბერნსის, ჰაინეს, ბაირონის ლექსებზე (1840), „სიმღერათა წრე“ ი. აიხენდორფის ლექსებზე (1840). სამოქალაქო ლირიკის ნათელი ნიმუშია ბალადა „ორი გრენადერი“ (ჰაინეს ლექსზე), მას ეკუთვნის აგრეთვე ორატორია „სამოთხე და პერი“ (1843 ტექსტის ავტორი თ. მური) და „სცენები ფაუსტიდან“ (1844-53, გოეთეს მიხედვით), მუსიკა ჯ. ბაირონის დრამატული პოემა „მანფრედისათვის“ (უვერტიურა და 15 მუსიკალური ნომერი, 1849). შუმანი 4 სიმფონიის (1841-51) ავტორია, რომელთა ნათელ ცხოველმყოფელი განწყობილებით გამსჭვალულ მუსიკაში ჭარბობს სასიმღერო, საცეკვაო, ლირიკულ-სურათოვანი ხასიათის ეპიზოდები. შუმანს შექმნილი აქვს აგრეთვე 3 სიმებიანი კვარტეტი (1842), 3 საფორტეპიანო ტრიო (2-1847, 1851), საფორტეპიანო კვარტეტი (1842), ფართოდ ცნობილი საფორტეპიანო კვინტეტი (1842), კამერული ნაწარმოებები სიმებიანი და სასულე საკრავებისათვის, გუნდებისათვის.

შუმანი გამოჩენილი კრიტიკოსიც იყო. თავისი ჟურნალის ფურცლებზე იგი პროპაგანდას უწევდა კლასიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებას, ებრძოდა თავისი დროის ანტიმხატვრულ მოვლენებს, მხურვალედ უჭერდა მხარს ახალ ევროპულ რომანტიკულ სკოლას. მან „აღმოაჩინა“ დასავლეთ ევროპისათვის შოპენი, განჭვრიტა ახალგაზრდა ბრამსის მომავალი.

ცვიკაუში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე 1966 წ. I პრემია მოიპოვა ე. ვირსალაძემ, ხოლო 1982 თამარ სიფრაშვილმა.

გ. ტორაძე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები