მთვარე (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 16 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთვარე – მთვარე „ღამის მზედ“, „მზის შემცვლელად“ ან რას ერთ-ერთ ფორმად მოიაზრებოდა. შესაბამისად, მასზე ბევრი მზესთან დაკავშირებული წარმოდგენის გადატანა მოხდა. რას მსგავსად, ისიც ბარკით მისრიალებდა ცაში, და პავიანები ადიდებდნენ. გამოისახებოდა, როგორც ნამგალზე მოთავსებული დისკო, რაც მთვარის ორივე სახეს გადმოსცემდა. იყო დაბადების და ზრდის სიმბოლო.

მთვარის უმნიშვნელოვანეს თავისებურებას ეგვიპტელისთვის წარმოადგენდა ცვლილებები, რომლებსაც ის ყოველთვიურად განიცდიდა, რაც სხვადასხვა მითში აისახა. უმნიშვნელოვანესია მთვარის დაკავშირება ხორის თვალთან, რომელიც მან სეტხთან ბრძოლაში დაკარგა და შემდეგ ისევ დაიბრუნა. უკვე პირამიდების ტექსტებში ვკითხულობთ, რომ სეტხმა ხორის თვალი ან შეჭამა, ან მოიტაცა, ან დააზიანა. მთვარის ფაზები დაკავშირებული იყო ადამიანის სიცოცხლის ციკლთან ბავშვობიდან სიბერემდე. რადგან სისავსეს და გაქრობას მუდმივად ახალი მთვარე მოსდევდა, ის მუდმივი განახლების სიმბოლოც იყო. ითვლებოდა ასევე, რომ ამოსვლისას მთვარე და ვარსკვლავები გარდაცვლილებს გზას უნათებდნენ. შესაძლოა, მუდმივი განახლების გამო, ის ჩასახვას და ნაყოფიერებასაც დაუკავშირეს. მთვარეს მოიხსენიებდნენ, როგორც „ვნებიან ხარს, რომელიც ქალებს აფეხმძიმებს“. ახალი მთვარის ნამგალი წარმოიდგინებოდა, როგორც ბასრი იარაღი მთვარის ღმერთის ხელში, ან როგორც ფეხი, რომელიც ოსირისის ერთ-ერთ რელიქვიად გადაიქცა. თვითონ მთვარის კულტი ძალიან გავრცელებული არ იყო, და ღმერთი იახი, რომელშიც მთვარე იყო ინკორპორირებული, ასევე არ იყო დიდი ღვთაება. მთვარესთან დაკავშირებული იყნენ ასევე ხონსუ და მინი. ყველაზე მნიშვნელოვანი მთვარის და თოტის კავშირი იყო. დაახლოებით ახალი სამეფოს დროიდან მოხდა მთვარის ფაზების დაკავშირება ოსირისის კვდომასთან და აღდგომასთან. პლუტარქეს თანახმად, ოსირისის სხეულის თოთხმეტ ნაწილად დანაწევრება დაკავშირებული იყო მთვარის შემცირების ფაზის თოთხმეტ დღესთან, ხოლო მისი მეფობის ან სიცოცხლის ოცდარვა წელი – მთვარის თვის დღეების რიცხვთან. ბერძნულ პერიოდში მოხდა მთვარის, იქამდე მამრობითი ღვთაების, დაკავშირება ქალღმერთებთან ისიდასთან და ნეხბეტთან, რომლებიც სელენასთან გააიგივეს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები