არტეკი
არტეკი – (ინგლ. Artek, რუს. ртек), ზღვისპირა კლიმატური კურორტი უკრაინაში, ყირიმის ოლქში, დაბა გურზუფის ნაწილი და დიდი იალტის კურორტი, ქ. იალტიდან 11 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქ. ალუშტიდან 19 კმ-ში, სამხრეთ- დასავლეთით და ქ. სიმფეროპოლიდან 67 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს შავი ზღვის ყირიმის სამხრეთ ნაპირზე, აიუ-დაღის მთის (დათვი-მთა) დასავლეთ ფერდობზე და ამ მთის ძირში. რელიეფი – მთა-გორიანი.
ჰავა – მშრალი სუბტროპიკული, უახლოვდება ხმელთაშუა ზღვის ჰავას. ზამთარი რბილია. თებერვლის საშუალო ტემპერატურაა 3°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24,5°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 400 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (164,9 მმ), ხოლო მინიმუმი – შემოდგომაზე (54,9მმ). ამავე დროს, წვიმების მაქსიმუმი მოდის ივნისზე (78,5 მმ), ხოლო მინიმუმი – ნოემბერზე (8,2მმ).
არტეკის ტერიტორია დაფარულია პარკებით, სადაც გავრცელებულია: რამ-დენიმე სახეობის კედარი და ფიჭვი, სეკვოიები, მაგნოლიები, კვიპაროსები, ოლეანდრები, იასამანი, კორპის მუხა, ქაფურის ხე, ბოლეარის ბზა, მარადმწვანე ბზა და სხვ. არტეკის მიდამოების ტერიტორიაზე (გურზუფის ველზე) გვხვდება: კვიპაროსები, ლენკორანული აკაციები, ოლეანდრები, იტალიური ფიჭვი (პინია), კედარი, ნუში, ხეხილის ბაღები (ატამი, ლეღვი, ბროწეული, ხურმა, კომში, ზღმარტლი), ვენახები, ლავანდისა და ვარდის პლანტაციები. გურზუფის მიმდებარე ყირიმის მთები დაფარულია შერეული ტყით. ძირითადი კომპონენტის, ყირიმული ფიჭვის გარდა, იქ გვხვდება: ნაძვი, მუხა, წიფელი, ვერხვი, ცაცხვი და ტყის მოუვლელი ბაღები – ჩაიარები. ჩაიარებში ხარობს: ველური ვაშლი, მსხალი და კაკალი. ამ ტყეებში ბევრია: სოკო (მანჭკვალა, დათვის სოკო, თეთრი სოკო), არდი, სალბი და სხვ.
არტეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მშრალი სუბტროპიკული ჰავა, რომელიც უახლოვდება ხმელთაშუა ზღვის ჰავას, შეხამებული მთის ჰაერთან; ზღვის წყალი და ზღვისპირა ჰაერი, გაჯერებული ზღვის მარილებით, აეროიონებით, ფიტონციდებითა და მცენარეების არომატით.
არტეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წლის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები არტეკში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემების ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ არტეკში (ვ. ბერეზინის და ო. სოლოვიოვას საგვარეულო აკლდამა-სამლოცველო (XIX საუკუნის ბოლო XX საუკუნის დასაწყისი); 1903 წელს აშენებული სასახლე სუუკ-სუ და პატარა ხიდი მდინარე სუუკ-სუზე; XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აშენებული შენობები – ბიუვეტი, ორანჟერეა, კავშირგაბმულობის კვანძი, სასტუმრო „არწივის ბუდე“ და სხვ.; პარკები – ე.წ. გარტნერ-ვინერის (XIX საუკუნის II ნახევარი), სუუკ-სუს (XX საუკუნის დასაწყისი) და სხვ.; მუზეუმები – მხარეთმცოდნეობისა და არტეკის ისტორიის; მუზეუმ-გამოფენები – ზღვისა და აერო- კოსმოსური; უცნობი მეზღვაურის ძეგლი; დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულ არტეკის თანამშრომელთა და წითელი არმიის ჯარისკაცთა მემორიალი და სხვ.),
დაბა გურზუფში (ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების მართლმადიდებლური ტაძარი (2004-2007 წლები); არმან ემანიუელ დუ პლესი რიშელიეს სახლი (1808- 1811 წლები); გურზუფის პარკი (1881-1888 წლები); ა. ჩეხოვის და ა. პუშკინის მუზეუმები; მხატვარ ს. კოროვინის ხელოვნების სახლი და სხვ.),
არტეკისა და გურზუფის მიდამოებში (ენეოლითის ხანის ადამიანის ცხოვრების (ძვ.წ. III ათას- წლეული) ნაკვალევი, კლდე ჯენევეზკაიაზე, გენუელთა ციხესიმაგრის (XI-XV საუკუნეები) ნანგრევები და მათ მიერ გათხრილი გვირაბი აღნიშნულ კლდეზე (ციხესიმაგრე ააშენეს გენუელებმა VI საუკუნის ბიზანტიელთა ციხესიმაგრის ადგილზე); ძველებური წარმართული (ძვ.წ. IV-ახ.წ. V საუკუნე) და ქრისტიანული ტაძრების (VI-XV საუკუნეები) ნანგრევები მთა აიუ-დაღის დასავლეთ ფერდობთან; ტავრების დიდი დასახლების (ძვ.წ. IV-ახ.წ. IV საუკუნეები) ნანგრევები ადგილ ოსმანთან, მთა აიუ-დაღის დასავლეთით; ორი კლდე-კუნძული შავ ზღვაში – ადალარი; „ქარების ტალავერი“ გურზუფის იაილზე, მთა რომან-ქოშთან; შალიაპინის კლდე; ღვინის სარდაფი სოფელ დანილოვკაში (აი-დანილი) (1810 წელი); პუშკინისა და ლაჟვარდოვანი გროტები კურორტ არტეკის სანაპიროსთან და სხვ.).