შეპსესკაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეპსესკაფი – (ეგვ. Špss-k3.f, „კეთილშობილია მისი კა“, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 2472-2467 წწ.), ეგვიპტის IV დინინასტიის ბოლო ფარაონი. ტურინის მეფეთა ცხრილის თანახმად, იმეფა ოთხ წელიწადს.

მან თავისი სამარხი ააგო არა გიზეში, არამედ ახალ, აუთვისებელ ადგილას (დაშურსა და საქქარას შორის). საინტერესოა, რომ შეპსესკაფმა თავის სამარხს თავისებური ფორმა მისცა – მან უარი თქვა უკვე ტრადიციულად ქცეულ პირამიდაზე და დიდი სარკოფაგის ფორმის სამარხი აიგო (სიმაღლე 18 მ., კედლების სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით – 100 მ., დასავლეთიდან აღმოსავლეთით 73 მ.), რომელსაც დღეს „ფარაონის სკამს“ ეძახიან. მან სრულიად განსხვავებულად გაანაწილა სამარხის შიდა კამერები და იგივე პრინციპით გადააკეთა მამის, მიკერინის პირამიდის კამერების შიდა განლაგება. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს არა მარტო დიდ ძვრასთან რელიგიურ წარმოდგენებში, არამედ სერიოზულ ცვლილებებთან მიცვალებულთა კულტში, მაგრამ ეს ნიუანსები ჩვენთვის აბსოლუტურად ბუნდოვანია. აშკარაა მხოლოდ, რომ შეფსესკაფთან ერთად საბოლოოდ დასრულდა იდეა ფარაონის, როგორც უზენაესი ღვთაების შესახებ.

სავარაუდოდ, თავისი ქორწინებით ჯედეფხორის ქალიშვილზე, ხენტკაუსიზე შეპსესკაფი შეეცადა, ერთგვარად შეერიგებინა თავისი ოჯახის ორი შტო, თუმცა ეს ქორწინებაც არ შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს. თავის სამარხში, გიზეში ხენტკაუსი მოხსენიებულია, როგორც „ორი მეფის დედა“, მაგრამ, არსებობს ვარაუდი, რომ შეფსესკაფს ან არ ჰყავდა მისგან შვილები, ან მათი შვილი იყო მანეთონის ტამპტისი. თუმცა, სხვა აზრით, ხენტკაუსი V დინასტიის პირველი ორი ფარაონის დედაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ხენტკაუსის მდგომარეობა ძალიან მაღალი უნდა ყოფილიყო, რადგან მას აუგეს არა მარტო შეპსესკაფის ფორმის სამარხი გიზეში, არამედ პატარა პირამიდის კომპლექსი აბუსირში.

შეპსესკაფი არის პირველი ფარაონი, რომლისგანაც ჩვენამდე დეკრეტმა მოაღწია. ის გარდასულ დროთა მეფეების სამარხთა დაცვას და მოვლას ეხება. IV დინასტიის დასასრული ბუნდოვანია. ტურინის სია ასახელებს ორწლიან მეფობას შეფსესკაფის შემდეგ, მაგრამ სახელი დაკარგულია. შესაძლოა, ეს არის მანეთონის ჯედეფპტახი, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს მასთან დაკავშირებული არავითარი არქეოლოგიური მასალა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები