დაშური
დაშური – მემფისის ნეკროპოლისის ყველაზე სამხრეთი ნაწილი, საქქარადან 10 კმ. დაშორებით. ადგილს სახელი დაერქვა ორი ახლომდებარე არაბული სოფლის მიხედვით (დაშური და მინსატ-დაშური), რომლებიც თავის მხრივ კოპტური ტაჰსურის (Tahsur, ბერძნ. Takuris) გამოძახილს წარმოადგენს. აქაა პირამიდა ადრე ძველი სამეფოდან – ე.წ. „მოხრილი“ ან „მოღუნული“ („bent“) პირამიდა, რომელიც III დინასტიის ფარაონს, ჰუნის მიეწერება, და IV დინასტიის ფარაონის, სნოფრუს ე.წ. „რომბოიდული“ და „წითელი“ პირამიდები. „წითელი“ პირამიდა, რომელიც წითელი ქვით არის მოპირკეთებული, ამ ტიპის პირველი ნაგებობაა, სადაც პირამიდამ თავისი კლასიკური ფორმა მიიღო. დაახლოებით ამავე პერიოდში დაშურში აიგო რამდენიმე კერძო პირის სამარხი; მათ შორის სნოფრუს ერთ-ერთი ვაჟიშვილის, კანეფერის სამარხი საკმაოდ ახლოსაა სნოფრუს წითელ პირამიდასთან. ამის შემდეგ დაშურში წყდება მშენებლობები შუა სამეფომდე.
მრავალი საუკუნის შემდეგ, ადგილი თავისი პირამიდისათვის XII დინასტიის ფარაონმა ამონემხატ II-მ კანეფერის სამარხის სიახლოვეს შეარჩია. მისი პირამიდის დასავლეთით, სამეფო ოჯახის წევრების სამარხებს შორის, აღმოჩენილია მისი ორი ქალიშვილის სამარხი, სადაც დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა იქნა ნაპოვნი. მის შემდეგ, სნოფრუს პირამიდის ჩრდილოეთით, ააგო პირამიდა სენუსერტ III-მ, უფრო სამხრეთით კი თავისი პირამიდის აგება ამონემხატ III-მ დაიწყო, მაგრამ მან მიატოვა მშენებლობა, თუმცა ამონემხატის ე.წ. „შავი“ პირამიდა, სნოფრუს პირამიდების შემდეგ, დაშურის უმნიშვნელოვანეს ღირშესანიშნაობად არის მიჩნეული, მისი პირამიდიონი კი კაიროს მუზეუმშია გამოფენილი. მის სიახლოვეს მდებარეობს XIII დინასტიის ფარაონის, ხორის პირამიდა, რომელიც ნაწილობრივ იყო გაძარცვული, და ქალბატონის (შესაძლოა მისი ქალიშვილის), ნებხეტეპ-ხერედის სრულიად ხელუხლებელი სამარხი. დაშურში XIII დინასტიის კიდევ რამდენიმე პირამიდაა, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ფარაონ ამენი-ქემაუს ნახევრად დანგრეული პირამიდაა გათხრილი. სენუსერტ III-ის და ამონემხატ III-ის პირამიდებს შორის იყო პირამიდების ქალაქი, რომელიც დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა ჯერ კიდევ პეპი I-ის დროს. XIII დინასტიის შემდეგ დაშურის, როგორც სამეფო ნეკროპოლისის ფუნქციონირება წყდება. მის ჩრდილოეთ ნაწილში ნაპოვნია ახალი სამეფოს პერიოდით დათარიღებული კერძო პირების სასაფლაო.