ხორის შვილები
ხორის შვილები – ხორის შვილებად ითვლებოდა ოთხი „დაბალი რანგის“ ღმერთი – ამსეტი (ადამიანის თავით, ეგვ. Imštj), ხაპი (მაიმუნის თავით, ეგვ. Hpj), დუამუტეფი (ტურის თავით, ეგვ. Dw3 mw.t.f) და კებეხსენუფი (შევარდნის თავით, ეგვ. Kbhśnw.f).
მათი წარმოშობა ბუნდოვანია. უკვე პირამიდების ტექსტებში ისინი ცასთან იყვნენ დაკავშირებული და გარდაცვლილ ფარაონს ზეცისაკენ მგზავრობაში „ეხმარებოდნენ“. ისინი ასევე წარმოადგენდნენ ზეცის ოთხ მხარეს ამსეტი სამხრეთს, ხაპი – ჩრდილოეთს, დუამუტეფი – აღმოსავლეთს და კებეხსენუფი – დასავლეთს. შუა სამეფოს დროის სარკოფაგებზე მათი სურათები ან სახელები შესაბამის ოთხ მხარეზე იყო მოთავსებული. მათ გარდაცვლილისათვის სწორი ორიენტაციის შენარჩუნება „ევალებოდათ“. გარდაცვლილის სხეულის შიგთავსზე ზრუნვა და მისი შიმშილისა და წყურვილისაგან დაცვა ხორის შვილებს უკვე პირამიდების ტექსტებში „მოეთხოვებოდათ“, მაგრამ მოგვიანებით ეს მათი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გახდა. XVIII დინასტიის ბოლომდე კანოპების სახურავებს, რომლებშიც მუმიის შიგნეულობა ინახებოდა, გარდაცვლილის თავის სახეს აძლევდნენ, მასთან პორტრეტული მსგავსებით. XVIII დინასტიის შემდეგ ისინი ხორის შვილების თავებმა შეცვალა. ისინი ამიერიდან კანოპების დამცველები გახდნენ, მაგრამ თითოეულ მათგანს დიდი ქალღმერთი მფარველობდა. ამსეტის კანოპში ინახებოდა ღვიძლი და მას ისიდა მფარველობდა, ხაპი იცავდა ფილტვებს, მას კი ნეფტიდა, დუამუტეფის კანოპში ინახებოდა კუჭი ნეიტის მფარველობის ქვეშ, კებეხსენუფს კი, რომელსაც სელკეტი მფარველობდა, ნაწლავების დაცვა ჰქონდა დავალებული. გვიანი ახალი სამეფოს დროს, მკვდართა წიგნის მეჩვიდმეტე თავში, ხორის შვილები მოხსენიებული არიან, როგორც ჩრდილოეთის ცის ბარკლის (ასე ეძახდნენ ეგვიპტელები დიდი დათვის თანავარსკვლავედს) ოთხი ვარსკვლავი, რომლებსაც ოსირისის სარკოფაგის ყარაულობა აქვთ დავალებული.