ანტისემიტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერლინის ფაზანენშტრასეს ქუჩაზე მდებარე
სინაგოგის ინტერიერი "ბროლის ღამის" შემდეგ

ანტისემიტიზმი - (ეტმ. ანტი + „სემიტის“ წარმოებული ფორმა) ებრაელთა მიმართ მტრული დამოკიდებულება.

აღნიშნავს ებრაელთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. ისტორიულად ეს მტრობა ასურეთში, ბაბილონეთში, შუა და ზემო ეგვიპტეში დასახლებული ებრაული დიასპორის თემთა წინააღმდეგ აღმოცენდა (V ს.-დან ქრისტემდე), ოდენ ებრაელთათვის დამახასიათებელ მონოთეიზმზე რეაქციის სახით (როგორც ათეიზმისა და კაცთა მოდგმის მიმართ უპატივცემლობის ბრალდება). მიუხედავად იმისა, რომ იუდეველობა religio licita-ად (ნებადართულ რელიგიად) იყო აღიარებული, ამ ბრალდებას კვლავ მიუბრუნდნენ რომის იმპერიაში, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ზომების მიღება მოჰყვა: იმპერატორმა კლავდიუსმა ებრაელები რომიდან განდევნა (საქმ. 18:2); მათ წინადაცვეთა და იერუსალემში ჩასვლა, რომაელებს კი იუდაიზმის მიღება აეკრძალათ. ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შემდეგ ქრისტიანებსაც შეეხო და ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ 140 წლიდან ქრისტიანი აპოლოგეტები თავიანთ ნაწერებში იუდაიზმის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ასე დაედო საფუძველი ქრისტიანულ ანტისემიტიზმს და ეკლესიის შემდგომი განვითარებიდან იუდეოქრისტიანობის გაქრობას. ქრისტიანმა იმპერატორებმა (კონსტანტინემ 315 წელს; თევდოსი II-მ 417 და 423 წლებში; იუსტინიანემ 534 წელს) ებრაელებს ყოველგვარი უფლება ჩამოართვეს. ებრაელთა შევიწროება და მათზე ძალადობა (პოგრომები) შუა საუკუნეებში ევროპის ყველა კუთხეში გრძელდებოდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ებრაელები სხვადასხვა კრიზისულ ვითარებაში „განტევების ვაცად“ მიიჩნეოდნენ. მხოლოდ განმანათლებლობამ გაუხსნა გზა ჰუმანისტური არსის მქონე ფილოსემიტიზმს. ამან ხელი შეუწყო ებრაელთა ემანსიპაციას უმთავრესად ეკონომიკურ სფეროში.

XIX საუკუნეში სარწმუნოებრივ ანტისემიტიზმს დაერთო რაციონალური ტიპის ანტისემიტიზმი, რომელიც XX საუკუნეში, სხვადასხვა გერმანულ მოძრაობათა ირაციონალურ ფანატიზმთან ერთად, ებრაელთა საწინააღმდეგო განწყობის მასაზრდოებელ წყაროდ იქცა.

XX საუკუნის პირველ ნაწილში ფაშიზმის აღმავლობამ უფრო მეტი უბედურება მოიტანა ბევრი ებრაელისათვის ევროპაში, რადგანაც ანტი-სემიტიზმი ძალაუფლებაში მყოფი იდეოლოგიის ნაწილი გახდა. ფაშისტური რეჟიმები და პარტიები ასევე პირდაპირ ან არაპირდაპირ თანამშრომლობდნენ გერმანიის ფაშისტურ რეჟიმთან ჰოლოკოსტის დროს. II მსოფლიო ომის დროს გერმანიის ფაშისტური რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ჰოლოკოსტის დროს რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც შოა (ებრაული სიტყვა, რომელიც „განადგურებას“ ნიშნავს), დაახლოებით 6 მილიონი ებრაელი მიზანმიმართულად იყო განადგურებული იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. ჰოლოკოსტი იყო რასისტული და ანტისემიტური პოლიტიკის კულმინაცია, რომელიც დამახასიათებელი იყო ჰიტლერის მთავრობისათვის რომლის შეუბრალებლობაც პირველად გამოვლინდა ე.წ. „ბროლის ღამის“ (Kristallnacht) დროს, 1938 წ-ის 9 ნოემბერს, როდესაც მთელი გერმანია მასობრივმა რეპრესიებმა მოიცვა.

ბოლშევიკური რევოლუციის წარმატების შემდეგ საბჭოთა კავშირში ებრაელთა რეპრესიები შეწყდა, მაგრამ ანტისემიტიზმი სხვა ფორმით გაგრძელდა, ძალით გადასახლების, ქონების კონფისკაციის და საჯარო გასამართლების ჩათვლით. კომუნისტური რეჟიმის დროს ანტისემიტიზმი ხშირად იყო წარმოდგენილი ოფიცაილური ანტისიონისტური პოლიტიკის საბურველით. დღეისათვის ანტი-სემიტიზმი ისევე ცოცხალია როგორც ყოველთვის, თუმცა ხშირად ფარულ ფორმებს იძენს. ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას აღმატებულობაზე შეურაცყოფენ ებრაულ სასაფლაოებს, ნეო-ფაშისტური ჯგუფების ქსელები, რომლებიც ხშირად მოიცავენ ახალგაზრდულ ჯგუფებს ღიად აცხადებენ თავიანთი ანტისემიტური შეხედულებების შესახებ და არსებობს ბევრი ინტერნეტ ვებგვერდები და ლიტერატურა, რომელიც ცირკულირებს და ადიდებს ფაშისტურ პროპაგანდას.

რაც შეეხება რელიგიურ სფეროს, ვატიკანის II საეკლესიო კრებამ დაგმო ანტისემიტიზმი დეკრეტით Nostra aetate, რომელშიც ხაზგასმულია ქრისტიანთა და ებრაელთა საერთო სულიერი მემკვიდრეობა. პაპმა იოანე პავლე II-მ ხელახლა აღნიშნა ეს თავისი ოფიციალური ვიზიტის დროს რომის სინაგოგაში 1986 წლის 13 აპრილს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები