გიგანტომაქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრაგმენტი გიგანტომაქიიდან. (ძვ.წ. 180-160 წ.წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი

გიგანტომაქია(ბერძნ.) სიტყვასიტყვით „გიგანტომაქია“ გიგანტთა ბრძოლას ნიშნავს და გულისხმობს გიგანტთა ომს ოლიმპიელი ღმერთების წინააღმდეგ.

ტიტანებთან ბრძოლის („ტიტანომაქია“) შემდეგ ახალი თაობის ღმერთებს ზევსის წინამძღოლობით გიგანტებთან მოუხდათ შებმა. ეს ბუმბერაზები გეამ აამხედრა ზევსის წინააღმდეგ, რადგანაც განაწყენდა მასზე ტიტანების ტარტაროსში ჩამწყვდევის გამო.

გიგანტებმა, გეას აუწერელი ძალის შვილებმა, ყურად იღეს დედის სურვილი და მძლავრად შეუტიეს გამარჯვებულ ღმერთებს, კლდეებსა და ალმოდებულ ხეებს ესროდნენ ისინი ოლიმპოსს. გეას თავისი ნაშიერები უნაკლოდ ჰყავდა მომზადებული უკვდავებთან საბრძოლველად, მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა: მოკვდავს შეეძლო მათი დამარცხება. ასეთი იყო წინასწართქმა. როდესაც ზევსმა ეს შეიტყო, გმირთაგმირ ჰერაკლეს უხმო დასახმარებლად. მაშინ გეამ სხვა ხერხს მიმართა: სცადა უკვდავების მიმნიჭებელი ჯადო-ბალახით დაეზილა თავისი შვილები, მაგრამ ზევსი ჩანაფიქრს მიუხვდა. მან უბრძანა მზეს, მთვარესა და განთიადის დედოფალ ეოსს დაემალათ ნათელი სხივი მანამ, ვიდრე თავად არ დაეუფლებოდა უკვდავების და უძლეველობის ამ ძვირფას წამალს. და მართლაც, ასე ამბობენ, მიაგნოო ზევსმა ამ ბალახს. მან დასახმარებლად უხმო კიკლოპებს და ასხელა ჰეკატონქეიროსებს.

გიგანტომაქია. ზევსის საკურთხეველი პერგამონში (ძვ.წ. 180-160 წ.წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი

დადგა ბრძოლის უკანასკნელი დღე. გიგანტთა სამიზნე ძირითადად ჰერაკლე იყო. მოულოდნელად მას დასახმარებლად მოევლინა ღვინის ღვთაება დიონისე თავის ამალასთან ერთად. გიგანტთა ხილვით შეძრწუნებულმა სატირებმა ისეთი ყვირილი და აურზაური ატეხეს, რომ ყველაფერი აირია. ზოგი გარბოდა, ზოგიც ისევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს შემორჩა გიგანტი ალკიონევსი. ის არ კვდებოდა, რადგანაც მშობლიურ მიწასთან უმნიშვნელო შეხებაც კი მას ახალი სასიცოცხლო ძალით აღავსებდა. მიხვდა ჰერაკლე, აიტაცა ალკიონევსი, მშობლიურ მიწას განარიდა და ისე მოკლა. აქ, ამ ბრძოლისას აღესრულნენ პორფირიონი, ეფიალტესი, ევრიტოსი, პოლიბოტესი და სხვა ძლევამოსილი გიგანტები.

ძველები თვლიდნენ, რომ დამარცხებული ბუმბერაზები დაკრძალეს ვულკანების ქვეშ. ასე ხსნიდნენ ისინი დედამიწის ვულკანურ ძალას.

ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა ბერძენ ხელოვანთა შთაგონების ამოუწურავ წყაროდ იქცა. მათი გაგებით, ზევსის გამარჯვება ეს იყო სრულყოფილების, კეთილშობილებისა და გონიერების გამარჯვება ველურსა და უხეშ ძალაზე.

სპარსელებთან ომის შემდეგ ბერძნები გიგანტომაქიას საკუთარი გამარჯვებისა და ბარბაროსული ძალის დამარცხების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. გიგანტომაქიის დიდებული სცენებია წარმოსახული პერგამონის ზევსის ტაძრის მარმარილოს საკურთხევლის ფრიზზე (ძვ.წ. 180 წ.), რომელიც მე-19 საუკუნის 70-იან წლებშია აღმოჩენილი და ინახება ბერლინის პერგამონის მუზეუმში. ეს არის უზარმაზარი საკურთხეველი, კვადრატის ფორმის (36,44 მ \ 34,20 მ), მისი სიმაღლე 9 მეტრს აღემატება. იმ ფრიზის სიგრძე, რომელზეც გიგანტომაქიაა გამოკვეთილი, დაახლოებით 120 მეტრია. მასზე ღმერთთა და გიგანტთა ასამდე ფიგურაა წარმოდგენილი. ეს საკურთხეველი ანტიკური ხელოვნების უბრწყინვალესი ძეგლია. იგი რომაულ ეპოქაში მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის იყო დასახელებული. გიგანტომაქიის სცენებია გამოსახული პართენონის ფრიზზეც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები