გორისა და ატენის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორისა და ატენის ეპარქიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც მოიცავს ქალაქ გორსა და მის მიმდებარე სანახებს. საეპისკოპოსოს ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან სამთავისისა და კასპის, ჩრდილოეთიდან – ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან – ურბნის-რუისისა და ბორჯომ-ბაკურიანის, სამხრიდან – წალკის ეპარქიები.

არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ. იქ აღმოჩენილია პირველქრისტიანთა მოღვაწეობის დამადასტურებელი არტეფაქტები, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა.

თანამედროვე გორისა და ატენის ეპარქიის მომცველი ტერიტორია მრავალ გამორჩეულ ღვთისმსახურთა და საზოგადო მოღვაწეთა მშობლიური მხარეა.

აქაური წარმომავლობის იყვნენ ცნობილი მღვდელმთავრები, შემდეგში უკვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, ხოლო ეგზარქოსობის დროს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსები: მთავარეპისკოპოსი მიქაელი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიქაელ VI – 1411-1426); მთავარეპისკოპოსი მალაქია (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1528-1538); მთავარეპისკოპოსი იოანე (ავალიშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იოანე VI – 1610-1613); მთავარეპისკოპოსი დომენტი (ბაგრატიონი, მუხრან ბატონის ძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დომენტი II – 1660-1676); მთავარეპისკოპოსი კირილე (ციციშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1737-1739); ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე, 1898-1900 66., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921); წმ. მღვდელმთავარი კირიონ III (საძაგლიშვილი, 1900-1902, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918); ეპისკოპოსი ეფრემ (სიდამონიძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972). ამ ეპარქიაში მოღვაწეობდნენ: მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე (ნაცვლიშვილი, XVII-XVIII სს.); ეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური, 1812- 1814); ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე, 1842-1851); წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე, 1858- 1860); კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე, 1869-1882 და 1886-1898) და სხვ.

XX ს-ის 20-იანი წლებიდან ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა, მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეშიც ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა და ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მწყემსმთავრობის დროს გახდა შესაძლებელი.

ტრადიციულად გორისა და ატენის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმიდეებით. გადმოცემის თანახმად, გორიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომლის აშენება წმ. მეფე თამარს მიეწერება, დაბრძანებული იყო ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605) მიერ შეწირული „დიდრონი სასწაულმოქმედი ჯვარი“. ვახუშტის ცნობით: „ჯვარსა შინა გამოსახული არის წმინდა გიორგის თავი“. დიდი ჯვარი, რომელშიც წმინდა ნაწილია ჩატანებული, კანკელის წინ იყო აღმართული. წმ. გიორგის ტაძრის ზედწოდება – „გორიჯვარიც“ აქედან მომდინარეობს. სასწაულმოქმედი ჯვარი 1920 წ. ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) შეიძინა, ამჟამად იგი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია.

ეპარქიაში დაარსდა ერთ-ერთი პირველი სასულიერო სასწავლებელი საქართველოში – გორის სასულიერო სასწავლებელი (1817-1917), ამჟამად მის განახლებულ შენობაში 2006 წლიდან ღირსი მამა გიორგი მთაწმიდლის გიმნაზია ფუნქციონირებს. იმავე წლის 16 ნოემბერს გიმნაზიას ესტუმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც საზეიმო პარაკლისი გადაიხადა და დალოცა გიმნაზია, მისი აღმშენებლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მრევლი.

ეპარქიის ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, არბოს წმ. გიორგის ეკლესია; კარალეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია, მეღვრეკისში იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და სხვ.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც ურბნისის ეპისკოპოსების იურისდიქციაში შედიოდა. წმ. სინოდის 1995 წ. 5 აპრილის განჩინებით, რუის-ურბნისის ეპარქიას გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორიები და სამთავისის და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო. საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე, 2013 წ. 11 ოქტომბერს, ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის საფუძველზე შეიქმნა ახალი საეპისკოპოსოები.

სამთავისისა და გორის ეპარქიის გაყოფის შედეგად ჩამოყალიბდა გორისა და ატენის და სამთავისისა და კასპის ეპარქიები.

გორისა და ატენის ეპარქიაას ამჟამად განაგებს მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

გორისა და ატენის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრებია: გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი; გორის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია; გორის ხარების ეკლესია; გორის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია; გორის წმ. გიორგი მთაწმიდლის ეკლესია; კარალეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია; ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია; ზერტის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია; არბოს წმ. გიორგის ეკლესია; გორიჯვრის წმ. გიორგის ეკლესია; ფხვენისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია; ფხვენისის წმ. გიორგის ეკლესია; ყელქცეულის წმ. გიორგის ეკლესია; ხვითის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია; მეღვრეკისის წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია; ერგნეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია; უფლისციხის წმ. გიორგის ეკლესია; არაშენდას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია; ფლავის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია; დოესის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია და ატენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი.

დეკ. გ. გუგუშვილი


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები