გრემის წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულთა ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრემის წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულთა ეკლესია – (გვიანდელი შუა საუკუნეები), არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის ეზოში.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა. ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. ნაგებობა შელესილ-შეთეთრებულია. შესასვლელი ორია – ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ერთი ოთხკუთხა ნიშია მოწყობილი. ქვემოთ კი, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. თითო სარკმელი სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა. კონქის თაღი შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც.

ეკლესიის ფასადებზე პილასტრების მეშვეობით შექმნილია სწორკუთხა არეები. კედლები დასრულებულია აგურის კბილანისებრი წყობით შექმნილი სამსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა გადახურულია კრამიტით.

აშენების წელი უცნობია. 1830 წლის აღწერით: „შენობა არის ქვითკირის, ძველი და არა აქვს სამრეკლო. მას შინა არის ერთი ტრაპეზი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელზე. სამკაული არის კმა. ერთი სამღვდელო მსახური დადგენილი იყო ადრიდგანვე, ხოლო შტატის დადებითა 1818 წელსა ისევე არის ერთი მღვდელი, გარნა გარდაცვლილ არის იგი ოქტომბრის 10 რიცხვში ამა წლისა. და არავინ არს ჯერეთ გამწესებული მის ადგილზე. მიწა ამა ეკლესიასთანა დასახლებული, სახნავი ანუ სათიბი არა რაიმე აქვს. გამოსაზრდელად სამღვდელო და საეკლესიო მსახურნი მიიღებენ ჯამაგირს ამა სამრევლოდან, ხოლო გამოზრდისათვის მისისა არა არს ჯერ ცნობა, თუ ვითარ საკმაოდ იქნება, რადგან ახალი მღვდელი ჯერ გამწესებული არ არის. შენობანი კუთვნილნი ამა ეკლესიისადმი არა რაიმე არს. ეკლესია ესე შორავს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას სამი დღის სავალით, ხოლო ადგილობითსა მთავარხუცესსა ოცი ვერსტით. უმახლობელესნი ამ ეკლესიაზედ არს შტატგარეთი ეკლესია წმიდის გიორგისა, ორასის საჟენით. ზედ მიწერილი ამა ეკლესიაზე არა რომელიმე ეკლესიას არ არის. ამ სამრევლოში სასახლის ეკლესია არ არის. სია ეკლესიის ქონებისა არის, რომელიც შედგენილ არს 1826 წლის ივლისში და არის დამოწმებული მთავარხუცეს ზურიაშვილის მიერ. მისი პირი წარმოდგენილია საქართველოს საეგზარქოსოს კანცელარიაში. შემოსავალ-გასავლის წიგნები სანთლისა და ეკლესიის ფულის რიცხვისა თვის ზორნითა და ბეჭდით საეგზარქოსოს კანცელარიას მიცემული აქვს 1827 წელს იწერებიან წარმართვით და არიან დაცულნი მართლად. აღსარების მთქმელთა სიები 1827 წლიდან არის დაცული. ობისკის წიგნი მიცემული ზორნითა და ბეჭდითა საეგზარქოსოს კანცელარიის მიერ 1824 წელს, შემდგომად სიკვდილისა მღვდელ დიმიტრი ლაყაფაშვილისა თვით ობისკა არა სადა არს“.

1910 წლის აღწერაში იგივე მონაცემებია, ოღონდ დამატებით არის ინფორმაცია, რომ ამ ტაძარზე მიწერილია გრემის სასაფლაოს წმ. ნიკოლოზის ეკლესია, სადაც პერიოდულად ტარდება მსახურება.

1925 წ. კომუნისტებმა დაარბიეს გრემის ეკლესია. აპრილის თვეში ალავერდის ეპარქიის ოლქის მთავარხუცესი კახეთის მაზრის პროკურორს სწერდა: „გაცნობებთ ამბებს, რომლებიც დატრიალდა ამა წლის 18 მარტიდან 7 აპრილამდე. 18 მარტს გაუტეხიათ ღამე გრემის ეკლესია, წაიღეს ზოგიერთი ეკლესიის სამკაული და ძვირფასეულობა. მომხდარი ამბავი ადგილობრივმა მღვდელმა გიორგი ბალიაურმა მეორე დილით აცნობა თელავის მილიციას. 20 მარტს ღამე კვლავ განმეორდა ძარცვა. ამჯერად მთლიანად იქნა დატაცებული მთელი ძვირფასეულობა, ხოლო საღვთისმსახურო წიგნები გარეთ გამოყარეს და დახიეს.

ამაზეც მღვდელმა დაუყონებლივ განაცხადა თელავში. მილიციის უფროსმა არც მაშინ მიაქცია ყურადღება ამ ბარბაროსულ ფაქტს. პირიქით, მან მუქარის წერილი გაუგზავნა მღვდელს, გალანძღა უშვერი სიტყვებით და დაემუქრა. გამწარებულ მღვდელს მიუნებებია თავი ეკლესიისათვის და აწ მრევლი უმღვდელოდ არის დარჩენილი“.

1927 წ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მღვდელ ევსევი ასაბაშვილს ზედმეტი გადასახადი შეაწერა, რომელიც მან გაჭირვებით გადაიხადა. შემდეგ წელსაც იგივე განმეორდა, რის გამოც იგი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა. აქედან მოყოლებული, გრემის სამრევლოში ღვთისმსახურება შეწყდა. გრემის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვრები იყვნენ:

1793-10.10.1830 მღვდელი დიმიტრი ლაყაფაშვილი (3.10.10.1830)
1867-13.01.1903 მღვდელი დავით ლაყაფაშვილი (გ.13.01.1903)
22.01.1903-3.06.1903 მღვდელი სვიმონ პეტრიაშვილი
3.06.1903-12.04.1904 მღვდელი პლატონ წვიმაძე
16.05.1904-30.09.1909 მღვდელი სოლომონ უთურაშვილი
1.10.1909-9.10.1914 მღვდელი ფილიპე შარაშიძე (გ. 9.10.1914)
27.10.1914-20.10.1925 მღვდელი გიორგი ბალიაური
11.1925-1928 მღვდელი ევსევი ასაბაშვილი.


ბ. კუპრეიშვილი
დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №3212; ფ. 489, აღწერა 1, საქმე, №53096;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე №57, ფურც. 10; იქვე, საქმე №74, ფურც. 1-2.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები