ეზოსმოძღვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეზოსმოძღვარი - სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ეზოსმოძღვარი „საგანგიოთა განმგებელია“, „სხვათა ენით“ (თათართა) იგივე ნაზირია: „ქართულად სალაროს ნაზირს აბრამადი და ქარხანის ნაზირს ეზოსმოძღვარი ჰქიან“. მისივე განმარტებით, „გამგე“ იგივე გამრიგებელია, ხოლო „გამგებელი“ - მოურნე. ნ.

ჩუბინაშვლის მიერ ეზოსმოძღვარი განმარტებულია როგორც მნე, სახლის გამგებელი, ნაზირი, იგივე რაც „приставник, домоправитель, дворецкий“. II ს-ის არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში ამ თანამდებობის აღმნიშნელი არამეული სიტყვა ბიბლიური წიგნების უძველესი ქართული რედაქციების გათვალისწინებით გადმოიცა, როგორც „ეზოჲს მოძღვარი“ (გ. წერეთელი). ბილინგვისავე ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება ტერმინი „ეპიტროპოსი“ (იგივე იკონომისი); სომხურში მისი შესატყვისია „ჰაზარაპეტი“.

როგორც ვარაუდობენ, ეზოსმოძღვარი ქართლის სამეფოში განაგებდა სახელმწიფო შემოსავალს და სათავეში ედგა სამეფო მეურნეობას. ეზოსმოძღვარს უშუალო კავშირი უნდა ჰქონოდა სამხედრო საქმესთანაც და, სავარაუდოდ, მის ერთ-ერთ ფუნქციას ასევე წარმოადგენდა სამეფო დაცვის რაზმების, ანდა სამეფო მიწებზე მსხდომი ერიდან („ტაძრეულთაგან“) გამოყვანილი ჯარის ხელმძღვანელობა (გ. მელიქიშვილი). ეზოსმოძღვარი ასევე შეესაბამება ლათინურ-ბერძნულ-ტერმინი: ცუბიცულარიუს (მეფის კარის განმგებელი, კარის წინ მორიგედ მდგომი), რომელსაც ქართულში შეესატყვისებოდა „მესაწოლე“ (მ. მაისურაძე).

XI-XIII სს-ში სასახლის აპარატის დანაწევრების შედეგად სამეფო კარზე ეზოსმოძღვარ-მესაწოლეს აღარ ვხვდებით და მეფისა და საწოლის დაცვა ცალკე უწყების, მესაწოლეთუხუცესის ხელში გადადის. მიუხედავდ ამისა, ეზოსმოძღვარ-განმგეთუხუცესს სასახლის ცერემონიალების დროს მაინც შემორჩა მეფის უშიშროების დაცვის ზოგიერთი ფუნქცია (ი. ანთელავა). მეფეთ კურთხევის ცერემონიალის დროს „ეზოთ-უხუცესსა ჩუხჩარეხსა, მეაბჯრეთუხუცესსა სამეფო ფარი და ლახტი ჰქონდეს და ქარქაში; უკან უდგეს მეფესა“ (წესი და განგება მეფეთ კურთხევისა). გამოთქმულია ვარაუდი, რომ ციტირებულ ადგილას იგულისხმება არა სამი სხვადასხვა მოხელე, არამედ, ერთი - ეზოთუხუცესი-ჩუხჩარეხი, რომლისთვისაც ცერემონიალების დროს მეფის პირადი მეაბჯრეთუხუცესობა საპატიო მოვალეობა იყო და არა თანამდებობა (ი. ანთელავა). XI ს-ში გრიგოლ ბაკურიანის-ძის მიერ პეტრიწონისთვის დადებული ტიპიკონის მიხედვთ, „განმგე“ იგივე იყო, რაც ეპიტროპოსი, იკონომისი, აბრამადი (პეტრიწონის ტიპიკონი).

„ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ეზოსმოძღვარს შეესაბამება ტერმინი „განმგეთა უხუცესი“, რომელსაც ექვემდებარებოდნენ საგანმგეოს მუქიფი და მეჯამეთუხუცესი. ეზოსმოძღვარი იგივე უნდა ყოფილიყო, რაც „ეპიტროპოსთა (რესპ. იკონომოსთა, აბარმადთა, მოურნეთა, მოღუაწეთა) უხუცესი, მათი მეთაური.“ ამდენად, განმგეთუხუცესი იგივე მეფის იკონომოსთა ხელმძღვანელი, იგივე ეზოსმოძღვარი ყოფილა (ი. ანთელავა).

ხანგძლივი დროის განმავლობაში ეზოსმოძღვარი სხვადასხვა რანგის სამოხელეო თანამდებობას აღნიშნავდა და ფუნქციურ ცვლილებებს განიცდიდა, ფუნქციების გადანაწილების კვალად მას ემატებოდა ან ჩამოსცილდებოდა ესა თუ ის განსაგებელი. ბატონიშვილი ვახუშტი ეზოსმოძღვარის ფუნქციებს შემდეგნაირად განმარტავდა: „ეზოსმოძღუარი, ამის ხელისა იყო: ყოველნი საგანგიონი, მეფისა ხარჯნი და წარსაგებელნი, წესნი და რიგი დარბაზისა, მეფის ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა“, ხოლო თავში, „აწინდელთა ხელისუფალთა შეცვლილთა სახელთათვის“, ქართლის მეფის როსტომის (1632-1658) მიერ ადრინდელი სამოხელეო სახელების ყიზილბაშური ტერმინებით შეცვლასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ხოლო როსტომ ხელისუფალთა უწოდა ... ეზოს მოძღუარსა - ნაზირი“. ამდენად, ეზოსმოძღვარი იგივეა, რაც გამგე, გამგეთუხუცესი და აბრამადი (ეპიტროპოსი, იკონომისი), იგივე გვიანი ხანის ნაზირი.



წყაროები და ლიტერატურა

  • სულხან-საბა ორბელიანი 1991: 232, 561, 132;
  • ჩუბინაშვილი 1961: 208;
  • წერეთელი 1942: 39;
  • შანიძე 1971: 147, 153;
  • წესი და განგება მეფეთ კურთხევისა, 1965: 51;
  • ხელმწიფის კარის გარგება 1965: 81, 93, 94;
  • ვახუშტი 1973: 22, 32;
  • ანთელავა 1983: 70- 72;
  • მელიქიშვილი 1970: 646-647.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები