მეაბჯრეთუხუცესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეაბჯრეთუხუცესი - ამირსპასალარის უწყების მოხელე, ამირახორის თანაშემწე. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო ზარადხანასთან, სადაც ინახებოდა მეფის სამხედრო აღჭურვილობა: ჯაჭვი, მუზარადი, ხმალი, აბჯარი, მშვილდ-კაპარჭი, ლახტი, ცხენის აღკაზმულობა და ა.შ. მეაბჯრეთუხუცესის ხელქვეითი იყო ზარადხანისუხუცესი, რომელიც უშუალოდ უძღვებოდა ზარადხანის მოვლა-პატრონობას. მეაბჯრეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ სამეფო კარის მეაბჯრეები, რომელთა შორის მეფისა და სამეფო ოჯახის წევრების აბჯართმტვირთველებიც იგულისხმებოდნენ.

მეაბჯრეთუხუცესი რომ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო სამეფო კარზე, კარგად ჩანს „ხელმწიფის კარის გარიგებიდან“ - ამირსპასალარი ამირახორსა და მეაბჯრეთუხუცესს ყოველთვის ეთათბირებოდა სამხედრო (სალაშქრო) საკითხებთან დაკავშირებით. მეაბჯრეთუხუცესი ვაზირთა სხდომას არ ესწრებოდა, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლებოდა მოეხმოთ და სადმე მოციქულად გაეგზავნათ. მეაბჯრეთუხუცესი მონაწილეობას იღებდა ზარადხანის შემოწმება-აღნუსხვაში, რაც წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. მეაბჯრეთუხუცესს, როგორც სამხედრო მოხელეს, მეფის კურთხევის ცერემონიალზე ფრიად საპატიო მოვალეობა ჰქონია დაკისრებული იგი, ხმალშემორტყმული, ამირახორთან ერთად მეფის მარჯვნივ, ამირსპასალარის გასწვრივ მიუყვებოდა საზეიმო პროცესიას. მეფედ კურთხევის ტექსტში არის ერთი ბუნდოვანი ადგილი, რომლის მიხედვით, საზეიმო მსვლელობის დროს მეაბჯრეთუხუცესი მეფის უკან დგას: „.. ეზოთუხუცესსა, ჩუხჩარეხსა, მეაბჯრეთუხუცესსა, სამეფო ფარი და ლახტი ჰქონდეს და ქარქაში, უკანა უდგეს მეფესა“. გაუგებრობას იწვევს, სად იდგა მეაბჯრეთუხუცესი კურთხევის ცერემონიალის დროს: ამირსპასალარის მხარეს, თუ მეფის უკან. პ. ინგოროყვამ მეაბჯრეთუხუცესის მოხსენიება ტექსტის მოცემულ ადგილას გადამწერის შეცდომად ჩათვალა და იგი მეჯინიბეთუხუცესად ჩაასწორა. სხვა შეხედულებით, მოცემულ ადგილას არა სამი განსხვავებული მოხელე, არმედ ერთი - ეზოსუხუცესი, იგივე ჩუხჩარეხი იგულისხმება, რომელიც მეფედ კურთხევის ცერემონიალის დროს ასრულებდა მისთვის ძველ და საპატიო მოვალეობას - მოჰქონდა მეფის საბრძოლო იარაღი: ფარი, ლახტი და ქარქაში, ანუ ასრულებდა მეფის პირადი აბჯრისმტვირთველის ფუნქციას. ამრიგად, მოცემულ პასაჟში სიტყვა „მეაბჯრეთუხუცესი“ ჩუხჩარეხ-ეზოსმოძღვრის განსაზღვრებად შეიძლება იქნას მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოხელედ (ანთელავა).

მეაბჯრეთუხუცესები. XIII-XIV სს.

  • ივანე სურამელი - მ. 1247/1250 წწ. ქართლის ერისთავ გრიგოლ სურამელის ძმა (ქისკ 1984: 124).
  • აბაზასძე ჭილა
  • ჩხეტიძე გოგატი - მ. 1325 წ. (პალ 2015: 236).
  • მაყაშვილი ბოსტოღანა - მ. 1387 წ. (ქისკ 2013: 56).
  • ქვენიფნეველი შალვა - მ. 1339 წ. (ქისკ 2013: 39).


წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები