ზოდიაქო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოდიაქო(ბერძნ.) „ზოდიაქო“ ნიშნავს ცხოველურს. ამ შემთხვევაში იგულისხმება „ძოდიაქოს კიკლოს“ ანუ „ცხოველური წრე“.

ვარსკვლავთა ღვთაებებად წარმოსახვა უხსოვარი დროიდან დაიწყეს ადამიანებმა. მათ ვარსკვლავები ჯგუფებად განაცალკევეს და ცხოველთა, მცენარეთა თუ საგანთა სახელები შეარქვეს.

ძვ.წ. III საუკუნეში ალექსანდრიელმა სწავლულებმა თავი მოუყარეს ანტიკურ წარმოდგენებს მნათობებზე და მოძღვრების სახე მისცეს. აღმოჩნდა, რომ 88 თანავარსკვლავედიდან 46 დაკავშირებულია მითოსთან, უპირატესად კი ძველბერძნულ თქმულებებთან: დიდი დათვის თანავარსკვლავედს საფუძვლად უდევს კალისტოს ამბავი.

მეეტლის თანავარსკვლავედს – მირტილოსის მითოსი (არის სხვა ვერსიებიც: მეეტლის თანავარსკვლავედად გარდაისახა ან ავტომედონი, ან ერეხთევსი ან ჰიპოლიტოსი). ცნობილია აგრეთვე ჰერაკლეს, დელფინის (არიონის ან დიონისესა და ტირსენიელი მეკობრეების თქმულებებიდან), დრაკონის (ეს ლადონია, ჰესპერიდების ბაღს რომ იცავდა), გველისმპყრობლის (ასკლეპიოსი), პერსევსის, ანდრომედეს (პერსევსის მითოსიდან) თანავარსკვლავედები.

ხომალდი არგო (არგონავტების ციკლიდან) ოთხ თანავარსკვლავედად დანაწილდა (კილის, კიჩოს, აფრებისა და კომპასის).

ძველების რწმენით, ირმის ნახტომი, ცის იკანკლედი, ჰერას მიერ დაღვრილი რძე იყო ჰერაკლეს მითოსიდან.

ორიონიარტემისის (ან მორიელის) მიერ განგმირული მონადირეა. პეგასოსიბელეროფონის ფრთოსანი რაში. გედი – კიკნოსი, ფაეთონის მეგობარი და ა.შ.

ზოდიაქო უწოდეს ცის სფეროს წარმოსახვით სარტყელს, მზის წლიური მოძრაობის გზას. ამ გზაზე თორმეტი თანავარსკვლავედია განლაგებული. ყოველ მათგანს აქვს თავისი ნიშანი, რომელიც მეტწილად რომელიმე ცხოველის სახელით არის სახელდებული.

ზოდიაქოს ნიშნებია: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული, თევზები.

ძველად ამ თანავარსკვლავედთა წარმოშობას ასე ხსნიდნენ: ვერძი ის ოქროს ცხვარია, რომლის საწმისის მოსაპოვებლადაც არგონავტებმა კოლხეთისაკენ გაილაშქრეს. კურო – ხარია, ევროპე რომ მოიტაცა. ტყუპები – დიოსკურები (კასტორი და პოლიდევკესი) არიან. კირჩხიბი – ის კიბორჩხალაა ჰერაკლეს რომ ფეხში ჩაეჭდო, როდესაც გმირი ლერნეს ჰიდრას ებრძოდა. ლომი – რა თქმა უნდა, ნემეას ლომია, ჰერაკლეს პირველი გმირობის მსხვერპლი. ქალწული – „მართალგანგების“ განმასახიერებელი ღვთაებაა, ხოლო მის გვერდით სასწორია – სამართლიანობის სიმბოლო. მორიელი ის ურჩხულია, ორიონი რომ დაღუპა თავისი ნაკბენით. მშვილდოსანზე, თხის რქაზე, მერწულსა და თევზებზე დაბეჯითებით ვერაფერს გადმოგვცემენ ბერძნები. მხოლოდ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მშვილდოსანი კენტავრი ფოლოსი იყოს, ხოლო მერწყული – ზევსის მერიქიფე განიმედესი ანდა სულაც დევკალიონი, მსოფლიო წარღვნის გმირი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები