მურყვამობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მურყვამობა – ნაყოფიერების ქართულ ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი საკრალური მისტერიის საფუძველზე აღმოცენებული რიტუალი.

ყველიერობას სვანეთში, სოფელ ჟაბეშში, თოვლისგან აშენებდნენ ციხეს, რომელსაც შუაში მაღალი ხე ჰქონდა ჩატანებული. ხის წვერს ჩამოაცმევდნენ (ძველ კალათას, ორ ხის ხმალს და ხისგან გამოთლილ მამაკაცის ასოს ჩამოჰკიდებდნენ. შაბათს ყმაწვილები თავს მოიყრიდნენ და ირჩევდნენ „მურყვამობის“ მომწყობთ და მოთამაშეებს. „მურყვამობის“ მოქმედი პირები იყვნენ: 1) კეისარი ანუ ყეენი; 2) კეისრის პირველი დედოფალი; 3) კეისრის მეორე დედოფალი; 4) საქმისაი; 5) საქმისაის ათი მხლებელი.

კვირა დილას „მურყვამობის“ მონაწილენი იკრიბებოდნენ საქმისაის სახლში, იქიდან ჩამოუვლიდნენ ყველა მოსახლეს დასალოცად. მათ არყით უმასპინძლდებოდნენ და არყის ხის ტოტებისგან შეკრული ძველი ცოცხებით (ლანგვარ) ასაჩუქრებდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში შემდეგნაირად იკაზმებოდნენ: საქმისაის ამსრულებელს აცმევდნენ ძონძებს, პირისახეს ნახშირით შეუმურავდნენ, თავზე ქუდის მაგივრად თხის ტყავის გუდას ახურავდნენ, ზურგზე აჰკიდებდნენ ჭინჭებსა და სხვადასხვა ნივთებს, სარტყელზე ჩამოჰკიდებდნენ ხისგან გამოთლილ მამაკაცის ასოს. კეისარს ანუ ყეენსაც ამგვარად აცმევდნენ. მხლებლებს ხელში ეჭირათ მუხის ხის შუბები. ხალხი იკრიბებოდა კოშკთან. გამოდიოდა საქმისაი თავისი მხლებლებით, ხელთ ცოცხი ეპყრა და მით ხალხს სცემდა. მისი მხლებლები ყველას, ვინც ხელთ მოხვდებოდათ, სადგისებით ჩხვლეტდნენ და ტანსაცმელს უხევდნენ კეისარს ანუ ყეენს ამ დროს კოშკის მახლობლად სამყოფელს უმზადებდნენ. ქეჩებს დააგებდნენ და მისტერიის წარმოდგენაც იწყებოდა. კეისარი ქუჩაზე წამოწვებოდა, გვერდით დედოფლები ჰყავდა, მათ ეალერსებოდა, ეღლაბუცებოდა, კოცნიდა და სქესობრივ აქტს განასახიერებდა. იმავე დროს საქმისაის მხარეზე სხვა სცენა სრულდებოდა: საქმისაის მიართმევდნენ დიდ ხაჭაპურს და ყველს. ის პირს სალოცავისკენ მიიქცევდა, ყველს პირში დაიჭერდა, გადმოაფურთხებდა და თან გაიძახოდა: „ფუი, ლამარია!“ არშიყობისგან დაღლილ-დაქანცული კეისარი ჩაიძინებდა. ამ დროს მას საქმისაი მიეპარებოდა და დედოფალს მოსტაცებდა. კეისარი იღვიძვბდა და ბრაზმორეული ეძებდა დედოფალს. მის მოტაცებას საქმისაის დააბრალებდა. კეისარი და საქმისაი შეებმებოდნენ. როცა ჭიდაობით მოიღლებოდნენ, დაშორდებოდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ იმართებოდა ცეკვა და ფერხული სიმღერით. მზის ჩასვლისას იწყებოდა მურყვამის (თოვლის კოშკის) წაქცევის ასპარეზობა. კოშკი მეტად მაგრად იყო გაკეთებული, ძირი შემოღობილი ჰქონდა და ქვებით გამაგრებული. შუაში ხე ჰქონდა დატანებული. ახალგაზრდები სხვადასხვა მხრიდან ცდილობენ კოშკზე ასვლას, მაგრამ ხალხი არ უშვებდა, ჩოხის კალთაში ჩააფრინდებოდნენ და ცდილობდნენ ძირს ჩამოეგდოთ. კოშკის წვერს ეკალბარდი ჰქონდა შემოვლებული ასვლის გასაძნელებლად. ვაჟკაცი, რომელიც კოშკის წვეროსკენ მიიწევდა, ხელდანით ჯაგნარს კაფავდა და კალათს, ხმლებს და ხის ასოს იტაცებდა. ეს მეტად კარგ ნიშნად ითვლებოდა იმ სოფლისთვის, რომლის მცხოვრები იყო კოშკზე ამსვლელი. ამის შემდეგ იწყებოდა „კოშკის“ წაქცევა. გარს უვლიდნენ თოვლის კოშკს და თან „კვირიას“ მღეროდნენ. სიმღერას რომ გაათავებდნენ, ადრევე გამზადებულ ნიჩბებს მოიმარჯვებდნენ, უბნების მიხედვით დანაწილდებოდნენ და თითოეული უბნის კაცები თავის მხრისაკენ შეუდგებოდნენ გამალებით თოვლის კოშკის ძირის გამოთხრას, რადგან, მათი რწმენით, რა მხარესაც კოშკი წაიქცეოდა, იქით კარგი მოსავალი იქნებოდა“ (დ. ჯანელიძე).

მურყვამობის მსგავსი დღესასწაულები ბარშიც იყო გავრცელებული (ნაციხურობა რაჭაში, ჭვენიერობა სამეგრელოში და სხვ.).

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები