მუხრანის ციხე-გალავანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუხრანის ციხე-გალავანი - მუხრანის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 20 კმ–ში მდებარე სოფელ მუხრანის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ისტორიულ შიოსუბანში. ციხე-გალავანი (ფართ. 2,5 ჰა) შედგება ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკი დგას, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში – კარის ეკლესია, ციტადელის სამხრეთ კედელთან მდგარი სასახლე მთლიანად დანგრეულია. გალავნის შიგნით ორი ეკლესია დგას – გრიგოლ განმანათლებლის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია და დარბაზული ეკლესია საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ყორე ქვა და აგური.

ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს.

ციტადელი

ციტადელი გეგმით კვადრატს (56X54 მ) უახლოვდება. მასში შესვლა მხოლოდ გალავნის გავლით შეიძლება. ჭიშკარი აღმოსავლეთის კედლის ცენტრშია გაჭრილი. შესასვლელის ნახევარწრიული თაღი პროფილირებულ-კაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა, თაღის არე მთლიანად ჩასმულია მაღალ ოთხკუთხედში და ხერხისებურად ნაწყობი აგურის ლავგარდნითაა დასრულებული. ციტადელის კედლები შიგნიდან ორიარუსიანია. ქვედა იარუსი განიერია, ზედა კი 0,5-0,7 მეტრით ვიწრო, ამ სხვაობით იქმნება საბრძოლო ბილიკი, რომელიც მთელ სიგრძეზე მიჰყვება კედლებს. საბრძოლო ელემენტები მხოლოდ ზედა იარუსზე ერთ ჰორიზონტზე, ერთმანეთისაგან 4-5 მ დაცილებით არის განლაგებული, კედლები მთავრდება ნახევარწრიული ქონგურებით (შემორჩენილია კვალი).

კოშკები

ციტადელის კოშკებს შორის ყველაზე დიდია ჩრდილო-აღმოსავლეთის ოთხსართულიანი კოშკი, ე.წ. მამაბურჯი, შესასვლელი მეორე სართულზეა, ეზოს მხარეს; კარის თავზე, კედელში ჩასმული იყო მომცრო მარმარილოს ქვა მხედრული წარწერით (ქვა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). კოშკის პირველი სართული ცილინდრულია, გადახურულია დამჯდარი კამაროვანი გუმბათით, კედელში ჩაყოლებულია კიბე. ამ სართულზე სამი სარკმელია, იატაკის შუაგულში ჭაა, რომელიც ახლა 3 მ ქვემოთ ამოვსებულია ქვებით. მეორე სართული დაბალია, აქვს რვაწახნაგა პრიზმის ფორმა და გადახურულია სხივური კამარით, კამარაში გაჭრილია ოთხი სარკმელი. ჩრდილოეთის ერთ-ერთ წახნაგში ბუხარია ჩაშენებული, ღრმა ოთხკუთხა ნიშებში წყვილი სათოფურია, რომლებიც გარეთ ერთიანდება. დანარჩენი სათოფურები მესამე სართულზე ასასვლელი კიბის გარე კედელშია განლაგებული, მესამე სართულიც გეგმით მრავალწახნაგაა. წახნაგები სხივური კამარისაგან ლავგარდნითაა გამოყოფილი. ერთ წახნაგში კარია, მის მარცხნივ ღრმა ნიშია ხუთი წვრილი სათოფურით, შემდეგ ორ წახნაგში სწორკუთხა სარკმლებია ორ-ორი სათოფურით. ასეთივე სამი სარკმელია კიბის მარჯვენა მხარეს. ცენტრალუი წახნაგი გეომეტრიული და ფოთლოვანი ჩუქურთმით მორთულ მაღალ ბუხარს უკავია. კამარის წახნაგებზე სქელი ბათქაშით გამოყვანილია რვა ფართო სხივი ცენტრში მედალიონით. ოთხ წახნაგში ასიმეტრიულად განლაგებულია სარკმლები, დანარჩენებში კი ნიშებია. ისრულთაღიანი სარკმლები და ნიშები ჩასმულია ოთხკუთხა პროფილირებულ ჩარჩოში. მეოთხე სართული საბრძოლო ბანია, რომელზე ასვლაც კედელში დატანებული კიბით შეიძლება. ბანის მაღალ კედელში მიჯრითაა განლაგებული სალოდეები, საზარბაზნეები და სათოფურები. კოშკი მთავრდება ერთ ჰორიზონტალზე განლაგებული ნახევარწრიული ქონგურებით. მამა-ბურჯი მდიდარი ფეოდალის საცხოვრებელ-სათავდაცვო კოშკის ნიმუშია.

დანარჩენი სამი კოშკი სამსართულიანია და ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკის მსგავსი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს პირველსა და მეორე სართულზე შესასვლელი ცალ-ცალკე აქვს. სამხრეთ-დასავლეთის კოშკში სართულშუა გადახურვა ბრტყელია. ოთხივე კოშკს ერთნაირი, აგურის ჰორიზონტალური კბილანებით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები