საპოროს ზამთრის XI ოლიმპიური თამაშები (1972)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია

საპოროს ზამთრის XI ოლიმპიური თამაშები – ზამთრის XI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა იაპონიაში, ქალაქ საპოროში 1972 წლის 3-13 თებერვალს.

წარწერის ტექსტი

პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიღმა ჩატარდა. XI ოლიმპიადის მასპინძელი იაპონიის საპორო გახდა, რომელმაც ფავორიტად მიჩნეული კანადის ბანფი პირველივე წრეში დამაჯერებლად დაამარცხა. შედეგად, საპოროს – იმ დროისთვის უმსხვილეს და მილიონიან ქალაქს, ზამთრის თამაშების ჩატარების პატივი ერგო. საპოროს 1940 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლებაც ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ ჩინეთთან გაღვივებული ომის, შემდგომ კი, მეორე მსოფლიო ომის გამო, იაპონიამ მასზე უარი განაცხადა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძულებული გახდა ახალი მასპინძელი მოეძებნა. შეირჩა სენტ მორიცი, მაგრამ შვეიცარიელებთან უთანხმოებების მიზეზით, სოკ-მა არჩევანი 1936 წლის თამაშების მასპინძელ გარმიშ პარტენკირხენზე გააკეთა. 1944 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა კი კორტინა დ’ამპეცოს ერგო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა, როგორც 1940, ისე 1944 წლის ოლიმპიადები.

იუკიო კასაიას

XI ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მთელი ინფრასტრუქტურა თავიდან ააგეს და გამართეს. იაპონელთა ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების ჩვენება იყო, რომლის დემონსტრირებასაც თამაშებამდე ერთი წლით ადრე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარებით შეუდგნენ და იმავდროულად სამასპინძლოდ რეპეტიციებიც გაიარეს. ამგვარი თადარიგი საპოროს წარმატებული თამაშებით დაუფასდა. ერთადერთი, სირთულე ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის დიდ სამგზავრო ხარჯებში იყო, რამაც გარკვეული გავლენა იქონია მონაწილეთა რაოდენობაზე.

წარწერის ტექსტი

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდათ ტაივანს, რომელიც იმ ხანად ჩინეთის რესპუბლიკის სახელით გამოდიოდა და ფილიპინებს.

თამაშებამდე რამდენიმე დღით ადრე სამოყვარულო სტატუსთან დაკავშირებით წარმოიშვა წინააღმდეგობები. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელიც ოლიმპიადების კომერციალიზაციის წინააღმდეგი იყო და პროფესიონალ სპორტსმენებს მასში მონაწილეობას უკრძალავდა, სამაგალითოდ დასაჯა გიგანტურ სლალომში ინსბრუკის თამაშების ავსტრიელი ვერცხლის მედალოსანი კარლ შრანცი. მას თხილამურების მწარმოებლისგან პროდუქციის რეკლამირებისთვის პრემიის სახით წელიწადში 50 ათასი დოლარი ჰქონდა აღებული და ამის გამო თამაშებიდან მოკვეთეს, შინ დაბრუნებულს კი ავსტრიის ღირსების ორდენი გადასცეს.

კომერციალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა კანადაც, რომელმაც ოლიმპიადაზე დასავლური პრესის მიერ პროფესიონალ მოყვარულებად შერაცხული საბჭოთა ჰოკეისტების დაშვება, თავისი გუნდის საპოროში არ გაგზავნით გააპროტესტა. ჩრდილოეთამერიკელ ჰოკეისტთა ბოიკოტმა, რომელიც 1980 წლის ლეიკ პლესიდის თამაშებამდე გაგრძელდა, მნიშვნელოვნად გაუმარტივა ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა სსრკ-ის ნაკრებს, რომელიც მისთვის მეოთხე ოლიმპიურ ოქროს მედლებს დაეუფლა.

იაპონიამ, რომელსაც ზამთრის ოლიმპიადებზე ოქროს მედალი არასდროს მოეპოვებინა, ეს დანაკლისი შინაურ კედლებში აინაზღაურა. 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში სამივე საპრიზო ადგილი სწორედ მასპინძლებმა დაიკავეს. ისტორიული ოქრო იუკიო კასაიას დამსახურებაა. ტრამპლინიდან ხტომა ასევე ისტორიული შედეგით დასრულდა პოლონეთისთვის, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადების პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, ეს კი დიდი ტრამპლიდან ხტომაში ვოიცეხ ფორტუნამ შეძლო. საპოროს თამაშები ისტორიული გამოდგა ესპანეთისთვისაც, რომელიც ზამთრის ოლიმპიადების პირველ ოქროს სამთომოთხილამურეთა სლალომში დაეუფლა.

საპოროს თამაშების ყველაზე წარმატებული ათლეტები სსრკ-ს წარმომადგენელი გალინა კულაკოვა და ნიდერლანდელი არდ სხენკი აღმოჩნდნენ. კულაკოვამ ქალთა ბარის თხილამურობაში გათამაშებული სამივე ოქროს მედალი დაისაკუთრა, სხენკის ანგარიშზე კი ვაჟთა ციგურებით რბოლაში მოპოვებული 3 ოქროს ჯილდოა. სხენკი იმდენად პოპულარული გახდა სამშობლოში, რომ მის საპატივცემულოდ ზაფრანის ერთ-ერთ სახეობას სხენკის სახელი დაარქვეს.

ციგაობაში ყველაზე უკეთ წარმოაჩინეს თავი აღმოსავლეთგერმანელებმა. ქალთა, ვაჟთა და წყვილთა შეჯიბრებებში გათამაშებული მედლების 3 კომპლექტს გერმანელები სრულიად დაეუფლნენ ერთადერთი, ვინც გდრ-ის წარმომადგენლებს პირველობაში შეეცილა, იტალიელთა წყვილი იყო, რომელიც ოქროს მედლების თანაზიარი აღმოჩნდა. ზამთრის ოლიმპიადებზე ციგაობაში თანაზიარი შედეგი არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაფიქსირებულა.



წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები