წრომის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი − (ინგლ. Temple of Tsromi), ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უძველესი ძეგლი. მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქ. ხაშურიდან 15 კმ-ში, სოფელ წრომში. ტაძარი აგებულია 626-634 წლებში ერისმთავარ სტეფანოზ II დაკვეთით. ის XI-XII და XVI-XVII საუკუნეებში რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა. 1731 წელს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი, 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ კი ძალზე დააზიანა ტაძარი – გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები, ნართექსისა და დასავლეთ-სამხრეთ მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. 1949-1975, წლებში ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაოებმა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნა.

წარწერის ტექსტი

წრომის ტაძარი გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპის (ჯვარ-გუმბათოვანი) ნაგებობაა (25,6х19,85 მ). ტაძრის გეგმის ასეთი ფორმა ახალი იყო იმ დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაში და, აკადემიკოს ვ. ბერიძის მოსაზრებით, შემდეგი საუკუნეების ტაძრების ძირითადი გეგმა გახდა. ტაძარი დგას ორ სამსაფეხურიან ცოკოლზე. ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირი). წყობა მკაცრად ჰორიზონტალურია. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. გუმბათი ეყრდნობა ცენტრალურ სივრცეში მოთავსებულ ოთხ ცალკე მდგომ ბურჯს (და არა კედლებს, როგორც ადრე საუკუნეებში ხდებოდა), რაც ტაძრის შიდა სივრცეს უფრო ადიდებს. კვადრატული სივრციდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება ტრომპების მეშვეობით.

გეგმა

ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი ღერძი, რომელიც აღმოსავლეთით ტაძარში ჩახაზულ აფსიდასა (უარყოფილია შვერილი აფსიდა და იგი ტაძარშია შეტანილი, რაც, გარკვეულწილად, შენარჩუნა ქართულმა ეკლესიამ და გამოეყო ბიზანტიის, შუა ევროპისა და რუსეთის ეკლესიებს) და დასავლეთით მოთავსებულ პატრონიკეზე გადის, რითაც პატრონიკეს არქიტექტურული დატვირთვა გაზრდილია და იგი აფსიდასთან მიმართებაში ერთგვარ გამაწონასწორებელის ფუნქციასაც ასრულებს შიდა სივრცეში. პატრონიკეს ქვეშ არის განთავსებული წაგრძელებული ნართექსი, რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული კამარით, ხოლო გვერდითები – ჯვრისებრი კამარით. საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე ოთახებში სადიაკვნე და სამკვეთლოა. განათების მთავარი წყარო გუმბათის ყელში გაჭრილი ოთხი და მკლავებში გაჭრილი თითო დიდი სარკმელია, რასაც რამდენიმე მრგვალი სარკმელიც ემატება. ფასადები სადაა, მოურთავი, რაც მკაცრ მონუმენტურ იერს აძლევს. აღმოსავლეთის ფასადი სამნაწილიანია, კედელში ამოკვეთილია კონსტრუქციული დანიშნულების ორი სამკუთხა ნიში და საკურთხევლის სარკმლის ნიშა, რომლებიც ერთმანეთთან სამი თაღით არის დაკავშირებული. ნიშები საკმაოდ ღრმაა, რაც თავისებურ კონტრასტს ქმნის მზით განათებულ ფასადზე, ამავდროულად ამცირებს კედლის მასას. შესასვლელის ტიმპანებს და შუა სარკმლებს შემოვლებული აქვს თაღი და არშია. სამხრეთის ფასადის ტიმპანზე გამოსახულია ჯვარი, ხოლო ფრონტონის ქვეშ განედლებული ჯვრის რელიეფია, მის ზემოთ ლავგარდნის ქვებზე – ვარდულები და აკანთოს ფოთლების რელიეფური ორნამენტული მოტივებია. სამხრეთ ფასადზე, შუა სარკმლის მარცხნივ, ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ადარნასეს ძე. საკურთხევლის სარკმლის თაღში – სამი მედალიონია, ცენტრალურ მედალიონში ჯვარია გამოსახული. ქვემოთ ორნამენტული ზოლი გასდევს აკანთოს ფოთლების მოტივით. ფასადებისთვის დამახასიათებელია ფართო თაღოვანი და მრგვალი სარკმლები. საკურთხევლის კონქი შემკული ყოფილა მოზაიკით (VII საუკუნის I ნახევარი), რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი (გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).

წრომის ტაძრის ჰარმონიული პროპორციები, მასების ნათელი წონასწორობა, განსაკუთრებული ოსტატობით ნაშენი მკაცრი კედელი, ფასადთა დასრულებული კომპოზიციები, თაღების ფართო გაქანება, მარტივი პროფილების სიზუსტე, საშენი მასალის სპეციფიკისა და მხატვრულ შესაძლებლობათა განსაკუთრებული შეგრძნება ხუროთმოძღვრის მიერ, თუ შეიძლება ასე ითქვას „ქვის გრძნობა" (რაც იმდროინდელი არქიტექტურის თვისებაა) – ღრმა და ამაღელვებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. წრომის ტაძარს 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები