ჯუმათის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუმათის მონასტერი

ჯუმათის მონასტერი − (ინგლ. Jumati Monastery) – ადრეფეოდალური ხანის (IV-X საუკუნეები), ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი. მდებარეობს გურიაში, ს. ძირი ჯუმათში, მდ. სუფსის ხეობაში, ოზურგეთიდან 14 კმ-ს დაშორებით. სამონასტრო კომპლექსში შედის: მთავარანგელოზთა ტაძარი, ხარების ეკლესია, მირქმის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი.

ბაზილიკური ტიპის ტაძარი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და კონსტრუქციებით შემოქმედის ტაძარს ჰგავს. ნაგებია თლილი ქვიშაქვითა და შირიმით. აგების თარიღი უცნობია. ნაგებობა 1847 წელს რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. იმავე წელს სამხრეთი მხრიდან მიუშენებიათ ღვთისმშობლის სახელობის ეგვტერი, დასავლეთიდან კი – კარიბჭე. ფრესკები XVI-XVIII საუკუნისაა.

ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა საწინამძღვრო ჯვარს ბაჯაღლო ოქროს ბურთულით, რომელსაც გუმბათიანი ეკლესიის ფორმა ჰქონდა. ჯვრის მკლავებზე წმინდანები იყვნენ გამოსახულნი და შემკული იყო ძვირფასი თვლებით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მთელ გურიაში სახელგანთქმული წმინდა გიორგის ოქროში ნაჭედი ხატი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე ყოფილა. მთავარმოწამე ხატზე სრული სახით, ფარით ხელში იყო გამოსახული, ცხენის გარეშე. მეცნიერები ხატს XI-XII სს. მიაკუთვნებენ. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. ჩვენამდე მოაღწია ხატის მხოლოდ ფოტომ, რომელიც დ. ერმაკოვმა გადაიღო. წმინდა გიორგი ხატზე გამოსახული იყო ფარით ხელში, ცხენის გარეშე. მისი ზომები იყო 80x55 სმ (ზომები ხატზე არსებული წარწერიდან გახდა ცნობილი).

მიქაელ მთავარანგელოზის დიდი რელიეფური ოქროს ხატი გიორგი გურიელმა და მისმა ოჯახმა შესწირეს მონასტერს. ხატის მოჭედილობა ოქროსი იყო. სიგრძე 106,8 ს, სიგანე კი 71,12 მ იყო. მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში ამოწვდილი მახვილი უპყრია, მარცხენაში – ქარქაში. ტანთ ჯაჭვი აცვია, მხრებზე ყაბალახის მსგავსი მოსასხამი აქვს მოგდებული. წარწერები ქართულია, შესრულებული ძალზე წვრილი ოქროს სირმებით. მთავარანგელოზს თავზე შარავანდი ადგას. მასზე სამი მსხვილი თვალი ზის: ფირუზი და ორი მარგალიტი. შარავანდის გვერდებზე ორი მოზრდილი მინანქრის მედალიონია ცისფერ ფონზე, ოქროს სირმით შესრულებული წარწერით. ხატის არშიებზე მინანქრის მედალიონებია (სულ ათი) ნაირფერი ფონით, რომლებიც 1920-იან წლებში მონასტრის გაძარცვის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოხვდა (თბილისის ხელოვნების მუზეუმი, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგის რუსული მუზეუმი და სხვ.).

გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის სიგრძე იყო 96,4 სმ, ხოლო სიგანე – 25,28 სმ. მოჭედილობაზე მინანქრის 12 მედალიონი იყო განთავსებული ბერძნული წარწერებით. ხელობა – ქართული. დაკარგული ხატიდან მოხსნილი ათი მედალიონიდან ცხრა ნიუ იორკის (აშშ) მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, ერთი, წმინდა დიმიტრის მედალიონი, კი ლუვრში (პარიზი) ინახება.

ტვიფრული მინანქრის უნიკალური ნიმუში ყოფილა გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი. გამოსახულების კონტურები შესრულებული იყო ოქროს ზედაპირის ჩაღრმავებული ფონით, რომელიც ამოვსებული იყო ფერადი მინით. სავარაუდოდ ხატი XIII-XIV საუკუნეებშია შექმნილი და ენათესავებოდა გელათის მაცხოვრის ხატის მინანქრებს. ხატი ამჟამად დაკარგულია.

ჯუმათის მონასტრის აღწერილობისა და გადარჩენილი სიძველეების შეკრებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ცნობილ ქართველ მამულიშვილებს: აკაკი შანიძეს, შალვა ამირანაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილსა და დიმიტრი ბაქრაძეს, აგრეთვე რუს ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს.

მონასტერი თავის დროზე წარმოადგენდა ჯუმათის საეპისკოპოს ცენტრს. ამჟამად არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები