კლდეკარის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლდეკარის ერისთავი - კლდეკარის საერისთავოს დაარსება უკავშირდება ბაღვაშთა ძლიერ საგვარეულოს, რომლის ერთი განშტოება IX ს-ის 70-იანი წლების დასასრულს ეგრის-აფხაზეთის სამეფოდან (არგვეთიდან) თრიალეთში გადმოსულა. აქ, კლდეკარში, ლიპარიტ (I) ბაღვაშს ციხე აუგია და დავით კურაპალატს (876-881) ყმობია. ამიერიდან ბაღვაშები მნიშვნელოვან ფიგურებს წარმოადგენენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათი საგამგებლო მხარე - „ქუეყანანი თრიალეთისანი“ მოიცავადა მთელ რიგ მიკროქვეყნებს, როგორებიცაა: ფარავანი, ტაბისყური, ნარიანი, საპიტიახშო, რეხაცხვარეთი-საპონაური, თეზი, ბარეთი, ნარდევნისა და სანთის საციხისთავოები. „მატიანე ქართლისაჲს“ და ეპიგრაფიკული მასალის მოწმობით, ბაღვაშები თრიალეთით აღარ იფარგლებიან - დროდადრო მათ ხელშია მანგლისის ხევი, სკვირეთი, ატენი, თეძმის, ვერეს, სამშვილდის ხეობები და ვარძიაც.

ბაღვაშების საააღმშენებლო მოღვაწეობის კვალი დადასტურებულია ქვემო ქართლშიც, ყარაბულახის მარცხენა სანაპიროზე, მაშინ როცა მარჯვენა მხარე სომეხ კვირიკიანებს ეპყრათ. საერისთავოს რეზიდენცია იყო კლდეკარის ციხე, რომელიც ჯავახეთიდან ქართლისაკენ მომავალ სტრატეგიული მნიშვნელობის გზას აკონტროლებდა, რაც მის მფლობელ ბაღვაშებს საკუთარი ძალისა და მნიშვნელობის დემონსტრირების საშუალებას აძლევდა. ბაღვაშები, მართალია, ერისთავებად იწოდებოდნენ, მაგრამ სხვა ერისთავთა მსგავსად, ტაოს ბაგრატიონთა ფორმალური ვასალები უფრო იყვნენ, ვიდრე მოხელეეები.

მდგომარეობა შეიცვალა X-XI ს-თა მიჯნაზე, როდესაც დამოუკიდებლობას შეჩვეული კლდეკარის ერისთავები იძულებული გახდნენ ადგილი ეპოვათ საქართველოს ერთიან მონარქიაში - ისინი თავიდან მტრულად შეხვდნენ ბაგრატ III-ის ქართლში გამეფებას, მაგრამ შემდგომ მეფის მოხელეობას ჯერდებიან. სამეფო ხელისუფლებასთან ბაღვაშთა ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა ლიპარიტ (IV) ბაღვაშის დროს და XI ს-ის გასულამდე ისინი სამეფო ხელისუფლების მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩებიან.

კლდეკარის ერისთავები

წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაი 1955: 258, 276;
  • სუმბატ დავითის ძე 1955: 383;
  • შოშიაშვილი 1980: 202, 238, 244, 246;
  • ბაქრაძე 1959: 57;
  • ხელნაწერთა აღწერილობა 1953: 93-101;
  • ბერძენიშვილი 1964: 14-15;
  • ლორთქიფანიძე 1973: 429;
  • ბერძენიშვილი 2005: 84;
  • ბერძენიშვილი 2008: 83-54.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები