გარდაბნის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ფლორა)
(ლანდშაფტი)
ხაზი 44: ხაზი 44:
  
 
==== ლანდშაფტი ====
 
==== ლანდშაფტი ====
გარდაბნის რაიონში წარმოდგენილია სუბტროპიკების ვაკეთა, ზომიერად მშრალი სუბტროპიკების ზეგნების და ზომიერად ნოტიო ჰავიანი მთის ტყის ლანდშაფტთა ჯგუფები, კერძოდ: ნახევარუდაბნოს, ტერასული ვაკე ჯაგ-ეკლიანი, ვაციწვერიან - უროიანი და ავშნიან ნაირბალახოვანი მცენარეულობით - წაბლა, ყავისფერ, დამლაშებულ და გაჯიან ნიადაგებზე; ბორცვიანი ვაკე ჯაგრცხილნარით და ჯაგეკლიან სტეპური მცენარეულობით - წაბლა, შავმიწა და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე; მშრალი სტეპური (ვაკეებსა და ზეგნებზე), მეჩხერტყიანი (მთისწინეთში), მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები ტყის ყავისფერ ნიადაგებზე. ინტრაზონალური - ჭალის (ტუგაის), ტყის (მტკვრის გასწვრივ), ჭაობებისა და მლაშობების (ტბებისპირა ზოლში) ლანდშაფტები.  
+
გარდაბნის რაიონში წარმოდგენილია სუბტროპიკების ვაკეთა, ზომიერად მშრალი სუბტროპიკების ზეგნების და ზომიერად ნოტიო ჰავიანი მთის ტყის ლანდშაფტთა ჯგუფები, კერძოდ: ნახევარუდაბნოს, ტერასული ვაკე ჯაგ-ეკლიანი, ვაციწვერიან - უროიანი და ავშნიან ნაირბალახოვანი მცენარეულობით - წაბლა, ყავისფერ, დამლაშებულ და გაჯიან ნიადაგებზე; ბორცვიანი ვაკე ჯაგრცხილნარით და ჯაგეკლიან სტეპური მცენარეულობით - წაბლა, შავმიწა და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე; მშრალი სტეპური (ვაკეებსა და ზეგნებზე), მეჩხერტყიანი (მთისწინეთში), მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები ტყის ყავისფერ ნიადაგებზე. ინტრაზონალური - ჭალის (ტუგაის), ტყის (მტკვრის გასწვრივ), ჭაობებისა და მლაშობების (ტბებისპირა ზოლში) ლანდშაფტები.
  
 
==== ფლორა ====
 
==== ფლორა ====

22:07, 9 მაისი 2024-ის ვერსია

Gardabani.png

გარდაბნის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულია აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ტფილისის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - ტფილისის მაზრაში, 1938 წლიდან - თბილისის ოლქის ყარაიის რაიონია. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გარდაბანი, რომელიც მდებარეობს გარდაბნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 310 მ. მანძილი ქალაქ თბილისსა და ქ. გარდაბანს შორის 39 კმ-ის ტოლია, რეგიონის ცენტრის რუსთავის და გარდაბანს შორის მანძილი 17 კმ-ია, ხოლო მანძილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე 12 კმ-ია. გარდაბნის მუნიციპალიტეტს სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ჩრდილოეთით მცხეთის მუნიციპალიტეტი და თბილისი, აღმოსავლეთით – საგარეჯოს, დასავლეთით – თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები. გარდაბნის რაიონის ფართობია 160 900 ჰა (1 609 კმ²). გარდაბნის რაიონში 35 სოფელია რომელიც გაერთიანებულია 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

გარდაბნის რაიონის რუკა

სარჩევი

რელიეფი

გარდაბნის რაიონის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი უჭირავს მთებს, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ვაკეებსა და ზეგანს. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს კონგლომერანტებით, ქვიშაქვებით, თიხებითა და ქვიშებით აგებული იალნოს ქედი (მთა იალნო 1881 მ), დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით - ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური და დანალექი (თიხები და ქვიშაქვები) ქანებით აგებული თრიალეთის ქედის აღმოსავლეთის დაბოლოების განშტოებები - კოჯორ-საყარაულოს, მთაწმინდის, თაბორის, თელეთის ქედები და მათ შორის მოქცეული ხეობები. იალნოს ქედის სამხრეთ კალთის გასწვრივ გადაჭიმულია ზედა ეოცენურ - ქვედა მიოცენური ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით აგებული სამგორის ტალღობრივი ვაკე, რომელიც აღმოსავლეთით ერწყმის ივრის ზეგანს, სამხრეთ-აღმოსავლეთით გარდაბნის ვაკეს. საქართველოს ფარგლებში გარდაბნის ვაკე იკავებს 40 კმ სიგრძის ზოლს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 15-17 კმ-მდე არის გაფართოებული. ამ საფეხურებრივ ვაკეს, რომელიც მტკვარსა და ივრის ზეგნის კიდეს შორისაა მოქცეული, თავის უდაბლეს, მტკვრისპირა ნაწილში 270-350 მ აბსოლუტური სიმაღლე აქვს; ზეგნისაკენ იგი 400 მ-მდე მაღლდება. გარდაბნის ვაკის ზედაპირი შედგენილია მტკვრის რამდენიმე ალუვიურ-დელუვიური ნალექებით აგებული აკუმულაციური ტერასით, რომელთა შეფარდებითი სიმაღლე ცვალებადობს ათეული მეტრიდან ასიოდე მეტრამდე.

გარდაბნის ვაკის ნიადაგური საბურველი წარმოდგენილია ბაცი წაბლა და ყომრალ- წაბლა ნიადაგებით, რომლებიც ზოგიერთ ადგილას დამლაშებულია ღია გრუნტისა და ზედაპირული წყლებით. ბუნებრივი მცენარეულობა მიეკუთვნება აბზინდა-უროიანი სტეპის ტიპს.

ზეგანზე სარმატული ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებული მონოკლინური სერები და მათ შორის მოქცეული გასწვრივი ვაკე-ტაფობები ჭარბობს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 17 კმ მანძილზე გადაჭიმულია იაღლუჯის სერი, რომლის სიგანე 10-11 კმ შეადგენს, აბსოლუტური სიმაღლე 766 მ, შეფარდებითი სიმაღლე 300-450 მ. იაღლუჯა შემოფარგლულია აღმოსავლეთიდან მტკვრის ხეობით, სამხრეთიდან მარნეულის ვაკით, ხოლო დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კუმის-ასურეთის დახრილი დენუდაციური ვაკეების სისტემით. სერის აღმოსავლური ბოლო გადასერილია უწყლო ხეობით, რომლის სიგრძე 3 კმ-ია. ნახეობარი მტკვრის პარალელურადაა მიმართული და წარმოადგენს ამ მდინარის ყოფილ კალაპოტს, აზევებულს მისი თანადროული დონიდან ას მეტრზე მეტით მაღლა.

იაღლუჯის დღევანდელი ლანდშაფტი კონტინენტური ჰავის მკვეთრ აღნაბეჭდს და ხანგრძლივი სამეურნეო ზემოქმედების კვალს ატარებს. მისი კალთები მოკლებულია მუდმივ ჰიდროგრაფიულ ქსელს, აქ მხოლოდ ვეძები (მლაშე- წყაროები) და მარილიანი ნაკადულებია, რომლებიც პერიოდულად შრება. ნიადაგები რუხ-ყავისფერი და წაბლა ტიპისაა, ალაგ-ალაგ დამლაშებული. იაღლუჯის ბალახეული საფარი განვითარების მწვერვალს გაზაფხულობით აღწევს, წვიმიან სეზონში. ამ დროს ეს მაღლობი ამართლებს თავის სახელს („იაღლუჯა“ თურქულად მსუქანს, ცხიმიანს, მდიდარს ანუ უხვს ნიშნავს), მაგრამ გაზაფხულის ბოლოს ეფემერული მცენარეულობა ჭკნება და გვიან შემოდგომამდე ლანდშაფტში გაბატონებულია ყვითელ-მურა ფერები. იაღლუჯის ამგვარი იერი განპირობებულია მეორადი და მნიშვნელოვან წილად ანთროპოგენური წარმოშობით.

მტკვრის მარჯვენა მხარეს თელეთის ქედსა და იაღლუჯის მაღლობს შორის, სოფ. კუმისის მიდამოებში ჩადგმულია ვრცელი 8x3-4 კმ, კუმისის ტაფობი, რომელსაც ზოგი მკვლევარი ტექტონიკურ წარმონაქმნად სთვლის, ზოგი კი სუფოზიურად. იგი ნაწილობრივ ამოვსებულია მეოთხეული ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ტაფობის სამხრეთ-აღმოსავლურ ნაწილში მოთავსებულია კუმისის გაუდინარი მლაშე ტბა. (მარუაშვილი, 1964;).

აღსანიშნავია, რომ კუმისი შედის თბილისის კურორტების ჯგუფში. მისი კლიმატი ძირითადად თბილისის კლიმატის მსგავსია. ზამთარი ზომიერად რბილი, მცირეთოვლიანი (იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,10 C). ზაფხული მშრალი, თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა + 24,20 C). ნალექების რაოდენობა წელიწადში 560 მმ - ს აღწევს. ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია კუმისის მლაშე ტბის სულფიდური, ლამის ტალახი, რომელიც უმთავრესად შედგება სილიციუმის ორჟანგის (58%), ალუმინის ჟანგის (15-18%), რკინის ჟანგისა (10-14%) და სხვა ნივთიერებებისაგან. ტალახის მარაგი 100 ათას მ3-ზე მეტია. კუ- მისის ტბის მინერალური წყალი შემადგენლობით ქლორიდულ-სულფატური-მაგნიუმ-კალციუმიან-ნატრიუმიანია, მინერალიზაციით 15-25 გ/ლ (წლის სხვადასხვა სეზონში).

კუმისის ტალახს იყენებდნენ სამკურნალოდ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე (რომლის არსებობა სადღეისოდ კითხვის ნიშნის ქვეშაა), აგრეთვე საქართველოს ბევრ სამედიცინო დაწესებულებებში. გამოიყენება საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებებისას (ვადაჭკორია და სხვ., 1987).

ჰიდროლოგია

გარდაბნის რაიონის უდიდეს ნაწილში გვხვდება პერიოდული ხასიათის მდინარეები. ჩრდილოეთში აღსანიშნავია მდინარე ლოჭინი (სიგრძე 30 კმ), რომელიც იქმნება ნორიოსხევისა და მარტყოფისხევის შეერთებით. სათავე აქვს იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1085 მ-ზე. საზრდოობს თოვლით, წვიმით და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა კი ზამთარში. იგი მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადია. გამოყენებულია სარწყავად. მარნეულის საზღვართან დიდ მანძილზე ჩამოედინება მდინარე მტკვარი, რომელიც აქ დაახლოებით 34 კმ მანძილზე მიედინება. მდინარისთვის დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა. გაზაფხულის წყალდიდობა მარტიდან ივნისის ბოლომდე გრძელდება. შემოდგომაზე წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები იცის. ივლის-აგვისტო და ზამთარი მტკვრისთვის წყალმცირობის პერიოდებია.

ამ ტერიტორიაზე გაედინება ასევე მდინარე არხაშენი, რომელიც სათავეს იღებს ამავე სახელწოდების ქედზე და ჩაედინება ჯანდარის ტბაში. პერიოდული ხასიათის სხვა მდინარეებიდან მნიშვნელოვანია ხევძმარი, ორხევი და ნავთისხევი, ისინი წყლიანია ხშირი წვიმების დროს - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. აღსანიშნავია ასევე მდინარე ნაგუბი, რომელიც კუმისის ტაფობში მდებარეობს. იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის კუმისის ტაფობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია კუმისის გაუდინარი მლაშე-მწარე ტბა (0,48 კვ.კმ, აბსოლუტური სიმაღლე 475 მ, უდიდესი სიღრმე 0,5 მ), რომელსაც ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე ტალახით აქვს მოფენილი. საზრდოობს წვიმის წყლითა და მცირე ნაკადულებით.

მტკვრის მარცხენა მხარეს, გარდაბნის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საკმაოდ მოზრდილ ტაფობში მდებარეობს ნახევრად ხელოვნური ჯანდარის ტბა (ტბის ფართობია 5,43 კვ. კმ, აბსოლუტური სიმაღლე 288 მ).

რაიონის ტერიტორიას კვეთს ასევე სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური, გარდაბნის (მარინეს), თელეთის, ფონიჭალის სარწყავი არხები და მათი განშტოებები.

ჰავა

გარდაბნის რაიონი მიეკუთვნება მშრალი სუბტროპიკული ტრამალების კლიმატურ ზონას, რომელიც მოიცავს ქვემო ქართლის ვაკეს, ვაზიანის ქვემოთ 300 - 450 მ სიმაღლემდე, მდინარე იორის ზეგანს და შირაქის ზეგანს. ტერიტორია გაშლილი და დაქანებულია სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. დასავლეთიდან ჰაერის მასების შემოჭრა ხშირია და დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის მსვლელობაზე. საქართველოში ამინდის ანტიციკლონური ტიპის გაბატონების შედეგად, გარდაბნის ბარის დაბალ ნაწილში ზომიერად თბილი ველის ჰავაა ცხელი ზაფხულით, უფრო მაღლა - ზომიერად თბილი ველის ჰავიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი; მთაში კი ზომიერად ნოტიო ჰავაა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 13°C -დან (ბარში) - 5-6ºC (მთაში) მერყეობს. იანვარში - 0,3°C -იდან (ვაკე) - 5°C - მდე (მთაში). ივლისში - შესაბამისად 250-დან-10-110C-მდე. აბსოლუტური მაქსიმუმი 40-410C (ბარში), 30-320C (მთაში). აბსოლუტური მინიმუმი -250 -270C. ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის ამპლიტუდა უდიდესია მთელს საქართველოში და დაახლოებით 250C უდრის. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 441-1000 მმ-მდეა (იალნოს ქედზე), მაქსიმალური - მაისშია (86 მმ), მინიმალური - იანვარში (16 მმ), ხშირია სეტყვა. რაიონის ტერიტორიაზე გაბატონებულია ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარები, რომელთა სიჩქარემ 15 მ/წმ-სა და მეტს შეიძლება მიაღწიოს.

გარდაბნის ვაკეზე მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,9°, ნალექები 422 მმ წელიწადში.

გეოლოგია და ტექტონიკური პირობები

გარდაბნის ვაკე ლითოლოგიური ჭრილის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ზედა პლეისტოცენურ-მეოთხეული კონტინენტური ნალექების სახესხვაობებით. მდ. მტკვრის გასწვრივ ალუვიური კონგლომერატი, ქვიშნარი და თიხნარია გავრცელებული. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მათ ფაციალურად ენაცვლება, დელუვიურ-პროლუვიური და ალუვიური ნალექები, კენჭნარ-ხრეშოვანი, ქვიშოვანი და თიხოვანი გრუნტები. ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, მდ. მტკვრის ძველი ალუვიური ტერასის ხრეშოვანი და კენჭნარი ნალექების სისქე საკმაოდ დიდია, და მერყეობს 25-30 მ ფარგლებში. ზედა პლიოცენური (აფშერონული) კონტინენტური მოლასური ნალექების კლდოვანი და ნახევრადკლდოვანი სახესხვაობები ზედაპირზე არ გამოდიან, ისინი მთლიანად მეოთხეული საფარი ფენების ქვეშ მდებარეობენ და წარმოდგენილი არიან თიხნარების, ქვიშაქვების და კონგლომერატების 5-10 მ სისქის ფენების მორიგეობით. მათზე უფრო ძველი - ზღვიური აღჩაგილური (ნეოგენური) ასაკის ნალექები 150 მ სიღრმეში მდებარეობენ. ტექტონიკურად ზედა პლიოცენური ნალექები გარდაბნის ვაკის ფარგლებში განიერი სინკლინის აგებულებაში მონაწილეობენ.

ნიადაგი

გარდაბნის რაიონის ნიადაგური საბურველი საკმაოდ მრავალფეროვანია. ნიადაგები აქ ზონალურადაა გავრცელებული. მათგან პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს ტყის ყავისფერი ნიადაგები, რომლებიც ტყე-სტეპის ტიპის ნიადაგებში გადადის და ტყისა და სტეპის გზაგასაყარზე გვხვდება. წაბლა ნიადაგების შედარებით დიდი მასივებია გარდაბნის სტეპზე. ნახევრად უდაბნოების ფარგლებში რუხ-ყავისფერი ნიადაგებია, ყომრალი, ყავისფერი, შავმიწისებრი და ალუვიური ნიადაგების შეთანაწყობით. ტერასულ ვაკეებზე (არა უმაღლეს 400-500 მეტრისა) წაბლა ნიადაგების სხვადასხვა ნაირსახეობები ჭარბობს, ზეგანზე - ნეშომპალა- სულფატური (გაჯიანი). მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს შავმიწებსაც. ურწყავ ადგილებში დამლაშებული და ბიცობიანი ნიადაგებია.

თრიალეთის მთისწინა კალთებზე გავრცელებულია რუხ-ყავისფერი, ყავისფერი, მეტწილად კარბონატული ნიადაგები, რომელთაც ზემოთ სხვადასხვა სახის ტყის ყომრალი ნიადაგი ენაცვლება. ქედების თხემები და მწვერვალები მეორეულ მთის მდელოს ნიადაგებს უჭირავს. განვითარებულია აგრეთვე ალუვიური (მდინარეთა ტერასებზე), ჭაობის (ტბებისპირა ზოლში) და მლაშობი (ნატბეურებზე) ნიადაგები. ხევ-ხრამების ციცაბო ფლატეებზე ძლიერ ჩამორეცხილი ნიადაგებია.

ლანდშაფტი

გარდაბნის რაიონში წარმოდგენილია სუბტროპიკების ვაკეთა, ზომიერად მშრალი სუბტროპიკების ზეგნების და ზომიერად ნოტიო ჰავიანი მთის ტყის ლანდშაფტთა ჯგუფები, კერძოდ: ნახევარუდაბნოს, ტერასული ვაკე ჯაგ-ეკლიანი, ვაციწვერიან - უროიანი და ავშნიან ნაირბალახოვანი მცენარეულობით - წაბლა, ყავისფერ, დამლაშებულ და გაჯიან ნიადაგებზე; ბორცვიანი ვაკე ჯაგრცხილნარით და ჯაგეკლიან სტეპური მცენარეულობით - წაბლა, შავმიწა და ტყის ყავისფერ ნიადაგებზე; მშრალი სტეპური (ვაკეებსა და ზეგნებზე), მეჩხერტყიანი (მთისწინეთში), მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტები ტყის ყავისფერ ნიადაგებზე. ინტრაზონალური - ჭალის (ტუგაის), ტყის (მტკვრის გასწვრივ), ჭაობებისა და მლაშობების (ტბებისპირა ზოლში) ლანდშაფტები.

ფლორა

გარდაბნის რაიონის მცენარეულობა წარმოდგენილია სტეპური, ტყესტეპური და ტყიანი ტიპებით. ტერიტორიის 15% ტყესა და ბუჩქნარს უკავია. ბარის ვაკეები და მთისწინეთის კალთები, შემოსილია სტეპებით, სადაც გაბატონებულია უროიანი, ავშნიან-უროიანი, უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი ფორმაციები. ტერიტორიის ძირითად ნაწილში ვხვდებით მშრალი სტეპების მცენარეულობის ტიპს, რომელშიც გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეებს, ჭარბობს მკვრივკორდიანი მარცვლოვნები (ვაციწვერა, წივანა, კეწეწურა და სხვ.), შემდეგ - ნაირბალახოვნები, ნახევრად ბუჩქები (ყარღანი, ავშანი), ხანმოკლე განვითარების ერთწლოვანი მცენარეები - ეფემერები და ბოლქვიანი მრავალწლოვანი ეფემეროიდები; გაფანტულად გვხვდება ქონდარა ნუში, ბალამწარა, გრაკლა, შავჯაგა და სხვ.

სამხრეთ ნაწილში მშრალ უბნებში გარდაბნის ვაკეზე, კუმისის ტაფობში მშრალი სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა წარმოდგენილი, სადაც დომინანტურ მცენარეთა თანასაზოგადოებას წარმოადგენს ავშნიანები, რომლის შემქმნელია ავშანი - Artemisia lerchiana, მასთან ერთად სინუზიას ქმნის ურო - Bothriochloa ischaemum, ჩვეულებრივი თანმხლებია ხვარხვარა- Petrosimonia brachiata, ყარღანი - Salsola dendroides; ფრაგმენტულადა წარმოდგენილი ყარღანიანები, ამ ტიპის შემქმნელი მთავარი მცენარეა ყარღანი - Salsola dendroides, რომლის მნიშვნელოვანი თანამყოლია ავშანი - Artemisia lerchiana, შერეულია ჩარანი - Salsola ericoides, ხვარხვარა - Petrosimonia brachiata, წითელწვერა - Kochia prostrata; ჭანგიანები, რომლის შემქმნელია ჭანგა - Elymus repens, ავშანი - Artemisia lerchiana და სხვ. კუმისის ტაფობში, დამლაშებულ ნიადაგებზე, ფიტოცენოზებში სხვადასხვა სიმრავლით განვითარებულია ხურხუმოიანი ცენოზები, რომელიც იაღლუჯის ძირამდე ვრცელდება, მისი შემქმნელია: ხურხუმა - Salsola nodulosa, ჩოღანო - Salicornia europaea, მხოხავი ჭანგა - Elymus repens (= Agropyron repens), ხვარხვარა - Petrosimonia brachiata, ავშანი - Artemisia lerchiana, შოროქანი - Limonium meyeri, ჩარანი - Salsola ericoides, ყარღანი - Salsola dendroides, კალია - Salsola soda და სხვ. ჭარბად შემცველ მარილიან ნიადაგებზე, სპეციფიურ ადგილსამყოფლებში, ლოკალურადაა წარმოდგენილი ხვარხვარიანის - Petrosimonia brachiata და შოროქნიანის - Limonium meyeri დაჯგუფებები.

მთისწინეთი, რომელიც უერთდება გარდაბნის დაბლობს, წარმოადგენს გარდამავალ ზონას სტეპებსა და მთების ტყიან სარტყელს შორის, გამოირჩევა სახეობების მრავალფეროვნებით. დაბლობთან შედარებით მცენარეთა თანასაზოგადოებები წარმოდგენილია კოდომინანტური სახეობებით, უროიან-წივანიანი მცენარეული დაჯგუფებებით, სადაც გვხვდება ქსეროფილური და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარების ფრაგმენტები და შიბლიაკის თანასაზოგადოებები, დომინანტი სახეობებით, როგორიცაა: ძეძვნარები (Paliurus spina-christi), ჯაგრცხილნარები (Carpinus orientalis) და სხვა ქსეროფილური ნაირბუჩქნარები (შავჯაგა - Rhamnus pallasii, გრაკლა - Spiraea hypericifolia, ბერყენა - Pyrus salicifolia, ღვია -Juniperus rufescens, კუნელის სხვადასხვა სახეობები - Crataegus kyrtostila, C. pentagyna, C. microphylla, კვრინჩხი - Prunus spinosa, კვიდო - Ligustrum vulgare, ასკილი - Rosa canina, ჩიტაკომშა-Cotoneaster racemiflorus, ჟასმინი - Jasminum fruticans, ჯორისძუა - Ephedra procera, უძრახელა - Caragana grandiflora, ცხრატყავა - Lonicera iberica და სხვ.).

ბალახეულ საფარში სტეპისა და მშრალი მდელოს სახეობებია გავრცელებული (Bothriochloa ischaemum, Achillea biebersteinii, Astragalus brachycarpus, Bromus japonicus, Eryngium campestre, Phleum phleoides, Stipa lessingiana, S. tirsa (S. stenophylla), S. pulcherrima, Festuca valesiaca, Gypsophila acutifolia, Medicago caucasica, M. minima, Onobrychis radiata, Centaurea ovina, Galium verum, Potentilla recta, Sideritis montana, Teucrium polium, Thymus tiflisiensis, Trisetum rigidum, Tragopogon graminifolius და სხვ.).

რაიონის ტერიტორიის ერთი ნაწილი ტყეებს უჭირავს. ამჟამად ტყეები ძირითადად ქედებს შუა ფერდობებზეა შემორჩენილი, ჭარბობს მუხნარები ქართული მუხისაგან (Quercus iberica), მუხნარ-რცხილნარი (Quercus iberica + Carpinus caucasica) მთის ქვემო კალთებზე და რცხილნარი - Carpinus caucasica მთის ზედა კალთები. ტყეებში ამათ გარდა იზრდება წიფელი - Fagus orientalis, იფანი - Fraxinus excelsior, ნეკერჩხალი - Acer campestre, კავკასიური აკაკი - Celtis caucasica, ბერყენა - Pyrus salicifolia, აქა-იქ ფიჭვი - Pinus brutia subsp. eldarica, ბოკვი - Acer velutinum და სხვ.

ლილოსა და საცხენისის მიდამოებში, მდინარე საცხენისის გაყოლებით სოფელ ახალსოფლამდე ჰემიქსელური მეჩხერი ტყეებია გავრცელებული, რომელშიც მუხნარია გაბატონებული.

ქვეტყეში ღია უბნებზე გვხვდება მარცვლოვან-ნაირბალახეულობა, ხოლო ტენიან დაჩრდილულ ადგილებში, აქა-იქ აღინიშნება: ზღმარტლი - Mespilus germanica, მაჯაღვერი - Daphne mezereum, მეჭეჭიანი ჭანჭყატა - Euonymus verrucosus, კიდობანა (ჩვეულებრივი ჭანჭყატა) - Euonymus europaeus, ტაბლაყურა - Euonymus latifolius, კოლხური ჭყორი (ბაძგი) - Ilex colchica, კვიდო - Ligustrum vulgare, ძახველი - Viburnum opulus, უზანი - Viburnum lantana, მოლოზანა - Viburnum orientale და სხვ.

ქედების თხემები უჭირავს ნაირბალახოვან მდელოებს, რომლებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული.

თელეთისა და შავნაბადას ქედებზე, იაღლუჯის სერზე, ჭარბად განათებულ სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე ვხვდებით - კლდის ქსეროფიტულ ფორმაციებს, რომლებშიც სხვა სახეობებთან ერთად იზრდება გლერძი -Astracantha caucasica. სოფელ აღთაქალიდან მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ჩამოყალიბებულია ჭალის ანუ ტუგაის ტყე, რომლის შემადგენლობაშიც რიყის ფარგლებში შედის ჭალის მუხა - Quercus pedunculiflora (Q. longipes), ხვალო, ჭალის ვერხვი - Populus hybrida, ოფი - Populus nigra, ვერხვი - Populus tremula, წნორი - Salix alba, იაღლუნი - Tamarix ramosissima, თელადუმა, თელამუში - Ulmus elliptica, პატარა თელადუმა - Ulmus minor, უსურვაზი - Vitis sylvestris, აღმოსავლური კატაბარდა - Clematis orientalis და სხვ.

კუმისისა და ჯანდარის ტბისპირა ჭარბტენიან ზოლში გავრცელებულია ჭაობის მცენარეულობა, მათ შორის ძირითადია ლელი - Phragmites australis, ლელქაში - Bolboschoenus maritimus და სხვ.

ლიტერატურა

  • მაყაშვილი, ტ. I-II, 1952-1953;
  • კეცხოველი, 1935, 1959, 1970;
  • საქართველოს მცენარეების სარკვევი, ტ. I-II, 1964-69;
  • გულისაშვილი, 1970; გაგნიძე, 2000;
  • ნახუცრიშვილი, 2000;
  • Сахокия, 1958;
  • ლაჩაშვილი, ერაძე, 2017;
  • Сахокия, 1958;


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები