დეკორაციული ხელოვნება
დეკორაციული ხელოვნება (ლათ. decorare – მორთვა), სპექტაკლის ხედვითი იერსახის შექმნა დეკორაციის და კოსტიუმების, განათების და სასცენო ტექნიკის სხვადასხვა გამომსახველი საშუალებების გამოყენებით; უშუალოდ დაკავშირებულია თეატრალური კულტურის განვითარებასთან. დეკორაციული ელემენტები (ნიღაბი, კოსტიუმი) წარმოიშვა თეატრის ჩასახვისთანავე, საწესჩვეულებო თუ საკრალურ რიტუალებში. ძველბერძნულ თეატრში (მე-5 ს. ძვ.წ.) უკვე არსებობდა მოცულობითი დეკორაციები, ოდნავ მოგვიანებით, ფერწერულიც. ყველა ეს პრინციპი ათვისებულ იქნა რომაელთა მიერ, რომლებმაც თავის მხრივ პირველებმა გამოიყენეს სცენის ფარდა.
შუასაუკუნეების პერიოდში, ლიტურგიკული დრამის დეკორატიული ფონის ფუნქციებს პირველ ხანად თავად ეკლესიის ინტერიერი ასრულებდა. უკვე აქ ჩაისახა შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი სიმულტანური დეკოტაციის პრინციპი (როცა მოქმედების ყველა ადგილი თავიდანვე არის მონიშნული). ეს პრინციპი ურყევია მორალიტეშიც, მირაკლშიც და მისტერიაშიც, ვიდრე მისტერია ქალაქის ქუჩებში არ გადაინაცვლებს. სწორედ ქალაქის ქუჩებში და მოედნებზე ჩაისახება მოქმედების ადგილის სიმბოლური მონიშვნის და დეკორაციის ცვალებადობის პრინციპი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფარსული წარმოდგენები. ინგლისში ფარსმა განვითარება ჰპოვა პეჯენტების სახით (ორსართულიანი გადაადგილებადი ოთხთვალა, რომლის ზედა სართული ასრულებს სცენის, ქვედა კი – კულისების ფუნქციებს).
თეატრის უცვლელმა საკულტო დანიშნულებამ, აზიის ქვეყნებში დეკორაციული ხელოვნება პირობითობის გზით წაიყვანა. აქ უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა სიმბოლურ დეტალებს, კოსტიუმს, გრიმ-ნიღაბს, რომლის შეფერილობაში განთავსებული იყო სიმბოლური შინაარსი.
მე-15-16 საუკუნეებში, იტალიაში წარმოიშვა თეატრალური ნაგებობის და სცენის ახალი სახეობა სპეციფიკური შიდა მოწყობილობით. შეიქმნა პერსპექტიული დეკორაციები, რომელსაც ხატავდნენ ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოებზე. დეკორაციის ცალკეულ ნაწილებს ხისგან აკეთებდნენ (სახლის სახურავები, ავნები, სამრეკლოები და ა.შ). იტალიელმა არქიტექტორმა და დეკორატორმა ს. სერლიომ შექმნა დეკორაციების 3 სახეობა: ტაძრები, სასახლეები, თაღები – ტრაგედიისთვის; ქალაქის მოედანი საცხოვრებელი სახლებით, დუქნებით, სასტუმროებით – კომედიისათვის; ტყის პეიზაჟი – პასტორალისთვის. ამ ეპოქის ევროპული დეკორაციული ხელოვნებისათვის დამახასიათებელია სინამდვილის კონკრეტული ასახვისაკენ სწრაფვა.
მე-16 საუკუნის დასასრულს 17 საუკუნის დასაწყისში სერლიოს რელიეფური დეკორაცია შეცვალა ბაროკოს სტილის ფერწერულმა დეკორაციებმა. ამავე პერიოდში წარმოიშვა კულისებიც. საფრანგეთის დეკორაციულ ხელოვნებაში დამკვიდრდა როკოკოს სტილი. ლონდონის საქალაქო თეატრები დიდხანს ინარჩუნებდნენ შექსპირის დროინდელ პირობით სცენურ მოედანს, რომელიც დაყოფილი იყო სამ ნაწილად: ზედა, ქვედა და უკანა სივრცედ, წინ გამოდგმული პროსცენიუმით და უაღრესად ძუნწი მხატვრული გაფორმებით. იგი სცენების სწრაფად შეცვლის საშუალებას იძლეოდა.
კლასიციზმის ეპოქაში (მე-17-18 სს.), გამომდინარე დროის ადგილის და მოქმედების ერთიანობის კანონიკური პრინციპიდან, დამკვიდრდა მუდმივი, უცვლელი დეკორაცია, რომელსაც არ გააჩნდა კონკრეტული ისტორიული მახასიათებლები. საფრანგეთის და ინგლისის თეატრებში არისტოკრატები ავანსცენის კუთხეებში სხდებოდნენ, რითაც ამახინჯებდნენ სცენურ სივრცეს. დეკორაციული ხელოვნება ვითარდებოდა მხოლოდ საოპერო-საბალეტო სპექტაკლებში. 1759 წ. ვოლტერის ძალისხმევით, მაყურებელი ჩამოშორდა სცენას, რამაც დამატებითი შესაძლებლობები შეუქმნა დეკორაციულ ხელოვნებას.
მე-18 საუკუნეში ბურჟუაზიული დრამის განვითარებამ წარმოშვა პავილიონური დეკორაცია (შემოფარგლული ოთახი სამი კედლით და ჭერით). ამავე პერიოდში, აზიის ქვეყნებშიც აღინიშნება ცვლილებანი; იქმნება საგანგებო ნაგებობა კაბუკის თეატრებისათვის, სადაც სცენას ახლდა პუბლიკის განლაგებაში ღრმად შეჭრილი პროსცენიუმი და ჰორიზონტალურად გახსნადი ფარდა. სცენის მარცხენა და მარჯვენა კუთხეებიდან მაყურებელთა დარბაზის უკანა კედლისკენ მიემართებოდა ფიცარნაგი („ხანამიტები“, სიტყვასიტყვით – ყვავილების გზა), რომელზეც ასევე თამაშდებოდა სხვადასხვა სცენები (შემდგომში მარჯვენა ფიცარნაგი გაუქმებულ იქნა; ამჟამად კაბუკის აქვს მხოლოდ მარცხენა ფიცარნაგი), კაბუკის თეატრში გამოყენებული იყო სამგან ზომილებიანი დეკორაციები, სადაც დაკონკრეტებული იყო მოქმედების ადგილი. 1758 წ. იაპონიაში გამოგონილ იქნა მბრუნავი სცენა, რომელსაც ხელით ატრიალებდნენ. შუასაუკუნეების ტრადიციები შენარჩუნებულია აზიის სხვა ქვეყნებშიც (ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია და სხვ.), სადაც კვლავ უგულებელყოფილია დეკორაცია და სცენური გაფორმება მთლიანად ეყრდნობა კოსტიუმს, ნიღაბს და გრიმს.
დეკორაციულ ხელოვნებაში არსებითი ცვლილებები იწყება მე-18 საუკუნის დასასრულს და მე-19 ს. დასაწყისში. დრამატურგიის თემატიკის გაფართოებამ, მელოდრამამ და პანტომიმამ, რომელთაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს პარიზის „ბულვარების თეატრში”, მოითხოვა სრულიად ახალი ყაიდის სცენური გაფორმება. თეატრის მემანქანეებმა იწყეს საოცარი ეფექტების დანერგვა, რასაც ხელი დიდად შეუწყო განათების ახალი ხერხების გამოყენებამ.
დეკორაციული ხელოვნების განახლების და გარდაქმნის ფართო პროგრამა წარმოადგინეს ფრანგმა რომანტიკოსებმა, დაისახეს რა მიზნად მოქმედების ადგილის ისტორიული კონკრეტიზაცია. დრამატურგი რომანტიკოსები უშუალოდ მონაწილეობდნენ თავიანთი პიესების დადგმებში, რაც აისახა კიდეც პიესების მრავალრიცხოვან და ვრცელ რემარკებში, მათ მიერ შესრულებულ ესკიზებში. თეატრში სამუშაოდ იწვევდნენ სახელგანთქმულ მხატვრებს, რეჟისორები ითავსებდნენ მხატვარ-დეკორატორის ფუნქციებსაც. დეკორაციის ხშირმა ცვლამ, საჭირო გახადა ფარდის ხშირი გამოყენება.
დეკორაციულ ხელოვნებას სახე მთლიანად შეუცვალა ხელოვნებაში ახალი მიმდინარეობის, ნატურალიზმის წარმოშობამ (70-80-იანი წწ.). ამ თვალსაზრისით, დიდი როლი ითამაშა მეინინგენის თეატრმა, რომლის გასტროლებმა ევროპაში მთლიანად შეცვალა დამოკიდებულება არა მხოლოდ დეკორაციული ხელოვნებისადმი, არამედ მთლიანად სადადგმო-სარეჟისორო კულტურის მიმართ სპექტაკლის რეჟისორული გაზიარება, დეკორაციების, კოსტიუმების, აქსესუარების ისტორიული სიზუსტე, ყოველი დადგმისთვის ინდივიდუალური სახის მინიჭება, რადიკალურად უპირისპირდებოდა ადრეულ სტანდარტებს. ისტორიული კონკრეტიკით ასეთი გატაცება, ზოგჯერ თვითმიზნურ ხასიათსაც ატარებდა, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენდა სპექტაკლის ზოგად აღქმაზე.
70-ან წწ ბოლოს ე. ზოლა ილაშქრებს კლასიციზმის განყენებულ, რომანტიზმის იდეალიზებულ და თვითმიზნურ ფეერიულ-ეფექტური დეკორაციული ხელოვნების წინააღმდეგ. იგი მოითხოვს სცენაზე სოციალური გარემოს ზუსტ ასახვას. მის დოქტრინას ეხმაურებიან რეჟისორ-ნატურალისტები ა. ანტუანი (საფრანგეთი) და ა. ბრამი (გერმანია).
90-იან წწ. წარმოშობილი სიმბოლისტური თეატრი მკვეთრად დაუპირისპირდება ნატურალიზმის „კოპირების მეთოდს“ და თეატრის მოძველებულ, რუტინულ ფორმებს. მათ უერთდებიან დერნისტული ხედვის მხატვრები და ქმნიან სტილიზებულ, სიმბოლოებით აღსავსე, იმპრესიონისტულად გააზრებულ დეკორაციებს.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ნატურალიზმის გავლენა აღწევს რუსეთამდეც. მოსკოვის სამხატვრო თეატრი ქმნის ნატურალისტური თეატრის მკაფიო ნიმუშებს (სტანისლავსკი და ნემიროვიჩ-დანჩენკო), მოგვიანებით ისინი უარს იტყვიან ცხოვრების ფრაგმენტულ ასახვაზე და შექმნიან რეალისტური თეატრის მყარ დოქტრინას (სტანისლავსკის სისტემა).
ევროპაში კი სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს ხელოვნების მოდერნისტული ხედვა, რომლის მიხედვით პირობითობა ცხადდება ხელოვნების ზედროული და ზენაციონალურ ენად. დეკორაციულ ხელოვნებას ახალ, ზედმიწევნით მხატვრულ მოთხოვნებს უყენებენ ა. აპია (შვეიცარია) და გ. კრეგი (ინგლისი). ქმნიან რა ფილოსოფიურ თეატრს, ისინი ასახავენ იდეების უხილავ სამყაროს, რომელსაც გადმოსცემენ განყენებული, ზედროული დეკორაციით (კუბები, შირმები, მოედნები, კიბეები და ა.შ.), სინათლის ეფექტების მონაცვლეობით ქმნიან მონუმენტურ სივრციერ ფორმებს.
მიუნხენის სამხატვრო თეატრის ორგანიზატორი გ. ფუქსი, მხატვარ ფ. ერლერთან ერთად ქმნის რელიეფური თეატრის პრინციპს, სადაც თითქმის უარყოფილია სცენის სიღრმე და მსახიობებს, რელიეფის მიბაძვით, განალაგებენ ერთ სიბრტყეზე.
რეჟისორი მ. რეინჰარდტი (გერმანია) თავის დადგმებში უდიდეს როლს ანიჭებს დეკორაციულ ხელოვნებას და იყენებს გაფორმების უაღრესად მრავალფეროვან ხერხებს (ფერწერულ-მოცულობითი დეკორაცია, რომელიც ამასთანავე ბრუნავს; განყენებულ-პირობითი, უძრავი დანადგარები; სტილიზებულად მარტივი გაფორმება მაუდის ნაჭრების გამოყენებით; გრანდიოზული სანახაობა სცენური ტექნიკის ვირტუოზული გამოყენებით).
XX საუკუნის 10-ანი წლების ბოლოს და 20-ანი წლების დასაწყისში, გერმანიაში გავრცელებას იწყებს ექსპრესიონიზმი, რომელმაც დეკორაციულ ხელოვნებაში თავისებური გამოძახილი ჰპოვა. პირველ ყოვლისა ეს აისახა სცენური სივრცის დეფორმაციაში სხვადასხვა სიბრტყეების გამოყენების გზით; უსაგნო, ფრაგმენტულ დეკორაციას ახლდა კონტრასტული განათება, შუქ-ჩრდილების თამაში. მხატვრები ცდილობდნენ სცენაზე შეექმნათ სუბიექტური ხედვის სამყარო. სწორედ ექსპრესიონისტებმა პირველებმა გამოიყენეს სოციალური გროტესკის მხატვრული ხერხი. ამ დროის დეკორაციული ხელოვნებისათვის დამახასიათებელია გაბედული ექსპერიმენტები, სცენა-კოლოფის უკუგდების ტენდენცია, სცენური მოედნის გაშიშვლება. ყველა მოდერნისტური მიმდინარეობა – კონსტრუქტივიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი – ცდილობს დეკორაციულ ხელოვნებას მოუძებნოს მიმდინარეობის შესატყვისი სცენური გამოხატულება.
საქართველოში პროფესიული დეკორაციული ხელოვნების აღმავლობა დაკავშირებულია კ. მარჯანიშვილის მოღვაწეობასთან. ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე, მან თეატრში სამუშაოდ მიიწვია ავანგარდისტულად განწყობილი იმ დროის ნიჭიერი ფერმწერები. ასე დაიბადა პ. ოცხელის, ი. გამრეკელის, დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ვ. სიდამონ-ერისთავის, ე. ახვლედიანის, თ. აბაკელიას თეატრალური მხატვრობა (20-30-იანი წწ.). საფუძველი ჩაეყარა დეკორაციული ხელოვნების სახელგანთქმულ ქართულ სკოლას, რომელიც გაგრძელდა დ. თავაძის, ი. სუმბათაშვილის, ს. ვირსალაძის, ფ. ლაპიაშვილის პროფესიულ თეატრალურ მხატვრობაში (40–50-იანი წწ.), შემდგომ კი ახალი თაობის წარმომადგენლებში.
თანამედროვე თეატრში დეკორაციული ხელოვნება და რეჟისურა განუყრელი ცნებებია და გამოირჩევა სტილური მრავალფეროვნებით.