ვარსკვლავები (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
ვარსკვლავები – ეგვიპტეში ღვთაებრივ არსებებად იყო მიჩნეული. ისინი მიწის ღვთაების და ცის ქალღმერთის შვილებად ითვლებოდნენ. ეგვიპტელთა წარმოდგენით, ღამით ისინი დაცურავდნენ თავიანთ ბარკაში „ზღვაში, რომელიც მათი დედის სხეულის ქვეშ არის“ (ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ცა ციურ წყლებს წარმოადგენდა).
ძველი მითის თანახმად, ზეცის ქალღმერთი ნუტი, მათი დედა, ვარსკვლავებს ყოველ დილას ყლაპავდა და საღამოს თავიდან შობდა, რამაც გამოიწვია კონფლიქტი ნუტსა და მის მეუღლეს, მიწის ღმერთ გებს შორის. მზე, ზეცის ბატონი, ვარსკვლავების ბატონიც იყო და ისინი მის ბარკას „აცილებდნენ“. ასევე თან სდევდნენ ოსირისსაც როგორც გარდაცვლილთა მეფე, ოსირისიც მათ ბატონად ითვლებოდა, რადგან უძველესი წარმოდგენით გარდაცვლილთა სულები ვარსკვლავებად გარდაისახებოდა, რაც სარკოფაგებზე ვარსკვლავების მოთავსებაშიც არის ასახული. შუა სამეფოდან დეკანები არა მარტო სარკოფაგების, არამედ სამარხების და ტაძრების მოხატულობაშიც ჩნდება. ეგვიპტელებმა ადრე მიაქციეს ყურადღება იმ მოხაზულობებს, რომლებსაც ვარსკვლავების ჯგუფები ქმნიდნენ. მაგ. დიდი დათვის თანავარსკვლავედს ისინი „mshtjw“ – „კაუჭს“ ეძახდნენ, რომელიც პირის გაღების რიტუალის დროს გამოიყენებოდა და ასევე „ხარის“, ან „სეტხის ბარკალს“. გვიანდელ პერიოდში ეგვიპტელებმა ვარსკვლავებს ადამიანის ბედის განსაზღვრაც დაუკავშირეს. ამ დროიდან უკვე ტრაქტატებიც იწერებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვ.წ.-მდე III საუკუნით არის დათარიღებული და მისი ავტორობა ჰერმეს ტრისმეგისტოსს მიეწერება (შემონახულია ლათინურ თარგმანში). ამ დროიდან ჩნდებიან ასევე ცნობილი ასტრონომები, რომელთაგან აღსანიშნავია პეტოსირისი, ჩვენთვის უცნობი მეფის – ნეხეფსოს მრჩეველი. დაახლოებით ამ პერიოდიდან იწყება ასევე ჰოროსკოპების შედგენა.