ჰერმეს ტრისმეგისტოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმეს ტრისმეგისტოსი – ეგვიპტური თოტის და ბერძნული ჰერმესის სინკრეტიზმის ნაყოფი, ღვთაება, რომელშიც აისახა ის დაძაბულობა, რომელიც ამ ორი უდიდესი კულტურის შეხვედრამ წარმოქმნა. თოტი, რომელიც ბერძნებმა თავიანთ ჰერმესთან გააიგივეს, მათ მისტიციზმის და თეოსოფიის სულის ჩამდგმელად მიაჩნდათ.

ეგვიპტელები თავიანთ ღმერთებს „დიდს“ ეძახდნენ. ამის გამოძახილია „ტრისმეგისტოსი“ – „სამგზის დიდი“. პირველად თოტი, როგორც „სამგზის დიდი“, მოხსენიებულია დემოტიურ და ბერძნულ ოსტრაკონებზე, რომლებიც შეადგინა ეგვიპტელმა ქურუმმა, ხორმა, სებენიტოსის ნომიდან ჩვ.წ.-მდე 172 წელს. თოტი ერთ-ერთი ურთულესი და მრავალსახოვანია ეგვიპტის დიდ ღვთაებებს შორის. უძველესი დროიდან ის იყო მთვარის ღვთაება, და მისი ბევრი ასპექტი სწორედ მთვარესთან კავშირმა წარმოშვა. როგორც ციური მნათობი, ის დააკავშირეს მზესთან, და თოტმა მზის მდივნის და მრჩევლის ფუნქცია მოიხვეჭა. როგორც მზის მდივანი და მრჩეველი, ის დამწერლობის გამომგონებელი და უდიდესი ბრძენი იყო, რომელსაც ეგვიპტელი ქურუმები ბევრი წმინდა წიგნის ავტორად აცხადებდნენ. რადგანაც ეგვიპტელის წარმოდგენით მთვარეზე იყო დამოკიდებული სეზონების, თვეების და წლების მონაცვლეობა, თოტი დროის ბატონი და ბედის განმსაზღვრელი გახდა. ის ადამიანის ბედთან არა მარტო სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგაც იყო დაკავშირებული, რადგან მისი სულის განსჯის სამსჯავროს ხელმძღვანელობდა. ითვლებოდა, რომ მასზეა დამოკიდებული კოსმიური წესრიგი, რელიგიური და სამოქალაქო ინსტიტუტები. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა რიტუალებში და მაგიურ შელოცვებში. თანდათან ყველანაირი მეცნიერების და ცოდნის ბატონად და აღქმის და ცოდნის პერსონიფიკაციად გადაიქცა, და მას „იდუმალს“ ეძახდნენ. როგორც მაგიის მეფე, ის მედიცინასაც დაუკავშირეს. ჰერმოპოლისში თოტი დაკავშირებული იყო ერთ-ერთ უძველეს კოსმოგონიურ სისტემასთან – ოგდოადასთან. ეგვიპტელი თვლიდა, რომ არაფერი შეიძლება გაკეთდეს თოტის გარეშე, და ის საოცრად პოპულარული იყო ყველა სოციალური ფენის ეგვიპტელებს შორის. ამიტომ ეგვიპტეში დასახლებულ უცხოელებს ბუნებრივად უჩნდებოდათ სურვილი, თოტთან რაიმე კავშირი მოეძებნათ (მაგ. ჩვ.წ.-მდე II საუკუნეში ებრაელმა არტაპანესმა თოტის და მოსეს ასიმილირება მოახდინა), ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ ბერძნებმა თოტთან ჰერმესი გააიგივეს. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. თოტის მსგავსად, კლასიკური ჰერმესი დაკავშირებული იყო მთვარესთან, მედიცინასთან და გარდაცვლილთა სამყაროსთან. ორივეს მიეწერებოდა სხარტი აზროვნება და მოსწრებული ფანდების მოფიქრების უნარი, რომელთა დახმარებითაც აბრუებდნენ და ამარცხებდნენ მოწინააღმდეგეს. ორივე ითვლებოდა ღმერთების მახარობლად. ელინისტურ სამყაროში ბერძენმა ჰერმესმა ლოგოსის ფუნქციაც იტვირთა, რადგან ითვლებოდა, რომ სწორედ ის აუწყებდა ადამიანებს ღმერთების ნებას. ელინისტური ჰერმესი-ლოგოსი კოსმოპოლიტურ ღმერთად გადაიქცა. ლიკაონელები მიიჩნევდნენ, რომ მოციქული პავლე მიწაზე ჩამოვიდა, როგორც ჰერმესი, რადგანაც ის „მთავარი მოლაპარაკე იყო“. სტოიკები ჰერმესს არა მარტო ლოგოსის, არამედ შემოქმედის ფუნქციასაც მიაწერდნენ. სავარაუდოდ, ამაზე თოტის, როგორც დემიურგის თვისებებმა მოახდინა გავლენა. მაგრამ ჰერმეს ტრისმეგისტოსი, კოსმოპოლიტურობის მიუხედავად, „გაეგვიპტელებული“ იყო თოტთან ასიმილაციის წყალობით, და ცნობილი იყო რომაულ სამყაროში, როგორც ეგვიპტური ღვთაება par excellence. საბოლოოდ, ეგვიპტური და ბერძნული თეოლოგიის და ელინისტური ფილოსოფიის ასეთმა შერწყმამ წარმოქმნა მთლიანობა, რომელიც მის შემადგენელ ნაწილებს გაცილებით აღემატებოდა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები