სუნთქვის წიგნი
სუნთქვის წიგნი – მიცვალებულთა ლიტერატურის ყველაზე ახალგაზრდა ნაწარმოები, რომელიც მკვდართა წიგნის, ამდუატის და გარდაცვლილთა ლიტერატურის სხვა ნაწარმოებების კომპილაციას წარმოადგენს და რომელსაც ორი განსხვავებული ვარიანტი ჰქონდა. ყველაზე ძველი ხელნაწერი XXX დინასტიის დასასრულით არის დათარიღებული (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 350 წ.), ე.წ. „მეორე ვარიანტის“ ხელნაწერი კი მხოლოდ რომაული პერიოდიდან შემოინახა. ორივე წიგნში მათი „ღვთაებრივი წარმოშობა“ არის ხაზგასმული: პირველი წიგნის შექმნა მიეწერება ისიდას, რომელმაც ის თითქოს ოსირისისათვის დაწერა, მეორე წიგნის „ავტორად“ კი თოტი სახელდება. თანამედროვე კვლევით, წიგნები თებეშია შექმნილი ამონის ქურუმების მიერ.
პირველი წიგნი დაყოფილია 15 (ან შესაძლოა 12) ნაწილად და მეტ-ნაკლებად შეკრული ნაწარმოებია, მაშინ, როცა მეორე წიგნი საკმაოდ განსხვავებული შინაარსის ტექსტების ნაკრებს წარმოადგენს. დღეისათვის ცნობილი ყველა ხელნაწერი, დემოტიური დამწერლობით შედგენილი რამდენიმე შემოკლებული ვარიანტის გარდა, იერატიული დამწერლობით არის შესრულებული. ერთადერთ ხელნაწერს (Pap.Louvre 3284) დართული აქვს ილუსტრაციები (Vignettes). ორივე წიგნში განსაკუთრებით არის აღნიშნული სუნთქვის მნიშვნელობა გარდაცვლილისათვის, და ისინი ასევე ემსახურებიან მიზანს, რომ გარდაცვლილის სახელმა რაც შეიძლება დიდხანს იარსებოს, და თავიდან აიცილოს მეორე სიკვდილი, რომელიც შეიძლება წყევლამ მოიტანოს. თუმცა ოსირისი, მკვდართა წიგნის მსგავსად, აქაც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და გარდაცვლილის „ბას“ უკვდავების უზრუნველყოფა მას შეუძლია, სუნთქვის ორივე წიგნში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამონი თავისი ამონემოპეტის სახით (ეგვ. In m Ip.t – „ლუქსორის ამონი“).სუნთქვის წიგნის პირველ ვარიანტში ძირითადი აქცენტი გადატანილია გარდაცვლილის განწმენდაზე, სხეულის დაცვაზე, მის შესაძლებლობაზე, კვლავ ისუნთქოს და დაინახოს, რომ მისთვის ღია იყოს საიქიოს ყველა კარი და მას შეეწიროს მსხვერპლი. ხაზგასმულია ასევე საიქიო სამსჯავროს წარმატებით გადალახვა. მეცამეტე ნაწილში მოცემულია მკვდართა წიგნის „ცოდვების უარყოფის სიის“ შემოკლებული ვარიანტი, შემდეგი ნაწილი კი გარდაცვლილის კეთილი თვისებების და დამსახურების ჩამოთვლას წარმოადგენს.
მეორე წიგნი ძალიან განსხვავებული შინაარსის ექვსი ტექსტისაგან შედგება: პირველი ეხება გარდაცვლილის სარკოფაგს; მეორე წიგნში მოთავსებულია მიმართვა საიქიოს ჭიშკრების მცველებისადმი, რომ მათ გაატარონ გარდაცვლილი, ამავე ნაწილში ხდება გარდაცვლილის გაღმერთება. მესამე ნაწილი წარმოადგენს მიმართვას ღმერთებისადმი სუნთქვის „დოკუმენტის“ მოსაპოვებლად; მეოთხე ნაწილი წარმოადგენს ლითანიას გარდაცვლილის სახლის დასაცავად; მეხუთე წარმოადგენს მკვდართა წიგნის 162-ე გამონათქვამის შეცვლილ ვარიანტს, მიმართვას „თავის დასადებისადმი“, რომელიც მუმიის თავის ქვეშ თავსდებოდა და სხეული უნდა დაეცვა; მეექსე ნაწილში გარდაცვლილი ოსირისად არის გამოცხადებული, ქალღმერთი ნუტი კი მის, როგორც ოსირისის დედად.