ფულის თეორიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფულის თეორიები - (theofuli ries of money), მსოფლიო ეკონომიკურ ისტორიაში ძირითადად ცნობილია მეტალისტური, ნომინალისტური, რაოდენობრივი, კეინზიანური და მონეტარული თეორიები.

სარჩევი

მეტალისტური თეორია

(სტაფორდი, მენი, ნორსი, კნისი, ლასბურგი, ლექსისი და ა.შ.) ფულს აიგივებს კეთილშობილ ლითონებთან და მათ მიაწერს ფულის თვისებებს. მისმა მოდიფიცირებულმა ფორმამ, ნეომეტალიზმის სახით, XX საუკუნის 50–60-იან წლებში იჩინა თავი, როდესაც რიგი ეკონომისტებისა, როგორიც იყვნენ ჯ. რუეფი (საფრანგეთი), მ. ჰეილპერინი (აშშ) და სხვები გამოვიდნენ ოქროს სტანდარტის აღდგენის იდეით. ისინი, ძველი მეტალისტური თეორიისგან განსხვავებით, აღიარებდნენ ქაღალდის ფულისა და დაუხურდავებელი ბანკნოტების გამოყენების აუცილებლობას, მაგრამ მოითხოვდნენ ბანკნოტების ოქროზე თავისუფალ გადახურდავებას.

ნომინალისტური თეორია

რომლის ფუძემდებელი არიან ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ.ბერკლი და შოტლანდიელი ეკონომისტი ჯ. სტიუარტი, ფულს წმინდა საანგარიშო ერთეულად მიიჩნევს და მის ფუნქციებს მხოლოდ ქაღალდის ფულის ფუნქციებით ფარგლავს. გერმანელი ეკონომისტი გ. კნაპი თავის ნაშრომში - „ფულის სახელმწიფო თეორია“ (1905) - განავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ ქაღალდის ფულს არავითარი კავშირი არა აქვს ოქროსთან და იგი ფულის უმაღლესი ფორმაა. კნაპის იდეები შემდეგ განავითარეს ჯ. კეინზმა, პ. სამუელსონმა, ტ. კრამპმა, ჯ. ჰოუტრიმ და სხვებმა. ფულის რაოდენობრივი თეორია XVIII საუკუნეში წამოაყენეს ფრანგმა შ. მონტესკიემ და ინგლისელმა დ. იუმმა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში – დ. რიკარდომ. იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიაა, რომლის მიხედვით საქონლის ფასები და ფულის ღირებულება განისაზღვრება მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობით. ამასთან, საქონლის ფასები პირდაპირპროპორციულ, ხოლო ფულის ღირებულება უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ფულის რაოდენობასთან. დ. იუმის მტკიცებით, მიმოქცევაში ფულის რაოდენობის დაუსაბუთებელი მატება არ ნიშნავს ქვეყნის სიმდიდრის ზრდას, იგი ხელს უწყობს მხოლოდ საქონლის ფასების ზრდას. ფულის რაოდენობრივი თეორიის შემდგომი განვითარება ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის ირვინგ ფიშერის სახელთანაა დაკავშირებული. თავის ნაშრომში „ფულის მსყიდველობითი უნარი“ (1911) იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფულის ღირებულება მისი რაოდენობის უკუპროპორციულია, ხოლო საქონლის ფასები – მიმოქცევაში არსებული ფულის პირდაპირპროპორციული. ეკონომეტრიკული აპარატის გამოყენებით შექმნილი ფიშერის გაცვლის ფორმულა ასახავს ტოლობას საქონლის შესაძენად გადახდილი ფულის რაოდენობასა და გაყიდული საქონლის ფასების ჯამს შორის. ამრიგად, ფულის რაოდენობრივი თეორია ფულსა და საქონელს შორის კავშირს მიმოქცევის სფეროს პოზიციებიდან განიხილავს და უარყოფს წარმოების სფეროში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც ძირითადად შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებული პირობებით განსაზღვრავს. ამ თეორიის მომხრეა აგრეთვე კემბრიჯის სკოლის წარმომადგენელი ა. პიგუ.

კეინზიანური თეორია

ფულის ერთ-ერთი თეორია ჯონ მეინარდ კეინზის სახელთანაა დაკავშირებული და ფულის კეინზიანური თეორიის სახელწოდებითაა ცნობილი. კეინზის პირველი ნაშრომები ფულის პრობლემებს ეძღვნებოდა. 1913 წელს (ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ) მან გამოაქვეყნა წიგნი „თანამედროვე ინდოეთი და ფინანსები“, 1923 წელს – „ფულადი რეფორმა“ და „მოსაზრებები ფრანკის შესახებ“. 1930 წელს ჯ. მ. კეინზმა გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „ტრაქტატი ფულის შესახებ“, ხოლო 1936 წელს მსოფლიოში გახმაურებული წიგნი, XX საუკუნის ეკონომიკური მეცნიერების შედევრი – „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“. კეინზის მოძღვრება ფულის შესახებ ფულის რაოდენობრივი თეორიის მოდიფიცირებული ვარიანტია, რომლის მიხედვით, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა, განსხვავებული ფასებით, იყოფა ორ ნაკადად: სამომხმარებლო დოვლათისა და საინვესტიციო დოვლათის მოძრაობის მომსახურე ნაკადებად, რომელთა ფასების დონე ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული. კეინზის აზრით, სანამ არსებობს უმუშევრობა, დასაქმება იცვლება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ფულის რაოდენობა, ხოლო თუ სრულია დასაქმება, მაშინ ფასები იცვლება იმ პროპორციით, როგორითაც ფულის რაოდენობა.

კეინზი ფულს განიხილავდა როგორც ლიკვიდურ ქონებას. იგი სასესხო სარგებელსა და მის ნორმას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქვეყნის ეკონომიკაში. კეინზი სარგებლის ნორმას განიხილავდა როგორც ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს. ფულად-საკრედიტო რეგულირების თეორიაში კეინზი უმუშევრობის მიზეზებს ფულად-საკრედტო ფაქტორებს უკავშირებდა. მისი აზრით, არასრული დასაქმების მიზეზი არასაკმაო ეფექტიანი მოთხოვნაა, რაც ძირითადად განპირობებულია ინვესტიციების უკმარისობით. ამის მიზეზად კი კეინზი სარგებლის მაღალ ნორმას ასახელებდა და ინფლაციისა და სარგებლის განაკვეთის შემცირების მომხრე იყო. იგი ფულად-საკრედიტო სისტემას სახელმწიფო რეგულირების, ქვეყნის კრიზისისგან დაცვისა და მაკროეკონომიკური რეგულირების მნიშვნელოვან ბერკეტად განიხილავდა, მაგრამ წინა პლანზე საბიუჯეტო-საგადასახადო რეგულირებას აყენებდა.

მონეტარული თეორია

ჯ. მ. კეინზის თეორიის გამოძახილი და მისი ანტიპოდია მონეტარიზმი, რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში აშშ-ში. იგი იკვლევს ფულის მრავალწახნაგოვან ასპექტებს და მის გავლენას ეკონომიკაზე. მონეტარული სკოლის წარმომადგენლებმა დიდი წვლილი შეიტანეს კეინზიანური თეორიის დისკრედიტაციაში. თანამედროვე მონეტარული თეორია ძირითადად ეფუძნება „ჩიკაგოს სკოლის“ დამაარსებლის მილთონ ფრიდმენის გამოკვლევებს. კეინზისაგან განსხვავებით, იგი იცავს დებულებას ეკონომიკური სისტემის თვითრეგულირების შესახებ, ხოლო ეკონომიკის არასტაბილურობას არამყარი ფულადი სისტემით ხსნის. მონეტარისტებისთვის ეკონომიკა, პირველ ყოვლისა, ბაზარია, რომელზედაც ზემოქმედება შესაძლებელია უპირატესად ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით. მონეტარიზმი ეკონომიკაში მთავარ როლს ფულს ანიჭებს, ხოლო მაკროეკონომიკური წონასწორობის მთავარ პირობად მიმოქცევაში ფულადი მასის მყარ ზრდას მიიჩნევს, წლიური 3–5%-ის ფარგლებში.

რაოდენობრივი თეორია

მ. ფრიდმენმა, ი. ფიშერის თეორიაზე დაყრდნობით, სიახლე შეიტანა ფულის რაოდენობრივ თეორიაში. მან ნაშრომებში – „ფულის რაოდენობრივი თეორია“. „ახალი ფორმულირება“, „ფულის მიმოქცევის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1867–1960 წლებში“ (ა. შვარცთან ერთად) დაასაბუთა ფულის ახალი როლი თანამედროვე ეკონომიკაში და ფულად-საკრედიტო რეგულირების პრიორიტეტი ეკონომიკის სტაბილიზაციაში: ნაშრომში – „ფულადი ანალიზის თეორიული ჩარჩოები“ (1971) ფრიდმენი შეეცადა მოეძებნა კავშირი ფულადი მასის დინამიკასა და ეკონომიკის მერყეობას შორის. იგი უდიდეს როლს ანიჭებდა ფულად მასას ფასების დონის განსაზღვრაში. ფრიდმენის აზრით, ფულადი ფაქტორი გადამწყვეტ გავლენას ახდენს ეკონომიკის ციკლურ ხასიათზე, ამასთან, ფულის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს წარმოებისა და დასაქმების რეალურ მოცულობაში მოკლევადიანი ცვლილებები, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ფულის მიწოდების ცვლილება გავლენას ახდენს ფასების დონეზე. მონეტარული თეორიის თანახმად, ფულის მიწოდების სტაბილური გადიდება მთელ ეკონომიკას დააყენებს აღმავლობის რელსებზე, ეკონომიკურ სისტემას კი საშუალებას მისცემს გამოავლინოს თავისი ბუნებრივი დინამიზმი. თუ ეკონომიკა დაღმა წავა, შენიშნავს ფრიდმენი, მაშინ ფულის მიწოდების მუდმივი მატება მოხმარდება საბანკო რეზერვების გადიდებას, ხელს შეუწყობს იმას, რომ ბანკებმა გასცენ სესხები და, ამდენად, ეკონომიკა გამოიყვანონ კრიზისიდან. თუ ქვეყანაში წარმოიქმნება ინფლაციის მოულოდნელი პიკი, მაშინ ფულის მიწოდების მატების უცვლელი კოეფიციენტი თავისებური ლაგამი იქნება ინფლაციის შესაჩერებლად. მ. ფრიდმენის ამ დებულების და, საერთოდ, მიწოდების თეორიის მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავენ რ. ჰაილბრონერი და ლ. თაროუ. მათი აზრით, ფრიდმენის ეს ვარაუდი ფატალურია.

მეტალისტური თეორია

ფულის ესა თუ ის თეორია სხვადასხვა ეპოქასა და დროში აისახა სახელმწიფოების მიერ დადგენილ ქვეყნის ფულად სისტემა სისტემასა და შესაბამის პოლიტიკაში. მაგალითად, მეტალისტურმა თეორიამ პრაქტიკული ასახვა პოვა ღირებულების ფორმების განვითარების უმაღლეს საფეხურზე, როდესაც აღმოცენდა მისი ფულადი ფორმა - ერთიანი საყოველთაო ეკვივალენტი და ეს როლი კეთილშობილმა ლითონებმა - ვერცხლმა და ოქრომ დაისაკუთრა. ეს იყო ბიმეტალიზმის ეპოქა. იგი გავრცელდა XVI-XVIII საუკუნეებში და არსებობდა XIX საუკუნეშიც კი. ამ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა თანდათან დაიწყეს ოქროს ვალუტაზე გადასვლა, რის გამოც ბიმეტალური ფულადი სისტემა მონომეტალურით შეიცვალა. მაგალითად, აშშ-ში ეს მოხდა 1832 წელს, იაპონიაში - 1897 წელს, გერმანიაში - 1875 წელს, რუსეთში - 1898 წელს, საფრანგეთში - 1878 წელს, ავსტრია-უნგრეთში - 1892 წელს, ბელგიასა და შვეიცარიაში ეს პროცესი განხორციელდა ფაქტობრივად XX საუკუნის დასაწყისში. რაც შეეხება ინგლისს, იქ ეს მოხდა შედარებით ადრე, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს.

ნეომეტალისტური თეორია

უკავშირდება მსოფლიო სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელმაც თავის განვითარებაში ოთხი ეტაპი განვლო. I ეტაპზე, რომელიც იწყება XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან და გრძელდება პირველ მსოფლიო ომამდე, არსებობდა ოქრომონეტური სტანდარტი, რომელიც გულისხმობდა არა მხოლოდ ოქროს ონეტების მოჭრას, არამედ მათზე ღირებულების ნიშნების თავისუფალ გადახურდავებასაც. ოქროს სტანდარტის მეორე ფორმაც – ოქროზოდური სტანდარტისთვისაც, რომელიც მოქმედებდა I მსოფლიო ომიდან 30-იან წლებამდე (მსოფლიო სავალუტო სისტემის II ეტაპი), დამახასიათებელი იყო ღირებულების ნიშნების გადახურდავება ოქროს ზოდებზე. ზოგიერთ ქვეყანაში (მეტწილად კოლონიურ ქვეყნებში), ოქროს ფონდის სიმცირის გამო, შემოიღეს ოქროდევიზური სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებდა ბანკნოტების უცხოურ ვალუტაზე გადახურდავებას. „დიდი დეპრესიის“ წლებმა დიდი დარტყმა მიაყენა ოქროს სტანდარტს და საბოლოოდ დაუსვა წერტილი მის არსებობას. მსოფლიო სავალუტო სისტემის III ეტაპზე ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებამ განაპირობა სავალუტო სტანდარტის შექმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სხვადასხვა ქვეყნის სავალუტო კავშირების სახელმწიფოთაშორის რეგულირებას. სავალუტო რეზერვს ოქროსთან ერთად წამყვანი ვალუტებიც შეადგენდა. მსოფლიო სავალუტო მექანიზმის განმსაზღვრელი ძირითადად ამერიკული დოლარი გახდა. ნომინალისტური თეორიის ძირითადი პოსტულატების პრაქტიკული რეალიზაცია უკავშირდება მსოფლიო სავალუტო სისტემის განვითარებაში IV ეტაპის დაწყებას, როდესაც CCA-ის გადაწყვეტილებით (1976) გაუქმდა ოქროს პარიტეტი (1978). იამაიკის სავალუტო სისტემის ჩამოყალიბებით მოხდა ოქროს საბოლოო დემონეტიზაცია და იგი გამოვიდა საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროდან. ოქროსავალუტო სტანდარტიდოლარის სტანდარტით (SDR) შეიცვალა. მთავარი ვალუტის სტატუსი ამერიკულ დოლარს მიენიჭა. ეს ძირითადად განაპირობა აშშ-ის უდიდესმა ეკონომიკურმა პოტენციალმა და მსოფლიოში მისმა ყველაზე დიდმა ოქროს მარაგმა, რომელიც მსოფლიო მარაგის (35,8 ათასი ტონა) თითქმის მეოთხედია და 8,14 ათას ტონას შეადგენს. ფულის რაოდენობრივი თეორია ნეოკლასიკური თეორიის საფუძვლადაა აღიარებული, იმ თეორიისა, რომელსაც ნეოკეინზიანური თეორიის შემდეგ წამყვანი როლი ეჭირა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში.

ფულის კეინზიანურმა თეორიამ ეკონომიკური ზრდის კეინზიანურ მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და სათანადოდ აისახა „კეინზიანურ რევოლუციაში“. ფულის მონეტარულმა თეორიამ, უკანასკნელ პერიოდში, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყებამდე გადამწყვეტი როლი შეასრულა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში. მაკროეკონომიკურ რეგულირებაში მონეტარულ თეორიაზე დაფუძნებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას „პირველი ვიოლინოს“ ფუნქციები ჰქონდა დაკისრებული, თუმცა, 2008 წელს დაწყებულმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის გადასინჯვა მოითხოვა და კეინზის „რეაბილიტაციის“ კონტურები გამოსახა.

მილთონ ფრიდმენმა შეცვალა ჯონ მეინარდ კეინზის ფილოსოფია, ამ უკანასკნელმა კი ადამ სმითის ფილოსოფია. დღეს მსოფლიო, ახალი გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, მილთონ ფრიდმენის ფილოსოფიის შეცვლის მოლოდინშია, რომლის კონტურებიც უკვე გამოიკვეთა და ამ ცვლილების გარეშე გართულდება მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევა, რომელმაც სათავე სწორედ მ. ფრიდმენის სამშობლოში - აშშ-ში აიღო.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები