ქართული ესტრადა
ქართული ესტრადა – ქართული საესტრადო ხელოვნება სათავეს იღებს ხალხურ თამაშობებში („ბერიკაობა“, „ყეენობა“ და სხვ. ). რაჭველი მესტვირეების, სასახლის კარისა თუ სოფელ-ქალაქების ხუმართა გამოსვლებში, აგრეთვე კაფია-გაშაირებებში, რომელიც გავრცელებულია დღემდე, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში. ერეკლე II-ის დროინდელ ქართულ სახიობაში მაჩაბელა, საიათნოვა, შანშიაშვილი საკუთარ სიმღერებს ასრულებდნენ. სკეტჩებით, ვოდევილებით, სახუმარო ცეკვებითა და სიმღერებით ქართულ სცენას ამშვენებდნენ მ. საფაროვა-აბაშიძისა, ნ. გაბუნია, ვ. მესხიშვილი, კ. მესხი, კ. ყიფიანი და სხვ.
პროფესიულ ქართული საესტრადო ხელოვნების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ვ. აბაშიძეს, მან პირველმა შემოიტანა სცენაზე საჭირბოროტო სატირული ჟანრი. ესტრადაზე გამოდიოდნენ სახელმოხვეჭილი მომღერლები: ვ. სარაჯიშვილი, ს. ინაშვილი, ნ. ქუმსიაშვილი, დ. ბადრიძე და სხვ. დიდი წარმატება ჰქონდათ მოსკოვში მოღვაწე ქართულ მომღერლებს თ. წერეთელსა და ქ. ჯაფარიძეს.
1950–იან წლებში დაიწყო ქართული ესტრადის ახალი აღმავლობის ხანა, იგი გამდიდრდა ხალხური თვითმოქმედების ძალებით. თვითმოქმედებიდან მოვიდნენ ძველებური სიმღერების უბადლო შემსრულემლები: დები იშხნელები, აგრეთვე მ. შილდელი, ლ. გეგელია, მ. გოძიაშვილი; საესტრადო ორკესტრების – „რეროს“ (1957), „ორერას“ (1961), „დიელოს” (1962), „ივერიის“ (1967) შემსრულებელთა დიდი ნაწილი. პოპულარობა მოიხვეჭეს საესტრადო სიმღერების შემსრულებლებმა ნ. ბრეგვაძემ, გ. დოლიძემ, ვ. კიკაბიძემ, მ. ძიძიგურმა, ე. კაკულიამ, თ. წიკლაურმა, გ. ჩოხელმა, ნ. აბესაძემ, ს. კოროშინაძემ, თ. გვერდწითელმა, ა. ჯოხაძემ, თ. ჭოხონელიძემ, მ. სეფაშვილმა, ე. მამალაძემ, ნ. მეტონიძემ, თ. თათარაშვილმა, დ. გომართელმა, ლ. ბაგრატიონმა, ლ. წურწუმიამ, ს. ბედიამ, ბ. ბედიამ, ს. პავლიაშვილმა, ს. ხალვაშმა, ს. ნიჟარაძემ, მ. ჯაბუამ, ი. სოხაძემ, მ. თოდაძემ და სხვ.
მუსიკალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ კომპოზიტორები: გ. ცაბაძე, ნ. ვაწაძე, ს. მირიანაშვილი, შ. მილორავა, დ. თორაძე, ა. კერესელიძე, ა. ბასილაია და სხვ. ამჟამად: გ. ყანჩელი, ვ. აზარაშვილი, ზ. მჟავია, რ. სებისკვერაძე, მ. კვალიაშვილი, ნ. დუღაშვილი, ვ. დურგლიშვილი, ჯ. სეფიაშვილი და სხვ.