ჰიერაკონპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიერაკონპოლისიქალაქი მესამე ზემოეგვიპტურ ნომში. ითვლება წინადინასტიური სამხრეთ ეგვიპტური სამეფოს დედაქალაქად. ცნობილია, როგორც „ეგვიპტური სახელმწიფოს აკვანი“.

ჰიერაკონპოლისის მნიშვნელობაზე მეტყველებს უკვე ის ფართობი, რომელიც მას ეკავა, და მდიდრული სამარხების რიცხვი. თანამედროვე არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, სწორედ ჰიერაკონპოლისის მეფეებმა მოახდინეს ეგვიპტის გაერთიანება და ერთიანი ეგვიპტური სახელმწიფოს შექმნა. სავარაუდოდ, აქვე მოხდა სამეფო ძალაუფლების დაკავშირება ხორთან, რადგან ჰიერაკონპოლისში აღმოჩენილ ცნობილ ნარმერის პალეტზე, რომელზეც აღბეჭდილია ჩრდილოეთზე გამარჯვება, ფარაონი გამოსახულია როგორც ზემო, ასევე ქვემო ეგვიპტის გვირგვინებით და მის პირისპირ ხორის ფიგურაა მოთავსებული. ესაა ფარაონის და ხორის კავშირის აღმნიშვნელი დღეისათვის ცნობილი უძველესი გამოსახულება. თვითონ ნარმერი სავარაუდოდ ნულოვანი დინასტიის უკანასკნელი ან პირველი დინასტიის პირველი ფარაონი იყო.

ჰიერაკონპოლისი მდებარეობს ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, ედფუდან 17 კმ. ჩრდილო-დასავლეთით, თანამედროვე სოფელ კომ ელ-გემუიასთან. თვითონ ნაქალაქარის თანამედროვე სახელია კომ ელ-აჰმარი. ჰიერაკონპოლისის და მისი შემოგარენის ფართობი 144 კვ. კმ.-ს მოიცავს. ესაა ქალაქის ტერიტორია გალავნის შიგნით, დიდი ტაძრით, და ორი დასახლება გალავანს გარეთ, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით; სასაფლაოები და სამარხები უკვე უდაბნოში, ნაყოფიერი მიწის მიღმა მდებარეობს. აქვე, უდაბნოში, დღემდეა შემორჩენილი 3705 კვ. მ.-ის ფორტის ტიპის ნაგებობის ნანგრევები, რომელიც ხასეხემუის (II დინასტია) მეფობით არის დათარიღებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაქადა II-ის პერიოდის მდიდრული სამარხი, ასევე დიდი, ოვალური ზომის ეზო, რომელიც შესაძლოა უძველეს სატაძრო კომპლექსს ეკუთვნოდა. ნაქადა III-ის პერიოდით დათარიღებულია გრანდიოზული სამარხები, რომლებიც უშუალოდ წინადინასტიური პერიოდის ჰიერაკონპოლისის მმართველებს ეკუთვნოდა.

დინასტიური პერიოდის დასასრულისათვის ჰიერაკონპოლისი კლებულობს ზომაში. ფართოდ გაშლილი სოფლის ტიპის დასახლებიდან ის აგურით ნაშენებ და უფრო მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად იქცა. ჰიერაკონპოლისში აღმოჩენილია აგურის კედელი მონუმენტური ჭიშკრით, სავარაუდოდ სასახლის ნანგრევები, (წარმოადგენს ჩვენამდე მოღწეული ადრეული სასახლის ერთადერთ ნიმუშს), ასევე უძველესი ტაძრის ფუნდამენტი. ქალაქი ვითარდებოდა ადრედინასტიური და ძველი სამეფოს პერიოდების დროს, როცა აიგო 320 კვ. მ.-ის გალავანი. ახალი სამეფოს შემდეგ ქალაქი თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას, როგორც ურბანული ცენტრი, და მის ადგილს ახლომდებარე ედფუ იკავებს, მაგრამ ნეხენის ხორის ტაძარი ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, როგორც ხორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახის (ნეხენის ხორის) ტაძარი, და მისი რეკონსტრუქცია მოხდა როგორც შუა, ისე ახალი სამეფოების დროს.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები