ფარაონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:23, 7 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარაონი რამზეს III

ფარაონი – ოფიციალური დოქტრინის თანახმად, ეგვიპტის ფარაონი ღვთაებად იყო შერაცხული. ეს შეხედულება ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეგვიპტეში ჩამოყალიბდა, რადგან უკვე გვიან წინადინასტიური და პირველი დინასტიური ფარაონები წარმოდგენილები არიან, როგორც ღვთაების ინკარნაცია მიწაზე.

ფარაონის ღვთაებრიობა დაკავშირებული იყო არა მის პერსონასთან, არამედ ძალაუფლებასთან. ტახტის მემკვიდრის გაღმერთება მისი წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ ხდებოდა, როცა, ეგვიპტელთა რწმენით, ღვთაების ფლუიდური არსება გარდაცვლილი ფარაონის ხორციელ სხეულს ტოვებდა და ახალი ფარაონის სხეულში იდებდა ბინას. ფარაონი ითვლებოდა ხორის მოვლინებად მიწაზე, ამიტომ ფარაონის ტიტულატურა ყოველთვის ხორის სახელით იწყებოდა, რასაც მოგვიანებით „ოქროს ხორის“ სახელიც დაემატა.

ფარაონში ინკორპორირებული იყო ასევე ეგვიპტე, რადგან ის იყო „ორივე ქალღმერთი“ (ნეხბეტი და ეჯო), რომლებიც ორი (ჩრდილოეთი და სამხრეთი) ეგვიპტის და იმავდროულად სამეფო გვირგვინების პერსონიფიკაციას წარმოადგენდნენ. მზის რელიგიის აღზევებამდე (IV-V დინასტიების მიჯნა) ფარაონი, როგორც ხორი, ეგვიპტის უზენაესი ღვთაება იყო. რას აღზევების შემდეგ ფარაონი „ხორი, რას შვილი“ ხდება. ამ ტრანსფორმაციას ორი მხარე ჰქონდა: როგორც „რას შვილი“, იგი იყო „მსგავსი იმის, ვინც ჩასახა“, და მისი სხეული „რას სხეული იყო“, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ხდება ღმერთების „მეორე თაობა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის ზემოთ უზენაესი ღვთაება, მისი მამა და შემოქმედი იდგა. ფარაონის, როგორც რას შვილის წარმოსახვამ ახალი სამეფოს დროიდან მითის სახე მიიღო. ხატშეპსუტის და ამონხეტეპ III-ს დაბადების აღწერიდან ჩანს, რომ დიდი ამონი (ამონ-რა) ფარაონის მამის სახეს იღებდა და ამგვარად ჩაუსახავდა მთავარ დედოფალს მომავალ ფარაონს. ფარაონის სახის ტრანსფორმაციაში ჩანს ეგვიპტის დინამიურობაც და სტატიურობაც.

ფარაონი იყო და დარჩა ღვთაებად ეგვიპტის ისტორიის ბოლომდე. მაგრამ თანდათან, ისტორიული ვითარების მოთხოვნების შესაბამისად, ხდება მისი თანდათანობით დაახლოება ადამიანთან, განსხვავებით ძველი სამეფოს თითქმის მითიური ფარაონებისაგან, რომელთათვისაც უცხო იყო ყოველგვარი ადამიანური ემოცია ან ქმედება. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ძველი სამეფოს ფარაონებზე, და ამ პერიოდის ისტორიის რეკონსტრუქცია ძირითადად კერძო პირების წარწერებიდან არის შესაძლებელი. ის, როგორც უზენაესი ღვთაება, ვერასოდეს ჩაატარებდა მრავალ ლაშქრობას თავის ჯართან ერთად, როგორც, მაგ. თოტმეს III ან რამსეს II. ფარაონის სახის ამგვარი ტრანსფორმაციით ეგვიპტემ ნებსით თუ უნებლიეთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო ცვლილება განიცადა – მისი მეფე იყო უზენაესი ღვთაება, როცა ქვეყანა ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებოდა, რამაც უდიდესი როლი ითამაშა გეოგრაფიულად დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანებაში, მაგრამ უკვე შედუღაბებულმა ეგვიპტურმა სახელმწიფომ მიიღო უფრო „გაადამიანებული“, ძლიერი ფარაონის ინსტიტუტი, რომელსაც ეგვიპტის ასეთ სიცოცხლისუნარიანობაში უდიდესი როლი მიუძღვის. ფარაონი არა მარტო წერა-კითხვის მცოდნე, განათლებულიც უნდა ყოფილიყო. „მეფის შვილების მასწავლებელი“ უკვე ძველი სამეფოს დროს არის დაფიქსირებული. ტახტის მემკვიდრე სწავლობდა სხვა მეფის შვილებთან და დიდგვაროვანთა შვილებთან, თავის მომავალ მოხელეებთან ერთად, რადგან ითვლებოდა, რომ ერთად გატარებული სწავლის წლების დროს ის უკეთ გაიცნობდა მათ. სამეფო კარის მასწავლებლად ძალიან გამოცდილ მოხელეს ირჩევდნენ. ძველი, უკვე კლასიკურად აღიარებული ნაწერების კითხვა განათლების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ბრძენი ნეფერტის „წინასწარმეტყველებიდან“ ვიგებთ, რომ ეს ნაწარმოები თავად ფარაონმა სნოფრუმ ჩაიწერა თავისი ხელით. რამსეს IV-ის წარწერები გვამცნობს, რომ ის კითხულობდა პაპირუსებს, რომლებიც მასთან სატაძრო ბიბლიოთეკებიდან მოჰქონდათ. მსგავსი მაგალითები მრავლად არის გაბნეული ეგვიპტურ ტექსტებში. გადამწერის მელანი და კალმები აღმოჩენილია ტუტანხამონის სამარხშიც. დიდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ახალი სამეფოდან, ენიჭებოდა ასევე ფარაონის ათლეტურ წვრთნას, განსაკუთრებით ცურვაში, მშვილდოსნობაში და ჯირითში. ახალი სამეფოს ფარაონები გვიყვებიან თავიანთ ტექსტებში, თუ როგორ ჯირითობდნენ უდაბნოში, როგორ შეეძლოთ, მოეწიათ მშვილდი, რომელსაც ვერ ერეოდა ვერავინ მათ საკუთარ ჯარში და ვერცერთი უცხოელი მეფე. ითვლება, რომ ეს ყველაფერი თვალნათლივ წარმოგვიდგენს ცვლადს და უცვლადს ეგვიპტის სამეფო ინსტიტუტში. ახალგაზრდა, უდაბნოში სიამოვნებისათვის მოჯირითე ღონიერი მეფეები საოცარ კონტრასტს ქმნიან ძველი სამეფოს ფარაონებთან შედარებით, რომლებიც, ადამიანებისაგან დაშორებულნი, ისხდნენ თავიანთ სასახლეებში და მათთვის უცხო იყო ყოველგვარი ადამიანური დროსტარება. იმავდროულად, ამ ახალ თვისებაშიც ფარაონი კვლავ ზეადამიანური თვისებებით დაჯილდოებულ ღვთაებად არის წარმოდგენილი.

მიუხედავად ღვთაებრივი არსებისა, ფარაონი იყო ასევე მთავარი ქურუმი, და ამდენად, ადამიანების წარმომადგენელი ღმართების წინაშე. მრავალი ეგვიპტური ტაძრის კედელზე ფარაონები ლოცულობენ უამრავ ღმერთზე. რადგან არ შეეძლო ყველა ტაძარში ყოფნა, ის თავის მოვალეობას სხვა ადამიანებსაც უნაწილებდა. არც ერთი საკულტო ნაგებობა არ შეიძლებოდა აგებულიყო კერძო პირის მიერ, ესეც ფარაონის პრეროგატივა იყო. ბერძნულ და რომაულ პერიოდებშიც კი ყველაფერი ფარაონის სახელით შენდებოდა. ეგვიპტის მეფობის ინსტიტუტმა 3500 წელზე მეტ დროს იარსება. მას განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა უცხოელებისათვისაც, რადგან ჰიკსოსებიდან მოყოლებული, მან მრავალ უცხოელ დამპყრობელს გაუძლო. ეგვიპტეში ფარაონები ხდებოდნენ არა მარტო სპარსელები, არამედ პტოლემაიოსები და რომის იმპერატორები, რომლებსაც ეგვიპტეში ეგვიპტელი ფარაონის სამოსიც კი ეცვათ და მისი გვირგვინები ჰქონდათ დადგმული. „ეს ინსტიტუტი მოშალა მხოლოდ ქრისტიანობამ, როცა ადამიანმა ერთი ღმერთის შვილის ნაცვლად მეორე ღმერთის შვილი იწამა, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე მეფე“.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები