სპარსელები ძველ ეგვიპტეში
სპარსელები ძველ ეგვიპტეში – ჩვ.წ.-მდე 525 წ. ეგვიპტე აქემენიდების სპარსეთის სატრაპია გახდა. საერთაშორისო თვალსაზრისით, ეგვიპტე სპარსელებთან პირისპირ სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა. ის მიატოვა ყველა მოკავშირემ, მათ შორის ბერძნებმა, ეგვიპტეში კი სპარსელებს შეეგება ებრაელთა კოლონია ელეფანტინაზე სპარსელებს საკმაოდ ძლიერი მოკავშირე ჰყავდათ ეგვიპტის ტრადიციული მოწინააღმდეგის, ბედუინების სახით, რომლებსაც ეგვიპტელები უძველესი დროიდან მოიხსენიებდნენ, როგორც „მათ, ვინც ქვიშაზეა“. ახლა სწორედ ისინი შემოუძღვნენ სპარსეთის ჯარს.
სარჩევი |
კამბიზ II
ეგვიპტეში კამბიზ II-ს შეეგება ასევე არისტოკრატიის გარკვეული ნაწილი, რაც ეგვიპტის გვიანი პერიოდის ისტორიის განსაკუთრებულ თემას წარმოადგენს. ეგვიპტის არისტოკრატიული და ინტელექტუალური ელიტა იმდენად დაინტერესებული იყო ქვეყნის ერთიანობაში, მართვის უწყვეტობის და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებაში, რომ ისინი მზად იყვნენ, მშვიდობიანად დახვედროდნენ უცხოელებს და ისინი ეგვიპტის კულტურული და პოლიტიკური ტრადიციებისათვის ეზიარებინათ.
ასეთივე ვითარება იყო ორი საუკუნით გვიან, როცა ეგვიპტე, ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ, კვლავ დაიპყრო დარიუს III-მ, და უფრო გვიან, ალექსანდრე დიდის და პტოლემაიოსების დროს. ამიტომ სპარსელების დამკვიდრება ეგვიპტეში გაცილებით უფრო მშვიდობიანი იყო, ვიდრე ამას შემდგომი პერიოდის ტექსტები აღწერს (ბერძენი ავტორების თანახმად, კამბიზმა მოკლა აპისის საკრალური ხარი, ებრაული წყაროები კი ეგვიპტური ქალაქების დარბევაზე და ტაძრების დანგრევაზე მოგვითხრობენ). ეგვიპტის ქალაქების ბარბაროსულ დარბევას არ ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. აპისის ხარი, რომლის მოკვლაც კამბიზს მიეწერება, მშვიდობიანად გარდაიცვალა და სათანადო პატივისცემით დაიკრძალა მისი მეფობის მეხუთე წელს, რასაც ადასტურებს ხარის სარკოფაგი, რომელზეც კამბიზის მეფობის მეხუთე წელია დაფიქსირებული.
კამბიზის მრჩეველი ეგვიპტეში გახდა ინტელექტუალთა წრის წარმომადგენელი უჯახორესნეტი. ის იყო კამბიზის პირადი ექიმი, რომელიც მუდმივად თან ახლდა სპარსელს. უჯაჰორესნეტს ეკუთვნის კამბიზის, როგორც ეგვიპტის ფარაონის, ტიტულატურის რედაქტირება. მანვე გააცნო კამბიზს ეგვიპტური რიტუალები, რომლებიც ეგვიპტის მეომარ ქალღმერთთან, ნეიტთან იყო დაკავშირებული. უჯაჰორესნეტი გვამცნობს ასევე, რომ „ფარაონმა“ კამბიზმა გაარესტავრირა ეგვიპტური ღმერთების ტაძრები. ასეთმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი გამოიღო.
სპარსელებს არ უცდიათ ეგვიპტეზე თავიანთი მმართველობის სტილის მოხვევა. ყველა მმართველი კამბიზ II-ის მსგავსად, იღებდა ეგვიპტის ფარაონის სრულ ტიტულატურას, და ოფიციალურად ეგვიპტელი „წინამორბედების“ საქმეს აგრძელებდა. კამბიზის მცდელობა, დაეპყრო ნუბია, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მან მოახერხა ძალაუფლების გავრცელება ქვედა ნუბიაზე. სრული კატასტროფით დამთავრდა კამბიზის ექსპედიცია სივაში. გადმოცემით, კამბიზმა უდაბნოში მთელი ჯარი დატოვა. შესაძლოა, მას უნდოდა, მიეღო სივას ამონის ორაკულის დადასტურება მის ეგვიპტეში გამეფებაზე – მიზანი, რომელსაც მომავალში წარმატებით მიაღწია ალექსანდრე დიდმა. ხარკში, რომელიც ეგვიპტეს უნდა ეხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ხორბალი. ასევე, ეგვიპტეს უნდა მიეწოდებინა გემები სპარსელთა ფლოტისათვის და ჯარისკაცები სპარსული არმიისათვის. კირენე თავიდან დამოუკიდებელ პროვინციად რჩებოდა, რომელსაც სპარსელები „პუტაიად“ მოიხსენიებდნენ, მოგვიანებით დარიუსმა ისიც ეგვიპტის სატრაპიასთან გააერთიანა. კირენელებიც იხდიდნენ ხარკს და ვალდებული იყვნენ, მიეწოდებინათ ჯარისკაცები, მაგრამ აქ სპარსული მმართველობა განსაკუთრებით სუსტი იყო.
ქვედა ნუბია ცალკე პროვინციას წარმოადგენდა, და მას სპარსელები „კუშიად“ მოიხსენიებდნენ. მასაც უნდა გაეგზავნა სპარსულ ჯარში ჯარისკაცები. ამას გარდა, ნუბიას უნდა ეხადა ხარკი ოქროს, სპილოს ძვლის, ებენის ხის და მონების სახით. მიუხედავად ხარკისა, ეგვიპტის მდგომარეობა სავარაუდოდ არ იყო მძიმე, რადგან სპარსელებმა მოახერხეს საისური პერიოდის კეთილდღეობის შენარჩუნება. მართალია, არქეოლოგიური მონაცემებით, საბერძნეთთან ვაჭრობა დაპყრობის შემდეგ შეწყდა, მაგრამ ის ისევ განახლდა ჩვ.წ.-მდე 525 წლიდან. მეორე მხრივ, სპარსელებმა გაააქტიურეს ეგვიპტის კონტაქტები სხვა ქვეყნებთან, რაც ნეხო II-ის მიერ ნილოსსა და წითელ ზღვას შორის გათხრილი არხის განახლებაშიც გამოიხატა.
სავარაუდოდ, სპარსელები დაინტერესებული იყვნენ თავიანთ პროვინციებს შორის კომუნიკაციის გაადვილებასა და გააქტიურებაში, რომელთაგან ეგვიპტე ყველაზე დაშორებული გახდა. 522 წ. კამბიზი იძულებული იყო, დაეტოვებინა ეგვიპტე გაუტამას აჯანყების გამო, რომელიც ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას. მან ეგვიპტეში დატოვა სატრაპი არიანდესი, რომელიც თავის მეფეზე უფრო საკუთარ თავზე ზრუნავდა. მან დაიწყო მონეტების მოჭრა საკუთარი გამოსახულებით და შეეცადა, დაეპყრო კირენე, როცა ლიბიელები დორიელი მმართველების წინააღმდეგ აჯანყდნენ.
დარიუს I
დარიუს I, კამბიზ II-ის მემკვიდრე, ტახტზე ასვლისთანავე გამოეშურა ეგვიპტისაკენ. მან სიკვდილით დასაჯა არიანდესი, და ის ფერენდატესით შეცვალა. დარიუსმა გაწმინდა ნეხო II-ის მიერ გაჭრილი არხი ნილოსის დელტის პელუზიურ ტოტს და წითელ ზღვას შორის, რაც დააჩქარებდა სავაჭრო ტრანსპორტის მოძრაობას და კიდევ უფრო აამაღლებდა მის ეკონომიკურ მოგებას ეგვიპტეში, რომელიც ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო მის სატრაპიებს შორის.
უჯაჰორესნეტი კამბიზმა თან წაიყვანა სუსაში. ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ ამ განსწავლულმა ეგვიპტელმა დაიწყო, როგორც თავად გვამცნობს, კამბიზის ბრძანებით, სიცოცხლის სახლების აღდგენა, რადგან „მისმა უდიდებულესობამ იცის, რა მნიშვნელოვანია ეს ყველასათვის, ვინც ავადაა, იმისათვის, რომ ღმერთების სახელები ცოცხლობდნენ მარად, და მათი დღესასწაულები ტარდებოდეს ისე, როგორც საჭიროა“. დარიუსმა აღუდგინა ყველა პრივილეგია სატაძრო კომპლექსებს, ბრძანა ტაძრის აშენება ჰიბისში, ხარგას ოაზისის დედაქალაქში, დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები ბუსირისში და ელ-ქაბში და გახსნა ვადი ჰამამატის სამტეხლოები.
დარიუსის ერთი ქანდაკება, შესრულებული ეგვიპტელი მოქანდაკის მიერ, სუსაშიც არის ნაპოვნი. მან დაიწყო ეგვიპტური სამართლებრივი სისტემის რეორგანიზაცია და მონეტების ბეჭდვა ეგვიპტეში. მომავალში დარიუსს იხსენებენ, როგორც უცხოელ მეფეს, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა თავისი ეგვიპტელი ქვეშევრდომების, და მისი მეფობის დროს ეგვიპტე, სავარაუდოდ, აყვავებული ქვეყანა იყო. მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა ეგვიპტის გარეთ. ჩვ.წ.-მდე 490 წ. ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები მარათონთან, და დარიუსი იძულებული გახდა, თავისი ყურადღება სხვა მიმართულებით გადაეტანა. ამის შემდეგ ის მალე გარდაიცვალა.
ქსერქსე
დარიუსის გარდაცვალების შემდეგ აჯანყდნენ დელტის ქალაქები. დარიუსის მემკვიდრემ, ქსერქსემ ჩაახშო აჯანყება და სატრაპად თავისი ვაჟიშვილი, აქემენესი დანიშნა. მან ისე მოუჭირა მარწუხები ქვეყანას, რომ პტოლემაიოსების პერიოდში ეგვიპტელები ქსერქსეს სახელს წერდნენ ყველაზე დამამცირებელი დეტერმინატივით, რომელსაც ჩვეულებრივ დაპყრობილი უცხოელი მტრების სახელების დაწერისას ხმარობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ქსერქსეს, განსხვავებით წინამორბედებისაგან, აღარ მიუღია ეგვიპტელი ფარაონის ტიტულატურა და მისი მომდევნო სპარსელი მეფეები აღარასოდეს ჩასულან ეგვიპტეში. მაგრამ სპარსელები კვლავ დამარცხდნენ ბერძნებთან სალამისთან, ქსერქსე კი მოკლული იქნა.
არტაქსერქსე I და ინაროსის აჯანყება
ქსერქსეს სიკვდილმმა კვლავ სტიმული მისცა ეგვიპტელების აჯანყებას ქსერქსეს მემკვიდრის, არტაქსერქსე I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ (ჩვ.წ.-მდე 465 წ.). აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ინაროსი, რომელმაც თავი ეგვიპტის ფარაონად გამოაცხადა. „ინაროსი“ ეგვიპტური სახელის, „იენჰეროს“ ბერძნული ვერსიაა, და რადგან ინაროსის მამის სახელი იყო ფსამტიხი, სავსებით შესაძლებელია, ის საისის მეფეების შთამომავალი ყოფილიყო. ასევე საისის მეფეების შთამომავალთან, უფლისწულ ამირტეოსთან ერთად, მან შეკრიბა დელტაში ნაციონალისტურად განწყობილი ჯარები და დაიძრა სპარსელების წინააღმდეგ. ეგვიპტელებმა მოახერხეს დელტის დაპყრობა მემფისამდე, მაგრამ მემფისი და მისი „თეთრი ფორტი“ სპარსელების ხელში დარჩა.
460 წ. კვიპროსს მიადგა ბერძნების ფლოტი ათენელების მეთაურობით. ინაროსმა მოახერხა ბერძნების დაყოლიება, ბერძნული ფლოტი შეცურდა ნილოსში, და ინაროსის ძალებთან ერთად მათ მოახერხეს მემფისის აღება და აქემენესის მოკვლა. სპარსელებმა თავი შეაფარეს თეთრ ფორტს, სადაც ხანგრძლივ ბლოკადას გაუძლეს.
456 წ. სპარსელებმა მოახერხეს ჯარის გაგზავნა ეგვიპტეში, რომელმაც დაამარცხა ინაროსის და ბერძნების ალიანსი, და დაიბრუნა მემფისი. ბერძნებმა კირენში გაქცევით უშველეს თავს, ინაროსი კი ჩაბარდა სპარსელებს სიცოცხლის შენარჩუნების პირობით. მიუხედავად ამისა, ის წაიყვანეს სუსაში, სადაც ხუთი წლის ტყვეობის შემდეგ ჯვარს აცვეს.
აქემენესი ახალმა სატრაპმა, არსამესმა შეცვალა. ამას დაემთხვა ბერძნების დაზავება სპარსელებთან. გარკვეული პერიოდის მანძილზე ეგვიპტეში მშვიდობამ დაისადგურა. ეს იყო დრო, როცა ეგვიპტეს ეწვია ჰეროდოტე. არსამესმა ნება დართო ინაროსის ვაჟიშვილებს, ყოფილიყვნენ მმართველები თავიანთ ნომებში და ყველანაირად ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ისეთი ზომები, რომლებსაც შეიძლებოდა უკმაყოფილება გამოეწვია. სპარსელი მოხელეებიც სულ უფრო ინტეგრირებულები ხდებოდნენ ეგვიპტეში, მათი სახელებიც კი უფრო „ეგვიპტურ“ სახეს იძენს.
დარიუს II და ამირტეოსის აჯანყება
ჩვ.წ.-მდე 424 წ., არტაქსერქსეს გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ადის დარიუს II. მან გააგრძელა თავისი სეხნიის, დარიუს I-ის მომრიგებლური პოლიტიკა ეგვიპტეში, რაც ასევე ტაძრების რესტავრაციაში და განსაკუთრებით ჰიბისის ტაძრის მშენებლობის გაგრძელებაში გამოიხატა, მაგრამ ელეფანტინაზე ებრაელთა კოლონიის მიერ სპარსელების ზედმეტად აქტიურმა მხარდაჭერამ გააღიზიანა ნაციონალისტურად განწყობილი ეგვიპტელები, და მათ დაანგრიეს ჰიბისის ტაძარი დარიუს II-ის მეფობის მეშვიდე წელს. იმავდროულად, დელტაში ისევ მწიფდებოდა აჯანყება, რომლის ცენტრი კვლავ საისი იყო. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ინაროსის მოკავშირის, ამირტეოსის შვილიშვილი, ისიც ამირტეოსი (ამიტომ მას ხანდახან ამირტეოს II-აც უწოდებენ). მას კვლავ დაუჭირეს მხარი ბერძნებმა, განსაკუთრებით სპარტელებმა.
ჩვ.წ.-მდე 404 წ. დარიუს II გარდაიცვალა, და ამირტეოსმა თავი ფარაონად გამოაცხადა. გასაოცრად მალე, სულ რაღაც ოთხ წელიწადში, ამირტეოსი აღიარა მთელმა ეგვიპტემ ასუანამდე, მათ შორის ებრაელთა კოლონიამ ელეფანტინაზე. არ არის შემორჩენილი ამირტეოსის არც ერთი წარწერა, და პრაქტიკულად არაფერია ცნობილი მისი მეფობის შესახებ, რომელიც 398 წ. დასრულდა, მაგრამ მანეთონთან ამირტეოსი XXVIII დინასტიის ერთადერთ ფარაონად არის დასახელებული. სავარაუდოდ, ამირტეოსის შედარებით ადვილი გამარჯვება გამოწვეული იყო შიდააშლილობით და სამოქალაქო ომით სპარსეთში, სადაც ტახტისათვის იბრძოდნენ დარიუს II-ის შვილები, არტაქსერქსე II და კიროს II.
ეგვიპტის დამოუკიდებლობის პერიოდი ჩვ.წ.-მდე 404 - ჩვ.წ.-მდე 343
ამირტეოსის მეფობით დაიწყო ეგვიპტის დამოუკიდებლობის უკანასკენელი და ძალიან ხანმოკლე პერიოდი, რომელმაც ჩვ.წ.-მდე 343 წლამდე გასტანა. ამირტეოსის შემდეგ მანეთონი იწყებს ახალ, XXIX დინასტიას, რომელმაც დაახლ. ოც წელიწადს გასტანა. მის პირველ ფარაონად დასახელებულია ნეფერიტოსი (ნეფერიტოს I). პრაქტიკულად არაფერია ცნობილი დინასტიური ცვლილების შესახებ. უცნობია ასევე თვითონ ნეფერიტოს I-ის წარმომავლობა. რადგან იყო მენდესელი, ვარაუდობენ, რომ იყო ლიბიური წარმოშობის. შემორჩენილია ერთადერთი დოკუმენტი, ე.წ. ბრუკლინის მუზეუმის არამეული პაპირუსი, რომლის თანახმად დინასტიურ ცვლილებას თან ახლდა ძალადობრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ტექსტში ასევე მოთხრობილია ბრძოლაზე ამირტეოსს და ნეფერიტოსს შორის, რომლის დროსაც ნეფერიტოსმა დაატყვევა ამირტეოსი და სიკვდილით დასაჯა მემფისში, რის შემდეგაც დედაქალაქად მშობლიური მენდესი გამოაცხადა. ეს მონაცემები ერთგვარად მტკიცდება არქეოლოგიური მასალით, რომელც მოიპოვა ბრუკლინის მუზეუმმა 1980-იან წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად. თუმცა ჯერჯერობით სამეფო ნეკროპოლისი მენდესში აღმოჩენილი არ არის, მოძიებულია ნეფერიტოსის მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ნაშთები. მანეთონის მიხედვით, ნეფერიტოსმა ექვს წელიწადს იმეფა, თუმცა დღეისათვის მოპოვებული მისი წარწერებიდან უგვიანესი მეფობის მეოთხე წლით არის დათარიღებული.
ნეფერიტოსის გარდაცვალების შემდეგ (ჩვ.წ.-მდე 393 წ.) მისი შვილის ნაცვლად ტახტზე ადის ახალი უზურპატორი, ფსენმუტი, რომელიც ერთ წელიწადში შეცვალა შემდეგმა უზურპატორმა, ჰაკორმა. ჰაკორმა კვიპროსზე გაუგზავნა ჯარი ბერძნებს, რომლებიც ასევე აჯანყებულები იყვნენ სპარსელების წინააღმდეგ, და ჩვ.წ.-მდე 385-383 წლებში მოიგერია სპარსელების შემოტევა ეგვიპტეზე. 380 წელს ჰაკორი შეცვალა შემდეგმა უზურპატორმა, ნეფერიტოს II-მ, რომელიც მოკლული იქნა გამეფებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ტახტზე ადის ნექტანებოს I სებენიტოსიდან, რომელიც ეგვიპტის უკანასკნელი (XXX) ეგვიპტური დინასტიის დამაარსებლად ითვლება.
არტაქსერქსე III
სპარსელების მიერ ეგვიპტის მეორე დაპყრობა დინასტიის მესამე და უკანასკნელი ფარაონის, ნექტანებოს II-ის დროს მოხდა. ჩვ.წ.-მდე 343 წ. არტაქსერქსე III თვითონ გაუძღვა ჯარს ეგვიპტისაკენ. ნექტანებოს II მას დახვდა ნილოსის პელუზიურ ტოტზე. მისი ჯარი 100 000 კაცისაგან შედგებოდა, რომელთაგან 40 000 დაქირავებული ბერძენი და ლიბიელი იყო. არტაქსერქსემ კარგად იცოდა ნექტანებოსის საფორტიფიკაციო ნაგებობების შიდა მოწყობილობა იმ ბერძენი ვეტერანების წყალობით, რომლებიც არტაქსერქსე II-ის მიერ განხორციელებული 350 წლის წარუმატებელი შემოტევის მონაწილეები იყვნენ.
ნექტანებოს I-ის დროს, ჩვ.წ.-მდე 373 წ. განხორციელებული შემოტევისაგან, როცა ეგვიპტელებს ნილოსის ადიდება დაეხმარა, უკეთ იყო შერჩეული წლის დროც. სპარსელებმა მალე აიღეს პელუზიუმი და შეიჭრნენ დელტაში. ნექტანებოსი იძულებული გახდა, დაეხია მემფისში. ეგვიპტურ ჯარში დაიწყო განხეთქილება ბერძნებს და ეგვიპტელებს შორის, რაც ასევე ძალიან დაეხმარა სპარსელებს. მათ დაიპყრეს ბუბასტისი, რის შემდეგაც ნექტანებოსი მიხვდა, რომ ომი წაგებულია, და სამხრეთში გაიქცა.
არტაქსერქსე III სასტიკი მეფე იყო, და მას უკიდურესად ნეგატიურ ფერებში აღწერენ ბერძენი ავტორებიც. ზედმეტ სახელად მას „ვირსაც“ ეძახდნენ. სპარსელების მიერ ეგვიპტის მეორე დაპყრობა ათ წელზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. განსხვავებით XXVII დინასტიის სპარსელი მეფეებისაგან, XXXI დინასტიის სპარსელებს არავითარი მცდელობა არ ჰქონიათ, ჩართულიყვნენ ეგვიპტის ცხოვრებაში და საკმაოდ სასტიკად ეპყრობოდნენ ქვეყანას. ითვლება, რომ ბაგოასი, რომელმაც მოწამლა არტაქსერქსე III და ტახტზე მისი შვილი, არსესი (ჩვ.წ.-მდე 338-336) აიყვანა, ეგვიპტელი იყო.
დარიუს III (კონდომანი)
აქემენიდების იმპერიის დარჩენილ ორ წელიწადს ეგვიპტის მეფე დარიუს III (კონდომანი) იყო. ამ ვითარებაში ალექსანდრე დიდმა თითქმის განმათავისუფლებელის როლი ითამაშა. ჩვ.წ.-მდე 334 წ. მან გადაკვეთა ჰელესპონტი, და იმავე წლის შემოდგომაზე დაამარცხა დარიუსი ისოსთან. 333 წ. გადაკვეთა ეგვიპტის საზღვარი პელუზიუმთან, სინაის ნახევარკუნძულზე და რამდენიმე დღის შემდეგ მიადგა მემფისს, სადაც სატრაპმა მასაკესმა მას ქვეყანა უბრძოლველად გადასცა. ალექსანდრე გახდა „ორი ქვეყნის“ მეფე, ცოტა ხნის შემდეგ კი, სივას ოაზისში, ამონის ორაკულმა მას დაუდასტურა, რომ ის ღმერთია და უფლება აქვს, მთელ სამყაროზე იმეფოს.