ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია - ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესია, შეიქმნა I ს. 40-იან წწ. აერთიანებდა ქ. ანტიოქიის (ახლანდ. ანტაკია, თურქეთის რესპუბლიკა) ელინიზებულ სირიულ და იუდეურ თემებს.

ქრისტეს მიმდევრებს პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები (საქმ. 11,26). იერუსალიმიდან აქ საქადაგებლად მოავლინეს ბარნაბა კაცი კეთილი „სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე“, რომლის ქადაგებით „მრავალი ხალხი შეემატა უფალს“ (საქართვ. 11,24). მოგვიანებით ანტიოქიაში ქადაგებდნენ მოციქულები პავლე და პეტრე. წმ. პეტრე 5-7 წლის განმავლობაში იყო ანტიოქიის ეპისკოპოსი (დაახლ. 45-53). შემდეგ ანტიოქიის ეპისკოპოსად წმ. მოციქულმა პეტრემ დააყენა წმ. ევოდი (სხვა ვერსიით – წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ანტიოქიის საეპისკოპოსო კათედრა ეჭირათ ცნობილ საეკლესიო მოღვაწეებსა და ღვთისმეტყველებს: წმ. თეოფილეს (176-188), წმ. სერაპიონს (190-211), წმ. ბაბილას (238-250), წმ. დიმიტრიანეს (დაახლ. 255-260), წმ. დომნოს (268-272), წმ. ევსტათის (324/25-330), წმ. მელეტის (358-381) და სხვ. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (451) ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მიიღო პატრიარქის ტიტული. პირველი პატრიარქი იყო წმ. ევსტათი.

ეფრემ მცირე თავის თხზულებაში „უწყება: მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენიების“, „ანტიოქიურ ქრონოგრაფზე“ დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ევსტათი ანტიოქიელი იყო ის მღვდელმთავარი, რომელმაც „დაამყარა ეკლესიამ იგი, მირიანის მიერ მცხეთას აღშენებული და უკურთხა მას კათალიკოსი მთავარეპისკოპოსი“. ევსტათის ქართლში მოსვლისა და მის მიერ ქართული ეკლესიის „დამყარების“ ფაქტს იზიარებს მრავალი ქართველი ისტორიკოსი. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიასთან საქართველოს ეკლესიის ურთიერთობასა და მასზე იერარქიულ დამოკიდებულებას აღნიშნავს ჯუანშერი თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა.“ ჯუანშერის მიხედვით, ქართველებს პირველი კათოლიკოსი პეტრე ვახტანგ გორგასლის თხოვნითა და კონსტანტინოპოლელი პატრიარქის შუამდგომლობით „უკურთხა“ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიასთან ქართლის ეკლესიის თავდაპირველ იერარქიულ კავშირზე მიუთითებს ანტიოქიის პატრიარქის ტიტულში მისი „ივერიის პატრიარქად“ მოხსენიება, რაც დღეს მხოლოდ ძველი, ისტორიული ტრადიციის შენარჩუნებასა და არარეალურ ვითარებას ასახავს.ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ანტიოქიის კულტურულ-რელიგიურ სივრცესთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მაჩვენებელია VI ს. შუა ხანებში ანტიოქიიდან ასურელი მამების მოსვლა და საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დაფუძნება-აყვავება. ანტიოქიაში შეიქმნა ცნობილი ანტიოქიური საღვთისმეტყველო სკოლა, რომლის წარმომადგენლები იყვნენ ლუკიანე, ევსტათი ანტიოქიელი, იოანე ოქროპირი და სხვ.

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ბერმონაზვნურ ცხოვრებას, კერძოდ, განდეგილობასა და მესვეტეობას. ყველაზე ცნობილი ასკეტთაგანი იყო სვიმეონ მესვეტე (გ. 459). ანტიოქიის ეკლესიის მონასტრები ჩამოყალიბდნენ მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად. IV-VII სს. ანტიოქია, ისევე, როგორც მთელი საქრისტიანო, მოიცვა მწვალებლობებმა (არიოზობა, ნესტორიანელობა, მონოფიზიტიზმი, მონოთელიტობა) და მათთან ბრძოლამ. V ს. ბოლოს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიას გამოეყო ქალდეველთა, VI ს. დასაწყისში – სირო-იაკობიტური (მონოფიზიტური), ხოლო VII ს. — მარონიტული (მონოთელიტური) ეკლესიები.

VI ს. შუა წლებიდან იწყება ანტიოქიის, როგორც მსხვილი ქრისტიანული ცენტრის დაქვეითება. ეს გამოწვეული იყო მტრების მუდმივი შემოსევებითა და დაპყრობებით. 540 წ. ანტიოქია ხელში ჩაიგდეს სპარსელებმა შაჰ ხოსროვ I ანუშირვანის მეთაურობით. 610 წ. სპარსელებმა ხელმეორედ ააოხრეს ანტიოქია, რამდენიმე წლის შემდეგ – დამასკო. VII ს. 30-იან წწ ანტიოქია დაიპყრეს არაბებმა. 610 წლიდან ანტიოქიის კათედრა დაქვრივებული იყო 30 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ანტიოქიელი პატრიარქები კონსტანტინოპოლში ისხდნენ და ნომინალურად განაგებდნენ ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიას. 702-742 წწ. კათედრა კვლავ დაქვრივებული იყო. არაბთა სახალიფოს დასუსტებისა და 969 წ. ბიზანტიის იმპერატორ ნიკიფორე II ფოკას მიერ ანტიოქიის გათავისუფლების შემდეგ აქ კვლავ აღორძინდა ქრისტიანული ცხოვრება, თუმცა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების შემდეგ წარმოიქმნა ლათინური სამთავრო და მართლმადიდებელი პატრიარქი იოანე IV (დაახლ. 1091-1100) იძულებული გახდა, დაეტოვებინა კათედრა. მის მაგივრად საპატრიარქო ტახტზე აიყვანეს კათოლიკე ეპისკოპოსი ბერნარდი. მართლმადიდებელი პატრიარქები კვლავ კონსტანტინოპოლში ისხდნენ. 1165 წ. ანტიოქიელი პატრიარქები დაუბრუნდნენ კათედრას, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1268 წ. ანტიოქია ეგვიპტელმა მამლუქებმა აიღეს, კვლავ იძულებული გახდნენ, კონსტანტინოპოლს გადასახლებულიყვნენ და ამის შემდეგ ანტიოქიაში აღარ დაბრუნებულან. XIV ს. 40-იან წწ. ანტიოქიის პატრიარქები დამკვიდრდნენ ქ. დამასკოში, სადაც იმყოფებიან დღემდე.

1185-1203 წწ. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში ედგა ცნობილი მეცნიერ-კანონისტი თეოდორე ბალსამონი, რომლის ძირითადი ნაშრომია 14 ტიტულოვანი ნომოკანონის („დიდი სჯულისკანონი“) კომენტარი. თავის კომენტარებში თეოდორე ეხება მართლმადიდებელ ეკლესიათა ავტოკეფალიის საკითხებს და მიუთითებს იბერიის (საქართველოს) ეკლესიის ავტოკეფალიაზედაც. XV ს. II ნახევრიდან, თურქ-ოსმალთა ბატონობის დროიდან, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა უაღრესად რთული იყო, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. ვერც პატრიარქები და ვერც ეპისკოპოსები ვერ იხდიდნენ დიდ გადასახადებს, რომლითაც დაბეგრა ეკლესიები თურქმა მთავრობამ.ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქები ხშირად იძულებული იყვნენ, სახსრების შეგროვების მიზნით ემოგზაურათ სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყანაში (რუსეთი, უნგრო-ვლახეთი, საქართველო). ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ პატრიარქი მიქელ IV (დაახლ. 1470/74-1484) და ორგზის (1664 და 1666) პატრიარქი მაკარიოს III აზ-ზაიმი (1647-1672). პატრიარქების გარდა, სხვადასხვა ქვეყანაში შესაწირის შესაგროვებლად მოგზაურობდნენ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მღვდელმთავრებიც, რომლებიც თავიანთი პატრიარქების მსგავსად, ხშირად ერეოდნენ სხვა ეკლესიების საშინაო საქმეებში (იხ. მიქელ IV). მართალია, თურქეთის იმპერიაში ადგილ. ქრისტიანების მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებდნენ და არ ახდენდნენ მათ ძალდატანებით ისლამიზაციას, მაგრამ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ფანატიკურად განწყობილი მოსახლეობის გარკვეული ფენები თავიანთი ინიციატივით არბევდნენ ქრისტიანთა სალოცავებს, ქრისტიანებით დასახლებულ კვარტლებსა და დაბა-ქალაქებსაც კი. 1860 წ. სირიაში თურქი ფანატიკოსები ერთი თვის განმავლობაში უმოწყალოდ ხოცავდნენ ქრისტიანულ მოსახლეობას. დამასკოში დაარბიეს და დაანგრიეს რამდენიმე ტაძარი და ანტიოქიის საპატრიარქო რეზიდენცია, გაცამტვერდა და მოისპო რარიტეტებით განთქმული საპატრიარქოს ბიბლიოთეკა. 1919 წ. ვერსალის საზავო ხელშეკრულებით სირიისა და ლიბანის ტერიტორიები სამმართველოდ გადაეცათ ფრანგებს. 1923 წ. ლოზანის ხელშეკრულების ძალით, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიის ნაწილი (კილიკია, ედესა, მარდინი) გადაეცა თურქეთის რესპუბლიკას და ამ რეგიონის მართლმადიდებლური მოსახლეობა დეპორტირებულ იქნა. ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა გაუმჯობესდა სირიისა და ლიბანის დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ.

დღეს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიაში მოქმედებს 22 ეპარქია (6 — სირიაში, 6 — ლიბანში, 3 – თურქეთში, 1 — ერაყში, 4 — სამხრეთ ამერიკაში, 1 - ავსტრალია–ახალ ზელანდიაში, 1 – ევროპაში; 1 არქიდიოცეზს ჩრდილოეთ ამერიკაში 2002 წ. 13 ივნისს ანტიოქიის საპატრიარქომ ავტონომიური სტატუსი უბოძა). პატრიარქის რეზიდენცია ქ. დამასკოშია (სირია).

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ტიტულია: „უნეტარესი პატრიარქი დიდისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, იბერიისა, მესოპოტამიისა და სრულიად აღმოსავლეთისა“. 1979 წ. 2 ივლისს ანტიოქიელ პატრიარქად აირჩიეს ეგნატე — IV (ხაზიმი). 1981 წ. ოქტომბერში ანტიოქიის პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს ეკლესიას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მისასალმებელი სიტყვით მიმართა უძველესი ეკლესიის მეთაურს და გამოთქვა იმედი, რომ ურთიერთობა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ამ ვიზიტის შემდეგ „უფრო მეტად გაძლიერდება და გაღრმავდება. ჩვენ იმედი გვაქვს, — აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა, – რომ ორივე მხრიდან გადადგმული იქნება ისეთი რეალური ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ორი უძველესი ეკლესიის სულიერ აღორძინებას“. - 2012 წ. გარდაიცვალა პატრიარქი ეგნატე IV. იმავე წლის 17 დეკემბერს ანტიოქიის პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი იოანე (იაზიჯი).

მ. ბოჭორიშვილი


ლიტერატურა

Поместные Православные Церкви, M., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები