ლუთერანები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია - ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტული ეკლესიაა. დღეს მსოფლიოში არსებული 220-ზე მეტი ლუთერანული ეკლესია, მისია და დამოუკიდებელი სამრევლო სათავეს იღებს იმ რეფორმატორული მოძრაობიდან, რომელიც გვიანი შუასაუკუნეების კათოლიკური ეკლესიის წიაღში აღმოცენდა და XVI საუკუნეში მოღვაწე გერმანელი თეოლოგის, მარტინ ლუთერისა და მისი მიმდევრების სახელთანაა დაკავშირებული.

სახელი ევანგელური რეფორმაციის პერიოდიდან მოდის და ხაზს უსვამს რწმენის ძირითად საფუძვლად სახარების გამოყენების პრინციპს. ტერმინ ლუთერანულს თავდაპირველად კათოლიკეები (adversos Lutheranos, et alios hostes Ecclesiae, iohanes eki, 1520 წ.) იყენებდნენ და ამით ისინი ლუთერის მიმდევრებს მწვალებლებად ახასიათებდნენ. მოგვიანებით თავად ლუთერანებმაც დაიწყეს ამ ტერმინით საკუთარი თავის აღნიშვნა.

სარჩევი

მარტინ ლუთერი და ლუთერანები

მარტინ ლუთერი კათოლიკე ბერი და ღვთისმეტყველების დოქტორი იყო. იგი დიდ დროს უთმობდა წმიდა წერილის შესწავლას. კვლევის პროცესში მას კრიტიკული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებული ზოგიერთი წესის მიმართ. თავდაპირველად მარტინ ლუთერს კათოლიკური ეკლესიის რეფორმა სურდა და მიზნად არ ისახავდა ეკლესიის გაყოფას. ლუთერის პირველი რეფორმატორული ნაბიჯი კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებული ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. ეს წესი ეკლესიისთვის შემოწირულობის ხარჯზე ცოდვის გამოსყიდვას ან შემსუბუქებას გულისხმობდა. 1517 წლის 31 ოქტომბერს ლუთერმა 95 თეზისი გააკრა ვიტენბერგის ტაძრის კარზე, რომლითაც ხალხს მოუწოდა ინდულგენციებით ვაჭრობის მართებულობაზე დაფიქრებულიყო. 95 თეზისით ლუთერმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რომის პაპის ავტორიტეტი. რწმენის უმთავრეს და ერთადერთ ავტორიტეტად კი ბიბლია გამოაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის მხრიდან, უკმაყოფილების მიუხედავად, 1517 და 1520 წლებში ლუთერი აქტიურად ქადაგებდა და აქვეყნებდა კრიტიკულ თხზულებებს შერყვნილი დოქტრინის თაობაზე. ინდულგენციებით ვაჭრობის კრიტიკა რომის პაპის კრიტიკად იქნა აღქმული და ამით დაიწყო დიდი დაპირისპირება, რომელიც ეკლესიის გაყოფით დამთავრდა.

ლუთერს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, თუმცა გავლენიანი მტრებიც არ აკლდა. რომის პაპმა მას მოუწოდა უარი ეთქვა თავის იდეებზე. ლუთერმა დაწვა პაპის ბულა, რასაც მისი და მისი მომხრეების ეკლესიიდან განდევნა მოჰყვა 1521 წლის იანვარში.

1521 წლის 16 აპრილს ლუთერი ვორმსში წარდგა სამსჯავროს წინაშე, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხოლოდ წმიდა წერილს ეყრდნობოდა და არა პაპის ავტორიტეტს. მოგვიანებით გამოიცა ვორმსის ვერდიქტი, რომელმაც ლუთერი და მისი მომხრეები კანონგარეშედ გამოაცხადა.

ლუთერის იდეები სწრაფად გავრცელდა. ლუთერი თარგმნიდა ბიბლიას გერმანულად, ურთავდა წინასიტყვაობას, განმარტებებს, აქვეყნებდა თავის ქადაგებებს. საჰერცოგოების ნაწილმა გაიზიარა ლუთერის ნააზრევი და მოგვიანებით, როცა 1529 წელს მისი ნაწერების გავრცელება აიკრძალა, მათ ეს ახალი დადგენილება გააპროტესტეს. მათ, ვინც ვორმსის ედიქტს აპროტესტებდა, პროტესტანტები ეწოდათ. მოგვიანებით ეს სახელი შეერქვა იმ რელიგიურ მოძრაობებს, რომლებიც XVI საუკუნეში რომაულკათოლიკურ ტრადიციას ეწინააღმდეგებოდნენ.

ლუთერანული მიმდინარეობა ცალკე ეკლესიად ჩამოყალიბდა 1530 წელს აუგსბურგში რაიხსტაგის შეკრების შემდეგ. ამ კრებაზე ფილიპ მელანქთონმა წარმოადგინა ლუთერანული რწმენის ძირითადი პრინციპები, რომელიც აუგსბურგის აღმსარებლობის სახელითაა ცნობილი. ამ აღმსარებლობას ეყრდნობიან ლუთერანული ეკლესიები დღესაც.

პროტესტანტული რეფორმატორული მოძრაობა სწრაფად გავრცელდა, განსაკუთრებით, ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში. ახლადჩამოყალიბებული, რეფორმირებული ეკლესიები ლუთერის დიდ და მცირე კატეხეზისს (1529 წ.), აუგსბურგის აღმსარებლობას (1530 წ.), აუგსბურგის აღმსარებლობის აპოლოგიას (1531 წ.), ლუთერის შმალკალდურ პარაგრაფებს (1537 წ.) და მელანქთონის ტრაქტატს პაპის ძალმომრეობისა და პრიმატის შესახებ (1537 წ.) ეყრდნობოდნენ. დავა ამ ნაწერების სწორად ინტერპრეტირების გამო XVI საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა. საბოლოოდ მიღწეული იქნა შეთანხმება და 1577 წელს შეიმუშავეს თანხმობის (კონკორდიის) ფორმულა, რომლითაც საერთო თეოლოგიური საფუძველი აღდგა. 1580 წელს გამოქვეყნდა თანხმობის წიგნი, ლუთერანული აღმსარებლობის კორპუსი, რომელშიც შევიდა ლუთერანული აღმსარებლობის ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი თხზულება, 1577 წლის თანხმობის ფორმულა და სამი ძველი საეკლესიო მრწამსის აღიარება (ეკუმენური კრედო): აპოსტოლიკუმი, ნიკენუმი (ნიკეას მრწამსი) და ათანასიანუმი (ათანასე დიდის მრწამსი).

საერთო აღმსარებლობას არ შეუშლია ხელი ლუთერანული ეკლესიების დაყოფისთვის და არ დაუცავს ისინი სხვადასხვა გავლენისაგან, იქნებოდა ეს პიეტიზმი, განმანათლებლობა, რაციონალიზმი, იდეალიზმი თუ სხვ. (XX საუკუნეში გაძლიერდა ეკუმენური მოძრაობა).

ამჟამად დაახლოებით 82.6 მილიონი ლუთერანია მთელ მსოფლიოში.


მოძღვრება

ლუთერანულ მოძღვრებაში ძირითადია გამართლების დოქტრინა. ლუთერისთვის ქრისტეში სულის ხსნა წმიდა წერილის ცენტრალური ნაწილია. ლუთერანებს სწამთ, რომ ადამიანის ხსნა ცოდვებისგან შესაძლებელია მხოლოდ ღვთის მადლის გამო (სოლა გრატია), რწმენის მეშვეობით (სოლა ფიდე). გამართლებას ადამიანი აღწევს ბოლოს მხოლოდ ქრისტეს ამქვეყნად მოვლენის წყალობით (solus Christus). წმიდა წერილი შეიცავს ამ ჭეშმარიტებას და თითოეული ადამიანის უფლებაა თავად მივიდეს ღმერთთან საღმრთო სიტყვის მეშვეობით. ლუთერანული თეოლოგიისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა წმიდა წერილის თვითკმარობის და მისი, როგორც ერთადერთი ავტორიტეტის აღიარება (სოლა სცრიპტურა).

საღმრთო სიტყვას ლუთერანულ თეოლოგიაში აქვს ნორმის დამდგენი (ნორმა ნორმანს) ფუნქცია. ბიბლია, როგორც ღვთისგან შთაგონებული წიგნი, არის ღვთაებრივის შესახებ ყველანაირი ცოდნის წყარო. ასე რომ, მხოლოდ წმიდა წერილი (სოლა სცრიპტურა) არის რწმენის ფორმალური პრინციპი. წმიდა წერილი არის ღვთის სიტყვა და მხოლოდ მას უნდა ვეყრდნობოდეთ რწმენაში და ღვთისმსახურებისას. ღმერთს ვხვდებით სიტყვაში. წმიდა წერილს არ სჭირდება განმარტება. იგი თავად განმარტავს საკუთარ თავს: „წერილი, საკუთარი თავიდან გამომდინარე, არის სრულიად უეჭველი, სრულიად მარტივად გასაგები, სრულიად ნათელი, თვითგანმმარტავი, ყველაფრიდან ყველაფრის შემმოწმებელი, განმსჯელი და განმანათლებელი“ (WA 7, 97, 23f Assertio omnium articulorum…, 1520). ნათქვამ, ნაქადაგებ სიტყვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ადამიანის ხსნა ხორციელდება მხოლოდ მადლის გამო, ანუ იგი (მადლი) თავისთავად მოდის ღვთისგან, რადგან ღმერთი გულმოწყალეა და არა იმ საქმეების გამო, რასაც ადამიანი სჩადის. ამგვარად ყალიბდება ლუთერანული სარწმუნოების მეორე ძირითადი პრინციპი სოლა გრატია: სულის ხსნა შესაძლებელია მხოლოდ ღვთის მადლით და ეს მადლი ებოძა ადამიანს ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებით. ადამიანის გამართლების საფუძველი არის ქრისტე. ღმერთი პატიობს ადამიანს ყველა ცოდვას და ამას აკეთებს არა იმის გამო, რომ ადამიანი უცოდველია, არამედ ქრისტეს გამო, რომელიც ევნო და მკვდრეთით აღდგა (solus Christus).

ლუთერის მიხედვით, ქრისტეში გამოცხადებული ღმერთი ხდება სულის ხსნის ღმერთი. ადამიანის სულის ხსნა შესაძლებელია მისი რწმენის გზით, სოლა ფიდე. რწმენა ერთადერთი გზაა ლუთერანებისთვის, რომლითაც ადამიანი ღვთის წყალობას იღებს. ეს რწმენა არის სულიწმიდის ძღვენი. რწმენის გზით შეიმეცნებს მორწმუნე ღვთის სიყვარულს, ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარს ეცვა.

ორგანიზაცია

ლუთერანული ეკლესიის ორგანიზაციული სტრუქტურა რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე ნაკლებად იერარქიულია. ლუთერის მიხედვით, ყოველი მორწმუნე სასულიერო პირია, ამიტომ წაშლილია განსხვავება სამღვდელო და საერო პირებს შორის. შესაბამისად, ორდინაცია არის არა წმიდა საიდუმლო, რომლითაც მღვდლად კურთხევა ხდება, არამედ მღვდლად დასახელება მრევლის მიერ.

სამრევლოს რელიგიური ხელმძღვანელი არის პასტორი. მას უმეტესად მრევლი ირჩევს. იგი აუცილებლად უნდა იყოს ორდინირებული თეოლოგი.

რეგიონალური ნიშნით გაერთიანებული სამრევლოების პასტორებს ეპისკოპოსი ხელმძღვანელობს. იგი, ძირითადად, არჩეულია გარკვეული ვადით (ან გარდაცვალებამდე) სინოდის მიერ, რომელიც ლუთერანული ეკლესიების სათათბირო და კანონმდებელ ორგანოს წარმოადგენს. ეპისკოპოსები არ გადიან ცალკე ორდინაციას, ხდება მხოლოდ მათი შეყვანა თანამდებობაზე. ეპისკოპოსი არ ითვლება პასტორზე უფრო მაღალ სასულიერო პირად, მას უფრო ორგანიზატორული ფუნქცია აქვს. არ არსებობს წმიდა საიდუმლო, რომლის შესრულებაც მხოლოდ ეპისკოპოსს შეუძლია.

ეპისკოპოსი, ისევე როგორც პასტორი, ლუთერანული ეკლესიების უმეტესობაში შეიძლება იყოს ქალიცა და მამაკაციც.

სინოდის შეკრების წესს, სიხშირეს და კონკრეტულ ფუნქციებს ადგენს ეკლესია კონსტიტუციით.

რიტუალები

თავად ლუთერმა შეიმუშავა ღვთისმსახურების გარკვეული თანამიმდევრობა, თუმცა არ არსებობს ყველა ლუთერანული ეკლესიისთვის სავალდებულო ერთი განაწესი. ეკლესია თავისუფალია ღვთისმსახურების წესისა და ეკლესიის შინაგანაწესის დადგენისას. ეკლესიებს აქვთ თავიანთი აგენდა (ტიპიკონი), რომელშიც განსაზღვრულია ღვთისმსახურების ელემენტების თანამიმდევრობა, საკითხავები, ლოცვები, საგალობლები.

წირვის ცენტრალური ელემენტებია ქადაგება და საკრამენტი (საიდუმლო).

ეკლესია შექმნილია ღვთის მიერ სიტყვის საშუალებით, მისით საზრდოობს და ძლიერდება, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქადაგებას. ქადაგებაში წარმოთქმული ღვთის სიტყვა ამყარებს რწმენას და ქმნის ეკლესიას, რომელიც ყველა მორწმუნის თავშეყრის ადგილია.

წმიდა საიდუმლოებებთან მიმართებით ლუთერანული ეკლესია განსხვავდება სხვა ეკლესიებისგან. ლუთერისთვის წმიდა საიდუმლოს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც იგი რწმენის გამყარებას უწყობს ხელს. მხოლოდ ორი საკრამენტი ითვლება წმიდა საიდუმლოდ: ნათლობა და ზიარება.

ლუთერი ნათლობაში ხედავდა ღმერთის გაცხადებულ თანხმობას, ქრისტეს გამო ყველა ცოდვა შეუნდოს ადამიანს. ნათლობა არის კავშირი ღმერთთან. მონათლული ჰპირდება ღმერთს, რომ ყოველდღიურად უკუაგდებს ცოდვას. ნათლობა ერთჯერადი აქტი არ არის, იგი ყოველდღიურად უნდა განმეორდეს.

ევანგელიურ-ლუთერანულ ეკლესიაში გავრცელებულია კონფირმაციის რიტუალი. მოზარდობის პერიოდში, ჩვეულებრივ 14 წლის ასაკში, ლუთერანები გადიან კონფირმაციას, რაც ნათლობის კიდევ ერთხელ დადასტურებას ნიშნავს. კონფირმაციას ორი ძირითადი მნიშვნელობა აქვს:

1. ნათლობის დადასტურება და ამით ეკლესიის წევრობის აღიარება,
2. საეკლესიო სწავლების დასრულება და მოზარდთა საეკლესიო ცხოვრებაში ჩაბმა.

კონფირმაციას წინ უძღვის კონფირმაციის გაკვეთილები, რაც ბავშვის რელიგიურ აღზრდას გულისხმობს. ზოგ ლუთერანულ ეკლესიაში მხოლოდ კონფირმაციაგავლილს შეუძლია ზიარების მიღება.

კონფირმაციის რიტუალი ტარდება საზეიმო ვითარებაში და მოზარდი თავად ადასტურებს იმას, რაც მის მაგივრად ყრმობისას მისმა მშობლებმა და ნათლიებმა თქვეს. პასტორი ურჩევს კონფირმანდს ნაწყვეტს ბიბლიიდან, რომელიც მას მთელი ცხოვრება თან უნდა ახლდეს, და ხელდების რიტუალს ატარებს.

ლუთერანებს სწამთ, რომ ზიარებისთვის განკუთვნილ ღვინოსა და პურში ქრისტეს სისხლი და ხორცია წარმოდგენილი. ამ რწმენას ჰქვია ერთიანობა საკრამენტში. ლუთერანები უარყოფენ იდეას, რომ ზიარება გახსენებაა ან, უბრალოდ, სიმბოლო. ლუთერანული ზიარებისას პური და ღვინო ურიგდება ღვთისმსახურების ყველა მონაწილეს.

აუგსბურგის აღმსარებლობაში ნათქვამია, რომ ლუთერანები წირვის არსებულ წესს კი არ უარყოფენ, არამედ მის წმიდა სახეს იცავენ: „ჩვენს შორის ღვთისმსახურება იზეიმება ყოველდღე და ყოველ დღესასწაულზე, როდესაც ზიარება გაიცემა მათზე, ვისაც მისი მიღება სურს.... ჩვენ ტრადიციულ ლიტურგიულ ფორმებსაც ვიცავთ, როგორიცაა საკითხავების თანამიმდევრობა, ლოცვები, შესამოსავი და სხვ.“ (აუგსბურგის აღმსარებლობა, XXIV.1).

ლუთერანული ეკლესია უარყოფს მარიამ ღვთისმშობლის და წმინდანების თაყვანისცემას, საეკლესიო იერარქიას და ბერ-მონაზვნობას. ამქვეყნიური ცხოვრებაც ღვთის ძღვენია და ადამიანის აქტიური მონაწილეობა აუცილებელია ღვთის ქმნილების შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად. აქედან გამომდინარეობს ოჯახისადმი და ქორწინებისადმი დამოკიდებულებაც. პასტორებს შეუძლიათ იქორწინონ. თავად ლუთერიც ყოფილ მონაზონზე, კატარინა ფონ ბორაზე იყო დაქორწინებული და ცოლ-ქმრულ კავშირს ამქვეყნიურ სიქველედ მიიჩნევდა. ლუთერანულ ეკლესიაში ქორწინების რიტუალი სეკულარულ მოვლენადაა მიჩნეული და წმიდა საიდუმლოდ არ ითვლება. ჯვრისწერას მხოლოდ რიტუალური მნიშვნელობა აქვს.

ლუთერანული ეკლესია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვთისმსახურებისადმი ლიტურგიკულ დამოკიდებულებას, თუმცა არალიტურგიკული განშტოებებიც არსებობს. ღვთისმსახურებისას განსაკუთრებულ როლს ასრულებს მუსიკა და საგალობლები. ლუთერი თავადაც წერდა საგალობლებს. იგი 40-მდე საგალობლის ავტორია. ლუთერანული საგალობლები მდიდარია საღვთისმეტყველო შინაარსით და მუსიკალური მრავალფეროვნებით. ისინი ხშირად ავრცობენ ქადაგებას. ლუთერანული ეკლესიისთვის ქმნიდა მუსიკას იოჰან სებასტიან ბახი.

ლუთერანულ ეკლესიაში არსებითი მნიშვნელობა აქვს თეოლოგიურ-დიდაქტიკურ ელემენტს. მთელ მსოფლიოში არსებობს ბევრი ლუთერანული სკოლა, კოლეჯი და სემინარია. თავად ლუთერს ეკუთვნის დიდი და მცირე კატეხიზმოები, სადაც იგი რწმენის ძირითად პრინციპებს განმარტავს ბავშვებისა და სასულიერო პირებისათვის. ეკლესიებში, როგორც წესი, მოქმედებს საკვირაო სკოლები, ზოგიერთ ეკლესიასთან არსებობს საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

XVIII საუკუნის შუა წლებიდან ლუთერანულ ეკლესიასთან ჩამოყალიბდა ე.წ. დიაკონური მოძრაობა, რომლის ძირითადი მიზანი გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებაა. დიაკონურ საქმიანობას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს ლუთერანულ ეკლესიაში. ჯერ კიდევ რეფორმაციის ადრეულ პერიოდში ლუთერმა ლაისნიგის (დრეზდენთან, გერმანიაში) სამრევლოსთვის შეადგინა „საერთო სალაროს განაწესი“ (1523 წ.), რომელშიც სხვა წესებთან ერთად დადგენილი იყო, როგორ უნდა დაეხმარონ საერთო სალაროდან გაჭირვებულებს, ავადმყოფებს, ქვრივებსა და ობლებს. ამისთვის საგანგებოდ იყო გამოყოფილი ხალხი. ლუთერისთვის ქრისტიანული ცხოვრება დიაკონიის გარეშე არასრული იყო.

დიაკონურ საზოგადოებებში, ძირითადად, ქალები არიან ჩართულნი. ქალები, ზოგადად, აქტიურ როლს ასრულებენ ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიაში.

ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას თავისი ლიტურგიკული ფერები აქვს: თეთრი, იისფერი, ვარდისფერი, მწვანე, წითელი, ლურჯი და შავი. თითოეული ფერი შეესაბამება წლის ამა თუ იმ პერიოდს და იმ პერიოდის საეკლესიო დღესასწაულებს. შესაბამისად, არჩევენ ფერებს პარამენტებისთვის საკურთხეველზე და კათედრაზე, პასტორის სამოსზე და სხვ. საკითხავები და ქადაგების ტექსტები საეკლესიო წლის შესაბამისად არის წარმოდგენილი ევანგელური საკითხავების წიგნში.

საეკლესიო წელი სამ მთავარ პერიოდად იყოფა: შობის პერიოდი, აღდგომის პერიოდი, სამების პერიოდი. საეკლესიო წლის უმთავრესი დღესასწაულებია: შობა, რომელსაც წინ უძღვის ადვენტი (შობის მოლოდინი) და მოსდევს ეპიფანია (ქრისტეს გამოცხადება), აღდგომა, რომელსაც წინ უძღვის ვნების კვირა, აღდგომის შემდეგ ამაღლება და სულთმოფენობა. სამების პერიოდის დღესასწაულებიდან გამოსაყოფია მოსავლის დღესასწაული და რეფორმაციის დღე.

ლუთერანული ეკლესიების არქიტექტურა სისადავით გამოირჩევა. სიტყვასა და საკრამენტს ლუთერანულ ეკლესიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაც მის არქიტექტურაშიც აირეკლება. ეკლესიის ცენტრს, ძირითადად, კათედრა წარმოადგენს, რომლიდანაც პასტორი ქადაგებს. საეკლესიო სივრცის აუცილებელი ელემენტია ემბაზი და, უმეტეს შემთხვევაში, საკურთხეველი.

XVI საუკუნეში ძველ კათოლიკურ ეკლესიებს იყენებდნენ ლუთერანული წირვებისთვის და მხოლოდ შიდა სივრცის გადაკეთებით კმაყოფილდებოდნენ. მოგვიანებით, როდესაც ლუთერანული ეკლესიების მშენებლობა დაიწყეს, ჩამოყალიბდა არქიტექტურის ლუთერანული სტილი. პირველი ასეთი ნაგებობა აშენდა ტორგაუში, ვიტენბერგის ახლოს (გერმანია) და ხასიათდება დიდი, ცენტრალური სივრცით, რომლის ცენტრშიც დგას კათედრა ქადაგებისთვის, იქვეა საკურთხეველი, რაც ხაზს უსვამს ღმერთის რეალურ ყოფნას, ხოლო მის წინ ემბაზია.

ლუთერანულ მიმდინარეობას დიდი კულტურული და ინტელექტუალური გავლენა ჰქონდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებზე. მძლავრი იყო ლუთერანობის გავლენა მუსიკოსებზე: იოჰან სებასტიან ბახზე, მიხაელ პრეტორიუსზე, ჰაინრიხ შიუტცზე; არანაკლები გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე. ლუთერანული „წარმომავლობის“ მოაზროვნეები, როგორებიც იყვნენ: კანტი, ფიხტე, ჰეგელი და კირკეგორი თავიანთი იდეების ჩამოყალიბებისას ითვალისწინებდნენ ლუთერანულ ტრადიციას, დიალოგი ჰქონდათ მასთან და ზოგჯერ უპირისპირდებოდნენ კიდეც მას. ლუთერანულმა მიმდინარეობამ შვა ცნობილი მკვლევრები და საზოგადო მოღვაწეები: დ. ფ. შტრაუსი, ალბერტ შვაიცერი, თეოლოგები: რუდოლფ ოტო, პაულ ტილიხი, ალბრეხტ რიჩლი და სხვ.


ქეთევან გურჩიანი

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები