მრავალძალის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მრავალძალის ეკლესია

მრავალძალის ეკლესია– (ინგლ. Mravaldzali Church) – XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. მდებარეობს რაჭაში, ნახევრადალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მრავალძალში, კვინჭიხის მთის ფერდობზე.

გადმოცემის თანახმად, მრავალძალის ეკლესიის აგება დაკავშირებულია საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (დ. 960 - გ. 1014 წ.) მიერ რაჭის საერისთაოს დააარსებასთან. ამ პერიოდში რაჭაში ბევრი ეკლესია-მონასტერი, ციხესიმაგრე და სასახლე აიგო, მათ შორის: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და სხვ. თავდაპირველად მრავალძალი საშუალო ზომის ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა (10.75x6,75 მ), რომელიც სახელგანთქმული იყო სილამაზით, მოჩუქურთმებული ქვის კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული საერო თუ ისტორიული ნივთებით. აღსანიშნავია, რომ აქ ინახებოდა ხვარაზმის სულთანის ჯალალ-ედდინის მუზარადი (რუსუდან დედოფლის ნადავლი), ირანის მმართველის შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები), რომელიც თვით შაჰ-აბასს შეუწირავს მონასტრისათვის (ვახუშტი ბატონიშვილი).

რელიეფი „წმინდა მეომრები“

1894 წელს დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს, რაზეც მიუთითებს ტაძარზე დასავლეთის მხრიდან მიშენებული სამრეკლოს სარკმელზე ამოკვეთილი თარიღი. 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა ეკლესიის ძველი და ახალი ნაწილები. ეკლესიის აღდგენა-რესტავრაცია დასრულდა 2009 წელს და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.

ახალი ეკლესია დიდი ზომის (18,75x13,10 მ), წაგრძელებული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელსაც ტაძრის პროპორციებთან შედარებით უჩვეულოდ დიდი ათწახნაგა გუმბათი ადგას, რომელიც უხვადაა შემკული რელიეფებით. აღმოსავლეთის ფასადის რელიეფური დეკორი, საკურთხევლის სარკმლის გარშემოა თავმოყრილი. თავად სარკმლის ღიობს უშუალოდ ეკვრის წნულის სახის ორნამენტი, რომელიც ზემოდან შემკულია ჯვრიანი თავსართით. სარკმლის ღიობის ორივე მხარეს წმინდა მეომართა (წმ. გიორგი და წმ. თევდორე), ფრონტალურად მდგომი რელიეფური გამოსახულებებია ზეაღმართული ჯვრით დაგვირგვინებული შუბებით, ოვალური მოყვანილობის მოგრძო სახეებითა და სწორი, მხრებამდე ჩამოშლილი თმებით. რელიეფური გამოსახულების ზედა თაღოვან არეზე ამოკვეთილია ეკლესიის მაშენებელთა სავედრებელი ასომთავრული წარწერა.

რელიეფი „ჯვარცმა“

სარკმლის მორთულობის ზედა თაღოვან ჩარჩოს უშუალოდ ებჯინება მცირე ზომის მართკუთხა ფორმის ფილაზე ამოკვეთილი და რთულ, მრავალსახიან ჩარჩოებში მოქცეული „ჯვარცმის“ კომპოზიცია – მაცხოვრის დიდი ზომის ფიგურა, რომლის ორივე მხარეს, ჯვრის განივი მკლავების ქვემოთ, ღმრთისმშობელისა და იოანე ღმრთისმეტყველის ფიგურებია თავზე მფრინავი ანგელოზებით. ამავე ფილაზე, ჯვარცმის კომპოზიციის ქვემოთ რელიეფური ვიწრო ზოლით ცალკე გამოყოფილ არეზე, გამოკვეთილია ადამის დიდი ზომის თავი, რომელიც აქვე გამოსახულ ჯვარცმული მაცხოვრის სახეს იმეორებს. როგორც პირველი, ასევე მეორე რელიეფური კომპოზიციები სრულიად თავისებური ორიგინალური დახვეწილი დეკორატიულობით გამოირჩევა, რაც დამახასიათებელია რაჭის ქვის არქიტექტურისათვის. ფასადზე არის XI საუკუნის ლაპიდარული კიდურწაისრული წარწერაც. ეკლესიის ექსტერიერის კედლები ნაწილობრივ დატვირთულია მორთულობებითა და რელიეფებით.

ნაგებობა შესანიშნავად ერწყმის გარემოს. ეკლესიის სამრეკლოდან მზიან ამინდში რაჭა-ლეჩხუმის მომხიბლავი ხედი ჩანს; ჩრდილოეთით – კავკასიონის შესანიშნავი პანორამა იშლება; დასავლეთით – მზის სხივებით წითლად შეფერილი რიონის ფართო ხეობა და ფერდობებზე შეფენილი სოფლები. სამხრეთით ჭოლევის კლდეები მოჩანს. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ტაძარი უხილავი სხივებითაა დაკავშირებული გარემოს და ირგვლივ ყველაფერი მის გამგებლობაშია.

მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები