სახვითი ხელოვნება საქართველოში (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახვითი ხელოვნება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში - 1918 წელს საქართველოს კულტურისათვის მოკლე, მაგრამ მშვენიერი ეპოქა დგება; როგორც ფრანგები 1890-1914 წლებზე ამბობენ, La Belle Époque. ეს დრო მისთვის ზოგადად ტრაგიკულია (1914-1918 წლის I მსოფლიო ომი, 1917 წელს რუსეთის ბოლშევიკური გადატრიალება), მაგრამ ძალიან იღბლიანიც - საქართველო დამოუკიდებლობას იბრუნებს; 1918-1921 წლებში ის დემოკრატიული რესპუბლიკაა და ოპტიმისტურია.

1918-1921 წლების ქართულ კულტურას თავისი წინაპირობაც აქვს: მოდერნიზმის გზას უკვე 1900-იან წლებში ადგება, რასაც მოწმობს მხატვარ გიგო გაბაშვილის ახლახან აღმოჩენილი ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნაწარმოები, ფოტოგრაფია. ის ქართულ სახვით ხელოვნებაში სიმბოლიზმის ფუძემდებელი აღმოჩნდა. ქართული მოდერნისტული ხელოვნების ათვლის წერტილიც 1900 ინაცვლებს. ილია ზდანევიჩი 1911 წლამდე მოზარდი, ეცნობა მარინეტის, ფუტურზმის ფუძემდებელის მანიფესტებს, იწყებს სიმბოლისტური ტიპის ლექსების წერას. დავით კაკაბაძე 1910 წლისთვის მუშაობას იწყებს ფერწერასა და ფოტოგრაფიაში. 1918 წლიდან კი თბილისი მოდერნიზმის და ავანგარდის მნიშვნელოვანი ცენტრია, ინტერნაციონალურია, პარიზულ მოდერნიზმზე/ავანგარდზე ამოზრდილი, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ ავანგარდთან თანამშრომლობით გამდიდრებული.

გრიგოლ რობაქიძე 1918-1920 წლებზე წერს, „თბილისი გახდა პოეტების ქალაქი, კაფე „ინტერნაციონალში” იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. <...> ტფილისი შეიქნა ფანტასტური”. ის ახალგაზრდული და ლაღია; სახელოვნებო ექსპერიმენტის, ხელოვნების ფუნქციის გადააზრების, ახალი ენის შექმნის დროა. თბილისში მყოფი რუსი ფუტურისტი ალექსეი კრუჩონიხი 1919 ჟურნალ „კურანტებში“ („Куранты“, ტფილისი) თბილისს კულტურის მესამე ცენტრს უწოდებს. აკმეისტი პოეტი იური დეგენი კი თბილისის ჟურნალ „ფენიქსში” (“Феникс”,1919) წერს: „კავკასიამ რუსულ ფუტურიზმს მისცა ვლადიმერ მაიაკოვსკი და ძმები ილია და კირილ ზდანევიჩებიო”. „ფანტასტურ” დედაქალაქში 1918 წლიდან მუშაობენ საქართველოს მკვიდრი პოლონელი, სომეხი, გერმანელი მხატვრები, პოეტები, რუსეთიდან ჩამოსული ხელოვანები, ქართველი მოდერნისტები და ავანგარდისტები; „შემოქმედებითი ძალების სიმრავლემ საქართველოს დედაქალაქი ევროპული კულტურის ცენტრად აქცია”. 1918 წლიდან იწყება ავანგარდული არტისტული კაფეების ეპოქა, ხმაურიანი პროცესი უცნაური რიტორიკით, ესთეტიკური „ამბოხით”, „ინდივიდუალიზმის, თავისუფლების, ხელოვნების თვითმიზნობის” დამკვიდრებით. ტიციან ტაბიძე წერილში „დადაიზმი და ცისფერი ყანწები” წერს, „სამოქალაქო ცხოვრების განვითარებამ, როცა პოლიტიკა ცალკე გამოიყო <...> მისცა მას (გრიგოლ რობაქიძეს - ნ. ყ.) საშუალება უფრო ემხილა თავისი პოეტის ბუნება”. ის სწორედ ხელოვნების თავისუფლებას გულისხმობს, იმას, რასაც ლადო გუდიაშვილი გრაფიკულ ნახატში „გაუმარჯოს თავისუფალ ხელოვნებას თავისუფალ საქართველოში”, რითიც იხსნება ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება” 1918 წლის პირველი ნომერი.

დ. კ. 1919 წლს თავის ჟურნალში „შვიდი მნათობი”, წერს: „მხატვრობას მხოლოდ მაშინ შეუძლია აღორძინების გზას დაადგეს, როდესაც იგი მხოლოდ მხატვრულ მიზნებს ემსახურება”. იბეჭდება მისი წერილები მხატვრულ ფორმაზე, სურათის პრინციპზე და სხვ. ამ წლებში საქართველოშია ბორის ფოგელი, მერიეტლინგერ-ერისთავი, ვერა როხლინა, თბილისის განუმეორებელი მკვიდრი ოსკარ შმერლინგი და სხვები. ესაა თვითრეფლექსირების, საკუთარი კულტურის კვლევის დრო ზღვა ესსეისტიკით ხელოვნების ფუნქციაზე, ისტორიაზე, მოდერნისტების/ავანგარდისტების ადგილზე ისტორიაში.

ილია ზდანევიჩი 1919 წელს თავისი ჯგუფის ”41°”-ის ამავე სახელწოდების გაზეთში წერს: „ფუტურისტებმა მიხაილ ლე-დანტიუმ, პოეტმა ილია ზდანევიჩმა და მხატვარმა კირილ ზდანევიჩმა საქართველოს ეროვნული გენია აღმოაჩინეს და გადაარჩინეს”. მართლაც, დუქნებისთვის აბრების და სურათების მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი თბილისურმა და რუსეთის ავანგარდმა აღმოაჩინა - ძმებმა ზდანევიჩებმა და რუსმა მხატვარმა მიხაილ ლე-დანტიუმ.

1918-1921 წლები არტისტული კაფეების გარდა არტისტული წიგნების, ჟურნალების ეპოქაცაა. უნიკალურია ”41°”-ის მიერ გამოცემული წიგნები ალექსეი კრუჩონიხი, კირილე ზდანევიჩის „Учитесь Худоги” (1917), ილია ზდანევიჩის „Янко крУль албaнскай” (1918), კრუჩონიხის „Ожирение роз” (1918), ვასილი კამენსკის, კირილე ზდანევიჩის, კრუჩონიხის „Железобетонные поэмы” (1918), ალ. კრუჩონიხის „Лакированное трико” (1919), ილ. ზდანევიჩის „Остраф пaсхи” (1919), მისივე „згa Якабы” (1920), კრებული „Фантастический Духан Софьи Мельниковой”, (41°, 1919) და სხვ. ჯგუფის წევრები (ილ. და კ. ზდანევიჩები, კ. ჩ., ალ. კრუჩონიხი, ლ. გ., იგორ ტერენტიევი) იწყებენ პოეზიის ხმოვანი პლანის განახლებას (ზაუმი), სწავლობენ დიაქრონიას/სინქრონიას ხელოვნებაში და სხვას ვას. კ. თბილისის ცირკის არენაზე, ცხენზე შემჯდარი, ლექსებს კითხულობს და სურათებს ხატავს. ამაზე ის იმხანად თბილისში მყოფ რეჟისორზე, ნიკოლაი ევრეინოვზე, წიგნში წერს, რომლის ყდას ალექსანდრე შერვაშიძე, ქართველი მოდერნისტი აფორმებს. მაიაკოვსკი მთაწმინდიდან თბილისს დაჰყურებს და ამბობს: ”აი ეს აუდიტორიაა! ამ მთის ესტრადიდან შეგიძლია მსოფლიოს ელაპარაკო”. მოდერნისტები გოლოვინზე ჭრელ სპარსულ ქსოვილებში გამოწყობილები, სახემოხატულები დადიან.

გამოდის უამრავი ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება”, „მეოცნებე ნიამორები”, „ცისფერი ყანწები”, „შვიდი მნათობი”, „თოლაბურასის სარტყელი”, „ARS”, „ფენიქსი”, „კურანტები”, „არლეკინი”, „ტფილისი”. გაზეთები: „41°”, „კავკაზსკი ვესნიკი”, „ბარრიკადი”, „დღე” და სხვა;

1918 წლიდან იბეჭდება დეკლარაციები, მანიფესტები, თეორიული ტექსტები, თარგმანები, მიმდინარე სახელოვნებო ამბების ქრონიკები, ქვეყნდება ახალი ნამუშევრების ილუსტრაციები. კომპოზიტორ ნიკოლოზ ჩერეპნინის რექტორობის დროს (1918-1921) კონსერვატორიაში კითხულობენ ლექციებს, იმართება არტისტული სასამართლო პროცესებიც, მაგალითად, მოსკოვის სამხატვრო თეატრზე და მეფე ერეკლე II-ზე, თავმჯდომარით, ადვოკატით, პროკურორით, სახალხო მსაჯულებით, მაყურებლით და ავანგარდული შემართებით. ამ დროს ყალიბდება ილ. და კ. ზდანევიჩების კონცეფცია „ორკესტრულ ფერწერაზე”, რომელიც მოჰყვება ილ. ზდანევიჩს „Всечество”-ს („ყველაფრობის”) კონცეფციას. 1919 წელს მისი ინიციატივით გამოიცემა წიგნი სოფია მელნიკოვას, რომელიც ავლენს თბილისის ავანგარდის მულტინაციოანლურ სახეს: წიგნი პოლილინგვურია, ქართული, რუსული, სომხური ტექსტებით, ავტორების გვარების ლათინური თარგმანებით; აერთიანებს წიგნის ორ მოდელს - ავანგარდულ წიგნს ტრადიციულთან. მასში შედის დიმიტრი გორდეევის წერილიც „იოსებ ზილიხანიანის” პირთა სიის შესახებ, XVII საუკუნის პალიმფსესტური ტიპის ხელნაწერზე. თავად წიგნიც „პალიმფსესტური” და პოლისტილურია: ზაუმი, სიმბოლისტური, აკმეისტური პოეზია, კუბო-ფუტურიზმი, ნეოსიმბოლისტური გრაფიკა; ისტორია - სხვადასხვა ეპოქების, მეთოდების ერთი წიგნის სივრცეში გამთლიანება. მოდერნისტი სტ. ტ.-ის სიტყვებიც: „მხატვარში უნდა შეხვდეს რუსთაველი და მალარმე. რუსთაველი<...> როგორც ქართული სიტყვის შემკრები <...> და მალარმე <...> პრეზენტიზმისა და ფუტურიზმის”. რუსთაველი ქართული სიტყვის გამამთლიანებელია, მალარმე „ჯერ გაუხსნელი ფორმულების ავტორი”. ესაა ნოვაციისა და მემკვიდრეობის ათვისების ხანა - ამ დროის ყველა ავანგარდული ჟურნალი ისტორიას უთმობს ადგილს. როგორც დ. კ. წერს, ის მოვლენას ხედავს არა „ერთი განსაკუთრებული მხრიდან”, არამედ „მთლიანი არსებით სივრცეში”, ახასიათებს პანორამული აღქმა, სიმულტანიზმი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თბილისური სახელოვნებო ჟურნალი „ARS”-ის სარედაქციო კოლეგია წერს; „ამიერკავკასია - ესკულტურების ქვეყანაა. <...> შემოქმედებითი ძალების რა სიმდიდრე იჯაჭვება აქ”. კოლეგია ინტერნაციონალურია: ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, გრ. რობაქიძე, ლელი ჯაფარიძე, ტ. ტაბიძე.; იუ. დეგინი., რუსი აკმეისტი პოეტი სერგეი გოროდეცკი, თბილისელი სომეხი მწერალი ოვანეს თუმანიანი, თბილისელი სომეხი მხატვარი ეღიშე თათევოსიანი, ფრანგი წარმოშობის რუსი მხატვარი იოზეფ შარლემანი; დ.კ., რუსი ზაუმის პოეტი ალ. კრუჩონიხი, პიანისტი ჰაინრიხ ნეიგაუზი, ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რუსი ისტორიკოსი დ. გ., არქიტექტორები ანატოლი კალგინი და ნიკოლაი სევეროვი, თბილისელი არქიტექტორი გაბრიელ ტერ-მიქელიანი. რედაქციასთან გახსნილ არტისტერიუმში იკითხება ლექციები ხელოვნებაზე, იმართება გამოფენები. 1918 აწყობენ იურიმარის, ლადო გუდიაშვილის, ბაჟბეუკ-მელიკოვის გამოფენებს; სწავლობენ თბილისს, ზომავენ, ხაზავენ სახლების გეგმებს, ქმნიან ჩანახატებს. ARS-ს კავშირი აქვს კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიურ ინსტიტუტთან, ნიკო მართან, ივანე ჯავახიშვილთან, ექ. თთაყაიშვილთან.

ნ. მარი, ენის ახალი თეორიის შემქმნელი, რომლის მოსაზრებები უკვე 1900-1910-იან წლებში ყალიბდება, მნიშვნელოვანია ილ. ზდანევიჩისთვის; ის 1917-1919-იან წლებში მისი ნაშრომების ანალიზს მთელ დღიურს უთმობს. კოლაუ ჩერნიავ სკიმის თეორიას სწავლობს ზაუმურ პოეზიაში სიტყვის ექსპერიმენტის თვალსაზრისით. დ.კ. იკვლევს ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას, ოქრომჭედლობას; მოდერნისტი დიმიტრი შევარდნაძე აფუძნებს თბილისის ხელოვნების მუზეუმს, ხელოვნების ეროვნულ გალერეას, ქმნის ტფილისური სკოლის სათავადაზნაურო პორტრეტის, ირანული პორტრეტის, ფიროსმანის ნამუშევრების კოლექციებს. აარსებს ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას, ავანგარდისტების მონაწილეობით აწყობს ექსპედიციებს შუა საუკუნეების არქიტექტურის, კედლის მხატვრობის საკვლევად; 1920 აწყობს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების გამოფენას. საზოგადოება, მასთან არსებულ სომეხ მხატვართა კავშირთან ერთად, გამოსცემს კატალოგებს, აწყობს გამოფენებს მოდერნისტების, ავანგარდისტების, რეალისტი მხატვრების მონაწილეობით. სახელმწიფო აფინანსებს ახალგაზრდების უცხოეთში მუშაობას და ევროპაში მიემგზავრებიან მხატვრები: დ. კ., ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთო მაღალაშვილი, მიხ. ჭიაურელი, ვასილ ჯორჯაძე, მწერალი ნიკოლო მიწიშვილი, კომპოზიტორები ირაკლი ჯაბადარი, ირაკლი ორბელიანი, რეჟისორი დავით კუშიტაშვილი, მომღერლები სანდრო ინაშვილი, მიხეილ ნანობაშვილი და სხვები. ესაა სწრაფი ქმედებების დრო - ხელოვნება აქტიურად იჭრება ცხოვრებაში და პირიქით, ცხოვრება იჭრება ხელოვნებაში. ცოტა ხანში კი, 1923 პოეტი უკვე იტყვის, საქართველო სიზმრებისა და მწუხარების ქვეყანააო.

ნანა ყიფიანი


ლიტერატურა

B. Kerdimun, Kirill Zdanevich and CuboFuturism: Tiflis, 1918-1920, New York, 1987; N. Kipiani. The Great EXperiment, ArtForum International, 2013, March-April; N. Kipiani, B. Tsipuria. Cubist Infiuence in GeorgIa: Cubo-Futurism, Kirill Zdanevich, David Kakabadze, Journal ARS 47 (2014) 2; Т. Никольская, „Фантастический город”, Русская культурная жизнь в Тбилиси (1917- 1921), Мос., 2000; Т. Никольская, Авангарди окрестности, СПБ. 2002; მ. ციციშვილი, ნ.ჭოღოშვილი, ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია: XVIII-XX საუკუნეები, თბ., 2013; ნ. ყიფიანი, ორიოდე სიტყვა ძმებ ზდანევიჩებზე, მ. ჩიხრაძე, თბილისი 1910-1921 წლებში, ელექტრონული ჟურნალი ARS GEORGICA, სერია http://www.georgIanart.ge/IndeX.php?optIon=com_content&VIew=artIcle&Id=51&ItemId=&ed=7

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები