ქვეითი ჯარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XVII-XVIII საუკუნეების ვიურტემბერგის საგრაფოს ქვეითი ჯარის წარმომადგენლები (ალებარდისტები, არკებუზისტები, შუბოსნები, მუშკეტერები, გრენადერები

ქვეითი ჯარი - სახმელეთო ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია საერთო-საჯარისო ბრძოლაში მოწინააღმდეგისათვის დაზიანების მისაყენებლად, მისი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად და საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. აწარმოებს ბრძოლას ქვეითი წყობით ან საბრძოლო მანქანებით სხვა გვარეობის (სატანკო ჯარებთან, არტილერიასთან) ჯარებთან ურთიერთქმედებით, სასროლი და სხვა სახეობის შეიარაღების გამოყენებით. წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი არმიის ჯარების ყველაზე მრავალრიცხოვან გვარეობას. მთელ რიგ არმიებში ინფანტერიას უწოდებენ.

ქვეითი ჯარის ნაირსახეობას ბევრ არმიაში მოიხსენიებენ მოტოქვეით ან მოტორიზებულ ქვეით და მოტომსროლელ ჯარებად. ზოგ არმიაში არსებობს საჰაერო (აერომობილური, საჰაერო-სადესანტო) და საზღვაო ქვეითი ჯარები.

ქვეითი ჯარი შორეულ წარსულში შეიქმნა. მომთაბარე ხალხების გარდა, არმიების ძირითადი მასა ყოველთვის შედგებოდა ქვეითი მეომრებისაგან. დიდი განვითარება პოვა ქვეითი ჯარმა ძველ ეგვიპტეში, ძველ საბერძნეთში, ძველ რომში და სხვა. იყოფოდა მსუბუქ, საშუალო და მძიმე ქვეითი ჯარებად.

ფეოდალურ წყობას მოჰყვა ქვეითი ჯარის როლის შემცირება და მძიმედ შეიარაღებული რაინდების ცხენოსანი ჯარის წარმოშობა.

I ათასწლეულის დამლევს ჯარების მთავარი გვარეობა დასავლეთ ევროპაში გახდა კავალერია, რომელიც განსაზღვრავდა ბრძოლის ბედს. იგი, ტრადიციულად, ასეთივე პრიორტეტულ როლს ასრულებდა აღმოსავლეთში. ამავე დროს აღმოსავლეთ ევროპაში ქვეითი ჯარი მნიშვნელობას ინარჩუნებდა. დასავლეთ ევროპაში მისი განვითარება უკავშირდება იმ ქალაქების აღორძინებას, რომელთაგან ბევრმა XII-XIII საუკუნეებში თვითმმართველობას მიაღწია და გაიჩინა საკუთარი ჯარები, რომლებიც უმთავრესად ქვეითებისაგან შედგებოდა.

XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში გაჩნდა დაქირავებული არმიები, რომლებიც სანახევროდ ან უმთავრესად ქვეითი ჯარისაგან შედგებოდა. XV-XVI საუკუნეებში ქვეითი ჯარის ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვამ გამოიწვია მისი მოქმედებების მნიშვნელოვანი შეცვლა. XII საუკუნეში არმიების კუთხვილიანი იარაღით აღჭურვამ ხელი შეუწყო მსროლელთა ჯარების გამოყენებას.

I მსოფლიო ომში გრძელდებოდა ქვეითი ჯარის აღჭურვა თანამედროვე საცეცხლე საშუალებებით. საბრძოლო წყობის საფუძველს შეადგენდა მსროლელთა ჯაჭვი, შემდეგ ჯაჭვების „ტალღები”, ხოლო 1916 წლიდან ჯგუფური საბრძოლო წყობა.

II მსოფლიო ომის დროს ყველა არმიაში ქვეითი ჯარი წარმოადგენდა მრავალრიცხოვანი ჯარების გვარეობას. ომის მსვლელობის დროს მისი აღჭურვა ხდებოდა უფრო სრულყოფილი იარაღით და ტექნიკით.

წამყვანი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებში ქვეითი ჯარის განვითარება ომის შემდგომ პერიოდში გრძელდებოდა მისი საცეცხლე ძლიერების და სამანევრო შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები