ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქურმუხის ტაძარი

ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი − ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, მდებარეობს ისტორიულ საინგილოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონში, ქ. კახიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, მდ. ქურმუხის ხეობაში.

ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მკვლევარების აზრით და ძეგლების შედარებითი ანალიზის მიხედვით, ქურმუხის ტაძარი სავარაუდოდ აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. ძველ ჩანაწერებში ქურმუხის ეკლესია პირველად მოხსენიებულია მაღალაშვილისეული სახარების (1310 წ.) მინაწერში, რომლის მიხედვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ექვთიმე III უმოგზაურია გიშ-ქურმუხის ეპარქიაში და ქურმუხის მთავარეპისკოპოს კირილე დონაურისთვის ყველა ეკლესიისა-თვის სახარების გადაწერინება დაუვალებია. რადგან მთავარეპისკოპოსია ნახსენები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისათვის ქურმუხში საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა, რომლის გამგებლობაშიც მთელი მთიანეთის და წახურის (წუქეთის) ეკლესიები შედიოდა. ტაძრის შესახებ ცნობა შემონახულია VIII საუკუნის ანონიმურ მატიანეში, რომელიც ჩართულია ჯუანშერის ქრონიკაში. ქურმუხი ბევრჯერ იყო დანგრეული მომხვდური მტრის მიერ (მონღოლები, სპარსელები, ლეკები). 1968 წელს იგი საბოლოოდ ჩამოიქცა. 1891-1894 წლებში ტაძარი თავიდან ააგო კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ (არქიტექტორი ლ. ბილფელდი), ხოლო 2004-2005 წლებში აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

გაგმა

ტაძრის ადგილმდებარეობა ბევრი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის მსგავსადაა შერჩეული. ტაძარი ისე დგას კანგარაკის მთის ქიმზე, რომ ერთი მხრიდან არ ჩანს, ხოლო მეორე მხრიდან მთელ ხეობას გადაჰყურებს. ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გეგმა წარმოადგენს მთლიანად XIX საუკუნის საქართველოსთვის ტიპური „ჩაწერილი ჯვრის ტიპის” ძეგლს გარე კედლების მართკუთხედში მოქცეული განვითარებული სამნაწილიანი საკურთხევლით. აქვს სამი შესასვლელი – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთის კარი ყველაზე ფართოა და შესასვლელთან კიბე და მცირე ბაქანია მოწყობილი. რვაწახნაგა გუმბათი ეყრდნობა გეგმაში მკვეთრად დაგრძელებული დასავლეთის მკლავის მქონე თავისუფლად მდგარ სვეტებსა და აღმოსავლეთის აფსიდის კედლის შვერილებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. საკურთხევლის სივრცე ნახევაწრიული აფსიდის წინ ჩართული ღრმა ბემითაა განვრცობილი. აფსიდში სარკმლის აქეთ-იქით ორი ნიშაა გამართული. ჩრდილოეთის პასტფორიუმი კარის მეშვეობით გახსნილია, როგორც საკურთხევლისაკენ, ისე დარბაზში. სამხრეთისაში მოხვედრა კი მხოლოდ საკურთხევლიდანაა შესაძლებელი. სადიაკვნეცა და სამკვეთლოც დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე მკვეთრად წაგრძელებულ უაფსიდო სათავსებს წარმოადგენენ.

ტაძრის ძირითადი საშენი მასალაა კარგად გამომწვარი კვადრატული ფორმის თხელი ქართული აგური (22x22x4 სმ) კირის დუღაბზე. კედლის წყობაში რიყის ქვაცაა გამოყენებული. ფასადები თითქმის მოკლებულია დეკორს. გლუვი კედლის სიბრტყეებს მხოლოდ უზარმაზარი, აგურის ლილვებით გამოყვანილი ჯვრები და ასეთივე ლილვოვანი თავსართებით შემკული კარ-სარკმელთა ღიობები აცოცხლებს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები