ვირსალაძე სოლიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლიკო ვირსალაძე ((მარცხნივ) და იური გრიგოროვიჩი

სოლიკო ვირსალაძე – (დ. 13 იანვარი, 1908, თბილისი, — გ. 7 თებერვალი, 1989), თეატრალური მხატვარი, სსრ კავშირის სახალხო მხატვარი (1976), ლენინური პრემიის ლაურეატი (1970), სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977), სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1975), შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1989, გარდაცვალების შემდეგ).

დაიბადა 1909 წლის 13 იანვარს თბილისში. 1927 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ი. შარლემანის კლასში. 1827 წელს გადადის მოსკოვში — საკავშირო სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტში („ვხუტეინი“) ი. რაბინოვიჩის სახელოსნოში. 1930 წელს „ვხუტეინის“ თეატრალური განყოფილება გაერთიანდა ლენინგრადის სამხატვრო აკადემიასთან, რომელსაც ამთავრებს 1931 წელს მ. ბობიშევის კლასით. მალე ბრუნდება თბილისში. მისი შემოქმედებითი გზა მუსიკალური თეატრით იწყება ― კ. მარჯანიშვილმა მიიწვია იგი მხატვრად ოპერა „ვილჰელმ ტელიზე“ მუშაობის დროს. ეს დადგმა თბილისის ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე განხორციელდა. ს. ვირსალაძეს კ. მარჯანიშვილი მიაჩნდა ადამიანად, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა დიდ ხელოვნებაში. მაშინვე დაიწყო ს. ვირსალაძის მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა ვ. ჭაბუკიანთან, ე. მიქელაძესთან, რომელთან ერთად ის დგამს სპექტაკლებს ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ლენინგრადში. 1937 წელს ს. ვირსალაძე საცხოვრებლად გადადის ლენინგრადში და ნაყოფიერად მუშაობს კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ბალეტის მცირე თეატრში.

სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის ხელოვნებამ განვითარების დიდი გზა განვლო. შეიძლება გამოიყოს მისი შემოქმედების რამდენიმე პერიოდი:

I. 1930-1940 წლები. ამ დროს ს. ვირსალაძე ქმნის სივრცობრივად გადაწყვეტილ დეკორაციებს, ისტორიული ეპოქის ამსახველი ნიშნებით. გაფორმება გამოირჩევა პოეტურობითა და რომანტიკული განწყობილებით. მხატვარი მიმართავს ფერწერული დეკორაციებისა და კონსტრუქციული ელემენტების კომბინაციას, ყალიბდება კოლორისტული სისტემა, ვლინდება ხელოვანის მიდრეკილება ლაკონიური ფორმებით ფანტასტიკური, ზღაპრული გარემოს განზოგადებული სახის შექმნისკენ (ზ. ფალიაშვილის „დაისი“ (1936), ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ (1938).

II ეტაპი მოიცავს ორმოციანი წლების ბოლოსა და ორმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარს. კოლორიტი აღწევს განსაკუთრებულ მუსიკალურობას. ფერსა და განათებას სცენოგრაფი „ჯადოსნურ“ ძალას ანიჭებს (რიმსკი-კორსაკოვის „შეჰერაზადა“ (1950).

III ეტაპი იწყება 1957 წლიდან და გრძელდება ხელოვანის გარდაცვალებამდე. ამ პერიოდში ს. ვირსალაძე ძირითადად ყალიბდება, როგორც საბალეტო წარმოდგენების მხატვარი და ქმნის სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებისთვის განკუთვნილ დეკორაცია-შედევრებს (ს. პროკოფიევი, „ქვის ყვავილი“ (1957), ა. მაჭავარიანი, „ოტელო“ (1957), პ. ჩაიკოვსკი, „მაკნატუნა“ (1954), ა. ხაჩატურიანი, „სპარტაკი“ (1968), ს. პროკოფიევი, „ივანე მრისხანე“ (1974), დ. შოსტაკოვიჩი, „ოქროს ხანა“ (1982), ა. გლაზუნოვის „რაიმონდა“ (1985). ს. ვირსალაძის შემოქმედება სამართლიანადაა აღიარებული, როგორც „ფერთა სიმფონია“. მისი ნაწარმოებების ფერადოვნება მუსიკის ემოციურ ჟღერადობასთან შეხამებულად აღიქმება. ს. ვირსალაძის მიერ შესრულებული სპექტაკლების სივრცულ-ფერწერული ხასიათის დეკორაციები შეესატყვისება საცეკვაო პარტიტურას. მათში ვლინდება სცენოგრაფის დახვეწილი გემოვნება, მხატვრის „სიმფონიური“, მეტაფორული აზროვნების უნარი, მისი უშრეტი ფანტაზია.

მეორე მსოფლიო ომის წლებში იგი აგრძელებს მუშაობას თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის, კ. მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის აკადემიურ დრამატულ თეატრებში. 1945 წელს კვლავ მიემგზავრება ლენინგრადში. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობს სსრ კავშირის დიდ თეატრში. იგი ძირითადად თანამშრომლობს ჩვენი დროის გამოჩენილ ბალეტმაისტერთან ი. გრიგოროვიჩთან. მათ მიერ განხორციელებული სპექტაკლები მოსკოვისა და ლენინგრადის გარდა დაიდგა „ლა-სკალას“, პარიზის გრანდ ოპერის, ლონდონის, ვენის, სტოკჰოლმის, სოფიისა და ევროპის სხვა ქალაქთა თეატრების სცენაზე.

ი. გრიგოროვიჩი ს. ვირსალაძეს თვლიდა თავის უდიდეს მასწავლებლად, რომელმაც აზიარა იგი სცენის ყველა საიდუმლოს. ი. გრიგოროვიჩი ს. ვირსალაძეს სცენის მისანსა და ყოვლისშემძლე ჯადოქარს უწოდებდა. მისი თქმით, ს. ვირსალაძეს ახასიათებდა ფერის განსაკუთრებული შეგრძნება და უზადო გემოვნება. მხატვრის მიერ სცენაზე განსახიერებული სამყარო ყოველთვის მწყობრად იყო აგებული, გამოირჩეოდა მოხდენილობით, პლასტიკური და ფერწერული ხერხების მრავალფეროვნებით. ს. ვირსალაძე ყოველთვის ეძიებდა და პოულობდა კიდევაც სპექტაკლის ერთადერთ შესაძლებელ მხატვრულ სახეს, რომელშიც გადმოცემული იყო ეპოქის სტილი და მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სურნელი. ს. ვირსალაძე საოცარი ოსტატობით ქმნიდა საბალეტო მოქმედების პლასტიკური გამომსახველობისათვის აუცილებელ „საცეკვაო სივრცეს“, უზადო ფერწერულ ფონს. დეკორაციებთან ერთად, კოსტიუმების ხასიათი, მისი ფერადოვნება განსაზღვრავდა მოქმედების დინამიკას, პერსონაჟთა ხასიათს. განსაკუთრებულად გრძნობდა მუსიკას, რომელიც უქმნიდა მას ძირითად სამუშაო განწყობილებას. ლ. ბლოკის თქმით, ამ მხატვარს ჰქონდა უნარი, განსაკუთრებული დახვეწილობით და სინატიფით გამორჩეული კოსტიუმებით შეემოსა არა გმირები, არამედ თვით ცეკვა.

სოლიკო ვირსალაძის სახელი უმჭიდროვესად არის დაკავშირებული ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან. ანსამბლის არსებობის 50 წლის მანძილზე საცეკვაო კოსტიუმების შემქმნელი და ერთადერთი, უცვლელი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე იყო.

მხატვრის მიერ შექმნილი ყველა კოსტიუმი ფერის, ფორმის, გემოვნების უზადო მაგალითია. კოსტიუმზე ს. ვირსალაძე მუშაობდა, როგორც ფერმწერი, ამიტომაც თითოეული მათგანი თითქოს ცოცხალია, სუნთქავს, ამავე დროს ზუსტად. გამოავლენს ცეკვის ხასიათს, მის ბუნებას. ქალბატონი ნინო რამიშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მხატვარი განსაკუთრებულად გრძნობდა ქსოვილის ფაქტურას, ზოგჯერ თვითონ ღებავდა ქსოვილს, საკუთარი ხელით აკრავდა აპლიკაციებს. ს. ვირსალაძემ შექმნა ბევრი კოსტიუმი. მისი ფანტაზიის ნაყოფია ქალთა აჭარული, სამაია, აფხაზური, სადარბაზო, ჯეირანი, სიმდის შავთეთრი გრაფიკული გადაწყვეტა. ნ. რამიშვილის თქმით, ს. ვირსალაძემ შექმნა ქართული საცეკვაო კოსტიუმების მთელი ეპოქა, რომლის კვალად დღეს ბევრი ანსამბლი იმოსება.

1989 წელს სიმონ (სოლიკო) ვირსალაძეს უკანასკნელი წლების სცენოგრაფიული ნამუშევრებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

სოლიკო ვირსალაძე გარდაიცვალა 1989 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები