შეშონკ III

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეშონკ III – ეგვიპტის ფარაონი (ჩვ.წ.-მდე 835-783). ეშეშონკ III-ის , ტახტზე ასვლისათვის XXII დინასტია უკვე საუკუნეზე მეტს მეფობდა. ამ დროისათვის ეგვიპტის პოლიტიკური რუკის ერთფეროვნება უკვე დარღვეული იყო. ეგვიპტის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრებში ჩამოყალიბდნენ მაშვაშების წარჩინებული ოჯახები, რომლებიც სამეფო ოჯახთან სისხლით ან ქორწინებით იყვნენ დაკავშირებული. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყვნენ ტახტისაგან. ამ პროცესს ხელს უწყობდა ისიც, რომ თანამდებობები პროვინციაში მემკვიდრეობითი იყო. პროვინციული არისტოკრატიის გულის მოსაგებად მეფეები მათ დიდი მამულებით ასაჩუქრებდნენ, რაც საბოლოოდ ასევე მათ წინააღმდეგ მოქმედებდა.

XXII დინასტიის დასასრულს და XXIII დინასტიის დროს ტახტი რეალურად ფლობდა ორ ქალაქს აღმოსავლეთ დელტაში ტანისს და ბუბასტისს. ლეონტოპოლისი, მათ სიახლოვეს, ამ დროისათვის სულ უფრო დამოუკიდებელი ხდებოდა. საისი დასავლეთ დელტაში ფაქტობრივად დამოუკიდებელ სამეფოდ გადაიქცა, რომელსაც თითქმის დელტის მესამედი ექვემდებარებოდა. მალე საისის დაქვემდებარეობაში მოექცა მემფისიც. შუა სამეფოზე და თებეზე კონტროლი ჩვეულებრივ მეფის შვილებს ევალებოდათ, რომლებიც იმავდროულად ამონის მთავარი ქურუმის წოდებასაც ატარებდნენ. მათი რეზიდენცია იყო ფორტი ელ-ჰიბესთან, ჰერაკლეოპოლისის სიახლოვეს, რომელიც თებედან თითქმის ხუთასი კულომეტრით იყო დაშორებული. რა თქმა უნდა, ისინი ჩადიოდნენ თებეში უმნიშვნელოვანეს დღესასწაულებზე, მაგრამ რალურად ამონის უმაღლესი ქურუმის მოვალეობას ადგილობრივი წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელი ასრულებდა, და თანდათან თებეს ქურუმებიც ცდილობდნენ, მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა სამეფო რეზიდენციისაგან. ამდენად, თუმცა ამ დროისათვის ეგვიპტე ოფიციალურად ერთ სახელმწიფოს წარმოადგენდა, XXII დინასტიის დასასრულისათვის აქ უკვე რამდენიმე ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას მეფობაზე. ამდენად, შეშონკ III-ის ძალაუფლება ცოტათი თუ სცილდებოდა ნილოსის დელტის დამიეტის ტოტს. მისი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე პედუბასტი (ჩვ.წ.-მდე 818-793) იყო, რომელსაც მანეთონი XXIII დინასტიის დამაარსებლად ასახელებს. ამგვარად, პედუბასტის გამეფებიდან ეგვიპტის დელტას ორი პარალელური დინასტია მართავდა. პედუბასტმა თავი მეფედ შეშონკ III-ის გამეფებიდან დაახლ. მეშვიდე წელს გამოაცხადა. თუმცა მანეთონი მას ტანისურს ეძახის, ტანისში არავითარი მასთან დაკავშირებული მასალა მოძიებული არ არის. ტანისში შეშონკ III-მ მოაწესრიგა ტანისის სამეფო ნეკროპოლისი და თავისთვისაც აქ აიგო სამარხი. ამას გარდა, ის აშენებდა მემფისში და მენდესში. შეშონკ III თავისი ნახევარ საუკუნეზე ხანგრძლივი მეფობის მანძილზე თანადროული XXIII დინასტიის რამდენიმე მეფეს მოესწრო. პედუბასტი, შესაძლოა, XXII დინასტიის ფარაონების ნათესავიც კი იყო. დღეისათვის მისი რეზიდენციის ადგილი უცნობია, მაგრამ ჩვენთვის ბუნდოვანი მიზეზების გამო თებე მას, და არა ტანისელ ფარაონებს, აღიარებდა ეგვიპტის ფარაონად. აქ პედუბასტის შემდეგ ტახტზე ადის იუპუტი, შემდეგ კი შეშონკი. დღეს მას ითვლიან, როგორც შეშონკ IV-ს. მათი ხანმოკლე მეფობის შემდეგ ტახტზე ადის ოსორკონ III, რომელმაც XXII დინასტიის ფარაონის, შეშონკ III-ის პარალელურად ცამეტი წელი იმეფა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები