ხარგა
ხარგა – დახლასთან ერთად, ქმნიდა დიდ ოაზისს ლიბიის უდაბნოს სამხრეთში. ეგვიპტელები მას მოიხსენიებდნენ, როგორც „whß.t“ („ოაზისი“), „wh3.t rsj.t“ („სამხრეთის ოაზისი“), დახლას და ხარგას ერთად კი „კენემეტს“ (knm.t) ეძახდნენ. ბერძნები და რომაელები მოიხსენიებდნენ, როგორც „დიდ ოაზისს“.
ოაზისში ბევრია ნაყოფიერი მიწები, რომლებიც წყაროებით ირწყვება, და ის წინაისტორიული პერიოდიდან იყო დასახლებული, მაგრამ არქეოლოგიური მასალა მესამე გარდამავალ პერიოდზე ადრე ძალიან მწირია. ახალი სამეფოს დროს ხარგას ოაზისიდან ეგვიპტეში სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ღვინო შემოჰქონდათ. ხარგას ოაზისი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი ტკბილი წყლის ჭების გამო, და ამიტომ აქ ყველა საქარავნო მარშრუტი გადიოდა. ოაზისის მთავარი ქალაქი ჰიბისი მის ჩრდილოეთ კიდეზე, ასეთი ჭების სიახლოვეს განვითარდა.
ჰიბისის ტაძარი ოაზისის ყველაზე დიდი ტაძარია და წარმოადგენს ერთადერთ ნაკლებად დაზიანებულ ნაგებობას, რომელიც საისური და სპარსული პერიოდებიდან შემორჩა. ტაძრის აგება დაიწყო საისურ პერიოდში (XXVI დინასტია, სავარაუდოდ ფსამტიხ II-ის მეფობის დროს), და მისი მშენებლობა გააგრძელეს დარიუს I-მა, ჰაკორმა, ნექტანებოს I-მა და II-მ, და შესაძლოა, პტოლემაიოს IV-მ. ადგილზე ნაპოვნია ბლოკები, რომლებიც გვამცნობს, რომ ტაძარი უფრო ძველი, ახალი სამეფოს პერიოდის ტაძრის ფუნდამენტზეა აგებული. ტაძარი მიძღვნილია სინკრეტული ღვთაებისადმი, „ჰიბისის ამონისადმი“ და „კარნაკის ამონ-რასადმი, რომელიც სახლობს ჰიბისში“. ხარგას ოაზისში მდებარეობს ასევე რომაული პერიოდის ტაძარი (ჰიბისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით), რომლის ღმერთი ცნობილი არ არის, კასრ ელ-გუიეტას ტაძარი (ჰიბისიდან 17 კმ. სამხრეთით), რომლის ძველი ნაწილი XXV-XXVI დინასტიებით თარიღდება, მაგრამ მას შემდეგ აშენებდნენ ასევე დარიუს I და პტოლემაიოს III, IV და X. ტაძარი მიძღვნილია ამონის, მუტის და ხონსუსადმი (Bard (ed.).