ჰერმონთისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმონთისი – თებეს ნომის უძველესი ქალაქი და მონტუს თაყვანისცემის მთავარი საკულტო ადგილი, მდებარეობდა 12 კმ. თებეს სამხრეთით.

ჰელიოპოლისის ეგვიპტურ სახელთან მსგავსების გამო (’Iwnw) ამ ორ ქალაქს ახალი სამეფოდან მოიხსენიებდნენ, როგორც „ზემო ეგვიპტის იუნუს“ (’Iwnw Šmw, ჰერმონთისი), და „ქვემო ეგვიპტის იუნუს“ (ეგვ.’Iwn Mntw, ჰერმოპოლისი). ჰერმონთისს ეძახდნენ ასევე „მონტუს იუნუს“ (ეგვ.’Iwn Mntw) და „მონტუს სახლს“ (ეგვ. Pr Mntw), საიდანაც წარმოიშვა ბერძნული „Hermonthis“ და თანამედროვე „არმანტი“.

ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია წინადინასტიური დასახლება და სასაფლაო, თუმცა დღეისათვის მოძიებული ტაძრის უძველესი ბლოკები XI დინასტიით თარიღდება. ტაძარი მიძღვნილი იყო მონტუს და მისი ცოლის, რატ-ტაუისადმი. ტაძრის ფუნდამენტური რეკონსტრუქცია ჩატარდა თოტმეს III-ის დროს, მოძიებულია ასევე რამსეს II-ის მიერ ტაძრისათვის შეწირული ორი კოლოსი. პტოლემაიოსების დროს ძველი ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილზე ახალი გრანდიოზული ტაძარი ააგეს, მაგრამ ძველი ტაძრის პილონისათვის ხელი არ უხლიათ. კლეოპატრამ აქვე ააგო „დაბადების სახლი“ თავისი შვილის, ცეზარიონის დაბადების აღსანიშნავად. ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით გათხრილია კიდევ ერთი ტაძარი, ბუხეუმი. მის შემოგარენში ხდებოდა ბუხისის ხარების მუმიფიცირება და დაკრძალვა, რომლებიც მონტუს კულტთან იყვნენ გადაჯაჭვული. როგორც „სამხრეთის იუნუში“, აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა ასევე რას კულტმა, და აქაური ამონის ქურუმი ჰელიოპოლისის მთავარი ქურუმის წოდებას („დიდი მხილველი“) ატარებდა. ჰერმონთისს არასოდეს მოუპოვებია განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ის თავისებურად მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ეს არის ადგილი, რომელიც ეგვიპტის წინადინასტიური პერიოდიდან დღემდე არის დასახლებული.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები