ჯედეფხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:09, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯედეფხორი – (ასევე ხორჯედეფი, ეგვ. Hr.dd.f, „დღეგრძელია, როგორც ხორი“), ხეოფსის ვაჟიშვილი, რომელიც შესაძლოა ცოტა ხანს (რამდენიმე თვე) ეგვიპტის ფარაონიც იყო. ხეოფსის უფროსი ვაჟიშვილის, კავაბის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე პრეტენზია სავარაუდოდ რამდენიმე ვაჟიშვილმა განაცხადა, და ჯედეფხორი ჯედეფრას მეტოქედ მოიაზრებოდა. შესაძლებელია, დინასტიურ დაპირისპირებაზე მეტყველებს ასევე ჯედეფხორის დაუსრულებელი და მიზანმიმართულად დანგრეული მასტაბა, აღმოჩენილი კავაბის მასტაბის სიახლოვეს, ხეოფსის პირამიდის აღმოსავლეთით.

ჯედეფხორი ითვლება ხენტკაუსის მამად, რომელიც, თავის მხრივ, სავარაუდოდ V დინასტიის პირველი ორი ფარაონის, ნეფერირკარას და სახურას დედა იყო. ვადი ჰამამატში ნაპოვნი XII დინასტიით დათარიღებული გრაფიტო ასახელებს ჯედეფხორს და ბაუეფრას (ასევე ხეოფსის ვაჟიშვილი) მეფეებად ხეფრენის შემდეგ, ორი (დაკარგული) სახელია დასახელებული ასევე საქქარას მეფეთა სიაში, მაგრამ რადგან უმეტეს სიებში ხეფრენის შემდეგ პირდაპირ მისი შვილი, მიკერინია მოხსენიებული, სავარაუდოდ მან ტახტზე ასვლის შემდეგ არაკანონიერად გამოაცხადა თავისი მამის ძმები, რომლებიც (შესაძლოა) ხეფრენის შემდეგ მეფობდნენ.

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობრივი ინფორმაციისა, ჯედეფრა ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე მოიხსენიებოდა უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით, როგორც გარდასულ დღეთა ბრძენი, თითქმის იმხოტეპის ტოლი, და მისი „დარიგებები“ სკოლებში საუკუნეების მანძილზე ისწავლებოდა. ციტატები „დარიგებებიდან“ გვხვდება ეგვიპტის საუკეთესო ავტორებთან, პტახოტეპიდან (ძველი სამეფო) რომაულ პერიოდამდე. ტრადიციის თანახმად, მას მიეწერება „მკვდართა წიგნის“ ოთხი უმნიშვნელოვანესი თავის აღმოჩენა ჰერმოპოლისის ტაძარში, პტახის ქანდაკების ქვეშ.

XIX დინასტიით (XIII ს.ჩვ.წ.-მდე) დათარიღებულ ჩესტერ-ბიტის პაპირუსში, რომელიც ნიჭიერი ადამიანების თავისებურ აპოლოგიას წარმოადგენს, ჯედეფხორი ყველაზე ცნობილ ბრწყინვალე ადამიანებს შორის არის დასახელებული. ჯედეფხორი არის ასევე ცნობილი ვესტკარის პაპირუსის, „ფარაონ ხეოფსის ვაჟიშვილების ზღაპრების“ მთავარი პერსონაჟი. სწორედ ის მოუყვანს ხეოფსს ბრძენს, რომელიც ფარაონს მოუთხრობს, რომ რას ერთ-ერთი ქურუმის ცოლი ფეხმძიმედ არის დიდი რასაგან და მალე სამ ტყუპს გააჩენს, რომლებიც ეგვიპტის მომავალი ფარაონები გახდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ჯედეფხორის ქალიშვილი ხენტკაუსი ამ ტყუპების დედის, რაჯედეტის ისტორიულ პროტოტიპად მოიაზრება.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები