ალბერვილის ზამთრის XVI ოლიმპიური თამაშები ( 1992 )

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერვილის ზამთრის XVI ოლიმპიური თამაშები იყო ზაფხულის თამაშების წელს ჩატარებული ბოლო ზამთრის ოლიმპიადა

ალბერვილის ზამთრის XVI ოლიმპიური თამაშები − ზამთრის XVI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა საფრანგეთში, ალბერვილში 1992 წლის 8-23 თებერვალს.

ზამთრის XVI ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი რეკორდულად ბევრ - 7 ქვეყანას აღმოაჩნდა. ამგვარ კონკურენციაში საქმე მეექვსე ტურამდე მივიდა და საფრანგეთის ალბერვილის გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო ნაკიან და, შესაბამისად, ზაფხულის თამაშების წელს ჩატარებული ბოლო ზამთრის ოლიმპიადა და პირველი, როდესაც ზამთრის პარალიმპური თამაშები იმავე არენებზე ჩატრადა.

წარწერის ტექსტი

ალბერვილის თამაშები გარდამტეხი აღმოჩნდა მონაწილე ქვეყანათა გეოგრაფიითაც. აქ მონაწილე ქვეყანათა რაოდენობამ სამოცს გადააჭარბა. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია გაერთიანდა, ხოლო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაიშალა საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია. შედეგად, დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით ზოგადად ოლიმპიადებზე ასპარეზობას ალბერვილიდან შეუდგნენ სლოვენია და ხორვატია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოლიმპიადებს დამოუკიდებელ გუნდებად დაუბრუნდნენ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. სსრკ-ის ექვსი რესპუბლიკა - ბელარუსი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, უზბეკეთი და ყაზახეთი XVI თამაშებზე გაერთიანებული გუნდის სახელით წარსდგნენ.

ამგვარმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მედლების საოლიმპიადო ნუსხაზეც. მათ შორის, გერმანიაზეც, რომელმაც მედლების ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ოლიმპიური დებიუტი ჰქონდათ ალჟირს, ბერმუდას, ბრაზილიას, ჰონდურასს, ირლანდიას და სვაზილენდს. გაიზარდა ოლიმპიადის პროგრამაც. ალბერვილში დებიუტი ჰქონდა შორტ ტრეკსა და მოგულს (იგივე ფრისტაილს), ქალებს კი ბიათლონში ასპარეზობის უფლება პირველად მიეცათ. ამასთან, ალბერვილის თამაშები ბოლო იყო, როდესაც ციგურებით რბოლაში შეჯიბრებები ღია ცის ქვეშ მოწყობილ ყინულის მოედანზე შედგა.

გერმანელი გეორგ ჰაკლი

XVI თამაშებზე სამმა სპორტსმენმა შეძლო სამგზის ჩემპიონობა და სამივემ - ბარის თხილამურობაში. ქალებში ასეთი იყო ლიუბოვ ეგოროვა გაერთიანებული გუნდიდან, ვაჟებში - ნორვეგიელი თანაგუნდელები, ბიორნ დელი და ვეგარდ ულვანდი. ამასთან, ვაჟებში გათამაშებული მედლების 5 კომპლექტიდან ხუთივე ოქროს მედალი ნორვეგიელებზე მოდის. ოლიმპიადების ტრიუმფატორმა ბიორნ დელიმ კი თავის წარმატებებს სწორედ ალბერვილიდან დაუდო სათავე.

სამთო სათხილამურო ტრასებზე ერთადერთი, ვინც ორჯერ იზეიმა ჩემპიონობა, ავსტრიელი პეტრა კრონბერგერია. იგი სლალომსა და კომბინაციაში იყო საუკეთესო. აქვე სუპერ გიგანტში თავისი პირველი ოქრო დაისაკუთრა ნორვეგიელმა ჩეტილ ანდრე ომოდტმაც, რომელმაც შემდგომ თამაშებზე საკუთარი მონაგარი რვამდე გაზარდა, მათ შორის 3 ოქროს მედლით. გიგანტურ სლალომში ზედიზედ მეორე გამარჯვებით სამგზის ჩემპიონი გახდა იტალიელი ალბერტო ტომბა.

ახალზელანდიელი ანელის ქობერგის მიერ სლალომში მოპოვებული ვერცხლის მედალი ზამთრის თამაშების პირველი ჯილდოა, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენელმა დაიმსახურა. ასეთი მიღწევისთვის ქობერგერი ახალი ზელანდიის წლის სპორტსმენადაც დაასახელეს. ასევე ორ-ორ გზის ჩემპიონები გამოვლინდნენ ციგურებით რბოლაში. სპრინტერულ მანძილებზე (500, 1000) ყველაზე სწრაფი გამოდგა კალგარის თამაშების ჩემპიონი, ამერიკელი ბონი ბლერი, სტაიერულზე (3000, 5000) კი საუკეთესო იყო გერმანელი გუნდა ნიმანი.

ალბერვილის თამაშებმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ორი ქვეყნის წარმომადგენელთათვის. ციგურებით რბოლაში იე სიაობოს მიერ მოპოვებული ორი ვერცხლის მედალი ჩინეთისთვის ზამთრის ოლიმპიადების პირველი მედალი გამოდგა, კიმ იონ-მანის ასევე ვერცხლი სამხრეთ კორეელთათვის აღმოჩნდა პირველი ასეთი ჯილდო, ხოლო სადებიუტო სახეობა შორტ-ტრეკში მოპოვებული 2 ოქრო კორეისთვის პირეველი უმაღლესი ხარისხის მედლებია.

ალბერვილის საციგაო ტრასაზე პირველი ოქრო დაისაკუთრა შემდგომში სპორტის ამ სახეობის ყველაზე ტიტულიანმა გერმანელმა სპორტსმენმა გეორგ ჰაკლმა. ქალებში ოქრო-ვერცხლი გაინაწილეს ავსტრიელმა დებმა დორის და ანგელიკა ნოინერებმა. პირველ შემთხვევას, როდესაც დებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს, 1964 წლის ოლიმპიადასთან და ფრანგ დებთან, კრისტინ და მარიელ გოიშელებთან (სამთო თხილამურები) მივყავართ.

ტრამპლინიდან ხტომებში მომავალი ტრიუმფატორი ფინელი ტონი ნიემინენი, ზამთრის თამაშების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა (2018 წლის ჩათვლით). 16 წლის და 261 დღის ნიემინენმა ალბერვილში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ალბერვილის ოლიმპიადა ისტორიაში ერთი ტრაგედიითაც შევიდა. სპიდ სკიინგში ვარჯიშისას, რომელიც ალბერვილის ოლიმპიადაზე საჩვენებელ სახეობად იყო წარმოდგენილი, შვეიცარიელმა ნიკოლა ბოშატემ თოვლის სატკეპნ მანქანასთან შეჯახებისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო და დაიღუპა.


წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები