კანაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანაფი - Cannabis sativa L. © Bogdan Giuşcă (GNU Free Documentation License)

კანაფი — გვარი კანაფი (Cannabis) წარმოდგენილია ერთი სახეობის ორი ქვესახეობით: Cannabis sativa L. subsp. sativa - ჩვეულებრივი, ანუ სათესი კანაფი, და Cannabis sativa L. subsp. indica - ინდური კანაფი, რომელიც შეიცავს ყველაზე დიდი რაოდენობით კანაბინოიდებს.

კანაფი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა; მის მოყვანას მისდევდნენ შუა აზიის ქვეყნებში, შორეულ აღმოსავლეთში, აგრეთვე ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში. პირველი წერილობითი ჩანაწერები კანაფის შესახებ დათარიღებულია 4000 წლით ადრე ახალ ერამდე, ჩინეთის სამკურნალო საშუალებების კრებულებში. გამოიყენებოდა ანესთეზიის სახით ქირურგიული ოპერაციების დროს. კანაფის ფოთლისაგან მალარიის საწინააღმდეგო წამალს აკეთებდნენ. ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის გუანსი-ჩჟუანშის მაცხოვრებლები ყოველ დღე კანაფის თესლის წვნიანს და ბრინჯის ღვინოს ღებულობდნენ. ინდოეთში ამზადებდნენ განსაკუთრებულ სასმელს კანაფისა და რძისაგან, რომელიც ანესთეზიური მოქმედებით ხასიათდებოდა. ეგვიპტელები კი კანაფს იყენებდნენ ანთებისა და გლაუკომის სამკურნალოდ. კანაფს იცნობდნენ სკვითები. მის ბოჭკოს იყენებდნენ ტანსაცმლის დასამზადებლად. თესლებს ყრიდნენ ცეცხლში და ბოლს ისუნთქავდნენ. კანაფი აღნიშნულია ებრაულ წყაროებშიც.

ჟუკოვსკის აზრით, კანაფი ჰიმალაური წარმოშობისაა. 105 წელს ჩვ. წელთაღრიცხვამდე ჩინელმა ტზაილუზმა გამოიგონა კანაფიდან ქაღალდის დამზადების წესი. კანაფიდან ქაღალდის დამზადება იაპონიაში VI საუკუნიდან იყო ცნობილი. VII საუკუნეში კანაფიდან ქაღალდის მიღების ხერხი არაბებმა ჩინელებისაგან ისწავლეს. რუსეთის ტერიტორიაზე კანაფმა გავრცელება იწყო IX საუკუნიდან, ხოლო ევროპის ქვეყნებში კიდევ უფრო გვიან - XVI საუკუნიდან. გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირისა, კანაფი მოჰყავდათ იტალიაში, პოლონეთში, უნგრეთში, საფრანგეთში. ველურ მდგომარეობაში კანაფი ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ ევროპაში და თითქმის მთელ აზიაში, უკიდურესი სამხრეთისა და ჩრდილოეთის გამოკლებით. ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კანაფი ველური სახითაა დასავლეთ ციმბირში, უმთავრესად საზაფხულო ხორბლისა და ქერის ნათესებში (Жуковский, 1950; ბადრიშვილი, 1981; ჯაფარიძე, 1979; ბიძინაშვილი, 2020).

კანაფი უძველესი დროიდან საქსოვ და საზეთე მცენარეთა ჯგუფს განეკუთვნება. კასპიის ზღვის სანაპიროზე და ბაქტრიაში ეს მცენარე ველურად იზრდებოდა (მოლოდინი, 1963). სულხან-საბა ორბელიანის გადმოცემით (1928; 1949), ეს სიტყვა ქართული არ არის - „კანაფი ფრანგულია, ქართულად ექუსუნჯი ჰქჳან“-ო. სახელწოდება კანაფი ისე უახლოვდება ბერძნულ „კანნაბის“, რომ უეჭველია, ქართველებსაც ეს სახელი იმავე წყაროთგან უნდა ჰქონდეთ შეთვისებული, საითგანაც ბერძნებს შეუთვისებიათ (ჯავახიშვილი, 1930). გ. ჩაჩაშვილს (1963) მიაჩნია, რომ კანაფის სადაურობის გასარკვევად საყურადღებო მონაცემებს შეიცავს კანაფის ქართულ-კავკასიური სახელწოდებანი. ასე მაგალითად, კანაფის ადიღეურ სახელწოდებასთან klin სიახლოვეს ამჟღავნებს მეგრული „კიფ“.

კანაფი, რომელსაც ბერძნულად და ლათინურადაც „კანნაბის“ ეწოდება, ეგვიპტელებისთვის და ფინიკიელებისთვისაც, ისევე როგორც ებრაელებისათვის, უცნობი მცენარე იყო. ჯერ კიდევ ჰეროდოტეს დროს კანაფი საბერძნეთში არ არსებობდა, მაგრამ უკვე 680 წ. ახლო ხანებში ქ. წ. ასირიულ წყაროებში იხსენიება „კუნუბუ“, როგორც საკმეველი შესაწირავის ერთი შემადგენელი ნაწილთაგანი. ჯავახიშვილის აზრით, ეგების აქ კანაფის სახელთან გვქონდეს საქმე? ჰეზჳქიოსი კანაფს სკვითების გამაბრუებელ სასმელად ასახელებს. კასპიის ზღვის სანაპიროზე და ბაქტრიაში, ისევე როგორც სოგდიანაში, ეს მცენარე ველურად იზრდებოდა და ეხლაც იზრდება. იქიდან კანაფი შავი ზღვის სანაპიროზე უნდა გადმოეტანათ და შემდეგ ბერძენ ახალშენთა წყალობით საბერძნეთსა და რომშიც გავრცელებულიყო. აღსანიშნავია, რომ რომაელ მწერალთაგან პირველად 100 წ. ქ. ლუციუსი იხსენიებს კანაფს. შემდეგ კანაფის კულტურა მთელ ევროპაში ვრცელდება და რუსეთშიც უკიდურეს ჩრდილოეთ ზოლამდის აღწევს. კანაფი ათონის ქართველთა მონასტრის აღაპებში გვხვდება (ჯავახიშვილი, 1930).

იონა მეუნარგია (1939) თავის წიგნში „სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი“, ეხება რა კანაფის კულტურას, აღნიშნავს: “...კანაფს სთესვენ ლეჩხუმში ყოველნი მცხოვრებელნი და სყიდიან იმერეთს და რაჭას“.

უცხოელ მოგზაურთა შორის, რომლებმაც საინტერესო ცნობები დაგვიტოვეს სამეგრელოს შესახებ, აღსანიშნავია ჟიულ მურიე (2018); 1880-იან წლებში ის წერდა: “...ამ მცენარეს საცხოვრებლის ახლოს ვხვდებით. თუ კანაფი ღრმა თიხა-კირიან ნიადაგშია დათესილი, კარგად ხარობს, მაგრამ ტენიან თიხნარში, სადაც ქვენიადაგი წყალგაუმტარია, კანაფი მცირე მოსავლიანია...“.

კანაფის ქართულ სახელწოდებათაგან ცნობილია - ჭანური კერჶი, კეფი, მეგრული კჷფი, კიფი; სვანურად „გიმბAaaaaa.JPG“შ (თესლის სახელწოდებაა), ქან, ჴერჴ (მდედრობითი ეგზემპლარი), ხერხლა (მაყაშვილი, 1949; ჩაჩაშვილი, 1956; მაისაია და სხვ., 2005).

როგორც სვანეთში, ისე რაჭასა და გურიაში კანაფი ბოსტნებში აპრილსა და მაისში სიმინდთან ერთად ითესებოდა. კანაფის თესლს დათესვის დროს ორ წილ მიწას გადაურევდნენ, რომ სქელი არ ამოსულიყო. გურიაში ორგვარი კანაფი მოჰყავდათ, „გვანიე კანაფი“ და „მამალა კანაფი“. კანაფს ჩრდილ ადგილებზე აშენებდნენ. მიწას დაბარავდნენ, დაფშვნიდნენ, გაწმენდნენ და ისე თესავდნენ. როცა ღერო შეახმებოდა და კაკალი დამწიფდებოდა, ღეროს მოტეხავდნენ ან ძირიანად მოთხრიდნენ, გასხეპავდნენ, კონებად შეკრავდნენ და მზეზე გაახმობდნენ. დაძენძვის წინ ერთი თვით ადრე ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ თოვლსა და წვიმაში, ერთი თვის განმავლობაში და მერე კი ქერელს აძრობდნენ. აბო გულედანის ცნობით სვანეთში, მესტიაში კანაფს სიმინდთან ერთად თესავდნენ მაისში. ითესებოდა ორნაირი კანაფი დედალი, რომლის თესლიც ზეთის სახდელად იხმარებოდა, და მამალი - ბოჭკოს მისაღებად. მამალ კანაფს ჯგუფად თესავდნენ ჩრდილში, რომ ხშირი ყოფილიყო და მაღალი ტანი აეყარა, დედალს კი მეჩხერად, რომ დატოტვილი ყოფილიყო და კარგი თესლი მოეცა. როცა კანაფი გახმებოდა, მას ხელით მოთხრიდნენ, შეკონავდნენ და სხვენზე აშრობდნენ. კანის გახდის შემდეგ ქერელს დაგორგლავდნენ და ქვაბში გამოხარშავდნენ. გამოხარშვის შემდეგ ქერელი რბილდებოდა, თეთრდებოდა და დასართავადაც უფრო იოლი იყო. ნართს ხარის ნეკნის ძვლით წმინდავდნენ; ქსოვილის დამზადების პროცესი შალის ქსოვილისაგან არაფრით განსხვავდებოდა. ნაქსოვ ტილოს მოთელავდნენ და გაათეთრებდნენ. რაჭაში კანაფს ღვინობის თვეში აიღებდნენ, სვანეთში „დედალას“ - შუა მარიამობის თვეში და მამალს, ანუ „ჴერჴლა“-ს კი - ენკენისთვის ბოლოს. კანაფს დანით ან ნამგლით ჭრიდნენ. ერთ ადგილას აგროვებდნენ. სახლებში კი ჭილოფებდაფენილი ურმებით მიჰქონდათ. კანაფს ხის იატაკზე გაფენდნენ ჩრდილში, ისე, რომ მზე არ მოხვედროდა და გამხმარ კანაფს ჯოხით გაცეხვავდნენ. გაცეხვილს აკრეფდნენ და ცხრილებით გაწმენდდნენ, თესლს მზეზე გააშრობდნენ და შეინახავდნენ. კანაფის თესლიდან საჭმელ ზეთს ამზადებდნენ, მას სამკურნალოდაც იყენებდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ზეთსა და ბამბას სვანეთში, ამას კარგად ასახავს მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული მასალაც: “...სადაც ზეთი წვიმდეს და ბამბა თოვდეს იქ იყოს შენი სულის „სამყოფელიო“. ხევსურეთში კანაფს (ქერელს) ხალხური მკურნალობის დროს იყენებდნენ ბამბის მაგიერ; მაგრამ მისი ძირითადი დანიშნულება თოკის დამზადებაში მდგომარეობდა.

რუსეთის მეფის მიხეილ თედორეს-ძის ელჩების (საქართველოში, 1636-1639) ცნობით ჩანს, რომ იმ დროს სამეგრელოში ტილოს კანაფის ნართისაგან ამზადებდნენ; ამავე ნართისაგან ქსოვდნენ სათევზაო ბადეებსაც (ჩაჩაშვილი, 1956; მოლოდინი, 1963).

გასული საუკუნის 20-იან წლების მონაცემებით, რაჭაში საბოჭკოე კულტურებიდან ითესებოდა კანაფი (Декапрелевич, Менабде, 1929).

ნ. კეცხოველის (1957) მონაცემებით, კანაფს საქართველოში იშვიათად თესავენ. მისი წმინდა ნათესი აღნიშნულია სვანეთისათვის. რაჭისთვის გავრცელების არედ შეიძლება დაისახოს ხვნა-თესვის მხარე 2000 მ სიმაღლემდე.

მთხრობელთა გადმოცემით, „...სვანეთში კანაფისაგან აკეთებდნენ საჭმელს „ქუნაშ“; კანაფს თესავდნენ გაზაფხულზე; ჰქონდა დიდი ღეროები; ღეროებიდან ხელით აყრევინებდნენ მარცვალს; მერე ნაყავდნენ როდინში, ან ფქვავდნენ წისქვილში; მერე ამ დაფქვილი კანაფიდან გამოადენდნენ ზეთს, რომელიც იყო სამკურნალო მიზნით გამოყენებული; კურნავდა ყველანაირ სიმსივნეს; ზეთგამოხდილ მასას უზამდნენ სვანურ მარილს და კეთდებოდა მხალის მსგავსი საჭმელი „ქუნაშ“(„ქUuuu.PNGნშ). ღეროებს გააცლიდნენ ქერქს და იყენებდნენ თოკების დასამზადებლად“ (მესტიის რ-ნი, სოფ. ცხუმარი. მთხრ. მ. საღლიანი, 2020).

უხუცესთა გადმოცემით, “...კანაფს რაჭაში თესავდნენ ბოსტანში, ბოსტნის ირგვლივ შემოთესავდნენ ღობის ძირში; თესავდნენ ადრე გაზაფხულზე, როცა ბოსტნის თესლს აიღებდნენ, მერე გაზაფხულზე შემოთესავდნენ. იყო დედალი და მამალი კანაფი; თესლს იღებდნენ გვიან შემოდგომით; ყველაზე ბოლოს კანაფს იღებდნენ და თესლს ინახავდნენ; ღეროს აცლიდნენ კანს, რომლისაგანაც მზადდებოდა თოკები, დაწყებული აპეურებიდან (ხარის უღლის შესაკრავი თოკი), დამთავრებული გრძელი თოკებით და ჭაპნებით (მსხვილი თოკით), რომელსაც იყენებდნენ ძნის და თივის მოტანის დროს. ქსოვდნენ კანაფისაგან ჯვალოს (ტომრებს); თესლს ჰქონდა მრავალმხრივი გამოყენება, აკეთებდნენ ფაფას, თესლს ნაყავდნენ, თუ ცოტა იყო, ქვის როდინში, თუ ბევრი იყო, საცეხველში. კანაფის თესლიდან ხდიდნენ ზეთს, რომელიც იხმარებოდა სამკურნალოდ; ფაფასაც სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა, „იტყოდნენ - ჯანს მოგიმატებსო“; როგორც ნარკოტიკული საშუალება, კანაფი გააზრებული არ ჰქონდა გლეხობას (ამბროლაურის რ-ნი, სოფ. ჭრებალო, მთხრ. ლ. ფრუიძე, 2018).

დალის ხეობაში (აფხაზეთი - კოდორის ხეობა) ითესებოდა კანაფი, რომლისაგან კეთდებოდა თოკები, ძაფები, ხოლო ზეთს სამკურნალო დანიშნულება ჰქონდა. კანაფის მარცვალს საკვებად იყენებდნენ. განსაკუთრებულ სპეციფიკურ გემოს კანაფის მარცვალი ხაჭაპურს „ქუთ“-ს აძლევდა (ფერაძე, 2018).

კანაფის თესლი სამეგრელოში საგლეხო გამოსაღების ერთ-ერთ საგანს წარმოადგენდა.

კანაფის ზეთს თედორობას ყველა ხმარობდა. თედორობისათვის კორკოტზე მოსასხმელად კანაფის ზეთი ოჯახში აუცილებლად უნდა ჰქონოდათ, ხოლო ვისაც კანაფი არ ჰქონდა, ერთ ჯამ - ერთ ავსება კანაფის თესლში ორ ავსება პურს აძლევდნენ. კანაფის ზეთის მოხმარება რაჭასა და სვანეთში ძირითადად რელიგიურ რიტუალურ ცერემონიალს უკავშირდებოდა (მოლოდინი, 1963).

კანაფის თესლი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებებს B, A, C, E ჯგუფის ვიტამინებს. თესლში 30-35% ზეთია, 18-23% ცილა, 20% სახამებელი, 15% უჯრედისი, 4-5% ნაცარი. მისი თესლისაგან ამზადებენ მრავალ სამკურნალო წამალს, რომელიც აუმჯობესებს ძილს და მახსოვრობას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ხდება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებებისაგან გათავისუფლება. კანაფი გამოიყენება კიბოთი დაავადებულთა მკურნალობისას, ქიმიოთერაპიის დროს. კანაფის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით - კანაბინოიდებით, აგრეთვე, ნადგურდება კიბოს უჯრედები. ესპანეთში სწავლობდნენ კანაფის მოქმედებას თავის ტვინის სიმსივნეებზე, ხოლო სულ რამდენიმე წლის წინ კალიფორნიაში სარძევე ჯირკვლის სიმსივნეზე დაკვირვებით გაირკვა, რომ კანაფის გავლენით სიმსივნური უჯრედები 3-4 კვირის შემდეგ იღუპებიან, ნორმალური უჯრედები კი არ იცვლებიან. სამკურნალო დანიშნულებით კანაფი ოფიციალურად გამოიყენება ევროპის ქვეყნებში (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია და სხვ.); ავსტრალიაში, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, კანადაში; მისი პრეპარატი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე, გაფანტული სკლეროზის, ართრიტების, და სხვ. ავადმყოფობის საწინააღმდეგოდ. კანაფის თესლიდან მიღებული ზეთი ეკუთვნის შრობადი ზეთების ჯგუფს. მას ახასიათებს სპეციფიკური სუნი და იყენებენ როგორც საჭმელ ზეთს; გარდა ამისა, კანაფის ზეთისაგან ამზადებენ რბილ საპონს, ლაქებს, საღებავებს. კანაფის კოპტონი, როგორც ზეთის მრეწველობის ნარჩენი პროდუქტი, მაღალი ღირსების კონცენტრირებული საკვებია შინაური ცხოველებისათვის. მინდვრის თესლბრუნვაში კანაფი საუკეთესო წინამორბედია (ჯაფარიძე, 1979; ბადრიშვილი, 1981; ბიძინაშვილი, 2016, 2020).

ჩვენში მოყვანილი კანაფი სჯობნიდა უცხოეთის კანაფს, ვინაიდან მისგან დამზადებული ძაფი უფრო მაგარი და თეთრი იყო, ქსოვილიც კარგი გამოდიოდა (ლეშკაშელი, 1928).

კანაფისაგან დამზადებულ ქსოვილს მოსახლეობა ფართოდ მოიხმარდა, მაგრამ ამავე დროს მას საკულტო მნიშვნელობაც ჰქონდა მინიჭებული, რაც უცხო არ იყო ქართველების ქრისტიანობამდელი რელიგიური აზროვნებისათვის; ისინი კულტმსახურებისათვის მცენარეული ძაფისაგან დამზადებულ ქსოვილს ხმარობდნენ. ერიდებოდნენ შალის ნაწარმის ხმარებას (გიორგაძე, 2010).

„...იციან „ქჷნშAaaaaa.JPGრ“-ის გამოცხობაც. კანაფის კაკალს, „გიმბაშ“-ს ჯერ მოხალავენ და მერე დანაყავენ „როდინში“. დანაყილი გაიცრება და შემდეგ იზილება; იზილება, სანამ ზეთი გამოიხდებოდეს. ზეთს ცალკე შეინახავდნენ და „გიმბაშს“ კი დააგუნდავებდნენ, ჩასდებდნენ „ნატფჷნ“-ში, პურის ცომში, გააბრტყელებენ და დააკრავენ გახურებულ კა-ზე (კერიაზე), რომ გამოცხვება „ქჷნშAaaaaa.JPGრ“-ს ზემოდან თავისავე ზეთს წაუსვამენ და ისე სჭამენ. ქვემო სვანეთში ასეთებს უმთავრესად აცხობენ ტირილში, რადგან მაშინ ყველს არ ხმარობენ (მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, 1986).

სამეგრელოში მცხოვრებ უხუცესთა გადმოცემით კიფი (კანაფი) მაღალი, ტანადი მცენარეა. მის კანს და ღეროს იყენებდნენ ტექნიკურ საშუალებად. ქსოვენ ბადეს, ხამიანს, ამზადებენ ძაფს. ძაფი მსხვილი და შედარებით უხეში იყო, მაგრამ მაგარი და განძიერი. ეს მცენარე დიდი რაოდენობით ითესებოდა სამეგრელოს მთელ რიგ სოფლებში: კურძუში, სალხინოში, თამაკონში, ნახუნაოში (მარტვილის რ-ნი, მთხრ. გ. ელიავა, 1986).

ხალხური გადმოცემით, სამეგრელოში კანაფი ითესებოდა აპრილის შუა რიცხვებიდან; არსებობდა ორნაირი კანაფი: „დედალი“, რომლისაგანაც ძაფებს ამზადებდნენ, და „მამალი“, რომლის თესლისაგან ზეთს იღებდნენ. მათი თესვა-მოყვანის წესები განსხვავდებოდა; საბოჭკოვე მიზნით კანაფის მოყვანისას საჭირო იყო მისი სქლად დათესვა. სქლად დათესილი მცენარე მაღალი არ იზრდებოდა, ღეროებიც წვრილი ჰქონდა და მისგან მიღებული ძაფით შედარებით ნაზი ქსოვილი იქსოვებოდა. როცა კანაფს თესავდნენ ზეთის გამოსახდელად, მაშინ ძლიერ თხლად ითესებოდა, მწკრივად 40 სმ-ის დაშორებით. ტანაყრის შემდეგ ერთხელ თოხნიდნენ და ხშირ ნათესს გამარგლავდნენ. ამნაირად ძლიერ მაღალი 2-2,5 მ სიმაღლის იზრდებოდა. თესლს ბლომად იძლეოდა, მაგრამ მისი საბოჭკოვე მასალა ძალიან უხეში იყო და ძირითადად თოკების დასაგრეხად გამოიყენებოდა; ძალიან ხშირად ქარის მიერ მიმობნეული თესლი თავისით აღმოცენდებოდა, მაგრამ გაუთოხნავი ძალიან დაბალი იყო და მოკლე ბოჭკოს იძლეოდა. დასათეს მიწას წინასწარ კარგად ამუშავებდნენ და ნაკელით ანოყიერებდნენ; უფრო ადრე შემოდიოდა „მამალი კიფი“ (კანაფი), რომელსაც სიმწიფე შეეტყობოდა ფოთლების შეყვითლებით. ამ დროს მას ძირიანად თხრიდნენ და კონებად კრავდნენ, ამზადებდნენ დასალბობად. კანის ხარისხიანად გაძრობის მიზნით ერთი დღე-ღამე წყალში ალბობდნენ, რის შედეგადაც ღეროს კანი დაუზიანებლად სცილდებოდა. მისგან დაგრეხილი ბაწარი-თოკი დიდხანს ძლებდა, ბაწარ-თოკს გამძლეობის შენარჩუნების მიზნით ზოგჯერ ნავთშიც ასველებდნენ. მოგვიანებით ამოდიოდა „დედალი კიფი“. მასაც თხრიდნენ ძირიანად და თესლს აყრევინებდნენ, შეკრავდნენ კონებად და ალბობდნენ წყალში, უფრო - მდინარეში; აწყობდნენ იმგვარად, რომ წყალი ზედ გადასდიოდა. კონაზე ზედ აწყობდნენ ქვას ან სხვა რაიმე სიმძიმეს და წყალში ტოვებდნენ 2-3 კვირამდე. დასალბობად სექტემბრის თვე იყო კარგი. თუ ხელის შეხებით კანაფს ღეროს ძაფები სცილდებოდა, მაშინ კონებს ამოიღებდნენ და მზეზე კარგად გააშრობდნენ; გაშრობის შემდეგ იწყებდნენ დაბეგვას, ძაფის გამოჩეჩვას (მაისაია და სხვ., 2005).

20-იანი წლების მონაცემებით, სვანეთის ყველა თემში თესავდნენ კანაფს, არა მხოლოდ თოკების დასამზადებლად, არამედ კანაფიდან ქსოვდნენ მატერიასაც, ოჯახში სახმარებლად (მახარაძე, 1925).

ეთნოგრაფიული გამოკვლევებით, სვანეთში კანაფი (ჭან) უძველესი დროიდან მოჰყავდათ. იგი გლეხური ოჯახებისათვის აუცილებელი პროდუქტი იყო. საქსოვი და სამკურნალო დანიშნულების გარდა იყენებდნენ საკვებად ნაყოფს „გიმბAaaaaa.JPGშს“. კანაფის გულისაგან აცხობდნენ ხაჭაპურებს „გიმბშAaaaaa.JPGრ“-ს. სვანეთში იცოდნენ კანაფის გულიანი პურები: გიმბშარი ლუკვნე; ლჷმბაშ // გიმბშAaaaaa.JPGრ.

კანაფის კაკალს (გიმბAaaaaa.JPGშ)-ს ჯერ მოხალავდნენ და მერე დანაყავდნენ როდინში. დანაყილს გაცრიდნენ და შემდეგ მოზილავდნენ, სანამ ზეთი გამოიხდებოდა; ზეთს ცალკე შეინახავდნენ, ხოლო „გიმბაშს“ დააგუნდავებდნენ, ჩადებდნენ პურის ცომში, გააბრტყელებდნენ და გამოაცხობდნენ. ასე გამომცხვარს ზეთს წაუსვამდნენ და გამოდიოდა ნამცხვარი „გიმბაშარ“. სვანების გემრიელ საჭმელად ითვლება ქადაც (ჩარკვიანი, 1967; გასვიანი გ., 1979; გასვიანი ს., 1991; ნიჟარაძე, 1999).

არჩილ გელოვანის (2003, 2008) შრომებში, რომელიც ეხება სვანეთს, სხვა სასოფლო- სამეურნეო კულტურებთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანაფის კულტურასაც (ქან), განსაკუთრებით უშგულში, კალაში, იფარის მაღალმთიან სოფლებში. მარხილის გამართვა, თივის ზიდვა, პირუტყვის დაბმა, მგზავრობა-ნადირობის თუ ალპინიზმის საჭიროებისათვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის კერვის დროს იყენებდნენ ძაფის („ქიპ“-ის) მაგივრად; სათესლე კანაფის „გიმბაშის“ თესვას ამჯობინებდნენ აპრილის თვეში ახალ მთვარეზე, ნაწვიმარზე, როცა ნიადაგი სველია. მამალ კანაფს ლახმჷლელები „მამილ ქანს“, ხოლო დედალს „დადვილ ქანს“ უწოდებდნენ. მამალი კანაფისაგან ამზადებდნენ საკვებს და ზეთს. ზეთისათვის კანაფის თესლს საჭირო დოზით ხალავდნენ. ჩაყრიდნენ როდინში (ქვიჯ) და დანაყავდნენ. ის თეთრ ფერს მიიღებდა, მერე კიდევ გაცრიდნენ და გობზე თბილი წყლით ზელდნენ და ზეთს უშვრებოდნენ. დანარჩენ ჩენჩოს საკვებად იყენებდნენ. კანაფის ზეთს წაუსვამდნენ სარიტუალო პურებს. ასევე აცხობდნენ კანაფის გულიან პურებს, რომელთაც „ქანAaaaaa.JPGშქუთს“ - კანაფის ხაჭაპურს უწოდებდნენ, სხვანაირად „ლჷგინბAaaaaa.JPGშ ქუთსაც“. ზეთი გამოიყენებოდა მიცვალებულთა სულის მოხსენიების დღეებში („ქუნრე ლადღარჟი“), ასევე სამედიცინო დანიშნულებისათვის; აძლევდნენ ბავშვებს მუცლის ტკივილის დროს. მასვე აჭმევდნენ ქალებს მშობიარობის ჟამს. იყენებდნენ ძვალ-სახსრების მკურნალობის, სიდამწვრის დროს და ა.შ. კანაფის ქერელისაგან მზადდებოდა წვრილი და მსხვილი სხვადასხვა დანიშნულების თოკები („თაკვ“). კანაფის წვრილად დართული ძაფით (ქანAaaaaa.JPGშქიპ) ქალები ქსოვდნენ, კერავდნენ ქალამნებს. ოდნავ მსხვილი კანაფის ძაფი გამოყენებული იყო ქალამნის ზონარებად (ლჷბარAaaaaa.JPGრ). სხვათა შორის კანაფის ნაწარმს მზითევშიც ატანდნენ. კანაფის „გვიზს“ იყენებდნენ, როცა სრულდებოდა „ლიშაშე“- საახალწლო დალოცვა, თითოეულ ოჯახის წევრზე. ლახმჷლში კანაფის მოყვანა-გამოყენების ესოდენ მრავალფეროვნება მეტყველებს, რომ მის მეურნეობას ამ ხეობაში არქაული პერიოდიდან ჰქონდა საფუძველი ჩაყრილი.

გარდა კულტურული კანაფისა, საქართველოს სხვა კუთხეებში გარეულიც ყოფილა ცნობილი; რასაც, ერთი მხრივ, მოწმობს ვახუშტისეული განმარტება, რომ იგი „უმუშაკოდ მოდის“ და მეორე მხრივ, ჯავახიშვილის (1930) მიერ მოხსენებული ცნობა, სადაც ნათქვამია: „კანაფი ველურად შავი ზღვის სანაპიროზეც და შუაგულ საქართველოშიც იზრდება“.

ჯ. რუხაძის (1976) ეთნოგრაფიული გამოკვლევით, სვანეთში დადასტურებულია, აგრეთვე, კანაფის შემოდგომაზე თესვა. საკანაფე ადგილს ანოყიერებდნენ სხვადასხვა ნაკელით (თხის, ცხვრის, საქონლის, ცხენის) და ნაცრით; ადგილობრივ მთხრობელთა გადმოცემით, კანაფს გაფხვიერებული შავი მიწა სჭირდება: „საბოსტნე ლახანას“ რომ ვთესავთ, ისეთი მიწა უნდა კანაფსაც, გაცრილივით უნდა იყოს სათესი ფართობი“; კანაფის თესვა გარკვეულ ცოდნას და დახელოვნებას მოითხოვდა. მთესველი ერთ „ფაკან“ (ნახევარკილოიანი საწყაო) ან ერთ „კარვა“ (სხვადასხვა ზომის „ძირითადად ერთიდან სამი კილოს ტევადობის საწყაო) საღ მარცვლებს შეარჩევდა კანაფის თესლს - „გიმბAaaaaa.JPGშს“, ორ წილ მიწას გადაურევდა და თანაბრად თესავდა. მთესველი იმ ჭურჭელში, რომელშიც თესლი ეყარა, კვერცხს ჩადებდა (მიმსგავსებითი მაგიის პრინციპის თანახმად), რომ კანაფის დამუშავების დროს ღეროს კანი ისე ადვილად გასცლოდა, როგორც კვერცხს. კანაფის სუსტსა და ნაზ თესლს ამოსვლა რომ არ გაძნელებოდა, ღრმად არ თესავდნენ; როგორც კი კანაფის დათესვას დაამთავრებდნენ, „ლაჭადირ“-ით მოფოცხავდნენ. ნათესის შუა ადგილას სწორ ან ჯვრის ფორმის მაღალ ჯოხს გაუკეთებდნენ. ამით მხვნელ-მთესველი მაღალი და კარგი მოსავლის მიღებას იბედებდა და ნათესს ავი თვალისაგან იცავდა.

დედალი კანაფი საადრეოა, აგვისტოს შემდეგ იღებენ; მამალი - საგვიანოა, გრძელი სავეგეტაციო პერიოდი აქვს და დათავთავების შემდეგაც, მინდვრად დიდხანს რჩება. მარცვლის ჩაბნევის საშიშროებაც არ არის, რადგან მარცვალი მაგრად ზის ბუდეში; თან მამალი კანაფი მაგარია დედალთან შედარებით, სქელი კანი აქვს და დამუშავების დროს მის დალბობას მეტი დრო სჭირდება. ამიტომ თოვლის მოსვლამდე იშვიათად იღებდნენ; დათოვლილ კანაფს ქერელი ადვილად ეცლებოდა, მარცვალიც ადვილად გამოდის; ამიტომ გასახმობადაც ხშირად თოვლიანი კანაფი მიაქვთ; თუ თოვლი არ იყო, მაშინ კანაფს ყანაში წვიმის მოსვლამდე ტოვებდნენ; დედალს მინდვრად არ ტოვებდნენ; ზოგი მეურნე კანაფის მწიფე ღეროს ჭრის, უმეტესად კი ფესვიანად იღებენ; მთხრობელთა გადმოცემით, მამალ კანაფს „ბიდირსაც“ ეძახიან. მოჭრილ კანაფს გარეთ გაფენდნენ; როდესაც მას შავი წინწკლები გაუჩნდებოდა და ღერო რუხ ფერს მიიღებდა, კონებად//“წყადად“ ზემო სვანეთში//ლინჩორ-ად (ლინჩველ - ქვემო სვანეთი) შეკრავდნენ და თესლის დაფანტვის თავიდან ასაცილებლად, გასახმობად გადახურულში ტეფეფაზე//ტელეფაზე (ბალს ქვემო სვანეთი) დეფანზე (ბალს ზემო სვანეთი) ცერად მიაყუდებდნენ. კანაფს ზოგი საგანგებოდ გაკეთებულ მაღალ ჯოხზე დააწყობდა, ხოლო ცუდი ამინდის დროს კერიის თავზე გადებულ ჩელტზე დაყრიდა და კვამლში ახმობდა. თაველი ფერს იქცევდა, მარცვალი თავის ფერს ინარჩუნებდა. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, კანაფი გახმებოდა, შემდეგ თავთავს მოაცლიდნენ. თავთავს ზოგჯერ ერთმანეთისაკენ მოაქცევდნენ და არყის ხის ფიჩხისაგან გაკეთებული გრძელი ცოცხით - ლანგავით ცეხვავდნენ. თავთავის გამოფშვნა ხელითაც იცოდნენ, პირველად გამოფშვნილ კარგ მარცვალს ცალკე ათავსებდნენ; თავთავებზე შერჩენილს ისევ ახმობდნენ; შემდეგ მარცვალს ორი დღე მზეზე ტოვებდნენ, „ლათშათი-თ“ ცხრილავდნენ და ანიავებდნენ, რომლის დროსაც კანაფის მარცვალი ერთი ჭურჭლიდან მეორეში ჩაიცლებოდა; ბიდირს ქარი წაიღებდა და რჩებოდა კანიანი მარცვალი, როდესაც სუფთა თესლი სჭირდებოდათ, მას გობზე - ჯარზე დაყრიდნენ, ხელით აურევდნენ და გობს დააფერდებდნენ. მარცვალი დახრილი გობის ერთ ბოლოში დაგროვდებოდა, ხოლო კანი გობის ზემო მხარეს რჩებოდა. სათესლე მარცვალს ხელით ფშვნიდნენ, ცეცხლზე არ ახმობდნენ; ცხრილავდნენ, ანიავებდნენ და მშრალ ადგილას ინახავდნენ. კანაფის მარცვალი ერთ წელს კარგად ინახებოდა, შემდეგში კი მას მხოლოდ ზეთის მისაღებად იყენებდნენ.

დანაყილ და შეზავებულ კანაფის თესლს ცომის სართავად და შეჭამანდად ხმარობდნენ; საკულტო მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა. დღესასწაულებზე, ქორწილში, მიცვალებულთათვის განკუთვნილ დღეებში კანაფის გულიანი პურები ერთ-ერთი ძირითადი ტრადიციული საკვები იყო და დიდი რაოდენობით იხმარებოდა. რიტუალური პურები: გიმბშAaaaaa.JPGრ ლუკვნე, ლჷგიმბაშ ქუთ, თესლის შეჭამანდი „ქჷნAaaaaa.JPGშ“, საწებელი მუჯორ და სხვ. ლიფანალის დროს ოჯახის უფროსი ქალი ბავშვებს საჭმელად მოხალულ კანაფის თესლს დაურიგებდა და ეტყოდა: „ნუ დააბნევ კანაფს, რამდენი მარცვალიც დაგივარდებათ, ქრისტეს იმდენი ცრემლი ჩამოუვარდებაო“. კანაფის ზეთს იყენებდნენ ცხიმის ნაცვლად საკვებში შერეულს; ხალხურ მედიცინაში - დასალევად და მალამოდ. ზეთით მკურნალობდნენ ზოგიერთ ქალურ დაავადებას, ყურის ტკივილს. ზეთით შემზადებული მალამო სიდამწვრეს და მუწუკებს არჩენდა (რუხაძე, 1976).

სვანეთის ყოფაში ბოლო დრომდე შენარჩუნებული იყო „ზეთარის“ ჩვეულება; მაგ., ძველად სვანეთში მდიდარი ოჯახი შემოდგომის ერთ დღეს აირჩევდა და ნათესავ-მოკეთეებს, მეზობლებს მოიწვევდა. გარდა მოწვეულისა, ზეთარის გადამხდელთან მოდიოდა ყველა მსურველი. შეკრების მიზანი იყო სიმდიდრის - ხვავისა და ბარაქის ჩვენება. მოსულებს უმასპინძლდებოდნენ ყველანაირი საკლავით, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, 12-12 უნდა ყოფილიყო (საკლავი ერთად უნდა დაეკლათ და სისხლი საგანგებოდ გაკეთებულ ორმოში ჩაეღვარათ). ამ დღეს ღარით უნდა გამოსულიყო ნათავედი არაყი და კანაფის ზეთი, რომლის ჭაშნიკი ყველას უნდა გაესინჯა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზეთწასმული რიტუალური პური „ლემზირალ“ წარმოადგენდა აუცილებელ საჭმელს, რომლის გარეშეც სუფრასთან კაცი არ დაჯდებოდა. სვანეთში ზეთი დღესასწაულებში, დაბადება გარდაცვალების და წინაპრის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში ბოლო დრომდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

კანაფის მსხვილი ძაფისაგნ მზადდებოდა უხეში ტილო, რომლისაგან იკერებოდა მამაკაცის შარვალი, რომელსაც განსაკუთრებით ხმარობდნენ ზაფხულში მკის დროს; მისგან მზადდებოდა მკაში სატარებელი წინსაფარი, მიცვალებულისთვის განკუთვნილი სუდარა - „ფილ“. წვრილად დართული ძაფისაგან იქსოვებოდა რბილი ტილო; იკერებოდა ნალისპირი, ზეწარი, პირსახოცი, ჭურჭლის ტილო, რძის საწური - „ლაწვდაარ“-ი; ხის მოწნული საწყაოები კვიდოლა და ლალაშ. ქვემო სვანეთში მწვანედ ღებავდნენ წყლის პირზე გავრცელებული მცენარის „დავე ლალქანას“ საშუალებით, შავად კი - ნიგვზის კანით. კანაფის ძაფისაგნ იკერებოდა ქალამნები, იქსოვებოდა თევზის საჭერი ბადე; სვანეთის რელიგიურ ყოფაში შემორჩენილია კანაფის „ლელტვირად შეწირვის“ წესი, აგრეთვე „ჰასშვარობის“ ჩვეულება; ამ წესის მიხედვით ნათლიღებას მოდიოდა თავის დედ-მამის ოჯახში ერთი ან რამდენიმე დღით ქალიშვილი. წასვლის დროს გათხოვილ ქალიშვილს უნდა მიეღო სხვა საჩუქრებთან ერთად ორი-სამი კონა კანაფი. ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ ეს უფლება გადადიოდა ქმარსა და მის შვილებზე. „ლამUuuu.PNGარის“ - გათხოვილი ქალისათვის მამის სახლის ამ სავალდებულო გამოსაღებს - კანაფის ბეგარა ერქვა. ეთნოგრაფიული გამოკვლევებით მტკიცდება, რომ XV საუკუნეში კანაფის მეურნეობას იმდენად განვითარებული და ფართო ხასიათი ჰქონდა, რომ მის ნაწარმზე გამოსაღებიც კი დაუწესებიათ. გვიან, XIX საუკუნის I ნახევრიდან სვანეთში კანაფის მეურნეობა ოჯახური წარმოების ფორმიდან თანდათან სასაქონლო ხასიათს ღებულობდა. „ხონის ბაზარზე მუდამ იყიდებოდა (სვანეთიდან ჩამოტანილი) კანაფის ნართის ქსოვილები: პირსახოცები, „საწყლეები“, ტომრები და სხვ. ამ სახით გაჰქონდათ კანაფი ცაგერის და სენაკის ბაზრებზეც. ხოლო XIX საუკუნის ბოლოს კანაფის ტრადიციულმა მეურნეობამ საგრძნობი ცვლილება განიცადა (რუხაძე, 1976).

მთხრობელთა გადმოცემით, “...კანაფს დათესავდნენ, იზრდებოდა ორი მეტრი სიმაღლის, იკეთებდა თავთავებს, რომ დამწიფდებოდა, მერე მოჭრიდნენ ძირში; შეკრავდნენ ძნასავით; დააწყობდნენ მზის გულზე; კედელზე მიაყუდებდნენ გაშლილად; რომ გაშრებოდა, მერე ამას დაბერტყავდნენ, თესლს გამოაცლიდნენ. ამ თესლს იყენებდნენ ზეთის გამოსახდელად. იყენებდნენ, აგრეთვე, სამკურნალოდ კუჭის დაავადების დროს; მალამოს სახითაც ხმარობდნენ, გარეგან წასასმელად; სოკოვანი დაავადების, ფეხის ქუსლების, ხელების დასკდომის დროს. კანაფის თესლისაგან აკეთებდნენ ზეთის მოხდის შემდეგ შეჭამანდს; ღეროს იყენებდნენ თოკების დასამზადებლად (მესტიის რ-ნი, სოფ. ლატალი. მთხრ. თ. წერედიანი 2019).

იმერეთში თესავდნენ აგრეთვე კანაფს, რომელსაც იყენებდნენ ძირითადად საბოჭკოე დანიშნულებით. კანაფისა და ქუმელის თაველებს გადმობრუნებულ გოდრებზე ფშვნეტდნენ (ჯალაბაძე, 1990; ლორთქიფანიძე, 1997).

ადგილობრივთა გადმოცემით, აჭარაში მოსახლეობა დიდი რაოდენობით თესავდა კანაფს. სართავი, საკვები და სამკურნალო დანიშნულების გარდა, ძველი მოსახლეობა კანაფის ზეთს იყენებდა ლამპების (კუტილამპების) გასანათებლად; ნავთის შემოსვლამდე, საველე ეთნოგრაფიული მონაცემებით, ლივანის ხეობის მოსახლეობის ყოფაში კანაფის დამუშავება ყველაზე უფრო გავრცელებული დარგი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ადგილზე დამზადებული ტანსაცმლით იმოსებოდა (დიდმანიძე, გოგიტიძე, 2006; ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი, აჭარა, 2018).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები