მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია - (macroeconomic stabilisation), ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების შემადგენელი ნაწილი, რომლის გარეშე ინსტიტუციური, მიკრო-, მეზო-, მაკრო და მეგაეკონომიკური პროცესები დეფორმირებულ ხასიათს იღებს. განმსაზღვრელი ადგილი უჭირავს ეკონომიკის სისტემური გარდაქმნების სტრუქტურაში. ეკონომიკის კონვერსიის პროცესში მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ინსტიტუციური გარდაქმნები (საკუთრების განსახელმწიფოებრივება, საბაზრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, რესურსების, საქონლისა და მომსახურების ბაზრების ფორმირება, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა და სხვ.), მიკროეკონომიკური გარდაქმნები (ფასების ლიბერალიზაცია, ეკონომიკის დემონოპოლიზაცია, ანტიმონოპოლიური რეგულირება და სხვ.) და მეგაეკონომიკური გარდაქმნები (საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაცია, ჩაკეტილი ეკონომიკიდან ღია ეკონომიკაზე გადასვლა და სხვ.). მაგ., მაკროეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში საბაზრო ინფრასტრუქტურის ინსტიტუტები აშკარა, დაუფარავ სპეკულაციურ ორიენტაციას იღებს, ფასების ლიბერალიზაცია შეიძლება ჰიპერინფლაციაში გადაიზარდოს და ა.შ. თავის მხრივ, მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია შეუძლებელია ინსტიტუციური, მიკრო-, მეზო- და მეგაეკონომიკური გარდაქმნების გარეშე განხორციელდეს. ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, საბაზრო ურთიერთობებისა და შესაბამისი ინსტიტუტების გარეშე, იგი დირექტიულ-ცენტრალიზებულ ფორმას იღებს.

მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია დიდად არის დამოკიდებული იმ მოდელის პრიორიტეტზე, რომელიც ქვეყანამ აირჩია გარდამავალ ეკონომიკაში, სისტემური გარდაქმნების საწყის ეტაპზე. მსოფლიო ეკონომიკამ ამ თვალსაზრისით თანამედროვე პირობებში წინა პლანზე ე.წ. „შოკური თერაპიისა” და გრადუალისტური მოდელები წამოწია. ცნობილია მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის შემდეგი ძირითადი ტიპები: ორთოდოქსული, ჰეტეროდოქსული და სტრუქტურულ-წარმოებრივი. ორთოდოქსულ მიდგომაში აქცენტი კეთდება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე როგორც სახელმწიფო ხარჯების (სახელმწიფო მმართველობის, თავდაცვის, სოციალური დაცვის ხარჯების, სახელმწიფო ტრანსფერების, სუბსიდიების, კაპიტალდაბანდებებისა და ა.შ.) შემცირების გზით, ისე საშემოსავლო ბაზის გადიდებით. ეს უკანასკნელი მიიღწევა საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრებით, საგადასახადო შეღავათების შემცირებითა და გადასახადების გადიდების გზით, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების გაზრდითა და ა.შ. მკაცრ საბიუჯეტო პოლიტიკას თან ახლავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებაც, რაც „ძვირი ფულის” პოლიტიკაში აისახება. იგი გამოიხატება ფულის მიწოდების შეზღუდვით ან შეწყვეტით (რისი ერთადერთი გზაც ფულის ემისიასთან ერთად, კომერციული ბანკების რეზერვების შემცირებაა), ცენტრალური ბანკის კრედიტების შემცირებით, საპროცენტო განაკვეთის ამაღლებით (რაც ამცირებს კომერციული ბანკების დაინტერესებას, გაზარდონ თავიანთი რეზერვები ცენტრალური ბანკისგან სესხის აღების მეშვეობით), ბანკთაშორისი სარეზერვო ნორმის გადიდებით (რაც ავტომატურად ამცირებს კომერციული ბანკების რეზერვებს), საფონდო ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვითა და ა.შ.

მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ორთოდოქსული ტიპისთვის დამახასიათებელია ეკონომიკური სტაბილიზატორების (ე.წ. „ღუზის”) არჩევის ორი გზა. პირველ შემთხვევაში აქცენტი კეთდება მიმოქცევაში ეროვნული ფულის შეზღუდვაზე, ე.ი. „ფულად ღუზაზე”, რომელსაც საფუძვლად მონეტარული მეთოდები უდევს. იგი ემყარება მკაცრ საბიუჯეტო, საგადასახადო, ფულად-საკრედიტო პოლიტიკას „მცურავი” გაცვლითი სავალუტო კურსის პირობებში, როდესაც ანტიინფლაციური ღონისძიებები დაყვანილია ერთობლივი მოთხოვნის შემცირებასა და ფულადი მასის შეზღუდვაზე. მეორე შემთხვევაში აქცენტი კეთდება სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე ფიქსირებული კურსის და სავალუტო „დერეფნის” დადგენის გზით, ე.ი. „სავალუტო ღუზაზე”. ეს ღონისძიებები ხელს უწყობს ინფლაციური მოლოდინის შემცირებას, ბაზრის სუბიექტების ეკონომიკური ქცევის წინასწარ განჭვრეტასა და ა.შ. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება უცხოურ ვალუტაზე, პირველ ყოვლისა, აშშ-ის დოლარზე და გაცვლითი ვალუტის კურსის სტაბილურ შენარჩუნებაზე.

ამრიგად, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ორთოდოქსული ტიპი, ერთი მხრივ, მონეტარული („ფულადი ღუზა”) პოლიტიკის, ხოლო, მეორე მხრივ, ფიქსირებული სავალუტო კურსის („სავალუტო ღუზა”) გამომხატველია. იგი წარმოშობს ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა: დაბალი საინვესტიციო და საქმიანი აქტიურობა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის შესუსტება, საშინაო ბაზარზე სამამულო წარმოების პროდუქციის წილის დაცემა, საგადასახადო ბაზის შეკვეცა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება და ა.შ.

ჰეტეროდოქსული მიდგომა აქცენტს აკეთებს შემოსავლებისა და ფასების „გაყინვაზე”, რაც ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში ფინანსური სტაბილიზაციის „მესამე ღუზის” სახელწოდებითაა ცნობილი. ეს მიდგომა, განსაკუთრებით „შოკის” ფორმით, იძლევა ანტიინფლაციურ ეფექტს, მაგრამ წარმოქმნის ნეგატიურ შედეგებსაც: ქრება წარმოების განვითარების სტიმულები, ჩნდება სასაქონლო დეფიციტის წარმოქმნის საშიშროება, ხდება ფასისმიერი იმპულსების დეფორმაცია და ა.შ.

მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მესამე ვარიანტი - სტრუქტურულ-წარმოებრივი სტაბილიზაცია არის გრადუალიზმის ვარიანტი, რომელიც „შოკისაგან” განსხვავებით ხორციელდება თანდათანობით, ევოლუციურად. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: სახელმწიფოს მხარდაჭერა არა მხოლოდ რეგულირების აპრობირებული მეთოდების გამოყენებით, არამედ საინვესტიციო და პროგრესული სტრუქტურული პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის საკვანძო სფეროების მართვის შენარჩუნებით, წარმოების მოდერნიზაციით, ადგილობრივ მწარმოებელთა დაცვით, მეცნიერული გამოკვლევების წახალისებითა და ა.შ.

სტრუქტურულ-წარმოებრივი სტაბილიზაცია ფინანსური სტაბილიზაციის მიზნით ითვალისწინებს არა ერთობლივი მოთხოვნის შეზღუდვას, არამედ მის სტიმულირებას, როგორც შინამეურნეობების, ისე ფირმების მიმართ. ეს ვარიანტი ეკონომიკის კონვერსიის თვალსაზრისით, «შოკური თერაპიის» ანტიპოდია, ხოლო მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის თვალსაზრისით, ორთოდოქსული და გეტეროდოქსული სტაბილიზაციის ანტიპოდი. მაკროსტაბილიზაციის ამ მოდელში გარკვეულწილად გაერთიანებულია როგორც კეინზიანური, ისე ნეოკლასიკური თეორიების ძირითადი პოსტულატები და იგი ამითაც იმსახურებს ყურადღებას.

სტრუქტურულ-წარმოებრივი სტაბილიზაციის ნიმუშია იაპონია, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში აქტიური მიზანმიმართული პოლიტიკა გაატარა ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების თვალსაზრისით. ამის მაგალითად თანამედროვე ჩინეთიც გამოდგება, რომელიც საბაზრო საწყისებზე ახორციელებს წარმოებრივ ეკონომიკური პოტენციალის მძლავრ მოდერნიზაციას. აქტიური სტრუქტურული, წარმოებრივი და საინვესტიციო პოლიტიკა განაპირობებს, ეკონომიკური პოტენციალის განახლებისა და დატვირთვის მიზნით, წარმოების ხარჯების შემცირებისა და პროდუქციის ხარისხის ამაღლების საფუძველზე სამამულო წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ერთობლივი მიწოდების ზრდას, რაც იწვევს ანტიინფლაციურ ეფექტს. პარალერულად ხორციელდება ერთობლივი მოთხოვნის ზრდა, რაც ერთდროულად სოციალური პრობლემების გადაჭრის საწინდარია. აღნიშნული ეფექტის შედეგად სტრუქტურულ-წარმოებრივი სტაბილიზაციის პროგრამები იწვევს საკრედიტო შეზღუდვების შერბილებას, დამატებითი ფულადი ემისიის შესაძლებლობას. ეს ინფლაციის ზრდის საშიშროებას წარმოქმნის, თუმცა, მისი შეკავება შესაძლებელია ინფლაციის კონტროლის გაძლიერებით, რაც გამოიხატება ბუნებრივი მონოპოლიების პროდუქციაზე ფასების კონტროლით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების განვითარებით და, საერთოდ, მაკროეკონომიკური დინამიკისადმი მუდმივი ყურადღებით.

ამასთან, ასეთი გზით წარმოშობილი ინფლაცია მოკლევადიანია. იგი მხოლოდ საწყის ეტაპზე ვლინდება, ხოლო შემდეგ, წარმოების გამოცოცხლებისა და აღმავლობის საფუძველზე, თანდათან ქრება. ამრიგად, ამგვარი გზით მიღწეული ფინანსური სტაბილიზაცია არსებითად განსხვავდება ლიბერალურ- მონეტარისტული პოლიტიკისაგან. რაც მთავარია, იგი იძლევა სამამულო პროდუქციით ბაზრის გაჯერების შესაძლებლობას, ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეროვნული ეკონომიკის „სანედლეულო დანამატად” გარდაქმნის არდაშვების გარანტიას.

საქართველოში ეკონომიკის კონვერსიის მაკროეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ორთოდოქსულ ტიპზე. ეს არის ლიბერალურ-მონეტარისტული პოლიტიკა, რომელიც „ძვირი ფულის” პოლიტიკაში აისახა. მას წინ უძღოდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის „შოკური” გზა, რომელიც შემდგომ თვით პოსტვაშინგტონის კონსენსუსმაც კი უარყოფითად შეაფასა. მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის გრადუალისტური გზით განხორციელების შესაძლებლობები საქართველომ ხელიდან გაუშვა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები